ელიტების მიერ ამინდის კონტროლსა და ჰაერში ტოქსიკური ნივთიერებების გაშვებაზე კონსპირაციული თეორია ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

116
VIEWS

2022 წლის 7 ოქტომბერს Facebook მომხმარებელმა ზურა ნოზაძემ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ არსებობს ტოქსიკური ქიმიკატების შესხურების გლობალური პროგრამა, რომელსაც სათავე აშშ-ში აქვს. პოსტის ავტორი აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, აეროზოლები ანუ Chemtrails ადამიანებისთვის ზიანის მიყენებისთვის გამოიყენება, მეორე მხრივ, კი გეოინჟინერიით მიმდინარეობს ამინდის გლობალური მოდიფიკაცია. მთავრობების მიერ ამინდის კონტროლის და გარემოს ტოქსიკური ნივთიერებებით დაბიძურების შესახებ ამავე ფეისბუქ მომხმარებელმა 19 ოქტომბერს ვიდეოც გამოაქვეყნა.

გავრცელებული პოსტი 3 დეზინფორმაციას და 1 მანიპულაციას მოიცავს. მტკიცება, თითქოს მთავრობები თვითმფრინავების მეშვეობით ჰაერში ადამიანებისთვის სახიფათო ქიმიკატებსა და ტოქსიკურ ნივთიერებს ე.წ. Chemtrails უშვებენ და ასევე ამინდს გლობალურად აკონტროლებენ, შეთქმულების თეორიაა, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. 

დეზინფორმაცია N1: გასულ თვეში ნიუ-იორკის მეტროს სადგურებში გაუშვეს პერფტორკარბონის შემცველი ტოქსიკური გაზი, რომელიც დაკავშირებულია ადრეული მენოპაუზის დაწყებასთან, თანდაყოლილ დეფექტებთან, ენდოკრინოლოგიურ და სხვა დარღვევებთან.
ფაქტი N1: უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა ადგილებში პერიოდულად უშვებენ  ქიმიურად არააქტიურ, არატოქსიკურ და უსაფრთხო ნივთიერებას, რათა შეაგროვონ მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ და რა სისწრაფით გადაადგილდება ჰაერწვეთოვანი ნაწილაკები განსხვავებულ პირობებში. 

2012 წლიდან ნიუ-იორკის მერია ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებზე უსაფრთხოების შემოწმებას პერიოდულად ატარებს, რათა თავდასხმის ან ჰაერის შემთხვევითი დაბინძურების შემთხვევაში ურბანული სატრანზიტო სისტემების დაცვის მეთოდები შემუშავდეს.  შემოწმების მიზანია შეაგროვოს მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ გადაადგილდება ჰაერწვეთოვანი ნაწილაკები მეტროს სისტემებში და რამდენად სწრაფად ხდება მათი გავრცელება.  უსაფრთხო, არატოქსიკური გაზი გაუშვეს როგორც 2013-ში, ასევე, 2016-სა და 2021-ში.  2021 წელს კი შემოწმება ჩაატარეს ნიუ-იორკის 100-ზე მეტ ლოკაციაზე. კვლევის შედეგად მოხდა არატოქსიკური ნაწილაკების მონიტორინგი და სხვადასხვა ზედაპირებზე მათი გადაადგილების შედარებითი ანალიზი. მსგავსი შემოწმებისთვის განკუთვნილი ნივთიერება არის არა-ტოქსიკური და არ შეიცავს ორგანიზმითვის მავნებლურ ნაწილაკებს. ეს უსაფრთხო, ინერტული, უსუნო, უფერო აირები ადრეც გამოიყენებოდა ჰაერის ნაკადის მსგავს კვლევებში. ღია წყაროებში ხელისაწვდომია ამერიკის უსაფრთხოების სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც დეტალურად აღწერს სატესტო ნივთიერების ე.წ. Gas tracer-ის შემადგენლობას. პერფტორკარბონის მაინდიკატორებელი აგენტი (Perfluorocarbon Tracer Gas) არის ერთ-ერთი შეთავაზებული ნივთიერება, თუმცა თუმცა ის წარმოადგენს ქიმიურად არააქტიურ, არატოქსიკურ და არაალებად ნაერთს, რომელიც ძალიან დაბალ დონეზე გვხვდება ატმოსფეროში და შესუნთქვის ან გადაყლაპვის შემთხვევაში, ადამიანისთვის არ წარმოადგენს არანაირ საშიშროებას. აღსანიშნავია, რომ პერფტორკარბონის ნაერთები გამოიყენება სამედიცინო სფეროშიც, კერძოდ, პულმონოლოგიისა და ოფთალმოლოგიის სფეროებში. 

დეზინფორმაცია N2: მთავრობა აკონტროლებს ამინდს, რომლის მანიპულაციის შედეგად მიიღება გვალვა, ქარიშხალი, ტორნადო და ა.შ. 
ფაქტი N2: მთავრობების მიერ გლობალურ დონეზე ამინდის კონტროლით გვალვის, ქარიშხლის და სხვა ბუნებრივი სტიქიების წარმოშობა არ ხდება, არსებობს მხოლოდ “ღრუბლების დათესვის” ტექნოლოგია, რომელიც გვალვის შემცირებისთვის გამოიყენება.

“ღრუბლების დათესვა” (Cloud Seeding) ეწოდება ამინდზე ზემოქმედების ცნობილ ტექნოლოგიას, რომელიც ყინულის მცირე ნაწილაკების ღრუბელში შეყვანის გზით აუმჯობესებს წვიმის ან თოვლის წარმოქნის უნარს. გვალვის შემცირების, წყალმომარაგების გაზრდით მიზნით შექმნილ ტექნოლოგიას იყენებს არაერთი ქვეყანა, მათ შორის აშშ, ჩინეთი, ჩილე, საფრანგეთი, ავსტრალია, ისრაელი, საუდის არაბეთი და ა.შ. მართალია, ნალექის გაზრდის ტექნოლოგია არსებობს, თუმცა, ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, ის განვითარების საწყის ეტაპზეა და შედეგები ლოკალიზებულია. ქარიშხლის ეროვნული ლაბორატორიის უფროსი მკვლევარის ჰაროლდ ბრუკსის თანახმად, არ არსებობს მტკიცებულება, რომ, “ღრუბლების დათესვის” ტექნოლოგია ზრდის ნალექებს. მისი თქმით, არის რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც იყენებენ ღრუბლების დათესვას სეტყვის ზომის შესამცირებლად, მაგრამ მტკიცებულება, რომ ის მუშაობს, საუკეთესო შემთხვევაში, სუსტია. კაცობრიობა ამინდზე საზიანო გავლენას ახდენს ისეთი ქმედებებით, რომლებიც ზრდის სათბური აირების ატმოსფეროში გამოყოფას, თუმცა ამას ამინდის კონტროლს ვერ ვუწოდებთ, ასევე მისი ელიტებთან დაკავშირება, კონსპირაციის თეორიაა.

აღსანიშნავია, რომ პოსტში “ამინდზე კონტროლის” ერთ-ერთ მტკიცებულებად მოყვანილია 1996 წლის სტატია სახელწოდებით “ ამინდი, როგორც ძალის მულტიპლიკატორი: ამინდის კონტროლი 2025 წელს”. ამ კვლევაში მიმოხილულია  ამინდის როლი სამხედრო სფეროში და პოტენციურად, თუ რა უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს მომავალში მისი სამხედრო მიზნებით მოდიფიკაციას. კვლევის დასაწყისში ვკითხულობთ, რომ კვლევა მოიცავს გამოგონილ სამომავლო სცენარებს და რომ მასში გამოთქმული შეხედულებები არ ასახავს ქვეყნის ან თავდაცვის სამინისტროს პოზიციას, შესაბამისად, შეუძლებელია აღნიშნული მასალის, როგორც მტკიცებულების გამოყენება. 

დეზინფორმაცია N3: Chemtrail-ის მეშვეობით, თვითმფრინავებით ჰაერში იფრქვევა ისეთი საზიანო ნივთიერებები, როგორიცაა ბარიუმი, ალუმინი, ეთილონ დიბრომიდი. 
ფაქტი N3: თვითმფრინავების ემისიების კონტრიბუცია გარემოში ან ატმოსფეროში მძიმე მეტალების არსებობაში უმნიშვნელოა. ხოლო ე.წ. Chemtrail არ არსებობს და ეს სინამდვილეში ცაზე დატოვებული კვალი – Contrail-ია, რომელიც თვითმფრინავის ტურბინებიდან გამოტყორცნილი ცხელი აირის ცივ და დაბალი წნევის მქონე გარემოში მოხვედრისას წარმოიქმნება. 

სხვადასხვა სამრეწეველო საქმიანობების შედეგად ჰაერი ბინძურდება ისეთი მძიმე მეტალებით როგორიცაა კადიუმი, ტყვიია,  ვერცხლისწყალი და ა.შ. თავისთავად, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შედეგად, მძიმე მეტალებმა შეიძლება გამოიწვიონ ჩივილები და დაავადებები. ამის მიუხედავად, თვითმფრინავების ემისიების კონტრიბუცია გარემოში ან ატმოსფეროში მძიმე მეტალების არსებობაში უმნიშვნელოა. მთავარი მიზეზი და მძიმე მეტალების ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის ძირითადი წყარო არის საჭმელი და სასმელი წყალი. 

პოსტში დასახელებული ნივთიერებები – ბარიუმი, ალუმინი და ეთილონ დიბრომიდი, ზოგადად, თვითმფრინავის ემისიას არ უკავშირდება. ავიაკომპანიებისგან განსხვავებით, ნასა (აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო) პრაქტიკაში იყენებს ტრი-მეთილ ალუმინს (TMA), ლითიუმსა და ბარიუმს. ე.წ Vapor Tracers-ის ზედა ატმოსფეროში გაშვებით ხილული ხდება იონიზებული და ნეიტრალური ნაწილაკების ბუნებრივი ნაკადები, რამაც დედამიწის და კოსმოსის გარემოს შესწავლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ე.წ. Vapor Tracers არ არის საზიანო და წარმოადგენს იმავე ნივთიერებებს, რომლებიც პიროტექნიკაში გაცილებით დიდი რაოდენობით გვხვდება. სიმცირესთან ერთად, მათი გაშვება ატმოსფეროს ზედა ფენაში იშვიათი მოვლენაა.  ყოველწლიურად გაშვებული დაახლოებით 25 რაკეტიდან მხოლოდ ერთი ან ორი უშვებს ამ ნაერთებს. რაც მთავარია, ზედა ატმოსფეროს სიმაღლეზე გაშვებული ნაერთები ზედმეტად შორსაა დედამიწის ზედაპირიდან, რომ მოხდეს მათი ჰაერში მოხვედრა და დალექვა. 

რაც შეეხება თვითმფრინავების მიერ ცაზე დატოვებულ კვალს, მას Contrail ჰქვია  და თვითმფრინავის ტურბინებიდან გამოტყორცნილი წყლის ორთქლის კრისტალიზირების შედეგად წარმოიქმნება. დაბალი ტენიანობის პირობებში, კრისტალები უბრალოდ იშლება, ხოლო მაღალი ტენიანობის შემთხვევაში, ისინი ცაზე თეთრი ბილიკის კვალს ქმნიან. 2016 წელს შეიქმნა 77 მეცნიერებისგან დაკომპლექტებული პანელი, რომლის მიზანი Chemtrail-ის შეთქმულების მეცნიერული ანალიზის ჩატარება იყო. კვლევის შედეგად, პანელმა ვერ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომელიც შეთქმულების თეორიას დაადასტურებდა.

Chemtrail-ის კონსპირაციულ თეორიაზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:

მანიპულაცია: 1945-70-იან წლებში ფარულად მიმდინარეობდა “მანჰეტენ-როჩესტერის კოალიციის” პროგრამა, რომელიც მოწყვლადი მოსახლეობის ინფორმირებული თანხმობის გარეშე, აეროზოლური ტესტით იკვლევდა “რადიოაქტიური ნივთიერებების ჯანმრთელობაზე ზეგავლენას”.
ფაქტი N4: მტკიცება იმის შესახებ, რომ 1945-70-ან წლებში “მანჰეტენ-როჩესტერის კოალიციის” პროგრამის მიმდინარეობისას ხდებოდა რადიოაქტიური ნივთიერებების ჯანმრთელობაზე ზეგავლენის არაინფორმირებული ან არასწორად ინფორმირებული კვლევა, ასოცირებული პროფესორის ლიზა მარტინო-ტეილორის დისერტაციაზეა დაფუძნებული. თუმცა, ნაშრომის გამოყენება, როგორც chemtrails-ის მოქმედების მაგალითი, საფუძველს მოკლებულია. 

ღია წყაროებში იძებნება სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტის სოციოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორის ლიზა მარტინო-ტეილორის 2011 წლის სადოქტორო დისერტაცია თემაზე “მანჰეტენ-როჩესტერის კოალიცია”. დისერტაციაში ვკითხულობთ, რომ 1953-1954 და 1963-1965 წლებში,  ამერიკის სამხედრო ძალის დაფინანსებით, აეროზოლური კვლევები ჩატარდა სენტ-ლუისში, მისურის შტატში. იმ პერიოდში, მეცნიერებს სურდათ იარაღად ქცეული რადიაციის შესწავლა, თუმცა ამისთვის ისინი კვლევის ობიექტად იყენებდნენ არასწორად ინფორმირებულ ან/და არაინფორმირებულ საზოგადოების წევრებს, რომლებიც ძირითადად წარმოადგენდნენ სეგრეგირებული მჭიდროდ დასახლებული უბნის ფერადკანიან, დაბალ შემოსავლიან მაცხოვრებლებს.  პროფესორ ლიზა მარტინო-ტეილორის სადოქტორო კვლევის მიზანი იყო დეტალურად შეესწავლა ეს ფარული პროგრამა და გაეანალიზებინა თუ რა მექანიზმებით ხელმძღვანელობდა “ორგანიზაცია” ინდივიდუალური და ჯგუფური ეთიკური კომპასის გათიშვისა და კრიტიკული ანალიზის დაბლოკვის პროცესში. 

კონსპირაციული ფეისბუქ პოსტი chemtrail-ის მაგალითად იყენებს ლიზა მარტინო-ტეილორის დისერტაცის შინაარსს და ციტატებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სადოქტორო კვლევაში არ კეთდება მინიშნება ე.წ. Chemtrails-ზე და მანჰეტენ-როჩესტერის კოალიციის თანამედროვე მოვლენებთან დაკავშირება არ ხდება. შესაბამისად, დისერტაციის გამოყენება, როგორც chemtrails-ის მოქმედების მაგალითი, არის უსაფუძვლო და მეცნირეულ მტკიცებულებებს მოკლებული.


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ნატო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist