განახლება 20.09.23: მასალას დაემატა ვარშავაში გადაღებული ახალი ფოტოები
14 სექტემბერს რუსულმა მედიასაშუალებებმა: regnum.ru, tsargrad.tv, lnr-news.ru, ასევე რუსულენოვანმა ფეისბუკ-ანგარიშებმა (1, 2, 3) გერმანული გამოცემის Frankfurter Allgemeine Zeitung-ის სტატიის სქრინშოთი გამოაქვეყნეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბერლინში ეძებენ გრაფიტის ავტორს, რომელმაც ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, კანიბალის როლში გამოსახა. გრაფიტზე ზელენსკი უკრაინელი სამხედროს მოჭრილ ხელს “ჭამს” და Cannibale (კანიბალი) აწერია.
13 სექტემბერს სოციალურ ქსელ “ტვიტერის” ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში კი Frankfurter Allgemeine Zeitung-ის გარდა გერმანული გამოცემის Deutsche Welle-ს ინსტაგრამის “სთორის (story)” სქრინშოტიც გვხვდება.
გერმანულენოვანი გამოცემების სახელით გავრცელებული სტატიები ყალბია. გამოცემებს: Frankfurter Allgemeine Zeitung და Deutsche Welle ზელენსკის გამოსახულების მქონე გრაფიტის ფოტო და ინფორმაცია გრაფიტის ავტორის ძებნის შესახებ არ გაუვრცელებიათ. რაც შეეხება კორპუსს, რომელზედაც ზელენსკის გრაფიტი უნდა იყოს ასახული, არა ბერლინში, არამედ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარეობს და მასზე ამჟამად ზელენსკის გრაფიტი არ არის განთავსებული.
სქრინშოთი Frankfurter Allgemeine Zeitung-დან, რომელსაც თან ახლავს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბერლინის პოლიცია პროვოკაციული გრაფიტის ავტორს ეძებს, გაყალბებულია. ვებ-საიტზე საკვანძო სიტყვების provokanten Graffiti, Antiukrainisches Graffiti ძებნისას, საძიებო სისტემა არავითარ შედეგს არ გვთავაზობს. იდენტური ან მსგავსი ინფორმაცია არც 12 სექტემერს გამოქვეყნებულ სიახლეებს შორისაა, როგორც ეს გამოცემის სქრინშოთზეა მითითებული.
“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, გამოცემებს Frankfurter Allgemeine Zeitung-სა და Deutsche Welle-ს დაუკავშირდა. Frankfurter Allgemeine Zeitung-ის წარმომადგენელის თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატიის სქრინშოტი ყალბია და მსგავსი ინფორმაცია ვებ-საიტზე არ გამოქვეყნებულა.
რაც შეეხება Deutsche Welle-ს სახელით გამოქვეყნებულ სქრინშოთს, მასზე გვხვდება წარწერა: “გერმანია: სკანდალური გრაფიტი ბერლინში”. ფოტოს ქვეშ არსებული ბმულის სიმბოლო მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული ინფორმაცია ვებ-საიტზეც უნდა იყოს განთავსებული, თუმცა “სკანდალური გრაფიტის” შესახებ სიახლე არც Deutsche Welle-ს ვებ-საიტზე გვხვდება. “მითების დეტექტორთან” კომენტარში Deutsche Welle-მ ასევე უარყო მსგავსი სტატიის გამოქვეყნება.
Frankfurter Allgemeine Zeitung-ის სქრინშოტს რუსული ტელეგრამ-არხის, VOBLYA-ს სიმბოლო აქვს. ტელეგტამ-არხმა სქრინშოთი 13 სექტემბერს, საღამოს 18 საათსა და 58 წუთზე გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ ტელეგრამ არხებისა და ჩატების კატალოგში (uk.tgstat.com) ტელეგრამ-არხი VOBLYA იუმორისა და გართობის კატეგორიას არის მიკუთვნებული.
ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, მრავალსართულიანი კორპუსი არის ასახული. ამერიკული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციის Leadstories-ის თანახმად, კორპუსი არა ბერლინში, არამედ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში Ignacego Potockiego N4-ში მდებარეობს. თავად შენობაზე კი არა გერმანიის, არამედ პოლონეთის დროშა არის განთავსებული.
ქუჩის ხედი (Street view) 2021 წლის აგვისტოში, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე არის გადაღებული, თუმცა კორპუსზე ზელენსკის გამოსახულების მქონე გრაფიტი არც 2023 წლის 18 სექტემბერს გადაღებულ ფოტოებში გვხვდება. “მითების დეტექტორს” პოლონურმა ფაქტების გადამოწმების პლათფორმამ Demagog-მა ამ კორპუსის სხვადასხვა ხედით გადაღებული ფოტოები მოაწოდა. ფოტოებზე კორპუსი ოდნავ განსხვავებულად გამოიყურება, რამდენადაც მასზე ხარაჩოებია მიმაგრებული, თუმცა იმ ფაქტს, რომ იდენტური კორპუსია, მწვანე ფერის აივანი და პირველ სართულზე განთავსებული პოლონეთის დროშა ადასტურებს. ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ კორპუსის ეს კედელი სუფთაა და მასზე ზელენსკის გრაფიტი არაა შესრულებული.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ან იდენტური გრაფიტი არც კორპუსის სხვა ნაწილებში გვხვდება.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დისკრედიტაციის მიზნით ვიზუალური მანიპულაციები აქამდეც აქტიურად ვრცელდებოდა. მაგალითად, არაერთხელ გავრცელდა ზელენსკის გამოსახულებით კარიკატურული გრაფიტები, რომლებიც თითქოს პარიზის, მადრიდისა და ნიუ-იორკის ქუჩებში იყო გადაღებული. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- ზელენსკი თუ პროტესტი ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ – რას უკავშირდება მილანში დადგმული სკულპტურა?
- ზელენსკის გაყალბებული გრაფიტის მოგზაურობა პარიზიდან ნიუ-იორკამდე
- კრემლის მედია ამჯერად ზელენსკის მადრიდში მდებარე გრაფიტის გაყალბებულ ფოტოს ავრცელებს
- კრემლის მედია ზელენსკის გამოსახულებით პარიზში მდებარე გრაფიტის გაყალბებულ ფოტოს ავრცელებს
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის აგვისტოში სოციალური ქსელის მომხმარებლები ამტკიცებდნენ, რომ ტოკიოში ბანერი წარწერით: “შეაჩერე ომი, შეაჩერე ზელენსკი” განთავსდა, ამავე წლის ივნისში კი ვრცელდებოდა მტკიცება, რომ ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე: “არა ზელენსკი, არა ომი” ბანერს ვხვდებოდით. რეალურად, აღნიშნული ვიდეოებიც პროგრამულად იყო დამუშავებული, ვიდეოების ორიგინალი ვერსია კი ომის დაწყებამდე იყო გადაღებული.
ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- განთავსდა თუ არა ბანერი სახელწოდებით “შეაჩერე ზელენსკი, შეაჩერე ომი” იაპონიაში?
- განთავსდა თუ არა ბანერი “არა ზელენსკი, არა ომი” ნიუ-იორკში?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.