30 ნოემბერს კრმელის პროპაგანდისტურ მედიასაშუალებებში, მათ შორის Первый Канал, Russia Today, ВЕСТИ, Украина.ру, Известия, Аргументы и Факты და Федеральное Агентство Новостей-ზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, კარიკატურული 3D გრაფიტის ფოტო გავრცელდა. მედიასაშუალებების თანახმად, ფოტო პარიზშია გადაღებული და გრაფიტის ავტორებმა ის შემდეგი აღწერით გამოაქვეყნეს: “გამარჯობა, საფრანგეთო. მომეცი მთელი შენი ფული. ვწუხვარ, მაგრამ არ მაინტერესებს”. რუსული მედიის გარცელებული ფოტო ინსტაგრამ-პოსტის სქრინშოთია და ჩანს, რომ ფოტო ინსტაგრამ-ანგარიშმა typicaloptical-მა გამოაქვეყნა.
1 დეკემბერს ზელენსკის კარიკატურული გრაფიტის ფოტო ფეისბუქ-გვერდმა “ლიბერალიზმი კლავს” და ფეისბუქ-ანგარიშმა Vaso Kotashvili გამოაქვეყნეს.
გავრცელებული ფოტო პროგრამულად არის დამუშავებული, რეალურად, პარიზში, მეტროსადგურ Saint-Mande-სთან, მსგავსი გრაფიტი არ გვხვდება. 3 დეკემბერს მითების დეტექტორის ლაბორატორიის კურსდამთავრებულმა გრაფიტის არსებობა ადგილზე გადაამოწმა და ფოტოსურათებით დაადასტურა, რომ ლოკაციაზე ასეთი გრაფიტი დახატული არ არის. მითების დეტექტორი ასევე დაუკავშირდა ყვავილების მაღაზიას, რომელიც გრაფიტის ლოკაციის მახლობლად მდებარეობს. მაღაზიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიაზე ასეთი გრაფიტი დახატული არ ყოფილა.
გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ გრაფიტი მეტროსადგურ Saint-Mande-ს ამოსასვლელთან მდებარეობს. ასევე ფოტოზე ჩანს ყვავილების მაღაზია La Florangerie.
აღნიშნული ობიექტები საშუალებას გვაძლევს, ზუსტად დავადგინოთ ფოტოზე გამოსახული ადგილის მდებარეობა და Google Street View-ს საშუალებით დავათვალიეროთ მეტროსადგურ Saint-Mande-სთან მდებარე ტერიტორია. გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ გრაფიტი მეტროს ერთ-ერთ ამოსასვლელთან, პარკინგზეა, დახატული.


1. ყვავილების მაღაზია La Florangerie 2. მეტროსადგურ Saint-Mande-ს შესასვლელი
3 დეკემბერს მითების დეტექტორის ლაბორატორიის კურსდამთავრებულმა ლოკაცია ადგილზე გადაამოწმა და დაადასტურა, რომ მეტროსადგურ Saint-Mande-ს შესასვლელთან ზელენსკის გამოსახულებით 3D გრაფიტი დახატული არ არის.

გარდა ამისა მითების დეტექტორმა ყვავილების მაღაზია, La Florangerie-ს წარმომადგენლებთან დაკავშირება შეძლო. მითების დეტექტორთან მიმოწერაში, მაღაზიის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ამ სახის გრაფიტი ამ ლოკაციაზე დახატული არ ყოფილა.
La Florangerie: ვადასტურებ, რომ მანქანების გაჩერებაზე ასეთი გრაფიტი არასდროს ყოფილა. ამ ადგილს კვირაში 2-3-ჯერ რეცხავენ და პირადად ვესაუბრე პერსონალს, რომელიც დასუფთავებაზეა პასუხისმგებელი, მათ დამარწმუნეს, რომ Saint-Mande-ს გვერდით ასეთი გრაფიტი არასდროს ყოფილა.
წყაროს შესახებ
3D გრაფიტის გაყალბებული ფოტო ინსტაგრამ-ანგარიშმა typicaloptical-მა გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ამ ანგარიშის გვერდზე მხოლოდ 2 ფოტოა გამოქვეყნებული. პირველი ფორო 2 ნოემბერსაა გამოქვეყნებული და მასზე ასევე ზელენსკის 3D გრაფიტია გამოსახული. პოსტის აღწერის მიხედვით, ფოტო ვარშავაშია გადაღებული.
აღნიშნული ფოტოც გაყალბებულია. ფოტო რამდენიმე სხვადასხვა გამოცემამ გადაამოწმა, მათ შორის ფაქტების გადამოწმების სააგენტომ Delfi, უკრაინულმა გამოცემამ Укринформ-მა და ფაქტების გადამოწმების პოლონურმა პროექტმა Konkret24. Укринформ-თან კომენტარში ვარშავაში, ვოლიას რაიონის (სადაც თითქოს გრაფიტია დახატული) პრესმდივანმა მატეუშ ვიტჩინსკიმ განაცხადა, რომ რაიონში ასეთი ნახატი არ არის და ფოტოს “უხარისხო ფეიკი” უწოდა. ვიტჩინსკიმ ასევე წარმოადგინა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ლოკაციაზე გრაფიტი დახატული არ არის.

ლოკაცია ვარშავაში ასევე გადაამოწმეს ფაქტების გადამოწმების პოლონური პროექტის Konkret24-ს თანამშრომლებმა და დაადასტურეს, რომ ასეთი გრაფიტი ვოლიას რაიონში დახატული არ არის.

Konkret 24 სააგენტო Donutstudio.pl-იოს 3D მხატვრობის სპეციალისტებს, ლუკაშ პოლიაკს და პშემისლავ ვოიჩაკს დაუკავშირდა. მათი აზრით, ფოტო გაყალბებულია.
ლუკაშ პოლიაკი და პშემისლავ ვოიჩაკი: პირველ რიგში [ფოტოზე] ჩანს პულვერიზატორები, რომლებიც თითქოს საჩვენებლად დგას. თუმცა ასეთი ნახატის ასეთი სპრეით გაკეთება რთული იქნებოდა. წნევის გამო, ისინი ქვემოთ [საღებავს] არ აფრქვევენ. ისინი საღებავის ვერტიკალურ ზედაპირზე დასატანად გამოიყენება. ჩვეულებრივ ასეთი ნახატებს ცარცით ხატავენ. რა თქმა უნდა, ფოტოზე ასეთი ნახატის ნახვა შესაძლებელია, მაგრამ ცხადი არ არის, რომ ის ცარცითაა დახატული.
პოლიაკმა და ვოიჩაკმა ასევე აღნიშნეს, რომ ასეთი გრაფიტის დასახატად საკმაოდ დიდი დრო იქნებოდა საჭირო და შემდგომში მისი წაშლის შემთხვევაშიც კი ზედაპირზე შესაბამისი კვალი დარჩება. ლოკაციის ფოტოებზე კი ასეთი კვალი არ ჩანს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.