“აი უცნობი” უკრაინაში ორგანოებით ვაჭრობაზე კრემლის კონსპირაციის თეორიას იმეორებს

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

1.2k
VIEWS

16 ივლისს  გია გაჩეჩილაძის ფეისბუქ გვერდზე “აი უცნობი • i ucnobi” გამოქვეყნებული სიუჟეტის მიხედვით, უკრაინაში საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად უკრაინაში ორგანოების გაყიდვა გამარტივდა და საზღვარგარეთ ორგანოებით ვაჭრობისთვის “გზა ხსნილია”, რისთვისაც სპეციალური ბაზაც იქმნება. სიუჟეტის მიხედვით, 2021 წელის 16 დეკემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა კანონი ნომრით 5831, რის შედეგადაც უკრაინელებს, მათ შორის ბავშვებს, შეუძლიათ ნოტარიული დამოწმების გარეშე და მშობლების თანხმობის გარეშე გახდნენ დონორები, ხოლო 2022 წლის 14 აპრილს მიღებული კანონით, უკრაინაში ტრანსპლანტოლოგია დღგ-სგან გათავისუფლდა. 

სიუჟეტში ასევე მოყვანილია სერბი ადვოკატის, გორან პეტრონევიჩის კომენტარი. მისი თქმით, წარსულში სერბეთის, კოსოვოს, ალბანეთის და აფრიკის და ახლა უკრაინის ტერიტორიაზე შავი ტრანსპლანტოლოგების საქმიანობა ნატო-ს მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. სიუჟეტის თანახმად, ორგანოებით ვაჭრობა ომის ფონზე მიმდინარეობს და უკრაინაში გატარებული საკანონმდებლო ცვლილებებით, პაციენტისგან ორგანოს ამოღების უფლება ენიჭება “კერძო კონტროლს, რომლის დადგენა შეუძლებელია”, ხოლო პაციენტისგან ორგანოს ამოღება ექიმის თანხმობით, ან იმ პირის თანხმობით ხდება, ვინც დაკრძალვაზე იღებს პასუხისმგებლობას.

17 ივლისს სიუჟეტის ეს ნაწილი ასევე გამოაქვეყნა ფეისბუქ-გვერდმა “შიინ ევროპისკენ”.

ტრანსპლანტოლოგიის სფეროსთან დაკავშირებით უკრაინის კანონმდებლობის ცვლილებებზე იგივე მტკიცებები 2023 წლის 15 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ გააჟღერა. ზახაროვას განცხადებით, კიევი დასავლეთს დახმარების საფასურს თავისი მოქალაქეების ორგანოებით უხდის. ზახაროვას კომენტარი კრემლის პროპაგანდისტულმა მედიამ გააშუქა (1, 2, 3).

Screenshot 2023 07 24 144603 “აი უცნობი” უკრაინაში ორგანოებით ვაჭრობაზე კრემლის კონსპირაციის თეორიას იმეორებს Screenshot 2023 07 24 144609 “აი უცნობი” უკრაინაში ორგანოებით ვაჭრობაზე კრემლის კონსპირაციის თეორიას იმეორებს

ინფორმაცია უკრაინის კანონმდებლობაში ტრანსპლანტოლოგიის სფეროსთან დაკავშირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მანიპულაციურად ვრცელდება და შეთქმულების თეორიას ავითარებს. რეალურად: 1) 2021 წლის დეკემბერში მიღებული კანონით გაუქმდა დონორობაზე პირის წერილობითი თანხმობის ნოტარიულად დამოწმების აუცილებლობა, თუმცა თავად თანხმობა კვლავ აუცილებელია.  ამასთანავე, უკრაინაში სიკვდილის შემდეგ ორგანოების დონაციაზე უარის პრეზუმფცია მოქმედებს; 2) სიცოცხლეში ორგანოებისა და ბიოლოგიური მასალის დონაციაზე თანხმობის გაცემა მხოლოდ სრულწლოვან, ქმედითუნარიან მოქალაქეებს შეუძლიათ. სიკვდილის შემდეგ არასრულწლოვნის ორგანოების დონაციისთვის მშობლის ან კანონიერი მეურვის თანხმობაა აუცილებელი;  3) 2022 წლის აპრილში მიღებული კანონი დღგ-სგან ათავისუფლებს ტრანსპლანტაციის ოპერაციასთან დაკავშირებულ გარკვეულ პროცედურებს, მაგრამ ეს ცვლილება ორგანოებით “ვაჭრობას” არ უწყობს ხელს, ორგანოებით ვაჭრობა კანონით აკრძალულია და დასჯადია.

  • რას გულისხმობს 2021 წლის დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები და როგორ ხდება უკრაინაში ორგანოების დონაციაზე თანხმობის განცხადება?

უკრაინაში ორგანოების გადანერგვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები 2019 წლიდან დაიწყო. რეფორმების პროცესი ამ სფეროს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებასთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ უკრაინაში სიკვდილის შემდეგ ორგანოების დონაციასთან დაკავშირებით უარის პრეზუმფცია მოქმედებს და უკრაინის კანონმდებლობით, შესაბამისი თანხმობის გარეშე ადამიანის ორგანოების გადანერგვა აკრძალულია. თუ ადამიანს სურს, რომ სიკვდილის შემდეგ მისი ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის გამოყენება მოხდეს, საჭიროა, სიცოცხლეში მისი წერილობითი თანხმობა. იმ შემთხვევაში, პირს სიცოცხლეში ორგანოების გადანერგვაზე უარი არ გამოუთქვამს, ორგანოების გადანერგვისთვის სიკვდილის შემდეგ გარდაცვლილის მეუღლის, უახლოესი ნათესავის ან იმ პირის თანხმობაა საჭირო, რომელიც გარდაცვლილის დაკრძალვაზეა პასუხისმგებელი. 2021 წლის დეკემბერში ადამიანის ანატომიური მასალების გადანერგვის გამოყენების შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, გაუქმდა დონორობაზე პირის წერილობითი თანხმობის ნოტარიულად დამოწმების აუცილებლობა, მაგრამ თავად თანხმობა კვლავ აუცილებელია. 

რაც შეეხება არასრულწლოვნებს, უკრაინის კანონმდებლობით, სიკვდილის შემდეგ არასრულწლოვანის ორგანოების გადანერგვა მხოლოდ მშობლების ან კანონიერი მეურვის ნებართვით არის შესაძლებელი. 

Screenshot 2023 07 24 144616 “აი უცნობი” უკრაინაში ორგანოებით ვაჭრობაზე კრემლის კონსპირაციის თეორიას იმეორებს
წყარო:zakon.rada.gov.ua

იმავე კანონმდებლობით, სიცოცხლეში ორგანოებისა და ბიოლოგიური მასალის დონაციაზე თანხმობის გაცემა მხოლოდ სრულწლოვან, ქმედითუნარიან მოქალაქეებს შეუძლიათ. არასრულწლოვანი შეიძლება ჰემატოპოეზის ღეროვანი უჯრედების (ძვლის ტვინის) დონორი იყოს, თუმცა მხოლოდ გარკვეულ გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად, მაშინ როცა არ არსებობს სრულწლოვანი დონორი; როდესაც რეციპიენტი დონორის ღვიძლი დედმამიშვილია; როდესაც დონაცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად არის აუცილებელი. ასეთ შემთხვევებში 14 წლამდე არასრულწლოვნის დონორობაზე თანხმობის გაცემა მის მშობლებს/კანონიერ მეურვეს შეუძლია, ხოლო 14-18 წლამდე არასრულწლოვნების შემთხვევაში საჭიროა, როგორც მშობლების/მეურვის, ასევე თავად არასრულწლოვნის თანხმობაც.

აღსანიშნავია, რომ ტრანსპლანტოლოგიასთან დაკავშირებული კანონი გარკვეულ შემთხვევებში კრძალავს გარდაცვალების შემდეგ ადამიანის ორგანოების დონაციას. კანონის მე-17 მუხლის, მე-4 პუნქტის მიხედვით, გარდაცვალების შემთხვევაში აკრძალულია ობოლი ბავშვების, მზრუნველობა მოკლებული ბავშვების, არაქმედით უნარიან პირთა და დაუდგენელი პიროვნების ადამიანების ორგანოების და ანატომიური მასალის ტრანსპლანტაციისთვის გამოყენება. ასევე აკრძალულია სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის დროს გარდაცვლილთა ორგანოთა ტრანსპლანტაცია. 

Screenshot 2023 07 24 144626 “აი უცნობი” უკრაინაში ორგანოებით ვაჭრობაზე კრემლის კონსპირაციის თეორიას იმეორებს
წყარო: zakon.rada.gov.ua

იქიდან გამომდინარე, რომ კანონით ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის გამოყენებაზე თანხმობის გაცემა გარდაცვლილის დაკრძალვაზე პასუხისმგებელ პირს შეუძლია, სხვადასხვა დროს ვრცელდებოდა მტკიცებები, რომ სამხედროების ორგანოების დონაციაზე თანხმობის გაცემა მეთაურს ან რომელიმე ოფიციალურ ორგანოს შეუძლია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და სამხედრო მოქმედებების დროს დაღუპულთა ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის გამოყენების დროს თანხმობის საკითხი საერთოდ არ დგება, ამ პროცედურის ჩატარება კანონით აპრიორი აკრძალულია.

ბუნდოვანია, რა არის ნაგულისხმები “აი უცნობის” სიუჟეტში, როდესაც საუბარია, რომ ორგანოს ამოღება გადაეცა  “კერძო კონტროლს, რომლის დადგენა შეუძლებელია” – ტრანსპლანტაციის ოპერაცია რთული სამედიცინო პროცედურაა, რომელიც უკრაინაში სახელმწიფოსგან ფინანსდება და დონორებისა და რეციპიენტების შერჩევა საგანგებო რეესტრის საშუალებით ხდება. საკანონმდებლო ცვლილებებით, რამდენიმე მიმართულებით გარკვეული პროცედურები ნამდვილად გამარტივდა – მაგალითად, ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარება შეიძლება ყველა იმ საავადმყოფოში, რომელსაც სპეციალური ლიცენზია და საჭირო აღჭურვილობა აქვს. 2019 წლამდე ლიცენზიის გარდა აუცილებელი იყო, საავადმყოფოების საგანგებო სიაში შეტანა და ეს სია მინისტრთა კაბინეტის მიერ უნდა ყოფილიყო დადასტურებული. ასევე ნამდვილად არსებობს მონაცემთა ერთიანი, თანამედროვე ბაზა, რომელიც დონორებისა და რეციპიენტების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაციისთვის შეიქმნა. თუმცა მას “ორგანოების ვაჭრობასთან” რაიმე კავშირი არ აქვს. ორგანოებით ვაჭრობა კანონმდებლობით აკრძალული და დასჯადია და ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ამ მოცემულობას არ ცვლის.

ტრანსპლანტაციის პროცედურები დაფუძნებულია ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაციის ერთიან სახელმწიფო ტრანსპლანტაციის საინფორმაციო სისტემაზე (EDIST). ეს სისტემა მოიცავს ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც სურთ, სიკვდილის შემდეგ მათი ორგანოები დონაციისთვის იყოს გამოყენებული, ასევე ინფორმაციას ცოცხალი დონორების შესახებ და რეციპიენტების შესახებ. მსგავსი სისტემა პროცესის გამჭვირვალობას უწყობს ხელს. ЕDIST-ი 2021 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს. სიკვდილის შემდეგ ტრანსპლანტაციაზე თანხმობის გაფორმებისთვის უკრაინის სრულწლოვან მოქალაქეებს შეუძლიათ ტრანსპლანტაციის კოორდინატორებს მიმართონ, რომლებსაც EDIST-ის სისტემაზე აქვთ წვდომა, ან გამოიყენონ Diia –  ელექტრონული პორტალი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს საჭირო დოკუმენტაცია და სახელმწიფო სერვისები ელექტრონულად მიიღონ. აღსანიშნავია, რომ ტრანსპლანტაციაზე თანხმობის უკან წაღება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

რაც შეეხება უკრაინიდან ორგანოების უცხოეთში გაყიდვის საკითხს, რომელიც მტკიცებულებებით არ დასტურდება, უნდა აღინიშნოს, რომ ორგანოს ტრანსპორტირება რთული ლოგისტიკური პროცესია, ვინაიდან ორგანოები გადანერგისთვის ვარგისი შეზღუდული დროის განმავლობაში რჩება და ამ მიმართულებით, ომის პირობებში არათუ საზღვარგარეთ, პრობლემები ორგანოს უკრაინის ტერიტორიაზე გადატანის დროსაც იქმნება. ომის პირობებში ტრანსპლანტაციისთვის ორგანოს ტრანსპორტირებისთვის ავიაციის გამოყენება დაშვებული არ არის. ომის დროს ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ექიმების გუნდი რეციპიენტთან ერთად გაემგზავრა იმ ოლქში სადაც დონორი იმყოფებოდა, რათა ტრანსპლანტაციის ოპერაცია იმავე ადგილზე ჩატარებულიყო.

  • რას გულისხმობს 2022 წლის აპრილში დღგ-სთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები?

2022 წლის აპრილში უკრაინის რადამ ნამდვილად მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ტრანსპლანტაციის ოპერაციასთან დაკავშირებულ სამედიცინო პროცედურებს და სერვისებს დღგ-სგან ათავისუფლებს. ამ ცვლილების მიზანი უკრაინის მოქალაქეებისთვის ტრანსპლანტაციის პროცედურის ხელმისაწვდომობის გაზრდაა და რაიმე სახით საზღვარგარეთ ორგანოების გატანას ხელს არ უწყობს. აღსანიშნავია, ისიც რომ დღგ-ს მოხსნის შედეგად ტრანსპლანტაციის ოპერაციებთან დაკავშირებული პროცესები სახელმწიფო ხარჯებზე აისახება, ვინაიდან უშუალოდ პაციენტებისთვის ოპერაცია უფასოა. დღგ-სთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებამდე, 2022 წლის იანვარში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხელი მოაწერა კანონს, რომლის ფარგლებშიც ტრანსპლანტაციის ყველა ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებს და მოქალაქეებისთვის ის უფასოა. იმავე კანონის ფარგლებში, ასევე დადგინდა დონორისა და რეციპიენტის შერჩევის პროცედურაც, რომელსაც ЕDIST-ი შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით ავტომატურად აწარმოებს და ის ადამიანური ჩარევისგან თავისუფალია. შესაბამისად ტრანსპლანტაციის პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდა.

ტრანსპლანტოლოგიის სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმები სფეროს მოდერნიზაციას და განვითარებას ემსახურება და არა რაიმე სახით ორგანოებით ვაჭრობის ხელშეწყობას. ზოგადად უკრაინაში ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ყალბი მტკიცებები და კონსპირაციული თეორიები უკვე წლებია ვრცელდება და კრემლის დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია. განსაკუთრებით ხშირია დეზინფორმაცია, რომ უკრაინაში დაღუპული სამხედროების ორგანოებით ვაჭრობენ. ამ თემასთან დაკავშირებით “მითების დეტექტორმა” არაერთი ყალბი მტკიცება გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist