სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ბაია პატარაიას შემდეგი ციტატა ვრცელდება (1,2): “არცერთ მამრს არ აქვს უფლება, უყუროს ქალს.” გავრცელებულ პოსტებში პატარაიას ფოტოსა და ციტატას გამოცემა “პრაიმ ტაიმის” ლოგო ადევს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ინფორმაცია ამ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა.
ბაია პატარაიას სახელით გავრცელებული ციტატა გაყალბებულია. რეალურად, გამოცემა “პრაიმ ტაიმის” ქარდზე უფლებადამცველის სხვა ციტატა: “არცერთ მამრს არ აქვს უფლება აკონტროლოს ქალი” არის დატანილი.
19 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფონიჭალაში შვილმა დედა დაჭრა, მასთან მყოფი მამაკაცი კი მოკლა. შემთხვევას ბაია პატარაია საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე პოსტით გამოეხმაურა.
პოსტში უფლებადამცველი წერდა, რომ ქალის პირადი ცხოვრების კონტროლის უფლება არავის არ აქვს. სწორედ ამ კონტექსტში პატარაიამ აღნიშნა, რომ “არცერთ მამრს არ აქვს უფლება, აკონტროლოს ქალი!”
ბაია პატარაია, უფლებადამცველი: “არც ერთ მამრს არ აქვს უფლება აკონტროლოს ქალი! შეიგნეთ და შეუშვით ხის თავებში. თქვენი ღირსება თქვენივე სხეულში იწყება და მთავრდება და ის აბსოლუტურად არც ერთ სხვა ადამიანზე არ გადადის და არ ვრცელდება. დაეტიეთ საკუთარ ტყავში და ნუ ხტებით საკუთარი კანიდან, მით უმეტეს სხვა ადამიანების დაზიანების ხარჯზე”.
პატარაიას ეს პოსტი გამოცემა “პრაიმ ტაიმმა” საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. ამავე გამოცემის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ასევე ქარდი, სადაც პატარაიას პოსტის ერთ-ერთი წინადადებაა დატანილი. სოციალურ ქსელში ყალბი ციტატის გასავრცელებლად ფეისბუქ მომხმარებლებმა სწორედ ეს ქარდი შეცვალეს.
ბაია პატარაიას შესახებ დეზინფორმაციებსა და გაყალბებული ციტატებს წარსულშიც ავრცელებდნენ, ვრცლად იხილეთ:
- ითხოვს თუ არა ბაია პატარაია ბიჭების რაოდენობის შესამცირებელ და გოგონების შობადობის წამახალისებელ რეგულაციებს?
- პოსტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბაია პატარაიას სიზმარში ჩადენილი გაუპატიურების დასჯას ითხოვს, სატირულია
- “კოგარაში ურიე” და Liberastuli seni ჟურნალისტების ციტატებს აყალბებენ
- “ლურჯი საბჭოთა კავშირი” ბაია პატარაიას პოსტს აყალბებს
- Pressტიტუციამ ქალი აქტივისტების ფეისბუკ პოსტები გააყალბა
- ციტატა, თითქოს პატარაიას სურს, ბავშვები კაცებმაც გააჩინონ, სატირულია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.