დაიწყება თუ არა ახალი პანდემია მაისში და რას გულისხმობს ,,პანდემიური შეთანხმება”?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

99
VIEWS

25 იანვარს Giorgi Abashidze-მა ფეისბუქზე გაავრცელა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) დირექტორის, ტედროს გებრეისუსის ვიდეოს ფრაგმენტი, რომელშიც ის დაავადება X-ზე, ახალ პანდემიასა და პანდემიურ შეთანხმებაზე საუბრობს. აბაშიძე წერს, რომ ჯანმო-ს დირექტორი, ,,მომაკვდინებელ X დაავადებაზე” საუბრობს და ახალი პანდემიის დაწყების თარიღად 2024 წლის მაისს ასახელებს. ფეისბუქ მომხმარებელი ე.წ. პანდემიურ შეთანხმებაზეც მიუთითებს, თითქოს, გებრეისუსი ამტკიცებს, რომ კაცობრიობას ახალი პანდემიისგან მხოლოდ ,,პანდემიური შეთანხმება” და ქვეყნების სუვერენიტეტის შეზღუდვა გადაარჩენს.

janmo1 1 დაიწყება თუ არა ახალი პანდემია მაისში და რას გულისხმობს ,,პანდემიური შეთანხმება”?

ჯანმო-ს დირექტორის ვიდეო, რომელშიც ის ახალი პანდემიის დაწყების თარიღს ამბობს და ერთადერთ გამოსავლად ,,პანდემიური შეთანხმებით” ქვეყნების სუვერენიტეტის ჩამორთმევას ასახელებს, მანიპულაციურად ვრცელდება. ვიდეო ტედროს გებრეისუსის ,,მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე” გამოსვლის ფრაგმენტია, სადაც მან პანდემიაზე, მისგან თავდაცვის გზებსა და ქვეყნების საერთო მოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა, თუმცა არაფერი უთქვამს ქვეყნებისათვის სუვერენიტეტის ჩამორთმევაზე, ასევე არ დაუსახელებია პანდემიის დაწყების თარიღი.

17 იანვარს ტედროს გებრეისუსი დავოსში ,,მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა. დისკუსია ახალი სავარაუდო დაავადების, სახელად X-ისთვის მზადებას შეეხებოდა. სინამდვილეში, ჯანმო-ს დერექტორი დაავდება X-ზე საუბრისას ამბობს, რომ ქვეყნებს ერთობლივი შეთანხმებით შეუძლიათ პოტენციური პანდემიისგან ზარალი შეამცირონ, განსხვავებით Covid 19-ის პანდემიისგან. მას არ დაუსახელებია თარიღი, თუ როდისთვის ელოდებიან პოტენციური პანდემიის დაწყებას. 2024 წლის მაისს გებრეისუსი ე.წ. პანდემიური შეთანხმების მიღწევის კონტექსტში ახსენებს. გებრეისუსის თქმით, იმედოვნებს, რომ ჯანმო-ს წევრი ქვეყნები მაისისთვის ხელს მოაწერენ საერთო ,,პანდემიურ შეთანხმებას”, რაც მათ მსოფლიო პოტენციური პანდემიის პრევენციასა და მართვაში დაეხმარება. ცნობილია, რომ ყოველწლიური ,,ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეა” 2024 წლის 27 მაისიდან გაიმართება, სწორედ ამ დროისთვის სურს ჯანმოს ,,პანდემიურ შეთანხმებაზე” მოლაპარაკების დასრულება. 

გავრცელებულ ვიდეოში ტედროს გებრეისუსი არ საუბრობს ,,პანდემიური შეთანხმების” გზით ქვეყნებისათვის სუვერენიტეტის ჩამორთმევასა და ამით კაცობრიობის პანდემიისგან გადარჩენაზე. ვიდეოში ჯანმო-ს დირექტორის მტკიცებით, სანამ პოტენციური პანდემია დაიწყება, ქვეყნებს მცირედის გაკეთება შეუძლიათ. ის რამდენიმე პუნქტს გამოყოფს:

  • ადრეული გაფრთხილების სისტემა კლინიკებისთვის, რომლითაც პაციენტები გაარკვევენ არის თუ არა ახლომდებარე კლინიკაში ადგილი ან ჟანგბადის აპარატები; 
  • ადამიანებისა და წამლების ტესტირება;
  • სამედიცინო ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვა;
  • კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ინფორმაციის მიწოდება.

დასასრულს ტედრო გებრეისუსი აღნიშნავს, რომ პოტენციური პანდემიისთვის მზადება არის როგორც გლობალური, ისე ვიწრო ეროვნული ინტერესი. გამოსავალი კი ,,პანდემიური შეთანხმება” და ქვეყნებს შორის ჯანდაცვის სერვისებსა თუ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის თანასწორობის გაზრდაა. 

რა ვიცით დაავადება X-ზე?

,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას” გამოქვეყნებული აქვს კვლევისათვის პრიორიტეტული დაავადებების სია. მასში როგორც Covid 19-ი, ასევე ,,დაავადება X-ია”. ჯანმოს განმარტებით, ,,დაავადება X” არის ჯერ კიდევ უცნობი პათოგენი, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მოტანა შეუძლია, რაც, შესაძლოა, მსოფლიო ეპიდემიამდე მივიდეს. 

janmo2 1 დაიწყება თუ არა ახალი პანდემია მაისში და რას გულისხმობს ,,პანდემიური შეთანხმება”?
წყარო: World Health Organization

 

,,მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე” ჯანმო-ს დირექტორმა თქვა, რომ დაავადება X-ის სახელწოდებით არ მოიხსენიებენ კონკრეტულ დაავადებას ან ვირუსს, ეს არის სახელი დაავადებისთვის, რომელსაც ჯერ მსოფლიო არ იცნობს. ასეთივე იყო დასაწყის პერიოდში Covid 19-იც, პანდემიური პოტენციალის მქონე უცნობი პათოგენი. გებრეისუსის თქმით, მოსალოდნელია, ,,დაავადება X” კორონა ვირუსზე მომაკვდინებელი იყოს. გებრეისუსმა ,,მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე” ისაუბრა, რომ უკეთესია ცნობილი იყოს, რა შეიძლება მოხდეს მსოფლიოში, ეს ადრეც არაერთხელ მომხდარა და მომზადებაა საჭირო.  

რა არის ე.წ. პანდემიური შეთანხმება? 

პანდემიური შეთანხმება (Pandemic Agreement/Pandemic Treaty) ჯერ არ არსებობს. ,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” განმარტებით, დოკუმენტმა, რომელზეც მაისის ბოლოს ქვეყნების წარმომადგენლები იმსჯელებენ, უნდა უზრუნველყოს მათი უკეთესი მზაობა მომავალი პანდემიისთვის, პირველ ყოვლისა სამედიცინო მომზადების კუთხით. ,,პანდემიურ შეთანხმებაზე” მოლაპარაკებები 2020 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს. 

,,პანდემიურ შეთანხმებაზე” მოლაპარაკებები საჯარო არ არის, თუმცა გასულ წელს ,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ” დოკუმენტის წინასწარი პროექტი გაასაჯაროვა.  დოკუმენტზე მუშაობისას ერთ-ერთი ძირითადი საკითხი ვაქცინასა და სხვა საჭირო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თანასწორობის საკითხია. 

janmo3 1 დაიწყება თუ არა ახალი პანდემია მაისში და რას გულისხმობს ,,პანდემიური შეთანხმება”?
წყარო: Proposal for negotiating text of the WHO Pandemic Agreement

 

დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, დროულად მიიღონ შესაბამისი მედიკამენტები, ხოლო მაღალშემოსავლიანმა ქვეყნებმა პირველადი ჯანდაცვა უნდა გააძლიერონ. ამ საკითხზე ტედროს გებრეისუსმა ,,მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზეც” ისაუბრა. 

ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, ე.წ. პანდემიური შეთანხმება გულისხმობს მეტად ინტენსიურ კოორდინაციას ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. გასულ წელს აშშ-ის მთავრობამ და WHO-მა ,,პანდემიური შეთანხმებით” ქვეყნების სუვერენიტეტის წართმევის ცნობები უარყვეს. 

janmo4 1 დაიწყება თუ არა ახალი პანდემია მაისში და რას გულისხმობს ,,პანდემიური შეთანხმება”?
წყარო: Proposal for negotiating text of the WHO Pandemic Agreement

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მცდარი ცნობები წარსულშიც ვრცელდებოდა, რაც ,,მითების დეტექტორმა” გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელი Giorgi Abashidze ხშირად აქვეყნებს დეზინფორმაციასა და კონსპირაციის თეორიებს. აბაშიძის მიერ წარსულში გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაცია ,,მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist