კრემლის მედიის გავრცელებული დოკუმენტები უკრაინაში სახიფათო ექსპერიმენტების არსებობას ისევ ვერ ამტკიცებს

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

კრემლის მედიის გავრცელებული დოკუმენტები
194
VIEWS

12 თებერვალს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა Russia Today-მ (1,2) და РИА Новости-მ (1,2) მარიუპოლში “დასავლური კომპანიების ინტერესებით” მოსახლეობაზე “სახიფათო” მედიკამენტების გამოცდის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. РИА Новости-ს მიხედვით, ექსპერიმენტებს ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტებზე ატარებდნენ და ამას მოპოვებული დოკუმენტები ადასტურებს. РИА Новости-ს მიერ ტელეგრამზე გამოქვეყნებულ სიუჟეტში ასევე აღნიშნულია, რომ კვლევებს ჩვილებზეც ატარებდნენ. ამ ორ გამოცემაზე დაყრდნობით, იგივე ინფორმაცია სხვა რუსულმა მედიებმა (1,2,3,4,5) მათ შორის Российской газета-მ, Регнум-მა და Украина.ру-მ გაავრცელეს. 

13 თებერვალს მარიუპოლის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სახიფათო მედიკამენტების გამოცდაზე ვიდეო ქართულენოვან ფეისბუქ ჯგუფში “ანტილაბ-საქართველო” გამოქვეყნდა. ეს ვიდეო 12 თებერვალს თავის ტელერგამ-არხზე რუსმა პროპაგანდისტმა სამხედრო კორესპონდენტმა იური კოტიონოკმა გამოაქვეყნა. კოტიონოკის მტკიცებით, მარიუპოლში წლების განმავლობაში აგროვებდნენ სლავების “ბიომასალებს” და შემდეგ მათ დასავლეთში აგზავნიდნენ.

კრემლის მედიის გავრცელებული დოკუმენტები უკრაინაზე

კრემლის მედიის გავრცელებული დოკუმენტები უკრაინაზე

kremlis mediis gavrtselebuli dokumentebi2 კრემლის მედიის გავრცელებული დოკუმენტები უკრაინაში სახიფათო ექსპერიმენტების არსებობას ისევ ვერ ამტკიცებს

რუსული მედიის მიერ გავრცელებული დოკუმენტები, არ ადასტურებს მტკიცებებს, რომ უკრაინელ მოსახლეობაზე, ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტებზე ან მცირეწლოვან ჩვილ ბავშვებზე სახიფათო და საიდუმლო კვლევები ტარდებოდა. სიუჟეტში ნაჩვენები დოკუმენტებიდან იდენტიფიცირებული რამდენიმე სამედიცინო კვლევის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებშია ხელმისაწვდომი, ხოლო ამ კვლევებში გამოყენებული მედიკამენტები კლინიკური კვლევების შემდეგ წარმატებით დამტკიცდა. აღსანიშნავია, რომ კვლევები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის რუსთშიც ტარდებოდა. კრემლის პროპაგანდისტული მედია უკრაინაში ჩვეულებრივი სამედიცინო კვლევების არსებობას სისტემატურად იყენებს დეზინფორმაციისა და კონსპირაციული თეორიების გასავრცელებლად.

გავრცელებულ სიუჟეტებში სხვადასხვა დოკუმენტებია ნაჩვენები, რომელთა ნაწილიდან გარკვეული ინფორმაციის ამოკითხვაც არის შესაძლებელი. ამ ინფორმაციის გადამოწმებით კი ჩანს, რომ დოკუმენტები უკრაინაში ჩვეულებრივი სამედიცინო და სამეცნიერო კვლევებთან არის დაკავშირებული, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ღია წყაროებშია ხელმისაწვდომი და არასოდეს ყოფილა გასაიდუმლოებული.

მაგალითად, Russia Today-ს სიუჟეტის ერთ-ერთ კადრში ჩანს ყუთზე გაკეთებული წარწერა SB4-G31-RA “Samsung Bioepis, Ltd”.

კრემლის მედიის გავრცელებული დოკუმენტები უკრაინაზე

იგივე კოდი ჩანს РИА Новости-ს სიუჟეტშიც ერთ-ერთ საქაღალდეზეც.

 კრემლის მედიის გავრცელებული დოკუმენტები უკრაინაზე

და ასევე იკითხება დოკუმენტში, რომელიც კოტიონოკის ვიდეოშია ნაჩვენები.

კრემლის მედიის გავრცელებული დოკუმენტები უკრაინაზე

Samsung Bioepis ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც კორეული კონგლომერატის Samsung-ის ჯგუფის ნაწილია. კოტიონოკის ვიდეოში დოკუმენტზე ასევე ჩანს, რომ ბლანკზე ევროკავშირის კლინიკური კვლევების ბაზაში (EudraCT) კვლევისთვის მინიჭებული კოდი 2012-005026-30 არის მითითებული. კლინიკური კვლევების ბაზაში შესაბამისი სამედიცინო კვლევაც იძებნება. საიტზე კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი, საიდანაც ჩანს, რომ SB4-G31-RA კვლევის პროტოკოლისთვის სპონსორის მიერ მინიჭებული კოდია და არა რაიმე გასაიდუმლოებული სახელწოდება. აქედანვე ირკვევა, რომ კვლევის მიზანია ერთმანეთს შეადაროს Samsung Bioepis-ის მედიკამენტის SB4-ის და მედიკამენტ Enbrel-ის მოქმედება ისეთ პაციენტებში, რომლებსაც მეტოტრექსატით მკურნალობის მიუხედავად რევმატოიდული ართრიტის საშუალო და მძიმე ფორმა აქვთ. 

კრემლის მედიის გავრცელებული დოკუმენტები უკრაინაზე

ევროკავშირის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით, ასევე ნათელია ისიც, რომ ეს კლინიკური კვლევა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ კიდევ 7 ქვეყანაში: ბულგარეთში, კოლუმბიაში, ჩეხეთში, უნგრეთში, ინდოეთში, სამხრეთ კორეაში, ლიეტუვაში, მექსიკაში, პოლონეთსა და გაერთიანებულ სამეფოში ჩატარდა. ЕU Clinical Trial Register-ზე ასევე ხელმისაწვდომია დეტალური ინფორმაცია კვლევის შედეგებზეც. აქ მოცემული ინფორმაციიდან ჩანს, ისეთი დეტალებიც როგორიცაა კვლევაში მონაწილე ადამიანების როგორც საერთო რაოდენობა, ასევე ის თუ რომელი ქვეყნიდან რამდენი ადამიანი იყო ჩართული კვლევაში. როგორც იკვეთება, ყველაზე მეტმა ადამიანმა პოლონეთიდან მიიღო ამ კვლევაში მონაწილეობა. აქვეა მითითებული, რომ კვლევაში 515 18-64 წლამდე ადამიანი და 81 64-წელს ზევით ადამიანი მონაწილეობდა.

კრემლის მედიის გავრცელებული დოკუმენტები უკრაინაზე

ამ კვლევასთან დაკავშირებული სტატია 2017 წელს სამედიცინო ჟურნალში “რევმატული დაავადებების ანალები” გამოქვეყნდა. სტატიის სათაურიდანვე ჩანს, რომ კვლევა მედიკამენტის კვლევის, ბოლო, მესამე ფაზის ეტაპს ასახავს. ის რომ სტატია ნამდვილად ზემოთ აღნიშნულ კვლევას ეხება, იმით დასტურდება, რომ სტატიაში კვლევის EudraCT-ზე მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი 2012-005026-30 არის მითითებული, აქვეა მითითებული კლინიკური კვლევების ამერიკული მონაცემთა ბაზის ClinicalTrials.gov-ის ნომერიც NCT01895309 და კვლევის შესახებ ინფორმაცია აქაც ხელმისაწვდომია. კვლევაში აღნიშნულ მედიკამენტი SB4, სავაჭრო სახელწოდებით Eticovo აშშ-ის საკვებისა და წამლის სააგენტომ 2019 წელს დაამტკიცა. 

РИА Новости-ს სტატიაში ვკითხულობთ: “დოკუმენტების პირველადი დათვალიერების შედეგებიდან ჩანს, რომ ადამიანებზე ცდიდნენ დანომრილ პრეპარატებს, სახელწოდებების გარეშე. პრეპარატები ჩადებული იყო თეთრ კონვერტებში ასევე სახელწოდებების გარეშე, ნომრით GLPG0634-CL-203”.

მსგავსი კოდი, ბოლოში განსხვავებული ერთი ციფრით,  GLPG0634-CL-204 ასევე ჩანს РИА Новости-ს სიუჟეტის ერთ-ერთ კადრზეც.

კრემლის მედიის გავრცელებული დოკუმენტები უკრაინაზე

ორივე კლინიკური კვლევის დამკვეთი კომპანიის, Galapagos NV-ის მიერ კვლევის პროტოკოლის ნომერია და ორივე ნომრით კვლევა ასევე იძებნება EudraCT-ზე. ორივე მეორე ფაზის კლინიკური კვლევაა. კვლევა ნომრით GLPG0634-CL-203 იკვლევდა პრეპარატის GLPG0634-ის მეთოტრექსატთან კომბინაციაში ეფექტურობას რევმატოიდური ართრიტით დაავადებულ ისეთ პაციენტებში, რომლებსაც მხოლოდ მეტოთრექსატით მკურნალობის დროს დადებითი შედეგი არ ჰქონდათ. ხოლო GLPG0634-CL-204-ის ფარგლებში, იკვლევდნენ GLPG0634 ეფექტურობას პლაცებოსთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ РИА Новости-ს მასალაშიც აღნიშნულია, რომ მედიკამენტები რევმატოიუდური ართრიტთან იყო დაკავშირებული.

РИА Новости-ს სტატია ქმნის შთაბეჭდილებას, რომ უკრაინის მოქალაქეებზე რაიმე გასაიდუმლებულ “ნომერმინიჭებულ” უსახელო მედიკამენტებს ცდიდნენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ორივე კვლევა 21 ქვეყანაში და მათ შორის რუსეთის ფედერაციაში ჩატარდა.

კრემლის მედიის გავრცელებული დოკუმენტები უკრაინაზე
ცხრილები აჩვენებს თოთოეული ქვეყნიდან რა ასაკის და რამდენი ადამიანი იყო ჩართული 1) GLPG0634-CL-204 და 2) GLPG0634-CL-203 კვლევაში

GLPG0634-CL-204 კვლევაში მონაწილე 287 ადამიანიდან 245 18-64 წლამდე ასაკის იყო, ხოლო 42 65-84 წლამდე. GLPG0634-CL-203 კვლევაში მონაწილე 599 ადამიანიდან კი 499 18-64 წლამდე და 100 65-84 წლამდე. აქტიური ნივთირება, რომელსაც მედიკამენტი შეიცავს, ფილგონტილიბია

Galapagos NV-ი ამ პრეპარატს სავაჭრო სახელწოდებით Jyseleca აწარმოებს და ის ევროკავშირსა და იაპონიაში გამოყენებისთვის არის დამტკიცებული. შესაბამისად “უსახელო” მედიკამენტი, რომელიც РИА Новости-ს თანახმად უკრაინელებზე იცდებოდა და გამოცემა ისე წარმოაჩენს, თითქოს საფრთხის შემცველი იყო, ამჟამად დამტკიცებული სამკურნალო საშუალებაა. აღსანიშნავია, ისიც რომ კვლევა 2015 წელს დასრულდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომის მიმდინარეობის დროს რუსულ მხარეს ამ კვლევიდან დარჩენილი მედიკამენტები კონვერტებში ეპოვა. 

РИА Новости-ს სიუჟეტის ერთ-ერთ კადრში ჩანს დოკუმენტი, რომელზეც კიდევ ერთი კლინიკური კვლევის საიდენტიფიკაციო კოდი CXA 30009 და ასევე ფარმაცევტული კომპანიის სახელწოდება GlaxoSmithKline იკითხება. აქვე ჩანს რომ დოკუმენტი მკვლევრების შეხვედრასთან არის დაკავშირებული (კლინიკურ კლევებში Investigator ეწოდება ადამიანს, რომელიც უშუალოდ ატარებს კვლევას), ასევე ჩანს თარიღი 2005 წლის 4 აგვისტო და ლოკაცია – სასტუმრო კიევში.

კრემლის მედიის გავრცელებული დოკუმენტები უკრაინაზე

კვლევა საიდენტიფიკაციო კოდით CXA 30009 ასევე იძებნება EudraCT-ზე. კვლევების შედეგებზე დამატებითი ინფორმაციაც ხელმისაწვდომია. ეს კვლევაც მესამე ფაზის კვლევა იყო. კვლევის პირველადი მიზანი რევმატიზმით დაავადებულებში მედიკამენტ GW406381-ის პლაცებოსთან შედარებით კლინიკური ეფექტურობის შეფასება, მეორადი მიზანი კი მისი უსაფრთხოების და ორგანიზმის მიერ ამტანობის შეფასება და ასევე საუკეთესო დოზის რაოდენობის განსაზღვრა იყო. კვლევაში მონაწილეთა საშუალო ასაკი 51.5-53.6 წელია. კვლევა 31 ქვეყანაში ჩატარდა. კვლევის დასკვნებში აღნიშნულია, რომ კვლევამ პირველად მიზანს ვერ მიაღწია და ვერ შეფასდა მედიკამენტის ეფექტიანობა პლაცებოსთან შედარებით, აღნიშნულია ისიც რომ კვლევის ფარგლებში გამოვლენილი გვერდითი ჩვენებების შორის იყო მხოლოდ თავის ტკივილი, ჰიპერტენზია და ნაზოფარინგიტი და ეს გვერდითი ჩვენებები მხოლოდ 4%-ს გამოუვლინდა.

კოტიონოკის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს ერთ-ერთ კადრში დოკუმენტზე ასევე ჩანს კვლევის კოდი RDEA594-203, რომლითაც ასევე იძებნება ინფორმაცია EudraCT-ზე.

კრემლის მედიის გავრცელებული დოკუმენტები უკრაინაზე

ეს კვლევა აფასებდა მედიკამენტ RDEA594 ეფექტიანობას, უსაფრთხოებას და მის შესაძლო ურთიერთქმედებას კიდევ ერთ მედიკამენტთან – ალოპურინოლთან, პოდაგრას მქონე პაციენტებში, რომლებიც ალოპურინოლის სტანდარტული დოზის მიღებისას მკურნალობის სასურველ შედეგს ვერ იღებდნენ. მედიკამენტ RDEA594-ში შემავალი აქტიური ნივთიერება ლეზინურადია. კვლევა 7 ქვეყანაში –  კანადაში, საქართველოში, პოლონეთში, ესპანეთში, უკრაინაში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში ჩატარდა.

კვლევა 2016 წელს დასრულდა, თუმცა მანამდეც, კვლევის მიმდინარეობის პარალელურად ამ პრეპარატის მწარმოებელი კომპანია Ardea Biosciences-ი კვლევების შედეგების შესახებ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებდა. (2012 წელს Ardea Biosciences AstraZeneca-მ  შეიძინა.) ხოლო  RDEA594 სავაჭრო სახელწოდებით ZURAMPIC-ი FDA-მ გამოყენებისთვის 2015 წელს დაამტკიცა. მედიკამენტი პოდაგრას მქონე პაციენტების სისხლში შარდმჟავას დონის შემცირებისთვის გამოიყენება. 

როგორც იკვეთება, არც ერთი ეს კვლევა არ ადასტურებს, რომ უკრაინაში ფსიქიატრიული კლინიკების პაციენტებზე ან ჩვილებზე სახიფათო მედიკამენტებს ცდიან. კვლევების შესახებ ინფორმაცია ღია, სანდო წყაროებშია ხელმისაწვდომი. ეს კვლევები არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდებოდა და ახალი სამკურნალო საშუალებების შემუშავებისთვის აუცილებელი სამედიცინო-სამეცნიერო პროცესის ნაწილია.  კლინიკური კვლევებისთვის უკრაინა პოპულარული ლოკაციაა, რაც რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. უკრაინაში კლინიკური კვლევების მაღალ დონეზე ჩატარების რესურსი არსებობს. უკრაინელი მეცნიერები დაინტერესებული  არიან, რომ საერთაშორისო კვლევებში იყვნენ ჩართული და მკურნალობის ახალ მეთოდებზე მიუწვდებოდეთ ხელი. გარდა ამისა, როგორც ამერიკული გამოცემა Wired, რომელიც ტექნოლოგიურ და სამეცნიერო სფეროს აშუქებს, აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში უკრაინის ჯანდაცვის სისტემას დაფინანსების პრობლემები ჰქონდა, შესაბამისად პაციენტების ნაწილისთვის კვლევაში მონაწილეობა მკურნალობის მიღების უფრო სწრაფი და ალტერნატიული გზა გახდა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების გამო ბევრ პაციენტს სხვა არანაირი მკურნალობა არ მიუღია, რაც მათ ახალი მკურნალობის მეთოდების გამოცდისთვის საუკეთესო კანდიდატებად აქცევს. ომმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ამ მიმართულებით უკრაინაში სამედიცინო და სამეცნიერო საქმიანობა და ქვეყანა ცდილობს, შეძლებისდაგვარად გააგრძელოს სხვადასხვა სამედიცინო კვლევები.

რუსეთი უკრაინაში სამეცნიერო და სამედიცინო სფეროში მიმდინარე რუტინული კვლევების და ზოგადად სამეცნიერო საქმიანობის არსებობას დეზინფორმაციის გასავრცელებლად სისტემატურად იყენებს. გასულ წელს ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომ თითქოს უკრაინაში Covid-19-ის საწინააღმდეგო, სახიფათო პრეპარატებს ცდიდნენ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

კოტიონოკის ტელეგრამ-პოსტში აქცენტი “სლავური ბიომასალის” შეგროვებაზეა გაკეთებული, რომელიც, მისი თქმით “ბიოლოგიური იარაღის  ახალი ტიპების შესაქმნელად” გამოიყენეს და ევრაზიაში სლავების წინააღმდეგ პანდემიის და ეპიდემიების სახით გაავრცელეს. ეს გარკვეულწილად იმეორებს კონსპირაციულ მტკიცებებს სპეციალური ბიოლოგიური იარაღის შესახებ, რომელსაც ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფის მიზანში ამოღება შეუძლია. რეალურად, მსგავსი იარაღის შექმნა ტექნოლოგიურად შეუძლებელია. ამავე თემაზე 2022 წელს ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომ უკრაინელებმა შეიმუშავეს ბიო-აგენტები, რომლებსაც მხოლოდ სლავების დაავადება შეეძლოთ.

წყაროების შესახებ:

ქართული ფეისბუქ-ჯგუფი, სადაც ვიდეო გავრცელდა:

ჯგუფი “ანტილაბ-საქართველო” ორგანიზაცია Antilab-თან არის დაკავშირებული. ორგანიზაცია “ამერიკულ ბიოლაბორატორიებს” და ბიოლოგიურ იარაღს ეწინააღმდეგება და ამ საკითხზე სხვადასხვა კონსპირაციულ თეორიას და დეზინფორმაციას ავრცელებს. ჯგუფში “ანტილაბ-საქართველო” პოსტებს ძირითადად ერთი მომხმარებელი, ჯგუფის ადმინისტრატორი Lado Qartvelishvili-ი აქვეყნებს. ამ ჯგუფში ქართველიშვილის მიერ გამოქვეყნებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.

არქივის ბმულები: Russia Today, РИА Новости, Российской газета, Регнум, Украина.ру, ZOV Херсон, БЕZФормата, Вести, Знамя Труда, Molsport


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist