რეალურად რას ამტკიცებს დოკუმენტები, რომლებსაც უკრაინაში COVID-19-ის სახიფათო პრეპარატების გამოცდას მიაწერენ?

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

99
VIEWS

28 აგვისტოს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “სულის სამყარო” გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის ქართულენოვანი აღწერის მიხედვით უკრაინაში, დონბასში, კლინიკა “ფარმბიოტესტში” უკრაინელ მოსახლეობაზე Covid-19-ის საწინააღმდეგო დასავლურ ვაქცინებს ცდიდნენ და უკრაინის მოსახლეობასა და ასევე სამხედროებს ექსპერიმენტებისთვის იყენებდნენ. ვიდეოში ე.წ. ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის პოლკოვნიკი, ვიტალი კისილევი და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ვასილი პროზოროვი აცხადებენ, რომ ნაპოვნი დოკუმენტების მიხედვით “ფარმბიოტესტში” “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერის” წარმოების, საეჭვო რეპუტაციის მქონე, კოვიდის საწინააღმდეგო პრეპარატებს ცდიდნენ. მათი თქმით, დასავლეთი უკრაინელ ხალხს “იაფ ბიომასად” აფასებს და იყენებს. ვიდეოში ასევე ჩართულია რამდენიმე, სავარაუდოდ, ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროს ინტერვიუ, სადაც ისინი ჰყვებიან, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ანაზღაურების სანაცვლოდ მეთაურები უცხოური, ექსპერიმენტული ვაქცინის გამოცდას სთავაზობდნენ, რომელსაც სხვადასხვა გვერდითი ეფექტები ჰქონდა და ვაქცინამ რამდენიმე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. 29 აგვისტოს იგივე ვიდეო ფეისბუქ-ჯგუფში “ანტილაბ-საქართველო” მომხმარებელმა Lado Qartvelishvili გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები იძულებული გახდნენ სახიფათო კვლევაში მიეღოთ მონაწილეობა.

ვიდეო რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამაც (1,2,3) გავრცელდა და მის პირველწყაროდ მითითებულია ტელეგრამ-არხი, UKR LEAKS.

Screenshot 2023 09 11 102326 რეალურად რას ამტკიცებს დოკუმენტები, რომლებსაც უკრაინაში COVID-19-ის სახიფათო პრეპარატების გამოცდას მიაწერენ? Screenshot 2023 09 11 102333 რეალურად რას ამტკიცებს დოკუმენტები, რომლებსაც უკრაინაში COVID-19-ის სახიფათო პრეპარატების გამოცდას მიაწერენ?

ვიდეოში წარმოდგენილი მასალა კრემლის დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია. ნაჩვენები დოკუმენტები გაჟღერებულ ბრალდებებს არ ამტკიცებს, ხოლო კვლევა, რომელიც ვიდეოშია განხილული, გულსისხლძარღვთა დაავადებათა პროფილაქტიკის მედიკამენტებისა და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების კლინიკურ კვლევებს უკავშირდება და არაფერი აქვს საერთო კორონავირუსის ვაქცინებთან ან პრეპერატებთან. უკრაინაში სამედიცინო სფეროში მიმდინარე კვლევები რუტინული, ჩვეულებრივი სამეცნიერო და კვლევითი პროცესის ნაწილია და არა აკრძალული ექსპერიმენტები.

  • ვიდეოში წარმოდგენილი დოკუმენტები გაჟღერებულ ბრალდებებს არ ამტკიცებს

გავრცელებულ ვიდეოში 6:52-იდან ე.წ. ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის პოლკოვნიკი, ვიტალი კისილევი და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ვასილი პროზოროვი განიხილავენ დოკუმენტს, რომელიც, კისილევის თქმით, ქალაქ რუბიჟნეში ლაბორატორია “ფარმბიოტესტში” იპოვეს. მათი თქმით, ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ უკრაინაში მოსახლეობაზე “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერის” წარმოებულ კოვიდის საწინააღდეგო პრეპარატებს ცდიდნენ და რიგ შემთხვევებში ეს ლეტალურად მთავრდებოდა. ვიდეოში ამ დოკუმენტის რამდენიმე გვერდს აჩვენებენ და შესაბამისად ნაწილობრივ შესაძლებელია მისი წაკითხვა.

Screenshot 2023 09 11 102339 რეალურად რას ამტკიცებს დოკუმენტები, რომლებსაც უკრაინაში COVID-19-ის სახიფათო პრეპარატების გამოცდას მიაწერენ?

პირველივე გვერდიდან ჩანს, რომ დოკუმენტს კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებული არ არის. დოკუმენტი ეხება “ფარმბიოტესტის” ეთიკის კომისიის შეკრებას, რომელზეც მედიკამენტების ბიოეკვივალენტობის და შედარებითი ფარმაკოკინეტიკის შეფასების კლინიკური კვლევების მასალებში ცვლილებების შეტანის საკითხი იყო განხილული. არსად არ არის ნახსენები, რომ ეს პრეპარატები კორნავირუსის საწინააღმდეგოდ გამოიყენება.

ბიოეკვივალენტობა აღნიშნავს თვისებას, როდესაც ორი პრეპარატი იდენტურ აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს ან ერთი და იმავე პრეპარატს ორ სხვადასხვა ფორმაში ერთნაირი ბიოშეღწევადობა და ერთნაირი ეფექტი აქვს. ფარმაკოკინეტიკა აღწერს პრეპარატის სხეულში ცირკულირებასთან დაკავშირებულ პროცესებს – პრეპარატის შეწოვის დროს, ბიოთავსებადობას, დისტრიბუციას, მეტაბოლიზმსა და სხეულიდან გამოთავისუფლებას. 

დოკუმენტში ორი კვლევაა მოცემული. პირველი უკრაინული პრეპარატის ბიოეკვივალენტობას ადარებს დასავლური წარმოების პრეპარატებს. კვლევაში შეფასებულია “მიკროქიმის” წარმოებული პრეპარატი РОЗЗОР--ის, “ასტრაზენეკას” წარმოებული პრეპარატის Crestor–ის და “ფაიზერის” წარმოებული პრეპარატის TROMBYL-ის ბიოეკვივალენტობა. ყველა ეს პრეპარატი გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პრევენცია-პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. აღსანიშნავია ისიც, რომ პრეპარატ РОЗЗОР-თან დაკავშირებული ამავე კვლევის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საექსპერტო ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. კვლევის შესახებ მასალებში მოცემულია ინფორმაცია კვლევაში მონაწილეთა რაოდენობაზეც, აქვეა აღნიშნული, რომ კვლევაში ჯანმრთელი მოხალისეები მონაწილეობენ. მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ კვლევების შედეგად მედიკამენტი უსაფრთხოდ შეფასდა. 

Screenshot 2023 09 11 102347 რეალურად რას ამტკიცებს დოკუმენტები, რომლებსაც უკრაინაში COVID-19-ის სახიფათო პრეპარატების გამოცდას მიაწერენ?
კვლევის კოდი ვიდეოში გავრცელებული დოკუმენტიდან და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საექსპერტო ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან.

დოკუმენტებში მოცემული მეორე კვლევა კი ჩატარდა ორი პრეპარატის “მიკროქიმის” წარმოებული АПЕЙН-ის და ამერიკული კომპანიის HOSPIRA INC-ის NALBUPHINE HYDROCHLORIDE-ის შედარებითი ფარმაკოკინეტიკის, უსაფრთხოების შესაფასებლად და იმის შეფასებისთვის რამდენად ეგუება ორგანიზმი ამ პრეპარატებს. ორივე პრეპარატის აქტიურ ნივთიერება ნალბუფინს შეიცავს, რომელიც ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ოპიოიდების ჯგუფს განეკუთვნება.

ბიოეკვივალენტობის, შედარებითი ფარმაკოკინეტიკის და პრეპარატების უსაფრთხოების შესაფასებელი კლინიკური კვლევები რუტინულ ფარმაკოლოგიურ კვლევებს განეკუთვნება და მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. ის რომ “ფარმბიოტესტი” მსგავსი ტიპის კვლევებს ატარებს უშუალოდ ცენტრის საიტზეც არის მითითებული. “ფარმბიოტესტს” აქვს რესურსი ჩაატაროს ბიოეკვივალენტობის, ფარმაკოკინეტიკის შესაფასებელი კვლევები, ასევე პრეპარატების I, II, III, IV ფაზების კვლევები. საიტზე ასევე აღნიშნულია, რომ კლინიკურ კვლევებში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითი და მოხალისეობრივია. ასევე ხაზგასმულია ინფორმირებული თანხმობის მნიშვნელობა. კლინიკა ასევე აღნიშნავს, რომ კლინიკურ კვლევაში მონაწილეობის რისკები და სარგებელი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს და კვლევებში მონაწილეების მსურველებს ურჩევთ, პირად ექიმებთან გაიარონ კონსულტაცია, რათა ერთად შეაფასონ კვლევაში მონაწილეობის სარგებლიანობა. კლინიკის საიტზე ასევე აღნიშნულია,, რომ მოხალისეები ანაზღაურებას პირველი ფაზის კვლევებში და ბიოეკვივალენტობის კვლევებში მონაწილეობისთვის იღებენ, რადგანაც ამ დროს პრეპარატი ჯანმრთელ მოხალისეებში გამოიცდება. სხვა ფაზის კლინიკურ კვლევებში მონაწილეები ფინანსურ ანაზღაურებას არ იღებენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ კვლევაში მონაწილეობა ნამდვილად ნებაყოფლობითია. გარკვეულ კვლევის დროს მონაწილეებს შეიძლება აუნაზღაურდეთ კვებისა და ტრანსპორტის ხარჯები. ასევე თუ კვლევის დროს პაციენტები რაიმე სახის ანაზღაურებას მიიღებენ, ესეც შესაბამის ფორმითა და ინფორმირებული თანხმობით იქნება აღრიცხული.

მედიკამენტების კლინიკურ კვლევას და გამოცდას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და არსებითად ახალი სამკურნალო მეთოდების დამტკიცებისა და მიღების ერთადერთი საშუალებაა. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში კლინიკურ კვლევებს დიდი ყურადღება ექცევა და ქვეყანაში კვლევების მაღალ დონეზე ჩატარების რესურსი არსებობს. ამერიკული გამოცემა Wired, რომელიც ტექნოლოგიურ და სამეცნიერო სფეროს აშუქებს, აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში უკრაინის ჯანდაცვის სისტემას დაფინანსების პრობლემები ჰქონდა, შესაბამისად პაციენტების ნაწილისთვის კვლევაში მონაწილეობა მკურნალობის მიღების უფრო სწრაფი და ალტერნატიული გზა გახდა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების გამო ბევრი პაციენტს სხვა არანაირი მკურნალობა არ მიუღია, რაც მათ ახალი მკურნალობის მეთოდების გამოცდისთვის საუკეთესო კანდიდატებად აქცევს. 

კრემლი უკრაინაში სამეცნიერო და სამედიცინო სფეროში მიმდინარე რუტინული კვლევების და ზოგადად სამეცნიერო საქმიანობის არსებობას დეზინფორმაციის გასავრცელებლად სისტემატურად იყენებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ისევე როგორც უკრაინაში, სხვადასხვა სამედიცინო კლინიკური კვლევები რუსეთშიც აქტიურად ტარდება. მაგალითად თუ 2022 წლის გაზაფხულზე, აშშ-ის საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტოს (FDA) მონაცემებით უკრაინაში დაახლოებით 250 კლინიკური კვლევა მიმდინარეობდა, რუსეთში 557 კვლევა იყო აქტიური. ამ მიმართულებით ომმა ორივე ქვეყანაში შექმნა პრობლემები. უკრაინაში – მიმდინარე აგრესიის გამო, ხოლო რუსეთში – სანქციების გამო. დეზინფორმაცია, რომ ქალაქ რუბიჟნეში, “ფარმბიოტესტში” ადგილობრივ მოსახლეობაზე სახიფათო პრეპარატებს ცდიდნენ 2022 წლის აგვისტოში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები მაშინაც ჩვეულებრივ სამედიცინო კვლევებს ასახავდა და სახიფათო ექსპერიმენტების არსებობას არ ადასტურებდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

ბრალდებები, რომ უკრაინაში კორონავირუსის სახიფათო დასავლურ ვაქცინებს სამხედროებზე ცდიდნენ, პანდემიის პერიოდშიც ვრცელდებოდა. მაგალითად, მსგავსი მტკიცებები 2021 წლის ივნისში ფაქტების გადამოწმების უკრაინულმა სამსახურმა StopFake-მა გადაამოწმა. მაშინ ბრალდებები უკრაინის შეიარაღებული ძალების სამედიცინო ძალების კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ოლეკსი მაზეპამ სრულიად უარყო. პანდემიის პერიოდში კორონავირუსთან დაკავშირებული კვლევები მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობდა, მათ შორის უკრაინაშიც, თუმცა ამ პროცესს გასაიდუმლოებული და იძულებითი სახე არ ჰქონია.

კორონავირუსის ვაქცინებმაც დამტკიცებამდე ყველა საჭირო კვლევის ეტაპი გაიარეს. ვაქცინების უსაფრთხოების ცხოველებზე შემოწმების შემდეგ დაიწყო მათი კლინიკური კვლევა ადამიანებში. ასეთი კვლევები სამ ფაზად მიმდინარეობს. ყველა ფაზაში განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების საკითხს ექცევა. I ფაზაში 10-100 მოხალისე მონაწილეობს, რომლებიც ვაქცინის სხვადასხვა დოზას იღებენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაკვირვება ვაქცინის გვერდით ეფექტებზე და მოწმდება სისხლში ანტისხეულების დონეზე. II ფაზის კვლევაც პირველის მსგავსად გვერდით ეფექტებზეა კონცენტრირებული, თუმცა ამ ეტაპზე კვლევაში უკვე რამდენიმე ასეული ჯანმრთელი მოხალისე მონაწილეობს. I და II ფაზის კლინიკური კვლევები იძლევა ინფორმაციას რა არის ვაქცინების ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები. ვაქცინების ეფექტიანობა მხოლოდ ანტისხეულების დონის გაზომვით ხვდება. ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის პრაქტიკული დემონსტრირება უკვე III ფაზის კვლევებში ხდება, როდესაც კვლევაში მონაწილეთა ნაწილი ვაქცინას იღებს, ნაწილი კი პლაცებოს. III ფაზის კვლევაში უკვე ათი ათასობით ადამიანი შეიძლება მონაწილეობდეს. ვაქცინებზე დაკვირვება კვლევების დასრულებისა და მათი დამტკიცების შემდეგაც გრძელდება.

ის რომ უკრაინაში კორონავირუსთან დაკავშირებით კვლევები მიმდინარეობდა, საიდუმლო ინფორმაციას არ წარმოადგენს. მაგალითად, 2020 წლის აპრილში დაიწყო უკრაინული წარმოების მედიკამენტის კლინიკური კვლევა, რომელიც წინასწარი მიგნებებით მნიშვნელოვნად ამცირებდა Covid-19-ით გამოწვეული გართულებების რისკებს. კორონავირუსთან დაკავშირებული რამდნიმე კვლევა უკრაინაში ახლაც მიმდინარეობს. კლინიკური კლევების მონაცემების FDA-ის ბაზაში მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკურ კვლევაზე შეიძლება ინფორმაციის მოძიება. აქვე შეიძლება ინფორმაციის პოვნა უკრაინაში ამჟამად მიმდინარე და უკვე დასრულებული კლინიკური კვლევების შესახებ, მათ შორის კორონავირუსთან დაკავშირებითაც. კვლევების შესახებ საკმაოდ დეტალური ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. მაგალითად ამავე სისტემაში შეგვიძლია ვნახოთ ინფორმაცია Pfizer-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის კლინიკურ კვლევაზე . კვლევა 2022 წელს დასრულდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მთლიანობაში 187 ლოკაციაზე მიმდინარეობდა, მათ შორის უკრაინაშიც. როგორც უკვე აღინიშნა, მედიკამენტების და მკურნალობის მეთოდების კლინიკური კვლევები სამედიცინო სფეროში სამეცნიერო პროცესის განუყოფელი ნაწილია და ნებისმიერი ქვეყანისთვის მისასალმებელია, გააჩნდეს მსგავსი კლვევების ჩატარების რესურსი.

კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებული მტკიცებების გასამყარებლად ვიდეოში, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედრო ტყვეების კომენტარებია მოცემული, რომლებიც ვაქცინების მიღების შემდეგ გვერდით ეფექტებსა და გარდაცვალების შემთხვევებზე საუბრობენ. რუსეთი ომთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გასავრცელებლად უკრაინელ სამხედრო ტყვეებს აქტიურად იყენებს. ცნობილია, რომ რუსეთი სამხედრო ტყვეებს საერთაშორისო ნორმების დარღვევით ექცევა. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა რუსეთის მხრიდან სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა დაადგინა, რომლებიც შესაძლოა ომის დანაშაულებს გაუტოლდეს. უკრაინელი სამხედრო ტყვეები ხშირად წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხდებიან. აზოვის პოლკის ყოფილმა მეთაურმა მაქსიმ ჟორინმა Настощее Время-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყველა ტყვეს, რომელიც რუსებს დონეცკის დაკავების იზოლატორში ჰყავდათ, აშიმშილებდნენ, სცემდნენ, აწამებდნენ და აღიარებითი ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ. ჟორინმა აღნიშნა, რომ უკრაინელ სამხედროებს გამოგონილ დოკუმენტებზე აიძულებდნენ ხელის მოწერას, რომ მაგალითად, სამოქალაქო პირები ჰყავდათ მოკლული. ასეთი პირობების გათვალისწინებით, უკრაინელი სამხედრო ტყვეების ე.წ. “ჩვენებები” რომლებსაც რუსული მხარე ავრცელებს, მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული.

დეზინფორმაცია, რომ უკრაინაში სამხედროებზე სახიფათო ექსპერიმენტები “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა:

წყაროს შესახებ:

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო ტელეგრამ-არხზე UKR LEAKS გამოქვეყნდა. არხის აღწერის მიხედვით, ის ვასილი პროზოროვს ეკუთვნის.

Screenshot 2023 09 11 102358 რეალურად რას ამტკიცებს დოკუმენტები, რომლებსაც უკრაინაში COVID-19-ის სახიფათო პრეპარატების გამოცდას მიაწერენ?

პროზოროვი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია. თუმცა 2019 წლიდან ის უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ კრემლის პროპაგანდას აქტიურად ავრცელებს. 2019 წელს მან მოსკოვში პრესკონფერენცია გამართა და უკრაინის შეიარაღებული ძალები ფაშიზმსა და ნაციზმში დაადანაშაულა. პროზოროვის მტკიცებით, მარიუპოლში საიდუმლო ციხე არსებობდა სადაც პატიმრებს სასტიკად ექცეოდნენ. მისი განცხადებით, ის 2014 წლიდან ნებაყოფლობით თანამშრომლობს რუსეთთან და უკრაინის მიერ დაწყებულ ანტიტერორისტულ ოპერაციაზე აწვდიდა ინფორმაციას. პროზოროვი მალაიზიური ავიახაზების ბოინგის MH17-ის ჩამოგდებაში უკრაინას ადანაშაულებდა, თუმცა ოფიციალურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი რუსული მხარეა. 2019 წელს პროზოროვის პრესკონფერენციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა. უწყებამ განაცხადა, რომ პროზოროვი სამსახურიდან 2018 წელს გაათავისუფლებს თანამდებობისთვის შეუფერებელი ქცევის – სამსახურში ალკოჰოლის სისტემატური მოხმარებისა და ოფიცრის წოდების დისკრედიტაციისთვის. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: “რუსული პროპაგანდა ტრადიციულად არაფერზე იხევს უკან. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მოღალატეებს, რომლებიც ყველას სძულს, რუსები აქტიურად იყენებენ “საიდუმლო ციხეების” და სხვა გაცვეთილი ფეიკების გავრცელებისთვის”.

ქართული ფეისბუქ-ჯგუფი, სადაც ვიდეო გავრცელდა:

ჯგუფი “ანტილაბ-საქართველო” ორგანიზაცია Antilab-თან არის დაკავშირებული. ორგანიზაცია “ამერიკულ ბიოლაბორატორიებს” და ბიოლოგიურ იარაღს ეწინააღმდეგება და ამ საკითხზე სხვადასხვა კონსპირაციულ თეორიას და დეზინფორმაციას ავრცელებს. ჯგუფში “ანტილაბ-საქართველო” პოსტებს ძირითადად ერთი მომხმარებელი, ჯგუფის ადმინისტრატორი Lado Qartvelishvili-ი აქვეყნებს. ამ ჯგუფში ქართველიშვილის მიერ გამოქვეყნებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist