ვიდეომანიპულაცია, თითქოს ბრინჯს პლასტმასისგან ამზადებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

237
VIEWS

23 აგვისტოს ფეისბუკ-მომხმარებელმა თინათინ მჭედლიშვილი ჯგუფში “ანტი-მასონობა. “ანტიქრისტეს” ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი” გააზიარა რუსულენოვანი ინსტაგრამ გვერდის ვიდეო, რომელზე დატანილ რუსულ წარწერაშიც ვკითხულობთ, რომ ბრინჯსა და მაკარონს პლასტმასისგან ამზადებენ. 

სხვადასხვა წელს იმავე შინაარსის პოსტებსა და ვიდეოებს აქვეყნებდნენ რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშებიც (1, 2).

plasmasis brinji ვიდეომანიპულაცია, თითქოს ბრინჯს პლასტმასისგან ამზადებენ

პოსტი ვიდეომანიპულაციას შეიცავს. რეალურად, ვიდეო ჩინური კომპანია SUNPRING-ის იუთუბ-არხიდან არის აღებული და მათი დანადგარით ხელოვნური ბრინჯის დამზადებას ასახავს, რისთვისაც პლასტმასი არ გამოიყენება.  

რას საქმიანობს კომპანია SUNPRING-ი? 

SUNPRING-ი ჩინეთში, შანდონგის პროვინციაში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც კერძო ბიზნესს საკვების დასამზადებლად საკუთარ დანადგარებს სთავაზობს. როგორც ოფიციალურ საიტზეა მითითებული, SUNPRING-ის დანადგარებით მომხმარებელს შეუძლია დაამზადოს: ხელოვნური ბრინჯი, ბავშვის საკვები, წასახემსებლები, ძაღლის ან კატის საკვები და ა.შ.  

ვიდეოზე, რომელიც ფეისბუქ-მომხმარებელმა გააზიარა, ხელოვნური ბრინჯის დამზადებაა ასახული. დანადგარის გამოწერა Alibaba-ანაც შესაძლებელია; საიტის მიხედვით, დანადგარი $38 000-დან $40 000-მდე ღირს. როგორც გამოყენების ინსტრუქციაშია განმარტებული, დანადგარი იღებს დატეხილ ბრინჯს, ფეტვს, ხორბალს, შვრიას, წიწიბურას და სახამებელს, როგორც მთავარ ინგრედენტებს და სხვადასხვა ვიტამინსა და მინერალს, როგორც დამატებით ინგრედიენტებს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიამ თავად უპასუხა იუთუბ გვერდზე, კომენტარების ველში დასმულ კითხვას და უარყო, რომ ვიდეო პლასტმასის ბრინჯის გაკეთების პროცესს ასახავს.  

რა მითები ვრცელდება ხელოვნურ ბრინჯთან დაკავშირებით?  

“პლასტმასის ბრინჯზე” მითები მსოფლიოში ახალი არ არის და უკვე მრავალი წელია, ვრცელდება. “ხელოვნურ ბრინჯზე” სკანდალი თავდაპირველად 2010 წელს, ჩინეთიდან დაიწყო – ბრინჯის ბურთებით, რომლებიც დაგდებისას ხტუნავდა, ადამიანები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ სარგებლის მიღებისა და პროდუქტის რაოდენობის გაზრდის მიზნით მწარმოებლები ბრინჯში პლასტმასს ურევდნენ. თუმცა, ბრიტანეთში დაფუძნებული ბრინჯის ასოციაციის დირექტორი განმარტავს, რომ ბრინჯის ბურთულა, თუ შესაბამისად არის მომზადებული, შესაძლოა, ხტუნავდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის პლასტმასს შეიცავს.  

ჭორები 2011 წელს გამწვავდა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრინჯს აწარმოებდნენ კარტოფილითა და ე.წ. სამრეწველო წარმომავლობის წებოვანი ფისით. გამწვავებას ხელი შეუწყო ჩინეთის რესტორნების ასოციაციის წარმომადგენლების გაფრთხილებამ, რომ სამი თასი “პლასტმასის ბრინჯის” ჭამა ერთი პოლიეთილენის პარკის შეჭმას უდრიდა. თუმცა, მტკიცებების მიუხედავად, არცერთ შემთხვევაში არ დადასტურებულა, რომ ბრინჯი პლასტმასს შეიცავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ “ხელოვნური ბრინჯი” ხშირად გადაზიდვისთვის იწარმოება, მისი ფასი, უმეტეს შემთხვევაში, “ჩვეულებრივი ბრინჯის” ფასს აღემატება.  

2016 წელს მითი “პლასტმასის ბრინჯის” შესახებ გავრცელდა აფრიკაშიც. ამავე წელს ნიგერიის საბაჟოზე 2.5 ტონა ბრინჯი ამოიღეს – თავდაპირველი მტკიცებით, ის პლასტმასის იყო. თუმცა, მოგვიანებით ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მტკიცებების საფუძველი არ არსებობდა. ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბრინჯი დიდი რაოდენობით ბაქტერიას შეიცავდა, პლასტმასს კი არა.  

იმ მითის დასტურად, რომ ბრინჯი პლასტმასს შეიცავს, ხშირად ავრცელებენ ვიდეოს, რომელშიც პროდუქტი ცეცხლის ალზე იწვის. ინფორმაცია უცხოელმა ფაქტ-ჩეკერებმა ლუვენის უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგ ალფრედ ბერნარდთან ერთად გადაამოწმეს. ცდის დროს მაღალი ხარისხის ბრინჯი გამოიყენეს, რომელის ისევე დაიწვა, როგორც მითების ავტორების მიერ ვიდეოში გამოყენებული ბრინჯი. ბერნარდმა ადამიანებს, ვისაც სურთ, ინფორმაციის სიცრუეში თავად დარწმუნდნენ, ურჩია, დაწვან პლასტმასი და ბრინჯი – მათ ერთმანეთისგან განსხვავებული სუნი ექნება.  

წყაროს შესახებ:  

ფეისბუკ-მომხმარებელს თინათინ მჭედლიშვილი ყალბი ინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. 2021 წლის 18 იანვარს “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა მჭედლიშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო ფაბრიკაცია, რომლის მიხედვითაც კონკურსში “მის სამყარო 2012” კაცმა გაიმარჯვა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist