თქვა თუ არა ზვიად გამსახურდიამ, რომ აშშ საქართველოს არასამთავრობო სექტორის დახმარებით დაიმორჩილებს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

497
VIEWS

22 და 29 მარტს ფეისბუქ გვერდმა “ტერენტი გლდანელი” და ფეისბუქ პროფილმა “შიინ ევროპისკენ” ვიდეოკოლაჟი გამოაქვეყნეს, რომელშიც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საუბრობს, მასთან ერთად კი ვიდეოკოლაჟში საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის და ჯორჯ სოროსის კადრები ჩნდება. ვიდეოკოლაჟს ადევს აუდიო, რომელშიც გაჟღერებული ციტატა ზვიად გამსახურდიას მიეწერება: დადგება დრო, როდესაც ამერიკის იმპერია გადაწყვეტს საქართველო ბოლომდე დაიმორჩილოს, ისინი ეცდებიან გარყვნან, გაანადგურონ ჩვენი სარწმუნოება და ტრადიციები, ამ ყველაფერს ისინი მოახერხებენ არასამთავრობო სექტორის დახმარებით. ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ როგორც რუსულ, ასევე ამერიკულ ბოროტებას. ჩვენი ეროვნული ვალია დავდგეთ მედგრად, პასუხი გავცეთ ამ იმპერიულ ძალებს და შევინარჩუნოთ თვიმთმყოფადობა. ქართველი ერი არის უზენაესი, უზენაესთა შორის. დიდება საქართველოს.”

ვიდეო “ტერენტი გლდანელის” ტიკ-ტოკზეც გამოქვეყნდა, აღწერით “ჯერ კიდევ როდის თქვა ზვიადმა”. “ტერენტი გლდანელი” ფეისბუქ პოსტში პარალელს თბილისში 2023 წლის მარტის საპროტესტო აქციებთან ავლებს და ვიდეოსთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ის ზვიად გამსახურდიას წინასწარმეტყველებაა.

zviad gamsakhurdia თქვა თუ არა ზვიად გამსახურდიამ, რომ აშშ საქართველოს არასამთავრობო სექტორის დახმარებით დაიმორჩილებს?

გავრცელებული ციტატა, თითქოს ზვიად გამსახურდიამ განაცხადა, რომ ამერიკა ეცდება საქართველო არასამთავრობო სექტორის დახმარებით დაიმორჩილოს, ღია წყაროებში არ იძებნება. მსგავსი ციტატა არ ფიგურირებს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებულ ხუთტომეულში, რომელიც 1990-1993 წლებში ზვიად გამსახურდიას მიმართვებსა და ინტერვიუებს აერთიანებს. გარდა ამისა, ზვიად გამსახურდიას ინტერვიუს ვიდეომონაკვეთი, რომელიც გავრცელებულ ვიდეოკოლაჟშია გამოყენებული, სხვა თემას ეხება, გამსახურდია არა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, არამედ დასავლეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ პოსტებში არ არის მითითებული არც წყარო და არც სხვა დამატებითი დეტალები, რომელიც დააზუსტებდა თუ როდის და სად გააკეთა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა მსგავსი განცხადება. 

“მითების დეტექტორი” საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებულ ხუთტომეულს გაეცნო სახელწოდებით “საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები”. ხუთტომეული ბეჭდურ მედიაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული იმ ოფიციალური დოკუმენტების, მიმართვებისა და ინტერვიუების კრებულია, რომელიც 1990-1993 წლებში ზვიად გამსახურდიას უკავშირდება. ხუთტომეულში არ მოიძებნა მსგავსი განცხადება, სადაც ზვიად გამსახურდია არასამთავრობო სექტორზე საუბრობს და მათ ამერიკის ხელში საქართველოს ტრადიციებისა და სარწმუნოების გამანადგურებელ იარაღად განიხილავს.

რაც შეეხება ვიდეოკადრებს, რომელიც ზვიად გამსახურდიას ერთ-ერთი ინტერვიუს ნაწყვეტს წარმოადგენს, მისი შინაარსი სრულიად განსხვავებულია და ვიდეოზე გადადებული ხმა არ წარმოადგენს აღნიშნული ინტერვიუს თარგმანს. ვიდეოკადრები აღებულია 1991 წლის ნომბერში გასული რუსული გადაცემიდან Телемост «Москва-Тбилиси», სადაც ზვიად გამსახურდია გადაცემის პირდაპირ ეთერში ერთვება და ჟურნალისტებისა და მოქალაქეების კითხვებს პასუხობს. გადაცემა ოსტანკინოს ტელეცენტრის სტუდიიდან გადაიცემოდა, სადაც მოსკოვიდან მონაწილეობდნენ ჟურნალისტი (წამყვანი) ანდრეი სკრიაბინი, გაზეთ Известия-ს მთავარი რედაქტორი ვიტალი ტრეტიაკოვი და გაზეთ Независимой газета-ს მთავარი რედაქტორი იგორ გოლემბიოვსკი. 

ორიგინალი ვიდეოს 38:52 წუთიდან ჟურნალისტი გოლემბიოვსკი საქართველოს პირველ პრეზიდენტს კითხვას უსვამს საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობასთან დაკავშირებით, თუ რატომ აყოვნებს დასავლეთი საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას. კითხვაზე (39:27 წუთზე) ზვიად გამსახურდია პასუხობს, რომ დასავლეთის პოზიცია არ ეხება მხოლოდ საქართველოს და დასავლეთს ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორი ურთიერთობა ექნება საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებთან.

ზვიად გამსახურდია: “როგორც ხედავთ, ეს ეხება არამხოლოდ საქართველოს, ეს ეხება უკრაინას, მოლდოვას, სომხეთს და ყველა რესპუბლიკას, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. დასავლეთს ჯერ არ მიუღია გადაწყვეყილება, საქმე არ არის საქართველოში, სახელმწიფო მოწყობაში ან პიროვნებებში, დასავლეთს ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორი ურთიერთობა ჰქონდეს საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებთან – [საკითხის] მთელი არსი ამაშია. მას ჯერ არ გადაუწყვეტია თავისი პოლიტიკა, არ გამოუმუშავებია. ჩემი აზრით, მიდის ინტენსიური განხილვა ამ ყველაფრის, როგორც ვიცი, და ალბათ საქართველოს ბედი გადაწყდება სხვა სახელმწიფოებთან ერთად, ასე ვფიქრობ მე.”

zviad gamsakhurdia 1 თქვა თუ არა ზვიად გამსახურდიამ, რომ აშშ საქართველოს არასამთავრობო სექტორის დახმარებით დაიმორჩილებს?
კადრი ორიგინალი ვიდეოდან კადრი                                   “ტერენტი გლდანელის” გავრცელებული ვიდეოდან

გავრცელებული ვიდეოკოლაჟის პირველ რამდენიმე წამზე ისმის ზვიად გამსახურდიას ხმა, სადაც ის ამბობს სიტყვებს – запад пока не решил, შემდეგ კი მისი ხმა გადაფარულია. სწორედ ამ სიტყვების მეშვეობით გახდა შესაძლებელი ინტერვიუში ზუსტი მონაკვეთის პოვნა, რომელიც ორიგინალ ვიდეოში 39:27 წუთიდან იწყება. ასევე აღსანიშნავია, რომ “ტერენტი გლდანელის” ვიდეოში ზვიად გამსახურდიას ინტერვიუს კადრები სარკისებურად არის შეტრიალებული.

წყაროების შესახებ:

“ტერენტი გლდანელი” პროსახელისუფლებო ფეისბუქ გვერდია, ხოლო ფეისბუქ პროფილი  “შიინ ევროპისკენ” ხშირად აზიარებს “ალტ-ინფოს” ვიდეოებს და მათთან დაკავშირებული კრემლისტური პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერია.

ანონიმური ფეისბუქ ანგარიშები “ტერენტი გლდანელი” და “შიინ ევროპისკენ” დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის კამპანიებში ხშირად არიან ჩართული, მათ შორის ფიგურირებდნენ 2023 წლის მარტის აქციების საწინააღმდეგო გზავნილებში, ხოლო საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მხარს უჭერდნენ. მადისკრედიტირებელი გზავნილები უმეტესად არასამთავრობო ორგანიზაციებს მიემართებოდა.

ვრცლად, მარტის მოვლენებსა და დისკრედიტაციის კამპანიის შესახებ, რომელიც “აგენტების კანონის” წინააღმდეგ აქციებს მოყვა, იხილეთ “მითების დეტექტორის” ანგარიშში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist