4 ივლისს ფეისბუქ-ანგარიშმა ნონა შარაბიძე ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, შვედეთის მეფისა და ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის ფოტოებისგან შედგება. ვლადიმირ პუტინი ცხენზე ზის და სამხედრო პრინტის ტანსაცმელი აცვია. შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავს ირმის რქების ქუდი ახურავს, ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესს კი გამჭვირვალე კოსტიუმი აცვია და ბრჭყვიალა ფრთები და პრაიდის გულსაბნევი უკეთია.
რუსულენოვანი ფეისბუქ-ანგარიშები მსგავს ფოტოკოლაჟს 2016 წლიდან ავრცელებენ (1, 2), თუმცა მათ ვერსიაში ვლადიმირ პუტინის ნაცვლად ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის ფოტოა გამოყენებული, რომელშიც მას აბჯარი აცვია.
გავრცელებული პოსტი ფოტომანიპულაციებს შეიცავს. რეალურად, პრაიდზე გადაღებულ ფოტოზე არა ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი, არამედ არგენტინელი იუმორისტია გამოსახული. შვედეთის მეფის, კარლ XVI გუსტავის ფოტო კი პროგრამულადაა დამუშავებული, ორიგინალ ფოტოზე მას ირმის რქების ქუდი არ ახურავს.
გავრცელებული კოლაჟი, რომელიც ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტისა და შვედეთის მეფის ფოტომანიპულაციებს შეიცავს, ვლადიმირ პუტინის სამხედრო სტილის ტანსაცმლის ფონზე ევროპელი ლიდერების დისკრედიტაციასა და დაცინვას ცდილობს.
-
ფოტოზე ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი არაა გამოსახული
ფოტო 2011 წლის არგენტინაში, ბუენოს-აირესის პრაიდზეა გადაღებული. ფოტოზე არა ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი, არამედ იუმორისტი და არგენტინული შოუ Bendita-ს ერთ-ერთი ტელეწამყვანი კარლოს ლოპესია გამოსახული. ლოპესი 2021 წელს გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ფოტოზე გამოსახული ადამიანი ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტს, ტომას ჰენდრიკ ილვესს წააგავს, მათი განმასხვავებელი ნიშნებიც მარტივი შესამჩნევია. მაგალითად, ილვესს ყურის შეზრდილი ბიბილო აქვს, ხოლო კარლოს ლოპესს – გამოყოფილი.
2012 წელს, პრაიდიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ფოტომ ლათინური ამერიკის სოციალურ ქსელებში მიმის სახით გავრცელება დაიწყო. 2015 წლის მაისში კი ვებ-გვერდ RusVesna.su-ზე უკრაინელი ლგბტქი+ თემის წარმომადგენელი არტისტების შესახებ სტატიის ილუსტრაციად გამოჩნდა.
იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო აღნიშნული ფოტოს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტისთვის მიწერა და ჰომოფობიური და ანტიდასავლური რიტორიკის გასავრცელებლად გამოყენება, ატლანტიკური საბჭოს DFRLab წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ მიმის პირველი ვერსია ტვიტერზე 2015 წელს რუსულენოვანი ანგარიშის მიერ გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ მიმი კრემლისტური არხის, NTV-ის სატირულ გადაცემაშიც აჩვენეს, როცა ტომას ჰენდრიკ ილვესის იმ განცხადებას განიხილავდნენ, რომელშიც მან თქვა, რომ თუ რუსეთი ესტონეთს თავს დაესხმება, შესაძლოა, ომსკი, ტომსკი და სანკტ-პეტერბურგი დაკარგოს.
-
შვედეთის მეფის ფოტოზე ირმის რქების ქუდი პროგრამულადაა დამატებული
რაც შეეხება მეორე ფოტოს, მასზე ნამდვილად შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავია გამოსახული, თუმცა ორიგინალ ფოტოზე მას ირმის რქების ქუდი არ ახურავს.
ფოტოს საძიებო ხელსაწყო TinEye-მ ინტერნეტსივრცეში აღნიშნული ფოტოს ყველაზე ადრე გამოქვეყნებულ ვერსიას მიაკვლია, რომელშიც შვედეთის მეფეს შავი ფერის ქუდი ახურავს.
ორიგინალი ფოტო 2002 წელს ცხენირემზე (იგივე ლოსი) ყოველწლიური სამეფო ნადირობის დროსაა გადაღებული. კომერციული გამოყენების ვიზუალური მასალების პლატფორმებზე ყოველწლიური ნადირობისას გადაღებული სხვა ფოტოებიც იძებნება, მეფე კარლ XVI გუსტავს ყველა მათგანში შავი ფერის ქუდი ახურავს.
აღსანიშნავია, რომ ინტერნეტსივრცეში მეფე კარლ XVI გუსტავის პროგრამულად დამუშავებული არაერთი ფოტო იძებნება, რომლებშიც მას სხვადასხვა უცნაური ვიზუალის ქუდი ახურავს:
წყაროს შესახებ
ფეისუქ მომხმარებელი ნონა შარაბიძე ანტიდასავლური შინაარსის მცდარ ინფორმაციას და კრემლისტურ ნარატივებს რეგულარულად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” შარაბიძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.