როგორ მანიპულირებს “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ევროკავშირის “ციფრული სერვისების აქტით”?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

87
VIEWS

23 სექტემბერს პორტალმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტის (Digital Service Act) შესახებ The European Conservative-ის სტატიის ქართულენოვანი თარგმანი გამოაქვეყნა სათაურით “დემოკრატია გითვალთვალებთ: დიდი ბრიუსელი გითვალთვალებთ”. პუბლიკაციის მიხედვით, ციფრული სერვისების აქტი ევროკომისისთვის პოლიტიკური ცენზურის ინსტრუმენტია, რომელის გამოყენებითაც ევროკომისია “ბრიუსელის მსოფლმხედველობისთვის შეუსაბამო” შეხედულებების გაკონტროლებას და აკრძალვას გეგმავს.

rogor manipulirebs saqarthvelo upirveles qhovlisa evrokavshiris tsiphruli servisebis aqtith როგორ მანიპულირებს “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ევროკავშირის “ციფრული სერვისების აქტით”?

სტატიაში განხილული მოსაზრებები ციფრული სერვისების აქტის შესახებ მანიპულაციურ მტკიცებებს ეყრდნობა და ევროკავშირის რეგულაციას, რომელიც ონლაინ სივრცეში არალეგალური კონტენტის გავრცელებასთან ბრძოლას და მომხმარებელთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას ისახავს მიზნად, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებად და პოპულისტური მემარჯვენე პარტიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად წარმოაჩენს. 

რა არის ციფრული სერვისების აქტი (DSA)? 

ციფრული სერვისების აქტის მთავარი მიზანი ციფრული სერვისების მიმწოდებელი ონლაინ პლატფორმების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმის შექმნაა. რეგულაციის თანახმად, ონლაინ პლატფორმები ონლაინ სივრცეში არალეგალური და მავნე კონტენტის გავრცელების პრობლემას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგნენ და დანერგონ გზები, რომელიც მომხმარებელს არალეგალური საქონლის, სერვისების და კონტენტის მიწოდებისგან დაიცავს. ციფრული სერვისების აქტი:

  1. ავალდებულებს ონლაინ მაღაზიებს ებრძოლონ არალეგალური პროდუქტების და სერვისების რეალიზაციას. 
  2. პლატფორმებს უკანონო კონტენტის წინააღმდეგ ბრძოლის და სწრაფი რეაგირების ვალდებულებას აკისრებს, ისე, რომ დაცული იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.
  3. იცავს არასრულწლოვნებს ონლაინ სივრცეში – ონლაინ პლატფორმებს არ შეეძლებათ მიზანმიმართული რეკლამა/შეთავაზებების მიწოდება არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების გამოყენების საფუძველზე.
  4. ზღუდავს რეკლამის შემოთავაზებისას სენსიტიური ინფორმაციის (პირის სექსუალური ორიენტაცია, რელიგია, ეთნიკურობა ან პოლიტიკური შეხედულებები) გამოყენებას.  
  5. კრძალავს მომხმარებლის მანიპულირებაზე გათვლილ შეცდომაში შემყვან ინტერფეისებს. 

რეგულაცია მომხმარებელთა პირადი მონაცემების შეგროვების არსებულ პრაქტიკასაც უპირისპირდება – მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ონლაინ პლატფორმებს მოუწევთ ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია, თუ რა ალგორითმს იყენებენ მომხმარებლისთვის კონტენტის შესათავაზებლად. ამასთანავე, მომხმარებლებს თავად შეეძლებათ გააკონტროლონ და განსაზღვრონ რეკლამები, რომლის ნახვაც სურთ. 

ციფრული სერვისების აქტი შეეხებათ ძალიან დიდი ზომის სოციალურ ქსელებს, ონლაინ სავაჭრო კომპანიებსა თუ საძიებო სისტემებს. ევროკომისიის დადგენილებით, ძალიან დიდად ითვლება ის ონლაინ პლატფორმა, რომლის მომხმარებელთა თვიური  რაოდენობა ევროკავშირში 45 მილიონს (ანუ მოსახლეობის 10%-ს) აღემატება. ამ კრიტერიუმით ევროკომისამ 19 პლატფორმა გამოყო, რომლებსაც რეგულაცია შეეხებათ –  “ფეისბუქი”, “ინსტაგრამი”, “ტვიტერი”, “ტიკ-ტოკი”, “ამაზონი”, “ალიექსპრესი”, “ეფლსთორი”, “ბუქინგი”, “გუგლ მაპსი”, “გუგლ ფლეი”, “გუგლ შოპინგი”, “ლინკდინი”, “პინტერესტი”, “სნეპჩატი”, “ვიკიპედია”, “ცალანდო”, “იუთუბი” და გუგლისა და ბინგის საძიებო სისტემები

ამგვარად, ციფრული სერვისების აქტი ერთგვარი ჩარჩო-რეგულაციაა, რომელიც ონლაინ პლატფორმებს მომხმარებლის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული ორგანიზაციული მიდგომის დანერგვის და მათი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ზრდის პასუხისმგებლობას აკისრებს. 

მანიპულაცია N1: ციფრული სერვისების აქტზე (DSA) დაყრდნობით, ევროკომისია გააკონტროლებს და აკრძალავს მემარჯვენე პარტიების შეხედულებებს და ამ ქმედებას სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით ახსნის. 

ფაქტი N1: DSA არალეგალურ და მავნე კონტენტთან გასამკლავებლად განსხვავებულ მიდგომებს გვთავაზობს. დეზინფორმაცია არალეგალურ შინაარსად არ კლასიფიცირდება და ონლაინ პლატფორმები თავად არიან პასუხიმგებელნი დეზინფორმაციასთან ბრძოლის ორგანიზაციული მიდგომა შეიმუშაონ. პროცესში ევროკომისიას ზედამხედველობითი ფუნქცია აქვს. 

კონტენტის უკეთესი მოდერაცია და ონლაინ სივრცეში დეზინფორმაციის გავრცელების შეზღუდვის ეფექტური მექანიზმის შემუშავება ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომლის დაკმაყოფილებაც DSA-ის საფუძველზე კომპანიებს ნამდვილად მოუწევთ. თუმცა, დეზინფორმაციის შემთხვევაში DSA თანარეგულირებად მიდგომას ეყრდნობა – კომპანიებს თავად ეკისრებათ პასუხისმგებლობა გაანალიზონ თავიანთი რისკები, შეიმუშაონ ქცევის კოდექსი და მიიღონ შესაბამისი ზომები დეზინფორმაციის გავრცელებისა და მათი სერვისების არაავთენტური გამოყენების წინააღმდეგ. ამასთანავე, ევროკომისია თავად აღნიშნავს, რომ როგორც არალეგალური კონტენტის, ისე დეზინფორმაციის შემთხვევაშიც, ონლაინ პლატფორმის მიერ შემუშავებული პოლიტიკა არ უნდა არღვევევდეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას. 

ციფრული სერვისების აქტი მიჯნავს არალეგალურ და მავნე კონტენტს და მათთან გამკლავების განსხვავებულ მიდგომებს გვთავაზობს. არალეგალური კონტენტი, რომელიც ევროკავშირის და/ან სახელმწიფოების მიერ ეროვნულ დონეზე განისაზღვრება, უფრო მკაცრ რეგულირებას ექვემდებარება. არალეგალურ კონტენტად ევროკომისია ტერორისტულ შინაარსს, ბავშვზე სექსუალური ძალადობის ამსახველ მასალას და უკანონო სიძულვილის ენას მოიაზრებს, რომელიც უშუალოდ იწვევს გარდაუვალ დანაშაულებრივ აქტივობას. ევროკავშირის დონეზე დეზინფორმაცია არალეგალურ შინაარსად არ კლასიფიცირდება.

მანიპულაცია N2: ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი თავს ესხმის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და დემოკრატიულ ღირებულებებს.

ფაქტი N2: გამოხატვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, DSA ონლაინ პლატფორმების გაზრდილ პასუხისმგებლობასთან ერთად, მომხმარებლებს ეფექტურ სამართლებრივ ბერკეტებს სთავაზობს, იმ შემთხვევისთვის, თუ ონლაინ სივრცეში მათი გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდება. 

არალეგალურ კონტენტთან გამკლავების პროცესში გამოხატვის თავისუფლების დასაცავად ევროკავშირი წესების განსაზღვრის ჰორიზონტალურ მიდგომას იყენებს, რაც ინფორმაციის თავისუფლებაში ხელისუფლების ჩარევისგან დაცვას უზრუნველყოფს. არალეგალური კონტენტის განსაზღვრა/მონიშვნა/წაშლაზე პასუხიმგებლობის ჰორიზონტალური გადანაწილება ევროკომისიას, ეროვნულ მთავრობებს, ონლაინ პლატფორმებს და მომხმარებლებს შორის, გამოხატვის თავისუფლების დაცვის გარანტიას წარმოადგენს. ხოლო, მართლმსაჯულების ეფექტიანმა უფლებამ არასაკმარისი არგუმენტით კონტენტის წაშლის თავიდან არიდების გარანტია უნდა შექმნას. 

ციფრული სერვისების აქტი მომხმარებლებს დამატებით უფლებებს ანიჭებს, რათა ეფექტურად დაიცვან საკუთარი უფლებები, თუ მიიჩნევენ რომ ონლაინ სივრცეში მათი გამოხატვის თავისუფლება იზღუდება. DSA მომხმარებელებს შესაძლებლობას აძლევს პლატფორმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება  გაასაჩივრონ თავად პლატფორმასთან ან უჩივლონ უშუალოდ პლატფორმას, თავად შეარჩიონ სასამართლოს გარეშე დავის გადაწყვეტის ორგანო ან მიმართონ უშუალოდ სასამართლოს. 

ამასთანავე, მეტად გამჭვირვალე გახდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმებით ახდენს პლატფორმა კონტენტის მოდერაციას. ამისთვის, ონლაინ პლატფორმების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დამოუკიდებელ აუდიტს და სპეციალიზებულ და საჯარო შემოწმებას დაექვემდებარება. 

მანიპულაცია N3: ევროკომისია DSA-ს 30 სექტემბერს სლოვაკეთში გასამართ საპარლამენტო არჩევნებმდე ონლაინ-ცენზურის ახალი სისტემების შემოწმებისთვის იყენებს.  

ფაქტი N3: ევროკომისიამ ციფრული სერვისების აქტზე მუშაობა 2020 წელს დაიწყო და პროცესი წინასწარ გაწერილ განრიგს მიყვება.  DSA-ის სრულფასოვანი ამოქმედება  2024 წლის 17 თებერვლისთვის იგეგმება. 

წინადადება ციფრული სერვისების აქტის შესახებ ევროკომისიამ ჯერ კიდევ 2020 წლის 15 დეკემბერს, ციფრული ბაზრის აქტთან ერთად წარადგინა. 2022 წლის აპრილში რეგულაციაზე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შემდეგ, DSA ძალაში 2022 წლის 16 ნოემბერს შევიდა. ციფრული სერვისების აქტის სრულად ამოქმედებამდე ონლაინ პლატფორმებს 3 თვიანი ვადა ჰქონდათ, რომ საკუთარ ვებსაიტებზე მათი მომხმარებლების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მოეპოვებინათ. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით განსაზღვრა ევროკომისამ ის ძალიან დიდი ონლაინ პლატფორმები, ვისაც რეგულაცია შეეხებოდა. აღნიშნული სია ევროკომისიამ 2023 წლის 25 აპრილს გაასაჯაროვა და რიგ ონლაინ პლატფორმებს DSA-ის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის პირველი ყოველწლიური რისკების შეფასების სქემის შექმნისა და განხორციელებისთვის,  4 თვიანი ვადა მისცა. სწორედ ეს ვადა იწურება 2023 წლის 25 აგვისტოს, სლოვაკეთში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე. თუმცა ციფრული სერვისების აქტის სრულფასოვანი ამოქმედება  2024 წლის 17 თებერვლისთვის იგეგმება, რაც ზუსტად ემთხვევა ევროკომისიის მიერ 2022 წლის 16 ნოემბერს გაწერილ განრიგს.

rogor manipulirebs saqarthvelo upirveles qhovlisa evrokavshiris tsiphruli servisebis aqtith1 როგორ მანიპულირებს “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ევროკავშირის “ციფრული სერვისების აქტით”?
წყარო: https://digital-strategy.ec.europa.eu/en/policies/digital-services-act-package

​​​​მანიპულაცია N4: ციფრული სერვისების აქტით ევროკომისია გააკონტროლებს, თუ რისი თქმის, ნახვის ან მოსმენის უფლება გვექნება ინტერნეტში. 

ფაქტი N4: ევროკომისია დამოუკიდებლად არ განსაზღვრავს არალეგალური კონტენტის შინაარსს. პროცესში ონლაინ პლატფორმებთან ერთად, ეროვნული მთავრობების ციფრული სერვისების კოორდინირების ორგანოები იქნებიან ჩართული. ხოლო პროცესის გამჭვირვალობას ალგორითმული გამჭვირვალობის ევროპული ცენტრი უზრუნველყოფს. 

ციფრული სერვისების აქტის ფარგლებში ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელების პასუხისმგებლობა ევროკომისიას ეკისრება, თუმცა ფუნქციები ეროვნულ დონეზეც გადანაწილდება. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები 2024 წლის 17 თებერვლამდე ციფრული სერვისების კოორდინირების ორგანოს შექმნიან, რომლებსაც ევროკომისიასთან თანამშრომლობის გარდა, მცირე პლატფორმების და საძიებო სისტემების ზედამხედველობა დაევალებათ

თავად ევროკომისია აღნიშნულ ფუნქციას ალგორითმული გამჭვირვალობის ევროპული ცენტრის (ECAT) მხარდაჭერით განახორციელებს, რომელსაც ონლაინ პლატფორმების ალგორითმული ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის აუდიტის უზრუნველყოფა დაევალება. ECAT-ი ერთობლივი კვლევების ცენტრის (JRC) ქოლგის ქვეშ 2023 წლის აპრილში ამოქმედდა და მისი მთავარი ფუნქცია ონლაინ პლატფორმების ალგორითმული გამჭვირვალობის კვლევა იქნება, რაც მიღებული გადაწყვეტილებების გამჭვირვალობას, ახსნას და ამ გადაწყვეტილებების ონლაინ პლატფორმების და საძიებო სისტემების მიერ რისკის მართვის წინასწარ გაწერილ ვალდებულებებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს. 

ციფრული სერვისების აქტის შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:

ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი (DSA) – რომელ კომპანიებს ეხებათ რეგულაცია?

წყაროების შესახებ:

The European Conservative უნგრეთში რეგისტრირებული კონსერვატიული ონლაინ და ბეჭდური გამოცემაა, რომლის ახალი ამბების ბიუროც ბრიუსელში მდებარეობს. “ჩვენს შესახებ” განყოფილებაში, გამოცემა საკუთარ მიზნად ეროვნული და საერთაშორისო მოვლენების შესახებ მკითხველისთვის  “კონფორმისტული მეინსტრიმ მედიისგან” განსხავებული, ისტორიის მეორე მხარის მოყოლას ასახელებს. 

The European Conservative-ის მთავარი რედაქტორი ვიქტორ ორბანის მოკავშირე და მხარდამჭერი მემარჯვენე ჟურნალისტი ალვინო-მარიო ფანტინია. უნგრული მედიის ცნობით, გამოცემას ვიქტორ ორბანის მთავრობა აფინანსებს, არაკომერციული ფონდის,  Batthyány Lajos Foundation-ის (BLA) გავლით. თავად BLA ფინანსურ დახმარებას პრემიერ-მინისტრის ოფისიდან ყოველწლიურად იღებს. 2022 წელს BLA-ში გადამისამართებული თანხის მოცულობამ 6.2 მილიარდი ფორინტი (16.16 მილიონი ევრო), ხოლო 2023 წელს 9.2 მილიარდი ფორინტი (23.98 მილიონი ევრო) შეადგინა. ეს თანხები, უმეტეს შემთხვევაში სხვადასხვა გამოცემების, მათ შორის The European Conservative-ის დაფინანსებას ხმარდება. გამოცემამ დარეგისტრირებიდან სამ წელზე ნაკლებ დროში BLA-სგან 1.6 მილიარდი ფორინტი (4,3 მილიონი ევრო) მიიღო

The European Conservative-ის პლატფორმაზე განთავსებული სტატიების ქართულენოვან თარგმანს პორტალი “საქართველო უპირველეს ყოვლისა” რეგულარულად აქვეყნებს. 

რაც შეეხება პორტალს “საქართველო უპირველეს ყოვლისა”, ვებ-საიტი 2022 წლის ნოემბერში შეიქმნა. ახალი პორტალის პრეზენტაცია 7 ნოემბერს დამფუძნებელმა ვატო შაქარაშვილმა გამართა, პრეზენტაციაზე სტუმრებსა და სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ ორგანიზაცია “აი იას” დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე, სამთავრობო ექსპერტი და რეჟისორი გოგა ხაინდრავა და მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრები, რომლებიც ანტიამერიკული განცხადებებით გამოირჩევიან.

პორტალის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ კონსერვატიული, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალია, რომლის დამფუძნებლებიც ვატო შაქარიშვილი, ირმა სანაძე, ნუცა ლომაძე და კოტო გაჩეჩილაძე არიან. პორტალი ხშირად აქვეყნებს ანტიდასავლური შინაარსის კონტენტს, რომლებიც ევროკავშირის ინსტიტუტების, ნატოს და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკისკენ არის მიმართული. პორტალს “საქართველო უპირველეს ყოვლისა” წარსულში მცდარი და მანიპულაციური მტკიცებებიც გაუვრცელებია. ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები: 

არქივის ბმულები: 1, 2


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, ევროკომისია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist