რა განცხადებები გააკეთა მერკელმა უკრაინასთან დაკავშირებით Der Spiegel-თან და Zeit-თან ინტერვიუებში?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

1.5k
VIEWS

13 დეკემბერს პორტალმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის შესახებ აშშ-ის სანქცირებული ორგანიზაციის Strategic Culture Foundation-ის სტატიის ქართულენოვანი თარგმანი გამოაქვეყნა, სათაურით “მერკელი იხსენებს, თუ როგორ გეგმავდნენ აშშ და Nato უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას”. პუბლიკაციის მიხედვით, გერმანიის ყოფილი კანცლერის კომენტარები ცხადყოფს, რომ დასავლეთში რუსეთის წინააღმდეგ აგრესიული განწყობილება ათწლეულებზე მეტია რაც არსებობს” და რომ თანდათან ნათელი ხდება, როგორ გეგმავდნენ აშშ და ნატო რუსეთის წინააღმდეგ ომს წლების განმავლობაში. სტატიაში ასევე ნახსენებია მერკელის ინტერვიუ Spiegel-თან და მოყვანილია კრემლის პროპაგანდისტის სკოტ რიტერის შეფასება, რომლის მიხედვითაც, ბერლინის პოლიტიკა უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე დროის მოგებას ემსახურებოდა. აღნიშნული სტატია ფეისბუქზე გვერდებმა საქართველო უპირველეს ყოვლისა • Georgia First და აი უცნობი • i ucnobi გაავრცელეს.

Screenshot 2 5 რა განცხადებები გააკეთა მერკელმა უკრაინასთან დაკავშირებით Der Spiegel-თან და Zeit-თან ინტერვიუებში?

ინფორმაცია, თითქოს ანგელა მერკელის იხსენებს, თუ როგორ გეგმავდა დასავლეთი უკრაინაში ომს რუსეთის წინააღმდეგ, სიმართლეს არ შეესაბამება. “საქართველო უპირველეს ყოვლისას” სტატიაში მერკელის ფრაზები, რომელიც ამ მტკიცებას დაადასტურებდა, წარმოდგენილი არ არის და ნახსენებია მხოლოდ Spiegel-თან ინტერვიუ, სადაც გერმანიის ყოფილ კანცლერს ნატოსა და აშშ-ის საომარ გეგმებზე მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

“საქართველო უპირველეს ყოვლისას” სტატია აშშ-ის მიერ სანქცირებული ორგანიზაციის პორტალის, Strategic Culture Foundation-ის, სტატიის თარგმანს წარმოადგენს, ვებ-საიტი აშშ-ის სახელმწიფოს დეპარტამენტის თანახმად, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ იმართება. ანგელა მერკელის ფრაზები, რომლებიც ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატები ან ევროპის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომს გეგმავდნენ, “საქართველო უპირველეს ყოვლისას” სტატიაში წარმოდგენილი არაა. სტატიაში მერკელის მხოლოდ ერთი, Spiegel-თან ინტერვიუში ნათქვამი ფრაზაა მოცემული, სადაც ყოფილი კანცლერი ამბობს, 2008 წელი საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღებისთვის არასწორი დრო იყო. 

2008 წლის ბუქარესტის სამიტისა და გერმანიის პოზიციაზე მერკელს არაერთხელ უსაუბრია. გერმანულ Spiegel-თან 1 დეკემბერს მიცემულ ინტერვიუში გერმანიის ყოფილი კანცლერი აღნიშნავს, რომ 2008 წლისთვის ის ჯერ კიდევ არ იყო მომხრე ორი ქვეყანა ნატოში მიეღოთ და ეს საკითხი ძირითადად ექსპერტთა დაინტერესების საგანს წარმოადგენდა. მერკელი თვლის, რომ როგორც 2008 წლის ბუქარესტის სამიტის პერიოდში, ასევე მინსკის მოლაპარაკებების დროს, მან მოახერხა უკრაინისთვის დრო მოეგო, რათა მას უკეთ მოეგერიებინა რუსული თავდასხმა. გერმანიის ყოფილი კანცლერის თქმით, უკრაინა ახლა ძლიერი, კარგად გამაგრებული ქვეყანაა. 

5 ივლისს ჟურნალისტ ალექსანდრ ოსანგთან ინტერვიუში მერკელმა უკრაინის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა, რასაც ასევე ჰქონდა გავლენა მის გადაწყვეტილებაზე. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი თამამად იბრძვის სისტემური კორუფციის წინააღმდეგ, 2008 წლისთვის უკრაინას ფაქტობრივად ოლიგარქები მართავდნენ და ის პოლიტიკურად ძალიან დანაწევრებული იყო. აგრეთვე, ანგელა მერკელის აზრით, პუტინის პერსპექტივიდან უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება ომის გამოცხადებად აღიქმებოდა და ის უკრაინას უზარმაზარ ზიანს მიაყენებდა. 

Strategic Culture Foundation-ის სტატია კრემლის პროპაგანდისტ სკოტ რიტერს ციტირებს, რომელმაც ამ თემაზე Consortium News-ისთვის დაწერა. რიტერის მიხედვით, მერკელის კომენტარები ცხადყოფს, რომ დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთი მოატყუეს, რომ 2014 წლის “აშშ-ის მხარდაჭერილი კიევის მაიდანის” შემდეგ, სინამდვილეში ისინი დროს ყიდულობდნენ იმისთვის, რომ ნატოს უკრაინის შეიარაღება გაეძლიერებინა და ამ უკანასკნელს დონბასი და ყირიმი დაეკავებინა. ამასთან, რიტერის აზრით, რადგან მერკელმა იცოდა, რომ უკრაინის ნატოში მიწვევა რუსეთის სამხედრო პასუხს გამოიწვევდა და ამ სცენარზე უარის თქმის ნაცვლად, უკრაინის შეიარაღების პოლიტიკა აირჩია, ეს მიანიშნებს, რომ დასავლეთს ომი ყოველთვის სურდა.  

სკოტ რიტერის მიერ გაჟღერებული მტკიცებები ეხმიანება რუსი მაღალჩინოსნების განცხადებებს მინსკის შეთანხმების შესახებ. მერკელის ერთ-ერთ ინტერვიუს გერმანულ გამოცემა Die Zeit-თან ვლადიმირ პუტინიც გამოეხმაურა და მას “მოულოდნელი და იმედგამაცრუებელი” უწოდა

როგორც Die Zeit-თან, ასევე სხვა ინტერვიუებშიც, მერკელი არაერთხელ უსვამს ხაზს, რომ ომის საფრთხე რუსეთისგან მომდინარეობდა და უკრაინის თავდაცვითი უნარების გაძლიერება სწორედ ამ მიზეზით იყო აუცილებელი.

მერკელის თქმით, 2014 წლის მინსკის შეთანხმება იყო მცდელობა, დრო მიეცათ უკრაინისთვის გაძლიერებულიყო, რადგან 2015 წლისთვის, როგორც ეს დებალცევის ბრძოლაში გამოჩნდა, პუტინი მას მარტივად დაამარცხებდა. ამასთან, მერკელის განცხადებით, ნატოს ქვეყნები ვერ შეძლებდნენ იმდენი დახმარება გაეწიათ უკრაინისთვის, რამდენიც დღეს. ასევე, ყოფილი კანცლერი განმარტავს, რომ ყველასთვის ნათელი იყო, რომ კონფლიქტი გაიყინა და პრობლემა არ მოგვარებულა. 

რაც შეეხება უკრაინის ნატოში მიღების საკითხს, გერმანიის ყოფილი კანცლერი Die Zeit-თანაც განმარტავს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის მომენტში უკრაინისა და საქართველოს ნატოში შესვლის ინიციატივა არასწორი იყო, რადგან არც ერთ ქვეყანას ამისთვის საკმარისი პრერეკვიზიტები არ ჰქონდა და არც ამ გადაწყვეტილების შედეგები იყო ბოლომდე გააზრებული, თუ რამდენად შეეძლებოდა ნატოს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო აგრესიის მიმართულებით დახმარების გაწევა

ინტერვიუში ანგელა მერკელი არ საუბრობს მინსკის შეთანხმების პუნქტების შესრულების ნაწილზე და ის შესაძლო ომს უკრაინასა და რუსეთს შორის, როგორც სასურველ მოცემულობას, არ განიხილავს. 

სკოტ რიტერი იმ დასავლელ ექსპერტთა შორისაა, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ აქტიურად ავრცელებენ კრემლის პროპაგანდისტულ გზავნილებს და რომლებსაც კრემლისტური მედია ხშირად ეყრდნობა. მის მიერ გაჟღერებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური მტკიცებები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალებში: 

წყაროების შესახებ 

Strategic Culture Foundation

“Strategic Culture Foundation-ის” (სტრატეგიული კულტურის ფონდი) ინგლისურენოვან ვებ-გვერდზე ფონდის, დამფუძნებლების ან საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია მოცემული არ არის, თუმცა აღსანიშნავია, რომ წარსულში ორგანიზაციის ლოგო იმავე სახელწოდების მქონე რუსულენოვანი ვებ-საიტის fondsk.ru-ს (Фонд стратегической культуры) იდენტური იყო, ასევე ემთხვეოდა მასში გამოყენებული შრიფტის დიზაინი რაც აღქმას ტოვებდა, რომ ვებ-საიტები ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ერთ ორგანიზაციას წარმოადგენს. ამჟამად Strategic Culture Foundation-ის ლოგო შეცვლილი და რუსული პორტალისგან განსხვავებულია.

Screenshot 3 3 რა განცხადებები გააკეთა მერკელმა უკრაინასთან დაკავშირებით Der Spiegel-თან და Zeit-თან ინტერვიუებში?
ძველი ლოგო
Screenshot 4 1 რა განცხადებები გააკეთა მერკელმა უკრაინასთან დაკავშირებით Der Spiegel-თან და Zeit-თან ინტერვიუებში?
ახალი ლოგო

სტრატეგიული კულტურის ფონდი” (Фонд стратегической культуры) მოსკოვშია ბაზირებული და მას მოსკოვის კომუნისტური პარტიის ყოფილი მეთაური და საბჭოთა პოლიტბიუროს წევრი იური პროკოფიევი ხელმძღვანელობს, მთავარი რედაქტორი კი ვლადიმირ მაქსიმენკოა.  1990-1991 წლებში პროკოფიევი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი და ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი იყო, ხოლო ვლადიმირ მაქსიმენკო კი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელი და რუსეთის სახელმწიფო რადიომაუწყებლობის “Голос России” ანალიტიკური დამკვირვებელია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, სტრატეგიული კულტურის ფონდს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ხელმძღვანელობს. 2021 წლის აპრილში აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა “სტრატეგიული კულტურის ფონდს”, რუსეთის დაზვერვის კონტროლირებად სხვა გამოცემებთან ერთად, რომლებიც აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობდნენ, სანქციები დააკისრა.

Screenshot 5 2 რა განცხადებები გააკეთა მერკელმა უკრაინასთან დაკავშირებით Der Spiegel-თან და Zeit-თან ინტერვიუებში?
წყარო: აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი

Strategic Culture Foundation ტელეგრამისა და რუსული სოციალური მედია ВКонтакте-ს არხებზეა აქტიური. აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე, ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი პორტალების ტელეგრამ არხები სტატიებს ონლაინ პლატფორმა telegra.ph-იდან აზიარებენ. 

Screenshot 6 3 რა განცხადებები გააკეთა მერკელმა უკრაინასთან დაკავშირებით Der Spiegel-თან და Zeit-თან ინტერვიუებში?

გარდა ამისა, ინგლისურენოვანი პორტალის კონტრიბუტორების ნაწილი სტატიებს რუსულენოვანი საიტისთვისაც წერდა, მაგალითად, ასეთებია ანა ფილიმონოვა (1,2) და ანტონ ვესელოვი (1,2).

Screenshot 7 3 რა განცხადებები გააკეთა მერკელმა უკრაინასთან დაკავშირებით Der Spiegel-თან და Zeit-თან ინტერვიუებში?Screenshot 8 3 რა განცხადებები გააკეთა მერკელმა უკრაინასთან დაკავშირებით Der Spiegel-თან და Zeit-თან ინტერვიუებში?

ფონდის სტატიებს ხშირად იმოწმებს ლუგარის ლაბორატორიაზე გავრცელებული დეზინფორმაციის ერთ-ერთი წყარო ჯეფრი სილვერმანის “Veterans Today”, ის ასევე დაკავშირებულია კრემლისტურ პორტალ South Front-თან.

საქართველო უპირველეს ყოვლისა

საინფორმაციო პორტალი “საქართველო უპირველეს ყოვლისას” ვებ-საიტი 2022 წლის ნოემბერში შეიქმნა. ახალი პორტალის პრეზენტაცია 7 ნოემბერს დამფუძნებელმა ვატო შაქარაშვილმა გამართა, პრეზენტაციაზე სტუმრებსა და სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ ორგანიზაცია “აი იას” დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე, სამთავრობო ექსპერტი და რეჟისორი გოგა ხაინდრავა და მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრები, რომლებიც ანტიამერიკული განცხადებებით გამოირჩევიან.

პორტალის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ კონსერვატიული, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალია, რომლის დამფუძნებლებიც ვატო შაქარიშვილი, ირმა სანაძე, ნუცა ლომაძე და კოტო გაჩეჩილაძე არიან. რაც შეეხება პორტალის მიზნებს, პოსტის მიხედვით “დეკლარირებულ ღირებულებებთან შესაბამისი” კონტენტის გავრცელებით მიმდინარე საინფორმაციო-პროპაგანდისტულ ომში პოლიტკორექტულობასა და ნეოლიბერალიზმის გაბატონებულ იდეოლოგიასთან უპირატესობის მოპოვებაა. 

პორტალი ხშირად აქვეყნებს ანტიდასავლური შინაარსის კონტენტს, რომლებიც ევროკავშირის ინსტიტუტების, ნატოს და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკისკენ არის მიმართული. პორტალზე ასევე გამოქვეყნდა ამერიკელი კონგრესმენი ჯეიმი რასკინის გაყალბებული ციტატა, რომლის მიხედვითაც რუსეთი უნდა განადგურდეს, რადგან ის მართლმადიდებელი ქვეყანაა. ციტატის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist