რას ნიშნავს მზის სრული დაბნელება და უნდა ველოდოთ თუ არა ელექტროენერგიის გათიშვას?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

მზის სრული დაბნელება
106
VIEWS

4 აპრილს სოციალურ ქსელში მზის დაბნელების შესახებ ვიდეო გავრცელდა (1,2). ვიდეო მზის სრულ დაბნელებას სამყაროს დასასრულს უკავშირებს. ვიდეოს თანახმად, მზის დაბნელება სამი დღე-ღამე გაგრძელდება და ადამიანებისთვის სახიფათოა. ასევე, აღნიშნულია, რომ მზის დაბნელების გამო ამერიკული და კანადური სკოლები დაიხურება, მსოფლიოს მასშტაბით მასიურად გაითიშება ელექტროენერგია და ინტერნეტი, ხოლო აშშ-ის ხელისუფლებამ მოსახლეობა ფიჭური კავშირგაბმულობის შეფერხების შესახებ გააფრთხილა. ამ მოვლენებს ვიდეო მასონების საქმიანობასაც უკავშირებს.

მზის სრული დაბნელება

გავრცელებული ვიდეო კონსპირაციული და მცდარი შინაარსისაა: 1. მზის სრული დაბნელება ჩვეულებრივი ასტრონომიული მოვლენაა და აპოკალიფსის მომასწავებელი არ არის. მზის სრული დაბნელება რამდენიმე წუთი გრძელდება, ხოლო სხვადასხვა ფაზაში მოვლენაზე დაკვირვება სულ რამდენიმე საათი იქნება შესაძლებელი. 2. კანადისა და აშშ-ის სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული, თუმცა არა იმიტომ რომ მზის დაბნელება რაიმე სერიოზულ საფრთხეს იწვევს. 3. მზის დაბნელება ელექტროენერგიის, ინტერნეტის ან ფიჭური კავშირგაბმულობის გლობალურ გათიშვას არ იწვევს.

  • რამდენ ხანს გაგრძელდება მზის დაბნელება?

მზის დაბნელება ბუნებრივი ასტრონომიული მოვლენაა, რომლის დროსაც მთვარე მზესა და დედამიწას შორის ექცევა და პლანეტაზე მზის შუქს ჩრდილავს.

მზის სრული დაბნელება
წყარო: NASA’s Goddard Space Flight Center

სრული დაბნელების დროს მთვარე სრულად ჩრდილავს მზეს, ასეთ დროს ცაც ისე ბნელდება, როგორც გამთენიისას ან მოსაღამოებისას. კარგი ამინდის დროს დამკვირვებლებმა შესაძლოა მზის გვირგვინიც დაინახონ. ყოველწლიური და ნაწილობრივი დაბნელების დროს მთვარე მზეს სრულიად ვერ ჩრდილავს. 2024 წლის 8 აპრილს ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონში მზის სრულ დაბნელებაზე დაკვირვება იქნება შესაძლებელი.

მზის სრული დაბნელება
მზის სრული, ყოველწლიური და ნაწილობრივი დაბნელება. წყარო: NASA/MSFC/Joseph Matus;: NASA/Bill Dunford; NASA/Bill Ingalls

სრული მზის დაბნელებაზე დაკვირვება მთვარის მოძრაობის ტრაექტორიის მიმართულებით იქნება შესაძლებელი, რომელიც მექსიკიდან დაიწყება, აშშ-ს გადაკვეთს და კანადაში “დასრულდება”. ჩრდილოეთ ამერიკის დანარჩენი ადგილებიდან მზის ნაწილობრივი დაბნელება გამოჩნდება.

მზის სრული დაბნელება
გეოგრაფიული არეალი მთვარის მოძრაობის ტრაექტორიის გასწვრივ, სადაც მზის სრულ დაბნელებაზე დაკვირვება იქნება შესაძლებელი. წყარო: NASA’s Scientific Visualization Studio

იმ ადგილებში სადაც მზის სრულ დაბნელებაზე დაკვირვებაა შესაძლებელი, ბუნებრივი მოვლენა 3-4 წუთის ფარგლებში გაგრძელდება. თუმცა ნაწილობრივი მზის დაბნელება დაკვირვებადი რამდენიმე საათის განმავლობაში იქნება და არა 3 დღე-ღამის განმავლობაში, როგორც ეს ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოშია ნათქვამი.

  • რატომ იხურება სკოლების ნაწილი კანადასა და აშშ-ში მზის დაბნელების დროს?

კანადის აღმოსავლეთ რეგიონში სკოლების ნაწილი დაბნელების დღეს დახურული იქნება, ნაწილში გაკვეთილები მზის დაბნელების დაწყებამდე დასრულდება. გადაწყვეტილი გარკვეულ უსაფრთხოების ზომებთან არის დაკავშირებული. მზის დაბნელებაზე დაკვირვება, საგანგებო აღჭურვილობის, სპეციალური სათვალის გარეშე თვალებისთვის დამაზიანებელია. ჩვეულებრივ, როდესაც მზის შუქი ადამიანს თვალში პირდაპირ ხვდება, ინსტინქტურად თვალებს ვხუჭავთ. თუმცა მზის დაბნელების დროს სინათლის რაოდენობა შემცირებულია და თვალს უფრო დიდხანს შეუძლია აიტანოს მზეს პირდაპირ უყუროს, რაც რეალურად თვალის დაზიანების რისკს ზრდის. უშუალოდ დაკვირვების დროს დაზიანება უმტკივნეულოა, თუმცა შეუიარაღებელი თვალით მზის დაბნელებაზე დაკვირვებამ შესაძლოა სოლარული რეტინოპათია, თვალის ბადურა გარსის ცენტრალური ნაწილის შეუქცევადი დაზიანება გამოიწვიოს. ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც სკოლები იხურება, რადგან სასკოლო პირობებში მასწავლებლებს, შესაძლოა, თითოეული ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა გაუჭირდეთ.

აშშ-ში სხვადასხვა სკოლას განსხვავებული მიდგომა აქვს არჩეული. გარკვეულ სკოლები მზის დაბნელებას მოსწავლეებისთვის სწავლის უნიკალურ შესაძლებლობად განიხილავს და სკოლაშივე აპირებს ბუნებრივ მოვლენაზე დაკვირვების ორგანიზებას. სკოლების ნაწილში მზის დაბნელების გამო გაცდენა საპატიოდ ჩაითვლება და სკოლის გაცდენის გადაწყვეტილება მშობლებზე იქნება მინდობილი. სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი მთელი დღით და ზოგან კი ჩვეულებრივზე უფრო ადრე შეწყდება. ეს გადაწყვეტილებები ლოჯისტიკური ფაქტორებიდან გამომდინარეობს და არა მზის დაბნელებისგან მომავალი უშუალო საფრთხიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ სრული დაბნელების გეოგრაფიულ არეალში მოსალოდნელია ჩვეულებრივზე დატვირთული სატრანსპორტო მოძრაობა, რაც საგზაო მოძრაობის შეფერხებასთან იქნება დაკავშირებული და დამატებითი გაფრთხილების მიზეზი გახდა.

  • მზის დაბნელებას არ უკავშირდება ელექტროენერგიის, ინტერნეტის ან ფიჭური კავშირგაბმულობის გათიშვა

ელექტროენერგიის მიღების სხვადასხვა მეთოდებიდან მზის დაბნელებას გავლენა მხოლოდ მზის ენერგიის გამოყენებით ელექტროენერგიის გამომუშავებაზე აქვს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მზის დაბნელებას მზის ენერგიით ელექტროენერგიის გამომუშავებაზე გავლენა მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში ექნება. შესაბამისად დანარჩენ მსოფლიოში ბუნებრივ მოვლენა ელექტროენერგიის გამომუშავების არათუ ტრადიციულ, არამედ მზის ენერგიის მეთოდზეც ვერ იქონიებს გავლენას. ასევე მაგალითად, გასულ წელს აშშ-ში მზის ენერგიით გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი მხოლოდ 6% იყო. გარდა ამისა, მზის დაბნელების ზუსტი დრო მარტივად განსასაზღვრია და შესაბამისად მისთვის მომზადებაც არ არის რთული. შესაძლებელია იმის დაანგარიშებაც, კონკრეტულად რა დანაკლისს შექმნის ბუნებრივი მოვლენა ელექტროენერგიის გამომუშავებაში და ეს დანაკლისი ბატარეებისა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებით იქნება ანაზღაურებული. დაახლოებით ისევე, როგორც ხდება ღრუბლიანი დღეების არსებული დანაკლისის ანაზღაურება. პრობლემა არც იმ ადამიანებს უნდა შეექმნათ, რომლებიც მზის პერსონალურ პანელებს იყენებენ, რადგან ბატარეების სისტემამ დანაკლისი ავტომატურად უნდა აანაზღაუროს.

რაც შეეხება კავშირგაბმულობას, NASA-ს თანახმად, მზის დაბნელებას დედამიწის ატმოსფეროში იონოსფეროზე აქვს გავლენა და ანომალიების გამოწვევა შეუძლია. ამ ანომალიებს რადიოსიგნალებისა და GPS ნავიგაციის შეფერხება შეუძლიათ. თუმცა მზის დაბნელების მიერ იონოსფეროში გამოწვეული ცვლილებები დროებითი და ლოკალურია – მხოლოდ იმ რეგიონებში ხდება, სადაც მზის დაბნელება დაკვირვებადია. მზის დაბნელების დასრულების შემდეგ იონოსფერო ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება.

დაბნელების დროს კავშირგაბმულობის შეფერხებები დიდწილად არა უშუალოდ მზის დაბნელების ფიზიკური გავლენით, არამედ ერთ ლოკაციაზე ბევრი ადამიანის შეკრებით და კონკრეტულ ლოკაციაზე კავშირგაბმულობის ქსელების გადატვირთვით იქნება გამოწვეული. ამის შესახებ გაფრთხილება ოფიციალურმა სამთავრობო სააგენტოებმა ნამდვილად გასცეს. თუმცა კავშირგაბმულობა არ გაითიშება და გადაუდებელი სასწრაფო და სამაშველო სამსახურებთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, კანადა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist