1 ოქტომბერს ფეისბუქ-ანგარიშებმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” და მთიელი სიდონია გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ახალგაზრდა ქალი ერთ-ერთი პირის საფლავზე შარდავს. პოსტების აღწერის მიხედვით, ვიდეოზე ფრანკლინის კლუბის აქტივისტი თინა შარაშენიძეა ასახული.
ვიდეო ფეისბუქზე მცდარი აღწერით ვრცელდება და “ფრანკლინის კლუბის” დისკრედიტაციას ემსახურება. “ფრანკლინის კლუბთან” თინა შარაშენიძის კავშირი ღია წყაროებით არ დასტურდება, გარდა ამისა კლუბთან შარაშენიძის კავშირი “მითების დეტექტორთან” კომენტარში “ფრანკლინის კლუბის” აკადემიურმა დირექტორმა, რეზი თოფურიამაც უარყო.
გავრცელებულ ვიდეოზე ქართველი არტისტი და მოდელი თინა შარაშენიძეა ასახული. ვიდეო თავად შარაშიძემ თავის ინსტაგრამ-გვერდზე 29 სექტემბერს გამოაქვეყნა. მის ინსტაგრამ-გვერდზე სხვადასხვა ადგილზე გადაღებული სხვა მსგავსი ვიდეოებიც არის გამოქვეყნებული. თინა შარაშენიძის სოციალური მედიის გვერდებიდან (1,2,3) არ იკვეთება, რომ მას ფრანკლინის კლუბთან რაიმე კავშირი აქვს. ქართული ონლაინ ჟურნალის AT.ge-ს თანახმად, 2022 წელს არტისტმა თინა ატამი (შარაშენიძის ფსევდონიმი) თავის სადარბაზოში ერთნამუშევრიანი გამოფენა მოაწყო. შარაშენიძე ასევე მონაწილეობდა თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულში (1,2,3).
თინა შარაშენიძე არ ფიგურირებს ფრანკლინის კლუბის ლექტორებს, საბჭოს წევრებსა თუ მრჩეველთა საბჭოს წევრებს შორის. “მითების დეტექტორი” “ფრანკლინის კლუბის” აკადემიურ დირექტორს, რეზი თოფურიას დაუკავშირდა. “მითების დეტექტორთან” კომენტარში თოფურიამ დაადასტურა, რომ თინა შარაშენიძეს კლუბთან კავშირი არ აქვს და მისი ალუმნიც არ არის.
“ფრანკლინის კლუბი” კლასიკური ლიბერალიზმის/ლიბერტარიანიზმის იდეებზე დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. ორგანიზაცია პროექტის “ფრანკლინის აკადემიის” ფარგლებში მოსწავლეებსა და სტუდენტების ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საგანამანათლებლო კურსს სთავაზობს.
“ფრანკლინის კლუბი” სახელისუფლებო მედიების მხრიდან დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე რამდენჯერმე გამხდარა. 2023 წელს “აგენტების კანონის” წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ფრანკლინის კლუბი” “ანტისახელმწიფოებრივ და ძირგამომთხრელ” საქმიანობაში დაადანაშაულა. პრემიერ-მინისტრის განცხადებას “ფრანკლინის კლუბისა” და საქართველოს უნივერსიტეტის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.
წყაროების შესახებ:
საქართველო უპირველეს ყოვლისა
ფეისბუქ-ანგარიში საქართველო უპირველეს ყოვლისა 2023 წლის 15 ივლისს შეიქმნა და ძირითადად ოპოზიციის საწინააღმდეგო (1,2,3), ანტი-უკრაინულ (1,2,3) და ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერ (1,2,) პოსტებს ავრცელებს.
ანგარიში ასევე ხშირად აზიარებს და აქვეყნებს ფეისბუქ-მომხმარებლის ნიკუშა შანიძის პოსტებს (1,2,3,4,5). შანიძესთან დაკავშირებული ერთ-ერთი პოსტი დასპონსორებულია.
ფეისბუქ-მომხმარებელ ნიკუშა შანიძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც რამდენჯერმე გადაუმოწმებია. გარდა ამისა შანიძე ლაზარე გრიგორიადისის საწინააღმდეგო კამპანიაში იყო ჩართული.
მთიელი სიდონია
ანგარიში მთიელი სიდონია პრორუსული პარტიის კონსერვატიული მოძრაობის და მასთან დაკავშირებული ტელევიზიის “ალტ-ინფოს” მხარდამჭერია. მასთან დაკავშირებულია კიდევ რამდენიმე ფეისბუქ-ანგარიში სიდონია კავკასიელი, სიდონია სათადარიგო გვერდი. ანგარიშები პერიოდულად იცვლიანს სახელებსაც. ერთ-ერთი ანგარიშის URL მისამართში იზაბელა ხომერიკია მითითითებული. ამ ანგარიშების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.