რა დეზინფორმაცია ვრცელდება უკრაინის მაღალჩინოსნებსა და კონტრშეტევაზე?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

89
VIEWS

2023 წლის 18 ივნისს ფეისბუქ მომხმარებელმა ზოიძე ფრიდონმა გააზიარა პოსტი, რომელსაც ადოლფ ჰიტლერს მიმსგავსებული ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტო ერთვის თან. ამასთან, ავტორი პოსტში რუსეთ-უკრაინის ომზე რამდენიმე მტკიცებას ავითარებს:

  1. უკრაინელი ჯარისკაცების ორგანოებს დონორად აბარებდნენ და აშშ-ში გაჰქონდათ;
  2. ომში ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 მილიარდი იშოვა, მიხაილო პოდოლიაკმა 2 მილიარდი, დავით არახამიამ კი 1 მილიარდი;
  3. ზელენსკის ცოლმა უკრაინა დატოვა;
  4. ვალერი ზალუჟნი გერმანიაში მკურნალობს და შესაძლოა ვერ გადარჩეს;
  5. კირილო ბუდანოვის სიკვდილი დადასტურდა;
  6. უკრაინელებს დასავლური მძიმე ჯავშანტექნიკის 80% გაუნადგურდათ.

Screenshot 6 8 რა დეზინფორმაცია ვრცელდება უკრაინის მაღალჩინოსნებსა და კონტრშეტევაზე?

გავრცელებული პოსტი დეზინფორმაციულ, მანიპულაციურ და დაუდასტურებელ მტკიცებებს შეიცავს. რეალურად: 1) ოლენა ზელენსკი ქვეყნიდან არ გაქცეულა, იგი საქმიანი ვიზიტით იმყოფება ისრაელში; 2) ვალერი ზალუჟნი არ მომკვდარა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური გვერდი მის ვიდეოს ავრცელებს, სადაც იგი სრულიად ჯანმრთელია; 3) კირილო ბუდანოვის სიკვდილი არ დადასტურებულა, მისი უახლესი ფოტოები იაპონიის ელჩთან ერთად გავრცელდა; 4) არ არსებობს კონტრშეტევისას უკრაინის სამხედრო დანაკარგების ზუსტი პროცენტული რაოდენობა; 5) ინფორმაცია, თითქოს ზელენსკი, პოდოლიაკი და არახამია მილიარდებს ფლობენ, არ დასტურდება; 6) არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა უკრაინაში ჯარისკაცების ორგანოებით ვაჭრობას.

  • ოლენა ზელენსკას ვიზიტი ისრაელში

მტკიცება, რომ პირველი ლედი ოლენა ზელენსკა უკრაინ დატოვა, მანიპულაციურია. პირველი ლედი საქმიანი ვიზიტით ისრაელში იმყოფება.

ფეისბუქ მომხმარებელ ფრიდონ ზოიძის პოსტის მიხედვით, ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლემ ოლენა ზელენსკამ უკრაინა უკვე დატოვა. ამჟამად ოლენა ზელენსკა საქმიანი ვიზიტით ისრაელში იმყოფება. მისი ინსტაგრამ გვერდის მიხედვით, 2023 წლის 19 ივნისს ოლენა ზელენსკა ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა, შემდეგ იგი ბავშვთა საავადმყოფოს ესტუმრა. ასევე ოლენა ზელენსკა უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრ ოკსანა ჟოლნოვიჩთან ერთად მენტალური ჯანმრთელობის პროგრამის წარმომადგენლებს ეწვია.

ოლენა ზელენსკა პერიოდულად ტოვებს უკრაინას სხვადასხვა საქმიანი ვიზიტით, რაც ხშირად ხდება მანიპულაციისა და დეზინფორმაციის საგანი პირველი ლედის დისკრედიტაციისათვის. ამის შესახებ მითების დეტექტორი ადრეც წერდა, სადაც დეზინფორმაციული წყაროები ამტკიცებდნენ, რომ ოლენა ზელენსკი ისრაელში ნუდისტურ პლაჟზე ისვენებდა.

Screenshot 7 7 რა დეზინფორმაცია ვრცელდება უკრაინის მაღალჩინოსნებსა და კონტრშეტევაზე?

  • ვალერი ზალუჟნის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მტკიცება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი გერმანიაში კვდება, მცდარია.

ზალუჟნის შესახებ რუსული წყაროები ხშირად ავრცელებდნენ მტკიცებას, რომ იგი თავში დაიჭრა და ვეღარ ახერხებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. ამაზე მითების დეტექტორი ადრეც წერდა. გავრცელებულ დეზინფორმაციას უკრაინულმა მხარემ რამდენჯერმე ვიდეოთიც უპასუხა, სადაც ვალერი ზალუჟნი ჩანდა.

2023 წლის 19 ივნისს უკრაინული შეიარაღებული ძალების ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე  კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ზალუჟნი  სხვა უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად სრულიად ჯანმრთელ მდგომარეობაშია და საომარ სტრატეგიებს სახავს.

Screenshot 8 8 რა დეზინფორმაცია ვრცელდება უკრაინის მაღალჩინოსნებსა და კონტრშეტევაზე?
ვიდეოს უკანა ფონზე არსებული თარიღის დაფა, რომელიც 17 ივნისს, 2023 წელს აჩვენებს, ადასტურებს, რომ ვიდეო რამდენიმე დღის წინაა გადაღებული.

Screenshot 9 8 რა დეზინფორმაცია ვრცელდება უკრაინის მაღალჩინოსნებსა და კონტრშეტევაზე?

  • კირილო ბუდანოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მტკიცება, რომ უკრაინის დაზვერვის უფროსის კირილო ბუდანოვის სიკვდილი დადასტურდა, მცდარია.

პრორუსული მედიები დიდი ხნის განმავლობაში ავრცელებდნენ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ სარაკეტო დარტყმისას ბუდანოვი თავში დაიჭრა და მძიმედ დაშავდა. ბუდანოვის ადგილმდებარეობა რამდენიმე კვირის განმავლობაში უცნობი იყო, თუმცა 2023 წლის 20 ივნისს  “კიევ პოსტმა” ტვიტერზე გაავრცელა ფოტო, სადაც კირილო დანილოვი უკრაინაში იაპონიის ელჩთან მაცუდა კუნინორისთან ერთად იმყოფება.

Screenshot 10 7 რა დეზინფორმაცია ვრცელდება უკრაინის მაღალჩინოსნებსა და კონტრშეტევაზე?

  • უკრაინის დანაკარგები კონტრშეტევისას

არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია უკრაინული მხარის დანაკარგების თაობაზე, თუმცა არც ერთი სანდო წყარო არ წერს, რომ უკრაინამ დასავლეთისგან მიღებული ჯავშანტექნიკის 80% დაკარგა.

უკრაინის მიერ დაწყებული კონტრშეტევის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი მტკიცებით, უკრაინამ შეტევისას დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის 80% უკვე დაკარგა. უკრაინამ კონტრშეტევისას რუსეთის თავდაცვის ხაზი გაარღვია და რამდენიმე სოფელი დაიკავა. უკრაინის თავდაცვის მოადგილემ ჰანა მალიარმა 2023 წლის 19 ივნისს ტელეგრამზე დაწერა, რომ უკრაინის ჯარებმა ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით 113 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს, მათ შორის 8 დასახლება.

ექსპერტების თქმით, კონტრშეტევისას უკრაინის მიერ განცდილი დანაკარგები ბუნებრივია და იგი გაზვიადებული არ უნდა იქნას, ვინაიდან საჰაერო თავდასხმის გარეშეც დანაღმული ველის გარღვევა რთულია. სამხედრო დანაკარგებით მანიპულირება ხშირად ხდება იმაზე ხაზგასასმელად, თითქოს უკრაინის კონტრშეტევა წარუმატებელი იქნება. ამ თემაზე მითების დეტექტორი ადრეც წერდა, ვრცლად იხილეთ:

უკრაინელი უმაღლესი პირების ვოლოდიმირ ზელენსკის, მიხაილ პოდოლიაკისა და დავით არახამიას ქონების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია მტკიცებულების გარეშეა.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის უმაღლესმა სახელმწიფო პირებმა ომის პარალელურად დიდი რაოდენობის ქონება დააგროვეს. ერთ-ერთი მტკიცებით, ომში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 მილიარდი დააგროვა, პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა 2 მილიარდი, ხოლო უკრაინის რადას დეპუტატმა დავით არახამიამ 1 მილიარდი.

პრეზიდენტ ზელენსკის ქონების თაობაზე ხშირად ვრცელდება სპეკულაციები და დეზინფორმაცია. მითების დეტექტორის წინა კვლევის მიხედვით, ზელენსკის მთლიანი ქონება 20-30 მილიონ დოლარად არის შეფასებული და უმეტესად ზელენსკის მიერ დაარსებული კომპანია Kvartal 95-თან ასოცირდება. ასევე მისი ქონების დიდ ნაწილი წარსულში გასართობ ინდუსტრიაში მოღვაწეობას უკავშირდება. რაც შეეხება პრეზიდენტის მრჩეველ მიხაილ პოდოლიაკს, PeopleAI-ის მიხედვით, 2023 წელს მისი ქონება 7.25 მილიონი დოლარით შეფასდა, ხოლო 2022 წელს 6.52 მილიონით. უკრაინული გვერდის The Page (pg)-ის მიხედვით, არახამიას ჯერ არ გამოუქვეყნებია თავისი ქონებრივი დეკლარაცია, თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ მისი ქონება დაახლოებით 20-25 მილიონ დოლარს შეადგენს (The Page). იგი სხვადასხვა კომპანიებში ფინანსურს წილებს ფლობს.

2023 წლის მონაცემები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა 2022 წლის დეკემბერში Forbes-მა გამოაქვეყნა 20 უმდიდრესი უკრაინელის სია, რომელთა ქონება 320 მილიონი დოლარიდან 4.4 მილიარდ დოლარამდე მერყეობს. ზემოთ ჩამოთვლილ უკრაინელ პოლიტიკოსებიდან სიაში არც ერთი არ ფიგურირებს.

  • უკრაინელი ჯარისკაცების ორგანოების ტრეფიკინგი

რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინელი ჯარისკაცების ორგანოებით ვაჭრობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ხშირად ვრცელდება მტკიცება, რომ ამერიკელები და ევროპელები მომაკვდავ ან მკვდარ უკრაინელ ჯარისკაცებს ორგანოებს აჭრიდნენ და დონორად გაჰქონდათ ბაზარზე. ამის შესახებ მითების დეტექტორი წარსულშიც წერდა, რომლის მიხედვითაც, არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა რუსეთ-უკრაინის ომში ორგანოებით ვაჭრობას. ამასთან, ორგანოების ტრანსპლანტაცია კომპლექსური და დროში შეზღუდული სამედიცინო პროცედურაა, რომელიც შეუძლებელია საველე პირობებში განხორციელდეს. გარდაცვლილი ან მომაკვდავი ადამიანისთვის ორგანოს მოკვეთამდე აუცილებელია მისი ორგანიზმის სიღრმისეული გამოკვლევა, მნიშვნელოვანია გაირკვეს სჭირდა თუ არა მას რაიმე ტიპის ქრონიკული დაავადება. ასევე ტრანსპლანტაციისთვის ორგანოს ვარგისიანობის ვადები შეზღუდულია.

წყაროს შესახებ

Facebook მომხმარებელი ფრიდონ ზოიძე ხშირად ავრცელებს ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის გზავნილებს, მას დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია.

Screenshot 11 4 რა დეზინფორმაცია ვრცელდება უკრაინის მაღალჩინოსნებსა და კონტრშეტევაზე?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist