Pfizer-ის დოკუმენტი არ ამტკიცებს, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გრაფენის ოქსიდს შეიცავს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

109
VIEWS

13 დეკემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა გოდერძი ელგანდაშვილი გამოაქვეყნა პოსტი თანდართული ვიდეოთი, რომლის თანახმადაც Pfizer-ი თავის ოფიციალურ დოკუმენტებში აღიარებს, რომ Covid-19-ის ვაქცინა გრაფენის ოქსიდს შეიცავს. ვიდეოს თანახმად, მას შემდეგ რაც აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება 16 წელს ზემოთ ადამიანებში დაამტკიცა, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ FDA-ს ვაქცინასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გასაჯაროება მოსთხოვა, ამ დოკუმენტებიდან ერთ-ერთში (125742_S1_M4_4.2.1 vr vtr 10741.pdf) ჩანს, თითქოს ვაქცინა გრაფენის ოქსიდს შეიცავს.

იგივე ინფორმაცია აპრილში რუსულ წყაროებშიც გავრცელდა. ინფორმაცია გამოცემა Secretra-მ გაავრცელა. სტატიას ვიდეო არ აქვს თანდართული, თუმცა იმავე სახელწოდების დოკუმენტია ნახსენები. Secreta-ზე დაყრდნობით, ინფორმაცია რუსულ სოციალურ ქსელ Dzen-ზე გვერდმა Политус-მა გაავრცელა.

grapheni1 Pfizer-ის დოკუმენტი არ ამტკიცებს, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გრაფენის ოქსიდს შეიცავს

grapheni2 Pfizer-ის დოკუმენტი არ ამტკიცებს, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გრაფენის ოქსიდს შეიცავს

გავრცელებული ცნობები, თითქოს Pfizer-ის დოკუმენტებიდან Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაში გრაფენის ოქსიდის შემცველობა მტკიცდება, მცდარია. გრაფენის ოქსიდი Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შემადგენლობაში არ შედის. დოკუმენტში გრაფენის ოქსიდი იმ ლაბორატორიული პროცედურის აღწერისას გვხვდება, რომელიც SARS-CoV-2 სპაიკ გლიკოპროტეინის კვლევისას გამოიყენება.

გამოქვეყნებული ვიდეოს თანახმად, დოკუმენტის სახელწოდებაა “Structural and Biophysical Characterization of SARS-CoV-2 Spike Glycoprotein (P2 S) as a Vaccine Antigen” – “SARS-CoV-2 სპაიკ გლიკოპროტეინის (P2 S), როგორც ვაქცინის ანტიგენის, სტრუქტურული და ბიოფიზიკური დახასიათება”. ვიდეოში მიუთითებენ, რომ დოკუმენტის მე-7 გვერდზე, 3.4 სექციაში გრაფენის ოქსიდი ფიგურირებს – რაც პოსტის მიხედვით, ნიშნავს, რომ ნივთიერება ვაქცინის შემადგენლობაშია.

grapheni3 Pfizer-ის დოკუმენტი არ ამტკიცებს, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გრაფენის ოქსიდს შეიცავს
კადრი ვიდეოდან

3.4 სექცია Cryo-EM of P2 S საკვლევი ცილის, SARS-CoV-2 სპაიკ გლიკოპროტეინის (P2 S)-ის კრიოგენურ-ელექტრონული მიკროსკოპიულ კვლევას ეხება (Cryo-EM – cryogenic-electron microscopy). ვიდეოში მითითებულ სეგმენტში გრაფენის ოქსიდი შემდეგ წინადადებაში ფიგურირებს: For TwinStrep-tagged P2 S, 4 μL purified protein at 0.5 mg/mL were applied to gold Quantifoil R1.2/1.3 300 mesh grids freshly overlaid with graphene oxide – “TwinStrep-ით მონიშნული P2 S-ისთვის, 4 μL გაწმენდილი ცილა 0.5 მგ/მლ-ზე იქნა დატანილი Quantifoil R1.2/1.3 300 ოქროს ბადეზე, რომელიც ახლად იყო დაფარული გრაფენის ოქსიდით”.

TwinStrep-ი სპეციალური მარკერია, რომელსაც ცილებისა და უჯრედების იზოლირებისთვის იყენებენ. Quantifoil R1.2/1.3 300 ოქროს ბადე კი სპეციალური ბადე, რომელსაც Cryo-Em ტექნიკის გამოყენებისას ბიოლოგიური მასალის განსათავსებლად იყენებენ. ამ წინადადებიდან მხოლოდ ის ირკვევა, რომ გრაფენის ოქსიდით დაფარული იყო ბადე, რომელზეც საკვლევი ცილა იყო განთავსებული. არაფერი მიუთითებს, რომ გრაფენის ოქსიდი ვაქცინების შემცველობაში შედის.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოში ნაჩვენები დოკუმენტი 2023 წლის 1 თებერვალს ჯგუფმა “საზოგადოებრივი ჯანდაცვა და სამედიცინო პროფესიონალები გამჭვირვალობისთვის” (PHMPT) გამოაქვეყნა. ჯგუფი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აშშ-ში Covid-19-თან დაკავშირებით მიღებულ ზომებს. დოკუმენტის საფუძველზე გავრცელებული მტკიცება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა გრაფენის ოქსიდს შეიცავს სხვადასხვა გამოცემებმა გადაამოწმეს და უარყვეს, მათ შორის Reuters-მა, Аssociated Press-მა, Full Fact-მა და Health Feedback-მა.

Reuters-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ კრიოგენურ-ელექტრონული მიკროსკოპია ტექნიკაა, რომლის დროსაც ბიოლოგიური ნიმუშების სტრუქტურის შესასწავლად მათ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე ყინავენ. სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, ნიმუშის გამოსახულებას იღებენ, ამ გამოსახულებების კომპიუტერული დამუშავების შედეგად კი ნიმუშის სამგანზომილებიანი მოდელის შექმნაა შესაძლებელი.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოქიმიისა და ბიოფიზიკის პროფესორის, იფან ჩენგის განმარტებით, გრაფენის ოქსიდი საჭირო და სასარგებლო ნივთიერებაა, რომლის გამოყენებაც იმ ბადის მომზადებისთვის ხდება, რომელზეც გაყინული ნიმუშები თავსდება. Reuter-სთან საუბარში ჩენგი აღნიშნავს, რომ კრიოგენურ-ელექტრონულ მიკროსკოპიაში გრაფენის ოქსიდი ხშირად გამოიყენება ბადეების მომზადებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თავად ნიმუში გრაფენის ოქსიდს შეიცავს.

იფან ჩენგი: “ამ მეთოდის გამოყენებისას, ნიმუშის პატარა წვეთი (2 მიკროლიტრი) ბადეზე დაიტანება, რის შემდეგაც ელექტრონულ მიკროსკოპში მის განთავსებამდე და ათასობით სურათის გადაღებამდე, ბადე და ნიმუში თხევადი აზოტის ტემპერატურამდე იყინება. ბადეების მომზადებისას გრაფენის ოქსიდს ჩვეულებრივ იყენებენ უკეთესი cryo-EM ბადეების მომზადებისთვის. ნიმუში გრაფენის ოქსიდს არ შეიცავს

შესაბამისად, გრაფენის ოქსიდი SARS-CoV-2 სპაიკ გლიკოპროტეინის კვლევის დროს ერთ-ერთი ლაბორატორიული ტექნიკის დროს გამოიყენება და გავრცელებული დოკუმენტი არ ამტკიცებს, რომ ვაქცინა ამ ნივთიერებას შეიცავს.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის და მასთან დაკავშირებული მცდარი მტკიცებების გავრცელების შემდეგ, აშშ-ის საკვებისა და წამლის სააგენტო (FDA) X-ის (Twitter) ერთ-ერთ მომხმარებელს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვაქცინები გრაფენის ოქსიდს არ შეიცავს.

FDA: “გრაფენის ოქსიდი არ არის ვაქცინის ინგრედიენტი. თქვენ გულისხმობთ ჩანაწერს, რომელიც FDA-ს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით არის შედგენილი. Pfizer-მა ანგარიში “SARS-CoV-2 სპაიკ გლიკოპროტეინის (P2 S), როგორც ვაქცინის ანტიგენის, სტრუქტურული და ბიოფიზიკური დახასიათება” FDA-ს მიაწოდა და ის 14 გვერდიანია.

გრაფენის ოქსიდი მე-7 გვერდზე წინადადებაში გვხვდება იმ ლაბორატორიული პროცედურის აღსაწერად, რომელიც ეხება SARS-CoV-2 სპაიკ ცილის სტრუქტურული მახასიათებლების შესწავლას სპეციფიკური ტიპის მიკროსკოპის გამოყენებით. გრაფენის ოქსიდი არის მასალა, რომელიც გვეხმარება ცილის გამოსახულების აღბეჭდვაში.”

grapheni4 Pfizer-ის დოკუმენტი არ ამტკიცებს, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გრაფენის ოქსიდს შეიცავს

ფეისბუქ მომხმარებელი გოდერძი ელგანდაშვილი შეთქმულების თეორიებსა და ანტივაქსერული შინაარსის პოსტებს ხშირად ავრცელებს. “მითების დეტექტორს” ანგარიშის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია წარსულშიც გამოუვლენია.  

უკვე წლებია ვაქცინებში გრაფენის ოქსიდის შემცველობაზე დეზინფორმაცია ვრცელდება, რომელიც “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. უშუალოდ კოვიდ-19-ის საწინააღდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით ხშირად გამეორებად დეზინფორმაციაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist