მასალა განახლებადია
კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე სხვადასხვა დეზინფორმაცია და კონსპირაცია მედიაში, განსაკუთრებით კი სოციალურ ქსელში პერიოდულად ვრცელდება. “მითების დეტეტექტორი” გთავაზობთ ყველაზე ხშირად გავრცელებულ მითებს კოვიდ ვაქცინებზე და რეალურ ფაქტებს.
მცდარია: კოვიდ ვაქცინები ნიურნბერგის კოდექსის პრინციპებს არღვევს
აღნიშნული მტკიცება ძირითადად ასტრაზენეკას ვაქცინასთან დაკავშირებით გავრცელდა და აპელირება ხდებოდა იმ ფაქტზე, რომ ვაქცინა გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს შეიცავს. რეალურად, ნიურნბერგის კოდექსი ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარებას ეხება და არა ვაქცინაციას. კოდექსის 10 პრინციპს შორის ასევე არ არის ნახსენები გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები (გმო). ამასთანავე, ვაქცინების კვლევის პროცესში მონაწილე ადამიანები მოხალისეები იყვნენ, რაც ნიურნბერგის პირველ პუნქტს შეესაბამება, რომელიც ნებაყოფლობითი თანხმობის პრინციპს უჭერს მხარს.
დეტალურად იხილეთ:
- AstraZeneca-ს ვაქცინა ნიურნბერგის კოდექსს არ არღვევს
მცდარია: ვაქცინირებული ადამიანი გარშემომყოფებისთვის საშიში და ვირუსის გადამტანია
ვაქცინა, პირველ რიგში, თავად ვაქცინირებულს იცავს დაინფიცირებისგან ან დაინფიცირების შემთხვევაში, ვირუსის მსუბუქ მიმდინარეობას განაპირობებს, თუმცა, ადამიანი აცრის შემდეგ ვირუსის მატარებელი არ ხდება და არავაქცინირებულ პირს ვირუსის გადადების საფრთხეს არ უქმნის. ზოგიერთი ვაქცინა, მაგალითად ჩინური სინოფარმი და სინოვაკი მკვდარი ვირუსის უჯრედებს შეიცავს, მას არ შეუძლია ორგანიზმის დაავადება ან სხვა ადამიანის დაინფიცირება გამოიწვიოს.
ვრცლად იხილეთ:
- ანტივაქსერთა კავშირი და ბრიტანელი არალიცენზირებული ექიმი კონსპირაციებს ავრცელებენ
- რას გულისხმობს რუსი აკადემიკოსი – Sputnik-V-ს თუ ჯანმოს მიერ ავტორიზებულ სხვა ვაქცინებს?
მცდარია: ვაქცინირებული ადამიანი კოვიდ19-ის მუტაციების წყაროა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, რომ როდესაც ვირუსი მოსახლეობაში ფართოდაა გავრცელებული და ბევრ ადამიანს აინფიცირებს, ვირუსის მუტაციის შესაძლებლობა იზრდება. კოვიდ19-ის ახალი ვარიანტები მანამდე გაჩნდა, სანამ ქვეყნებში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყებოდა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინებმა მუტაციები გამოიწვიეს. ამ ეტაპზე მოსახლეობის სწრაფი და მასობროვი ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა იმისათვის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდეს და ვირუსმა მოკლე დროში ახალი ვარიანტების წარმოქმნა ვერ მოასწროს.
ამ თემაზე იხილეთ:
- 5 დეზინფორმაცია კორონავირუსის ვაქცინების შესახებ “ობიექტივზე”
- იწვევს თუ არა ვაქცინები კორონავირუსის მუტაციებს? – ანტივაქსერი ფეისბუქ მომხმარებლები მანიპულაციურ ცნობებს ავრცელებენ
მცდარია: კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უნაყოფობას იწვევს
ცნობა იმის შესახებ, თითქოს ვაქცინა ფერტილობაზე მოქმედებს ან აცრამდე სპერმის გაყინვის რეკომენდაციაა გაცემული, დეზინფორმაციაა. რეალურად ვაქცინები ფერტილობის პრობლემებს არ იწვევს. ამასთან, ცხოველებზე კველევებს, რომლებიც FDA-ის მიერ ავტორიზებულ ვაქცინებზე ჩატარდა, ორსულობამდე ან ორსულობის დროს რაიმე საფრთხე არ გამოუვლენია. ვაქცინის მწარმოებლები ასევე ამონიტორინგებენ იმ ადამიანების მონაცემებს, ვინც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა და შემდეგ დაფეხმძიმდა, თუმცა მათ არ დაუფიქსირებიათ იმასგან განსხვავებული გვერდითი ეფექტი, რაც არაფეხმძიმე ადამიანებში რნმ ვაქცინების გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა.
ასევე გავრცელდა სტატისტიკა, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ ორსულობის შეწყვეტის შემთხვევებს ასახავდა, თუმცა ის მანიპულაციურად იყო მკითხველისთვის მიწოდებული, რადგან ვაქცინასა და ორსულობის შეწყვეტას შორის კავშირი არ დადგენილა. გაერთიანებული სამეფოს სამედიცინო და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ ყურადღებით აკვირდებოდა მსგავს შემთხვევებს და განცხადა, რომ ზოგადად პოპულაციაში (პანდემიამდეც) 4 ორსულობიდან ერთი ორსულობის შეწყვეტით მთავრდება და უმეტესად პირველ 12 კვირაში ხდება, შესაბამისად ორსულობის შეწყვეტა ვაქცინაციის შემდგომ პერიოდს უბრალოდ ემთხვევა.
ამ თემაზე იხილეთ:
- ტვ “იმედმა” ფეისბუკზე ანტივაქსერის კომენტარი ფრაგმენტულად და დაუბალანსებლად გაავრცელა
- თინა თოფურია ორსულებში ვაქცინაციის შედეგებზე ინფორმაციას მანიპულაციურად ავრცელებს
- რეკომენდირებულია თუ არა ვაქცინაციამდე სპერმის გაყინვა?
- კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები – მითები და რეალური მდგომარეობა
მცდარია: ეპილეფსიის და ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებისთვის ვაქცინაცია არ შეიძლება
გარდა გვერდით მოვლენებზე გავრცელებული დეზინფორმაციისა, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს გარკვეული დაავადებების მქონე, განსაკუთრებით ონკოლოგიური პაციენტებისთვის კოვიდ19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება რეკომენდებული არ არის. რეალურად, ეპილეფსიით დაავადებული და ონკოლოგიური პაციენტებისთვის ვაქცინაცია უსაფრთხოა. კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის უკუჩვენებას არ წარმოადგენს არც ერთი ქრონიკული დაავადება, პირიქით, ასეთი პაციენტები რისკ ჯგუფს წარმოადგენენ და უფრო მეტად საჭიროებენ ვირუსისგან ვაქცინით დაცვას.
ამ თემაზე იხილეთ:
- 5 დეზინფორმაცია კორონავირუსის ვაქცინების შესახებ “ობიექტივზე”
მცდარია: კოვიდ ვაქცინები კორონავირუსის ახალ მუტირებულ შტამებზე არ მუშაობს
სხვადასხვა შტამზე (ბრიტანული, სამხრეთ-აფრიკული, ინდური (დელტა), ბრაზილიური) ვაქცინების ეფექტიანობასთან დაკავშირებით კვლევები კვლავ გრძელდება, თუმცა ამ დროისთვის არსებული მონაცემები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინებიდან ფაიზერი, მოდერნა, ასტრაზენეკა და ჯონსონი და ჯონსონი ბრიტანული და ბრაზილიური შტამების მიმართაც ეფექტიანია, თუმცა მოდერნა და ასტრაზენეკა ბრაზილიური შტამის მიმართ შედარებით ნაკლები ეფექტიანობით გამოირჩევა.
ბოლო მონაცემებით, ვაქცინების ეფექტიანობა (მაგ: ფაიზერი, ასტრაზენეკა) შემცირებულია დელტა ვარიანტის სიმტომური მიმდინარეობის დროს, თუმცა პაციენტის დაცვას ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალებისგან აცრიდან გასული პერიოდის გათვალისწინებით, 80-90%-ით უზრუნველყოფს. იმ ქვეყნების სტატისტიკა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა აცრილია, აჩვენებს, რომ ვაქცინები მუშაობს: დიდ ბრიტანეთში კოვიდ19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა 2021 წლის ზამთრის თვეებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებულია, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, აშშ-ში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების 99.5% არავაქცინირებული იყო, ხოლო ისრაელში ჰოსპიტალიზებულთა უმრავლესობას, ვინც ვაქცინირებულია, წინა ტალღებთან შედარებით ვირუსი უფრო მარტივად გადააქვთ.
ვრცლად იხილეთ:
- როგორ უმკლავდებიან ვაქცინირებულები პანდემიას ისრაელსა და ამერიკაში?
- ბრიტანეთში ვაქცინაციის სტატისტიკაზე შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
- როგორ მანიპულირებენ ისრაელის ვაქცინაციის მონაცემებით
მცდარია: აცრილი და აუცრელი ადამიანები კორონავირუსს ერთნაირად ავრცელებენ
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრებისა (CDC) და გაერთიანებული სამეფოს კვლევების პირველადი მონაცემების მიხედვით, აცრილი ადამიანი დაინფიცირების შემთხვევაში ისევე გადასცემს სხვას ვირუსს, როგორც აუცრელი, თუმცა ამავე კვლევებში მითითებულია, რომ ვაქცინირებულ ადამიანს დაინფიცირების ნაკლები რისკი აქვს. შესაბამისად, ვირუსის გავრცელება უფრო მეტად აუცრელ ადამიანებში მიმდინარეობს.
გადამდებობის საფრთხეზე ვრცლად იხილეთ:
- არჩილ მარშანიას 7 პასუხი ანტივაქსერებს და სკეპტიკოსებს
- რას გვაჩვენებს რეალურად ისრაელის მაგალითი და არიან თუ არა აცრილები და აუცრელები ერთნაირად გადამდები?
მცდარია: “ყვითელი ბარათი” და VAERS სისტემა აჩვენებს, რომ კოვიდ ვაქცინებმა ადამიანების გარდაცვალება გამოიწვია
იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ვაქცინაციის შედეგად ამერიკის შეერთებულ შტატებში ან გაერთიანებულ სამეფოში ხშირად სხვადასხვა სტატისტიკა ვრცელდება. წყაროდ იმოწმებენე “ყვითელი ბარათის” და VAERS-ის მონაცემებს, თუმცა არ ხსნიან რეალურად რას გულისხმობს ეს სისტემები. ორივე სქემის მიზანი ვაქცინისა და მედიკამენტების გვერდითი ეფექტების აღრიცხვაა, რა დროსაც მომხმარებლის მიერ მიწოდებული შეტყობინებების გენერირება ხდება და ამ სისტემებში შეტყობინებების დატოვება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რაც შემდეგ დამატებით კვლევას და დადასტურებას საჭიროებს, რადგან გვერდითი ეფექტები ან გარდაცვალება შესაძლოა სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული და მას ვაქცინაცია მხოლოდ დროში უსწრებდეს. მასობრივი ვაქცინაციის დროს მსგავსი დამთხვევები ხდება და ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონკრეტული შედეგი აცრის გამო დადგა. ასეთი აღრიცხვის სისტემას ევროკავშირშიც აბრის და მას EudraVigilance ჰქვია, რაც ასევე გამხდარა მანიპულირების საგანი.
ვრცლად იხილეთ:
- რუსეთის პირველი არხი “ყვითელი ბარათის” მონაცემებს მანიპულაციურად ავრცელებს
- რა ცნობები ვრცელდება ვაქცინების გვერდითი მოვლენების შესახებ?
- რა არის VAERS-ის სისტემა და რა ვიცით ამერიკაში ვაქცინაციის პროცესზე?
მცდარია: კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ექსპერიმენტულია და ჯანმოს მიერ დამტკიცებული არ არის
ანტი-ვაქსერები ხშირად აპელირებენ იმ ფაქტზე, რომ კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს ჯანმოს ან FDA-ს ავტორიზაცია აქვთ მიღებული და არა ლიცენზია. რეალურად, გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაციის მინიჭება ვაქცინებისთვის მაშინ ხდება, როდესაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის გადაუდებელი მდგომარეობაა, მაგალითად პანდემია, თუმცა ის ვაქცინების უსაფრთხოებას ეჭვქვეშ არ აყენებს, რადგან ყველა ავტორიზებულ ვაქცინას კვლევის სამი ფაზა გავლილი აქვს და უსაფრთხოდ და ეფექტიანად არის შეფასებული.
ანტი-ვაქსერები ასევე ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს კოვიდ ვაქცინების გამოცდა 2023 წელს დასრულდება, თუმცა ეს თარიღი რეალურად Pfizer-ის მიერ თავისი ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინგის დასრულებას აღნიშნავს და მანიპულაციურად ვრცელდება. Pfizer აღნიშნული მონიტორინგის წარმოებას ვაქცინის კვლევის მესამე ფაზის მონაწილეებზე 2023 წლამდე გეგმავს. ეს მიღებული პრაქტიკაა არა მხოლოდ კორონავირუსის ვაქცინების, არამედ ზოგადად ყველა სახის ვაქცინის და მედიკამენტის შემთხვევაში.
2021 წლის 23 აგვისტოს FDA-მ ფაიზერის ვაქცინა სრულად დაამტკიცა.
ვრცლად იხილეთ:
- ტვ “იმედმა” ფეისბუკზე ანტივაქსერის კომენტარი ფრაგმენტულად და დაუბალანსებლად გაავრცელა
- ინფორმაცია, თითქოს FDA-ის Pfizer-ის ვაქცინა არ დაუმტკიცებია, მცდარია
- როგორ მუშაობენ სხვადასხვა ვაქცინები და არის თუ არა რომელიმე საფრთხის შემცველი?
- რას აჩვენებს უახლესი კვლევები AstraZeneca-ს, Johnson&Johnson-ის და სხვა ვაქცინების ეფექტიანობასა და გვერდით ეფექტებზე?
მცდარია: ასტრაზენეკას ვაქცინა აბორტირებული ემბრიონის უჯრედებს შეიცავს
ვაქცინის შექმნის საწყის კვლევით ეტაპზე ემბრიონის უჯრედული ხაზი (HEK-293) გამოიყენება, რომლის იზოლირება 1970-იან წლებში მოხდა, ხოლო აბორტი არჩევითად და არაკვლევითი მიზნებისთვის ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიებში დღესაც იგივე უჯრედებს ზრდიან და ვაქცინების კვლევაში გამოსაყენებლად დამატებით ახალი აბორტირებული ემბრიონის უჯრედები არ აუღიათ. ამასთან, ემბრიონის უჯრედებს ვაქცინა არ შეიცავს, ის მხოლოდ ვაქცინების ლაბორატორიული გამოცდისას გამოიყენება, ხოლო ვაქცინა მისი შემუშავების შემდეგ მინარევებისგან იწმინდება.
ამ თემაზე იხილეთ:
- არც ვაქცინები და არც Nestle-ს, Craft-ის, PepsiCo-ს საკვები პროდუქტები აბორტირებული ემბრიონის უჯრედებს არ შეიცავენ
- 6 ტყუილი COVID-19-ზე, ვაქცინებზე და დაპატენტებულ ვირუსებზე
მცდარია: ვაქცინაში შემავალი პოლისორბატ 80 საშიში ნივთიერებაა
პოლისორბატ 80 ზოგიერთი ვაქცინის, მათ შორის ასტრაზენეკას შემადგენლობაში შედის, თუმცა ის სტაბილიზატორად გამოიყენება და ასევე ვაქცინაში ძალიან მცირე დოზითაა, რაც საფრთხეს არ წარმოადგენს. პოლისორბატ 80-ს საკვები დანამატებიც შეიცავს და კოსმეტიკურ საშუალებებშიც გამოიყენება.
ვრცლად იხილეთ:
- რა არის პოლისორბატ 80 და სახიფათოა თუ არა მისი ვაქცინებში გამოყენება?
მცდარია: კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ლუციფერინს შეიცავს
მტკიცება, რომ კოვიდის ვაქცინა ლუციფერენის შეიცავს და შესაბამისად ის ბნელ ძალასთან ასოცირდება, მცდარია. კოვიდის არცერთ ვაქცინაში ლუციფერინი არ არის, თავად ეს ნივთიერება კი უვნებელია და სინათლეს წარმოქმნის. ის გვხვდება ისეთ ცოცხალ სხეულებში, როგორიცაა ციცინათელა.
ვრცლად იხილეთ:
- ლუციფერინი – ბნელი კონსპირაცია თუ ნათელი ბიოქიმიური რეაქცია?
- როგორია კოვიდ ვაქცინების შემადგენლობა და რა კავშირი აქვს დალესს ჯანმოსთან და Вечный зов-თან?
მცდარია: Moderna-ს ვაქცინა სახიფათო ნივთიერება SM-102-ს შეიცავს
სოციალურ ქსელში გავრცელდა რუსულენოვანი ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, რომ Moderna-ს ვაქცინაში ერთ-ერთი ინგრედიენტად ლიპიდური ნივთიერება SM-102 შედის. ვიდეოს ავტორი Google-ის საძიებო სისტემაში უთითებს SM-102-ს და ხსნის რუსული ვიკიპედიის შესაბამის სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ ნივთიერება SM-102 ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და უარყოფითად ზემოქმედებს ნერვულ სისტემაზე, აზიანებს რეპროდუქციულ უნარს და მუცლადმყოფ ნაყოფს, იწვევს სიმსივნურ დაავადებებს და ა.შ. რეალურად, ვიდეოში ჩამოთვლილი ჯანმრთელობის რისკები არა საკუთრივ SM-102-ს, არამედ აღნიშნული ნივთიერებისა და მომწამვლელი ქლოროფორმის ნარევს ახასიათებს, რომელიც სამედიცინო მიზნებით არ გამოიყენება. ხოლო მოდერნას ვაქცინის შემადგენლობაში SM-102 მცირე რაოდენობით შედის და მას ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა არ აქვს.
ამ თემაზე იხილეთ:
- ვაქცინის ინგრედიენტი თუ ტოქსიკური მჟავა? – ვაქცინების შემადგენლობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
მცდარია: ვაქცინებში მომწამვლელი ნივთიერება გრაფენის ოქსიდი შედის
გრაფენი ნახშირბადის ატომებით აგებული ორგანზომილებიანი ბრტყელი კრისტალია, რომელშიც ატომები ერთმანეთს ჰეგსაგონის ფორმით უკავშირდება. გრაფენი ფოლადზე უფრო მტკიცე და ამავდროულად ელასტიურია, მას სატრანსპორტო, ელექტრონიკის და სხვა დარგებში იყებენენ. რაც შეეხება კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს, მათ შემადგენლობაში გრაფენი და მისგან მიღებული ოქსიდი არ შედის.
გრაფენის ოქსიდს კონსპირაციულად უკავშირებდნენ მობილურის ოპერაციულ სისტემას, მელანია ტრამპის კაბას, ამერიკელი ტატუ არტისტის ნამუშევარს და სხვა საგნებს, თუმცა მათ მხოლოდ ჰეგსაგონის ფორმა აერთიანებთ.
ვრცლად იხილეთ:
- რა კავშირი აქვს გრაფენის ოქსიდს ვაქცინასთან, მელანია ტრამპის კაბასთან და ტატუ-არტისტთან?
მცდარია: ფაიზერის და მოდერნას ვაქცინები ტოქსიკურ ნივთიერებება ALC-0315-ს შეიცავს
მოდერნას ვაქცინის შემადგენლობაში ALC-0315 არ შედის, ხოლო ფაიზერის ვაქცინის ერთ-ერთი ინგრედიენტი ALC-0315 ლიპიდს წარმოადგენს, ლიპიდები ინფორმაციულ რნმ-ს ცხიმოვან გარსში ათავსებენ მას უჯრედში შეღწევაში ეხმარებიან. ALC-0315 სხვადასხვა ნაერთისგან შედგება, მათ შორის, შეიცავს ჰექსანსა და ჰიდროქსიბუტილს, რომელზეც ანტივაქსერები ამბობენ, რომ ნერვული სისტემის დაზიანებას იწვევს, თუმცა ეს ნივთიერებები არა საწყისი ფორმით, არამედ ნაერთის სახით შედის ALC-03150-ში და ამასთანავე ძალიან მცირე რაოდენობით, ამიტომაც ადამიანისთვის სახიფათო არ არის.
ვრცლად ამ თემაზე იხილეთ:
- ფაიზერის და მოდერნას ვაქცინებში ტოქსიკური ინგრედიენტები არ გვხვდება
მცდარია: კოვიდ19-ის ვაქცინა გენური ინჟინერიით შექმნის გამო საფრთხის შემცველია
რეალურად გენური ინჟინერიით ვაქცინის შექმნის მეთოდი პრობლემას არ წარმოადგენს და პირიქით, ის ტრადიციულ მეთოდზე უფრო სწრაფი და იაფია.
ვაქცინის კვლევას დრო მართლაც სჭირდება, თუმცა ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია, რომ კვლევების დრო მაქსიმალურად შემცირდეს და ვაქცინის უსაფრთხოების წესებიც სრულად იყოს დაცული. დროის მოგება კი სხვადასხვა მეთოდით არის შესაძლებელი. ამჟამად ჯანმოს მიერ ავტორიზებულ ყველა ვაქცინას კვლევის სავალდებულო ეტაპები, მათ შორის ცხოველებზე გამოცდაც გავლილი აქვს.
ვაქცინაციაზე ვრცლად იხილეთ:
- “საერთო გაზეთში” ვაქცინაციის შესახებ 8 ტყუილი და 2 მანიპულაცია ვრცელდება
- 5 მითი ვაქცინაზე და ექიმის პასუხი
მცდარია: კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანის დნმ-ის ცვლილებას იწვევს
ხშირად ვრცელდება ცნობები, თითქოს კოვიდ19-ის ვაქცინა ადამიანის გენეტიკას, მის დნმ-ს შეცვლის, თუმცა ეს მხოლოდ უსაფუძვლო ეჭვია, რადგან რნმ ტექნოლოგიით შექმნილი ვაქცინების შემთხვევაში, ქიმიური განსხვავებების გამო, შეუძლებელია, ვაქცინით ადამიანის ორგანიზმში შეყვანილი ვირუსის რნმ მოლეკულა ადამიანის უჯრედულ დნმ-ს შეერწყას, რნმ-ის მოლეკულა კი უჯრედში დეგრადირდება და ნადგურდება. რაც სხვა კოვიდ ვაქცინებს, რომლებიც ინაქტივირებულია ანუ ვირუსის გამომწვევ მკვდარ უჯრედებს შეიცავს, ტრადიციული მეთოდითაა შექმნილი, რაც წარსულში სხვა ვაქცინების შემთხვევაში მასობრივი ვაქცინაციის დროს გამოიყენებოდა.
რნმ ვაქცინებზე ვრცლად იხილეთ:
- რნმ-ზე თუ დნმ-ზე დამყარებული ვაქცინა?
- რას გულისხმობს გეიტსის გეგმა და საიდან მოდის დეზინფორმაცია რნმ ვაქცინის საფრთხის შესახებ?
- Pfizer-სა და Moderna-ს გვერდითი ეფექტები იშვიათია, ხოლო რნმ ტექნოლოგია უსაფრთხოა
მცდარია: კოვიდ ვაქცინებით ორგანიზმში ნანოჩიპები შეჰყავთ
ადამიანების დაჩიპვაზე კონსპირაცია კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოჩენისთანავე გააქტიურდა და მას ძირითადად ბილ გეიტსის მიზნებთან აკავშირებდნენ, თუმცა გეიტსმა არა მიკროჩიპების იმპლანტირებაზე, არამედ ციფრულ სერტიფიკატებზე ისაუბრა, რომელიც პიროვნების ვაქცინაციაზე ინფორმაციის შემცველი ელექტრონული დოკუმენტია. ამასთან, სპეციალისტების შეფასებით, თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობის გათვალისწინებით, ვაქცინაში, მის ნანო ნაწილაკებში რობოტების ან კომპიუტერების ჩამონტაჟება წარმოუდგენელია.
ჩიპებთან დაკავშირებით ვიდეომანიპულაციაც ვრცელდებოდა, სადაც აჩვენებდნენ, თითქოს მაგნიტი ადამიანს აცრილ მკლავზე ეკვრის.
ვრცლად ამ თემაზე იხილეთ:
- აპირებს თუ არა ბილ გეიტსი COVID-19-თან მიკროჩიპებით ბრძოლას?
- ვაქცინაში ნანორობოტების შესახებ კონსპირაციას გეიტსი “სულელურს და უცნაურს” უწოდებს
- დავით ისაკაძე COVID-19-ის ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს
- აქვს თუ არა ვაქცინაციის ადგილს მაგნიტური რეაქცია?
მცდარია: კოვიდ19-ის ვაქცინა ვირუსისგან არ იცავს, რადგან ადამიანები აცრის შემდეგ მაინც ავადდებიან
ხშირია მანიპულირება ისეთი შემთხვევებით, როდესაც ერთი ან ორივე დოზით ვაქცინაციის შემდეგ ადამიანების დაინფიცირება ხდება. რეალურად, ვირუსისგან 100%-იან დაცვას ამჟამად ავტორიზებული არც ერთი ვაქცინა არ უზრუნველყოფს, თუმცა დაინფიცირების შემთხვევაში დაავადება ძირითადად უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, პაციენტი კი მდგომარეობის დამძიმებისგან და გარდაცვალებისგან არის დაცული. აღსანიშნავია ისიც, რომ ვაქცინის სრული ეფექტიანობის გამოსავლენად, (თუ ვაქცინა მხოლოდ ერთ დოზას არ მოითხოვს, მაგ: Johnson&Johnson) ორი დოზის გაკეთება აუცილებელია, ხოლო ორგანიზმში ანტისხეულების გამომუშავებას ვაქცინაციის შემდეგ ასევე გარკვეული დრო, დაახლოებით 2 კვირა სჭირდება.
ვრცლად იხილეთ:
- ვინ მანიპულირებს ჯანდაცვის მინისტრის ინფიცირების ცნობით ვაქცინის ეფექტიანობის თემაზე?
მცდარია: ნობელიანტმა მეცნიერმა ლუკ მონტანიემ 2 წლის განმავლობაში რნმ ვაქცინით აცრილების გარდაცვალება იწინასწარმეტყველა
ანტივაქსერებმა გაავრცელეს ყალბი ციტატა, თითქოს მეცნიერმა ლუკ მონტანიემ განაცხადა, რომ რნმ ვაქცინაციის შემდეგ ადამიანები 2 წლის განმავლობაში “ანტისხეულებზე დამოკიდებული გაძლიერებით” (ADE) დაიღუპებიან. რეალურად, მონტანიეს გარდაცვალებაზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინები “ანტისხეულებზე დამოკიდებულ გაძლიერებას” იწვევს. “ანტისხეულებზე დამოკიდებული გაძლიერება” არის მდგომარეობა, როდესაც დაინფიცირების შემთხვევაში ინფექცია ძლიერდება. აღნიშნული განცხადება მტკიცებულებების გარეშეა, რადგან ამ დროისთვის ვაქცინირებულ ადამიანებში ანტისხეულებზე დამოკიდებული გაძლიერების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ამ თემაზე იხილეთ:
- ვინ ავრცელებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე ნობელის პრემიის ლაურეატის ყალბ ციტატას?
მცდარია: კოვიდ19-ით დაავადებული უსიმტომო პაციენტებისთვის ვაქცინაცია საფრთხის შემცველია
მტკიცება, თითქოს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა სახიფათოა იმ ადამიანისთვის, ვინც კოვიდ19-ით არის ინფიცირებული და ამიტომ აცრამდე PCR ტესტის ჩატარებაა საჭირო, სიმართლეს არ შეესაბამება. იმუნოლოგების განმარტებით, თუ ადამიანი თავს შეუძლოდ გრძნობს ან რესპირატორული სიმპტომები აქვს, საჭიროა ვაქცინაცია გადავადდეს, თუმცა თუ ადამიანს კოვიდ19 უსიმპტომოდ აქვს და მან ამის შესახებ არ იცის, მისთვის აცრა საფრთხეს არ წარმოადგენს.
რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რატომ არის საჭირო სიმპტომების გამოვლენის და ინფიცირების შემთხვევაში აცრის გადავადება ან კოვიდ19-ის გადატანის შემდეგ ვაქცინამდე გარკვეული პერიოდი მოცდა, ამასთან დაკავშირებით იხილეთ:
- კოვიდ-19-ით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტებისთვის ვაქცინაცია უსაფრთხოა
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.