11-12 ივლისს ლიეტუვის ქალაქ ვილნიუსში გამართული ნატოს სამიტის შემდეგ ფეისბუქზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსახულებით რამდენიმე ცნობილი გამოცემის ილუსტრაცია გავრცელდა.
12 ივლისიდან ქართულ (1,2) და რუსულენოვანი (1,2,3,4) ფეისბუქ ანგარიშები გერმანული გამოცემა Handelsblatt-ის გარეკანის ფოტოს ავრცელებდნენ, რომელზეც ვხედავთ, როგორ ცდილობს ზელენსკი მიწვდეს მის თავზე დამაგრებულ ლურჯი ფერის კარს, რომელზეც ნატოს დროშაა გამოსახული. ზელენსკის ფონზე ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგია გამოსახული, ხოლო მის გვერდით ვხედავთ გერმანულენოვან ფრაზას: “Eine endlose Geschichte. Es ist Zeit, unsere Einstellungen über die geistigen Fähigkeiten des Präsidenten der Ukraine zu überdenken“ (დაუსრულებელი ისტორია, დროა გადავხედოთ ჩვენს დამოკიდებულებას უკრაინის პრეზიდენტის გონებრივი შესაძლებლობების მიმართ).
14 ივლისს მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსახულებით რამდენიმე კარიკატურა გაავრცელა. თანდართული რუსულენოვანი წარწერის მიხედვით, აღნიშნული ილუსტრაციები დასავლურ პრესაში ვილნიუსის სამიტის შემდეგ გამოჩნდა. ერთ-ერთ კარიკატურაზე თურქულენოვანი იუმორისტული ჟურნალის LeMan-ის სახელის ნაწილს ვხედავთ. მასზე გამოსახული უკრაინის პრეზიდენტი ბოძზეა მიბმული და ცეცხლმოკიდებული სამხედრო ტექნიკის ნარჩენებზე დგას.
LeMan-ისა და Handelsblatt-ის გავრცელებული გარეკანები გაყალბებულია. მსგავსი ილუსტრაციები გამოცემების ოფიციალურ საიტებსა და სოციალურ ქსელებში არ იძებნება. გარეკანების სიყალბეს თავად გამოცემებიც ადასტურებენ.
ფეისბუქზე გავრცელებული გერმანული ჟურნალი Handelsblatt-ის გარეკანზე თარიღად 2023 წლის 14/15/16 ივლისია მითითებული, ხოლო გამოცემის ნომრად – 134. ჟურნალის ოფიციალურ საიტზე მსგავსი გარეკანი არ გვხვდება. 134-ე ნომრის გარეკანზე კომპანია “მაიკროსოფტის” აღმასრულებელი თავმჯდომარე სატია ნადელაა გამოსახული.
გავრცელებული ილუსტრაცია გერმანულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Correctiv-მაც შეისწავლა. Handelsblatt-ის წარმომადგენელმა ორგანიზაციას დაუდასტურა, რომ მსგავსი გარეკანი გამოცემის არც ერთ ნომერზე არ გვხვდება.
13 ივლისს გამოცემის ტვიტერის გვერდზე გამოჩნდა განცხადება, რომ ბოლო პერიოდში Handelsblatt-ის არაერთი ყალბი გარეკანი გავრცელდა და ნამდვილი გარეკანების ნახვა გამოცემის საიტზეა შესაძლებელი.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა გერმანული გამოცემის ანტიუკრაინული შინაარსის გაყალბებული გარეკანი ვრცელდება. 2023 წლის ივნისში “მითების დეტექტორმა” შეამოწმა ილუსტრაცია, რომელიც უკრაინის მიმდინარე კონტრშეტევას ეხებოდა. ვრცლად იხილეთ მასალაში:
რაც შეეხება თურქული გამოცემა LeMan-ის გარეკანს, დავით ქართველიშვილი პოსტის აღწერაში ირონიულად წერს: “არა რუსულ კარიკატურებს!!! არა რუსეთის მონებს!!!”, თუმცა, პოსტის კომენტარებში ადასტურებს, რომ ილუსტრაციები დასავლურ პრესას ეკუთვნის.
სქრინშოტი რუსულენოვანი ტელეგრამ არხიდანაა აღებული, სახელად Павел Онищенко. ორიგინალ ტელეგრამ მესიჯში LeMan-ის სახელით გავრცელებული გარეკანი სრული სახით შეგვიძლია ვნახოთ.
გავრცელებული გარეკანი გაყალბებულია. მასზე გამოცემის ნომრად 1633-ა მითითებული, ხოლო თარიღად 12 ივლისი, თუმცა, ამ თარიღში გამოსული ნომრის გარეკანზე სულ სხვა ილუსტრაცია გვხვდება:
ილუსტრაცია ზელენსკის გამოსახულებით არც გამოცემის წინა ნომრებზე არ გვხვდება. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია თავად LeMan-მაც უარყო და ტვიტერის საკუთარ გვერდზე “უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის” ტვიტი გააზიარა, სადაც განმარტებულია, რომ გარეკანი გაყალბებულია.
ცნობილი გამოცემების გარეკანების გაყალბება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ კრემლისტური ნარატივების გასავრცელებლად ხშირად გამოიყენება. ომის დაწყებიდან დღემდე “მითების დეტექტორმა” არაერთი გაყალბებული გარეკანი გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში:
- COURRIER INTERNATIONAL-ის სახელით უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე ყალბი კარიკატურა ვრცელდება
- EL JUEVES-ის სახელით ჟურნალის მორიგი გაყალბებული გარეკანი ვრცელდება
- გერმანული და პოლონური გამოცემების სახელით გაყალბებული გარეკანის ფოტოები ვრცელდება
- როგორ აყალბებს კრემლის პროპაგანდა დასავლური გამოცემების გარეკანებს უკრაინის წინააღმდეგ
წყაროების შესახებ:
ფეისბუქ ანგარიშების ნაწილი, რომლებიც გაყალბებულ გარეკანებს ავრცელებდნენ, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის მცდარ ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს.
ქართულენოვანი ანგარიშის Davit Jebashvili-ის და რუსულენოვანი ანგარიშის Злой Ёжик-ის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა (1,2).
რუსულენოვანი ანგარიში Аркадий Шумский უკრაინისა და უკრაინის არმიის, ასევე დასავლური ღირებულებების მადისკრედიტირებელ ინფორმაციას, მათ შორის ყალბ ამბებს, ხშირად ავრცელებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.