2023 წლის 30-31 მაისს Facebook-ის რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2, 3, 4) ესპანური სატირული ჟურნალი EL JUEVES-ის გარეკანის ფოტო გაავრცელეს. გარეკანზე ჩანს მატლები და ჩონჩხი, უკრაინის დროშის მქონე ჩაფხუტით, ასევე წარწერა, რომელიც მატლებს მიეწერება: „რა კონტრშეტევა? ჯერ არ დაგვიმთავრებია მისი ჭამა!” კარიკატურა ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება.
ესპანური სატირული ჟურნალის სახელით გავრცელებული გარეკანი გაყალბებულია. ჟურნალის ბოლო ნომერი სერიული ნომრით 2,388 6 ივნისს გამოვიდა და დიზაინი რუსულენოვანი ანგარიშების მიერ გავრცელებულ ვერსიას არ ემთხვევა. მსგავსი კარიკატურა EL JUEVES-ის სპეციალური ნომრების გარეკანთა არქივშიც არ იძებნება.
-
EL JUEVES-ის ავთენტური გარეკანი სერიული ნომრით 2,388 ინტერნეტში გავრცელებული ვერსიისგან განსხვავებულია.
რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშების მიერ გავრცელებული გარეკანის ზედა ნაწილში სერიული ნომერი 2388 ჩანს. ჟურნალის მოცემული ნომერი მაისის ნაცვლად, 6 ივნისს გამოვიდა, მაგრამ მისი დიზაინი და შტრიხკოდი განსხვავებულია. ავთენტური ვერსიის გარეკანზე ადიქტების შეკრებაა გამოსახული წარწერით: “მსგავსი შეხვედრები უფრო ადვილი იყო, როცა ამდენი რამ არ იწვევდა დამოკიდებულებას.”
EL JUEVES-ის სოციალური მედიის გვერდებზე (1, 2) მკითხველს ჟურნალის გარეკანების ნახვა შეუძლია. მსგავსი კარიკატურა, რომელიც უკრაინელების კონტრშეტევას ეხება, არც ჟურნალის წინა ნომრებში და არც სპეციალური გამოშვებების არქივში იძებნება.
ჟურნალის ყველა წინა ნომერი EL JUEVES-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
სხვადასხვა დასავლური გამოცემების გარეკანების გაყალბება კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი ხშირად გამოყენებადი მეთოდია. რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში გაყალბებული გარეკანები “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად, იხილეთ ჩვენი სტატიები:
- როგორ აყალბებს კრემლის პროპაგანდა დასავლური გამოცემების გარეკანებს უკრაინის წინააღმდეგ
- ეკუთვნის თუ არა გავრცელებული კარიკატურა ესპანურ სატირულ ჟურნალს EL JUEVES-ს?
- უკრაინაზე “შარლი ებდოს” გარეკანის გაყალბებული კარიკატურები ვრცელდება
მოამზადა არპინე ჰოვანისიანმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.