რუსეთის მთავრობა და კრემლის სხვა აქტორები წლებია ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს პოლონეთი დასავლეთ უკრაინის შემოერთებას გეგმავს. ეს ნარატივი განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან გააქტიურდა, მას შემდეგ რაც პოლონეთმა უკრაინას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. კრემლი ცდილობს აზრის დამკვიდრებას, რომ პოლონეთი ომს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს და უკრაინის დახმარების სანაცვლოდ რეალურად დასავლეთ უკრაინის ტერიტორიებს “ითხოვს”, რომელიც პოლონეთის მეორე რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა.
სხვადასხვა ნარატივებთან ერთად, პოლონურმა პრორუსულმა გამოცემამ – Niezależny Dziennik Polityczny, 2022 წლის 16 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში თარიღებიც დაასახელა, რომლის თანახმად, “განმათავისუფლებელი მარში” კიევზე 2023 წლის 4 მაისს უნდა დაწყებულიყო. რეფერენდუმი კი 11 ივლისს “იგეგმება”.
საუბარია დასავლეთ უკრაინის ხუთი რეგიონის – ვოლინი, ლვივი, ივანო-ფრანკივსკი, ტერნოპილი და რივნე – შემოერთებასთან დაკავშირებით.
“მითების დეტექტორმა” ომის დაწყების დღიდან ამ თემაზე არაერთი სტატია მოამზადა. პოლონეთის მიერ უკრაინის ანექსიის თემაზე 6 ძირითადი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა.
- პოლონეთი უკრაინის რუსეთთან, უნგრეთთან და რუმინეთთან განაწილებას აპირებს
- პოლონეთი კიევში ჯარების შეყვანას გეგმავს
- პოლონეთის მთავრობა უკვე აღარ მალავს, რომ უკრაინის შემოერთებას აპირებს – “ანჯეი დუდას აღიარება”
- ზელენსკი პოლონეთის პრეზიდენტს დასავლეთ უკრაინის მიწებს გარკვეული დახმარებებისა და გარანტიების სანაცვლოდ დაპირდა
- კანონი უკრაინაში მცხოვრები პოლონელებისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებაზე უკრაინის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის
- პოლონეთმა ლვივის შემოერთებისთვის რეფერენდუმი დაგეგმა
-
პოლონეთი უკრაინის რუსეთთან, უნგრეთთან და რუმინეთთან განაწილებას აპირებს – რუკები
2022 წლის მარტში სოციალურ ქსელსა და კრემლის მედიაში ვრცელდებოდა რუკა, რომელშიც უკრაინა რამდენიმე ქვეყანას – პოლონეთს, რუსეთს, რუმინეთსა და უნგრეთს – შორის იყო გადანაწილებული. აღწერების მიხედვით, რუკა პოლონურ არხზე გავიდა და პოლონეთის მიერ უკრაინის გადანაწილების გეგმად იყო წარმოდგენილი. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ რუკა პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2014 წლის 24 მარტს გასული სიუჟეტიდან იყო, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი ვლადიმერ ჟირინოვსკის წერილს შეეხებოდა. ჟირინოვსკი პოლონეთს უკრაინის გადანაწილებაში მონაწილეობას სთავაზობდა და რუკაც ამ გადანაწილების ვიზუალიზაციად იყო გამოყენებული.
ვლადიმერ ჟირინოვსკი იდენტურ განცხადებებს რუსეთის დუმაშიც აკეთებდა.
„ვფიქრობ, დადგა დრო არა მხოლოდ რუსეთის მიწები დაბრუნდეს რუსეთის დროშის ქვეშ, არამედ დასავლეთ უკრაინის ტერიტორია დაუბრუნდეს პოლონეთს, უნგრეთსა და რუმინეთს“, – განაცხადა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ.
ვრცლად ამ თემაზე იხილეთ:
პოლონეთის მიერ დასავლეთ უკრაინის შემოერთების გეგმის მტკიცებულებალად 2023 წლის იანვარში კიდევ ერთი რუკა ვრცელდებოდა, რომელიც რუსული მედიის თანახმად, პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (TVP 1) ამინდის პროგნოზის გამოშვებაში გავიდა. რუსული მედიის მტკიცებით, რუკაზე ლვივის ოლქი პოლონეთის შემადგენლობაში იყო შეყვანილი. სტატიებს თან TVP 1 – ის ლოგოს გამოსახულებით კადრი ერთვოდა, რომელზეც პოლონეთის რუკა და ამინდის პროგნოზი ჩანდა. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ გავრცელებული კადრი ფოტოფაბრიკაციაა და ის პოლონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ გასულა. ამაზე რამდენიმე ფაქტორი მეტყველებს: 1. კადრზე გამოსახული წამყვანი არა პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, არამედ “რადიო მარიას” ჟურნალისტი – იოანა ვისოცკაა. მისი ფოტო კადრში პროგრამულადაა ჩასმული. 2. რუკაზე ქალაქებისა და ქვეყნების პოლონური დასახელება შეცდომებითაა დაწერილი. 3. პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ამინდის პროგნოზის გრაფიკული დიზაინი გავრცელებულისგან განსხვავებულია და მასზე მხოლოდ ის ტერიტორიაა დატანილი, რომელიც პოლონეთს ოფიციალურად ეკუთვნის.
ვრცლად ამ თემაზე იხილეთ:
- კრემლის მედია პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით პოლონეთის რუკას კვლავ აყალბებს
-
პოლონეთი კიევში ჯარების შეყვანას გეგმავს
გარდა აღნიშნული რუკისა, 2022 წლის მარტში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პოლონეთს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ნატოს ჩართვა და შემდეგ, სიტუაციის გამოყენებით დასავლეთ უკრაინის შემოერთება სურდა. ეს მტკიცება პოლონეთის ვიცე-პრემიერის იაროსლავ კაჩინსკის გაჟღერებულ ინიციატივას მოყვა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს სამშვიდობო მისიის შეყვანას გულისხმობდა.
ინიციატივა პოლონეთის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ კიევში 16 მარტს გააჟღერა, თუმცა 24 მარტს გამართულ ალიანსის საგანგებო სხდომაზე, ნატოს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს.
კაჩინსკის ინიცატივას მალევე მოყვა ინტერპრეტაციები. 16 მარტს, კაჩინსკის ერთ-ერთმა მრჩეველმა განმარტა, რომ ინიციატივა უკრაინაში ნატოს სამხედრო ინტერვენციას არ გულისხმობდა.
“აქ პოზიცია უცვლელია. არც პოლონეთი და არც ნატო არ იღებენ და არც მიიღებენ ომში მონაწილეობას”, – განუცხადა მიხალ დვორჩიკმა პოლონურ რადიოს.
17 მარტს პოლონეთის მთავრობის ვებ-გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც ცნობები იმის შესახებ, თითქოს პოლონეთს დასავლეთ უკრაინასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს, კრემლის დეზინფორმაციად არის შეფასებული.
ვრცლად ამ თემაზე იხილეთ:
- ნატოს სამშვიდობო მისია თუ დასავლეთ უკრაინის დაბრუნება – ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას პოლონეთის გეგმებზე?
-
იაკოვ კედმის დეზინფორმაცია პოლონეთის მიერ დასავლეთ უკრაინაში ჯარების შეყვანაზე
პოლონეთის მიერ უკრაინაში ჯარის შეყვანაზე დეზინფორმაციას კრემლის პროპაგანდისტი ექსპერტი იაკოვ კედმიც ავრცელდებდა. 2022 წლის ივლისში ის ამბობდა, რომ აგვისტოში პოლონეთი დასავლეთ უკრაინაში ორი ბრიგადის შეყვანას და დასავლეთ რეგიონებზე კონტროლის აღებას გეგმავდა, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს, რომლებიც ამჟამად იქ არიან განლაგებული, მისი თქმით, დონბასში ფრონტის ხაზზე გადაიყვანდნენ. კედმის მტკიცებით, ინფორმაცია პოლონეთის სადაზვერო სამსახურზე დაყრდნობით ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ არც 2022 წლის აგვისტოში და არც შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია პოლონეთის მიერ უკრაინაში ჯარების შეყვანაზე არსად დადასტურებულა.
ვრცლად, ამ თემაზე იხილეთ:
პოლიტოლოგი იაკოვ კედმი Free Russia-ს მიერ მომზადებული “პუტინის სიაში” ფიგურირებს, როგორც პირი, რომელიც თანამშრომლობს პუტინის რეჟიმთან და ჩართულია რუსული ტელევიზიების პროპაგანდაში.
კედმი რეგულარულად აკრიტიკებს უკრაინას და მუდმივად ანტისემიტიზმსა და ნაციზმთან კოლაბორაციაში სდებს ბრალს. გარდა ამისა, კედმი სირიაში რუსეთის ქმედებებსაც ამართლებს.
იაკოვ კედმის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:
- ALT-TV-ის რუსული ხაზი: სტუმრები “პუტინის სიიდან”
-
პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო მოხალისეებს ლიეტუვურ-პოლონურ-უკრაინულ კორპუსში იწვევს
პოლონეთის უკრაინაში ინტერვენციაზე 2023 წლის აპრილში ასევე გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ლიეტუვურ-პოლონურ-უკრაინული სამხედრო კორპუსი იქმნებოდა და ის უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მიიღებდა მონაწილეობას. ამ თემაზე პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს სახელით კი ყალბი ტექსტური შეტყობინება გავრცელდა, თითქოს პოლონეთის მოქალაქეებს ამ სამხედრო კორპუსში გასაწევრიანებლად იწვევედნენ. აღნიშნული ინფორმაცია 18 აპრილს ლიეტუვურ-პოლონურ-უკრაინულმა ბრიგადამ ფეისბუკის და ტვიტერის გვერდებზე უარყო. უშუალოდ ეს დანაყოფი კი 2015 წლის შემოდგომიდან არსებობს და ის ამჟამად მოხალისეთა რეკრუტირებას არ ახდენს.
ვრცლად, ამ თემაზე იხილეთ:
- იწვევს თუ არა პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო მოხალისეებს ლიეტუვურ-პოლონურ-უკრაინულ კორპუსში?
-
პოლონეთის მთავრობა უკვე აღარ მალავს, რომ უკრაინის შემოერთებას აპირებს – “ანჯეი დუდას აღიარება”
2022 წლის 3 მაისს, პოლონეთის კონსტიტუციის მიღებიდან 231 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე პოლონეთის პრეზიდენტმა – ანჯეი დუდამ სიტყვით გამოსვლისას უკრაინაზეც ისაუბრა. ამავე დღეს რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში დუდას გამოსვლის მოკლე ფრაგმენტი გავრცელდა, რომელშიც ის საუბრობს, რომ პოლონეთსა და უკრაინას შორის საზღვარი აღარ იქნება. ეს ფრაგმენტი რუსულენოვანი მედიის ნაწილში დასავლეთ უკრაინის დაბრუნების “პოლონეთის გეგმად” იყო წარმოჩენილი.
გამოსვლის სრულ ტექსტში ჩანს, რომ დუდა პოლონეთსა და უკრაინის მეგობრობაზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ ომის დასრულების შემდეგ ისინი თავიანთ სახლებში დაბრუნდებიან. მას პოლონეთისა და უკრაინის გაერთიანებაზე არაფერი უთქვამს. ასევე, მან თავის გამოსვლაში არაერთხელ ახსენა უკრაინა, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. დუდამ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება გაიხსენა, რომ უკრაინისა და პოლონეთის ურთიერთობის ისტორიას განსაკუთრებული განვითარება აქვს, ხოლო ქვეყნების გაერთიანების ფონზე “ისტორიული საკითხები უმნიშვნელოდ ჩანს”.
ანჯეი დუდა: ”მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, ისევე, როგორც ჩვენ შევძელით ჩვენი მეზობლების მიღება, ჩვენ შევძლებთ მათ დაცვას, რათა ომის დასრულების შემდეგ ისინი დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში და ჩვენ დავეხმაროთ მათ უკრაინის აღდგენაში: თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი. უკრაინა, რომელიც, ვიმედოვნებ, ათწლეულების განმავლობაში, და შესაძლოა, ღმერთმა ქნას, საუკუნეების განმავლობაში იყოს ძმური სახელმწიფო და როგორც იმედი მაქვს, წინასწარმეტყველურად თქვა ზელენსკიმ, რომ ჩვენს ქვეყნებს – პოლონეთსა და უკრაინას შორის საზღვარი აღარ იქნება. ეს საზღვარი რეალურად არ არსებობს. ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ ამ დედამიწაზე, ერთად ავაშენებთ ჩვენს საერთო ბედნიერებას და საერთო ძალას, რაც მოგვცემს საშუალებას მოვიგერიოთ ნებისმიერი საფრთხე“.
გამოსვლის სრული ვიდეო და ტექსტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.
ვრცლად, ამ თემაზე იხილეთ:
- რა თქვა ანჯეი დუდამ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე და როგორ მანიპულირებს მისი სიტყვებით კრემლის პროპაგანდა?
-
კანონი უკრაინაში მცხოვრები პოლონელებისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებაზე უკრაინის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის
წარსულში ასევე ვრცელდებოდა მტკიცება, რომ უკრაინაში პოლონეთის მოქალაქეების შესახებ მიღებული კანონით, უკრაინა სუვერენინტეტს კარგავდა. ეს ინფორმაცია იმ ნარატივის გასამყარებლად გავრცელდა, რომლის თანახმად, ზელენსკი უკრაინის ტერიტორიებს პოლონეთს თავად გადასცემს.
აღნიშნული კანონპროექტი 2022 წლის 22 მაისს პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას კიევში ვიზიტისას, ვოლოდიმირ ზელესკიმ დააანონსა, რომლის მიხედვითაც უკრაინაში მცხოვრებ პოლონეთის მოქალაქეებს სპეციალური სტატუსი ენიჭებოდათ. ინიციატივა პოლონეთის მიერ უკრაინის მოქალაქეებისთვის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით დახმარების შესახებ მიღებული კანონის საპასუხოდ იყო მიღებული. კანონპროექტი მაშინვე გახდა რუსულ გამოცემებში სპეკულაციის საგანი. კანონპროექტი უკრაინის რადაში 28 ივლისს განიხილეს და მხარი 283-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15 აგვისტოს მას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, ძალაში კი 16 სექტემბრიდან შევიდა.
კანონის მიხედვით, პოლონეთის მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიაზე 18 თვის განმავლობაში ლეგალურად დარჩენისა და იმავე უფლებებით სარგებლობის პრივილეგია აქვთ,რაც უკრაინის მოქალაქეებს. კანონი ითვალისწინებს, რომ პოლონეთის მოქალაქებს უკრაინაში დასაქმება დამატებითი ნებართვების გარეშე შეუძლიათ. ასევე, შეუძლიათ უკრაინის ტერიტორიაზე ბიზნეს საქმიანობის წარმართვა ისეთივე უფლებებით, როგორიც უკრაინის მოქალაქეებს; შეუძლიათ მიიღონ სოციალური შეღავათები; უფასო განათლება, სამედიცინო დახმარება და რეგისტრაცია გადასახადის გადამხდელად.
კანონში არსად არის აღნიშნული არც ხმის მიცემის უფლების საკითხი და არც უკრაინის სუვერენტიტეტის დათმობა, როგორც ამას რუსული პროპაგანდისტული გამოცემები წერენ.
ვრცლად, ამ თემაზე იხილეთ:
- დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთი ლვივის შემოერთებას რეფერენდუმის გზით გეგმავს
-
რეფერენდუმი ლვივის შემოერთებისთვის და დასავლეთ უკრაინის ანექსიის თარიღები
2022 წლის 30 ნოემბერს РИА Новости -ზე რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ პოლონეთს დასავლეთ უკრაინის შემოერთება სურს და ამ მიზნისთვის ლეგიტიმაციის მისანიჭებლად გადაწყვიტა “რუსეთის წარმატებული გამოცდილება გამოიყენოს და რეფერენდუმი ჩაატაროს”. (იგულისხმება რუსეთის მიერ უკრაინაში 4 ოკუპირებულ ტერიტორიაზე :ლუჰანსკში, ხერსონში, ზაპორიჟჟიასა და დონეცკის რეგიონებში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება).
ნარიშკინის თანახმად, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ შესაბამის უწყებებს დაავალა, რომ ოპერატიულად მოამზადონ დასავლეთ უკრაინის მიწებზე ვარშავის პრეტენზიების ოფიციალური დასაბუთება.
ოფიციალურ ვარშავას უკრაინის ტერიტორიებზე პრეტენზია არასდროს გამოუთქვამს. რაც შეეხება რეფერენდუმის საკითხს, უკრაინის კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ ტერიტორიული ცვლილების საკითხი ეროვნული რეფერენდუმის ჩატარების გზით ხდება და არა რეგიონულ დონეზე.
2022 წლის სექტემბერში, ლვივის რეფერენდუმთან დაკავშირებით ვიზუალური მანიპულაციაც ვრცელდებოდა. ინფორმაციას თან საარჩევნო ბიულეტენის ფოტო ერთვოდა, რომელიც თითქოს პოლონეთის საარჩევნო კომისიის სახელი იყო დატანილი. პოლონეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ბიულეტენი გაყალბებული იყო.
პრორუსული პოლონურენოვანი ონლაინ გამოცემის – Niezależny Dziennik Polityczny -ის სტატიის მიხედვით კი რეფერენდუმი ლვივში 2023 წლის 11 ივლისს იგეგმება. აღსანიშნული მტკიცება არანაირ ფაქტობრივ მტკიცებულებას არ ეფუძნება. პოლონეთის მთავრობის სპეცსამსახურების კოორდინატორმა – სტანისლავ ჟარინმა არაერთი განცხადება გაავრცელა, რომელშიც კრემლის პროპაგანდას პოლონეთი უკრაინის ანექსორად წარმოაჩინოს, სახელმწიფოებს შორის შუღლის გაღვივებისა და პოლონეთის დახმარების უგულვებელყოფის მცდელობა უწოდა.
ვრცლად, ამ თემაზე იხილეთ:
რა ვიცით პოლონურ მედიაზე, რომელსაც კრემლი ეყრდნობა?
აღსანიშნავია, რომ კრემლის პროპაგანდა ხშირად პოლონეთის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებისას პოლონურენოვან პრორუსულ მედიას ეყრდნობა და ამ გზით ინფორმაციის ლეგიტიმაციას ცდილობს. კრემლის მედია ყველაზე ხშირად Niezależny Dziennik Polityczny-ისა და Myśl Polska -ს სტატიებს აქვეყნებს.
Niezależny Dziennik Polityczny
პოლონური ონლაინ ჟურნალი Niezależny Dziennik Polityczny პრორუსული გამოცემაა.
გამოცემის მთავარ რედაქტორად ადამ კამინსკია მითითებული. 2017 წელს პოლონურმა მედიამ – OKO.press სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ Niezależny Dziennik Polityczny -ის მთავარი რედაქტორი ადამ კამინსკი არ არსებობს და ტროლია. გამოცემამ კამინსკის ფეისბუკ-ანგარიში შეისწავლა. იგი თავს ვარშავის საშუალო სკოლისა და ვარშავის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულად წარადგენდა. რეალურად მას პროფილის სურათზე ლიტველი ექიმის ფოტო აქვს დაყენებული. OKO.press -ის თანახმად მათ კამინსკისთან სკაიპით გასაუბრება სცადეს, თუმცა მან უარი თქვა. გამოცემა მის ფეისბუკ-მეგობრებსაც დაუკავშირდა. იგი პირადად არავის უნახავს.
გარდა ადამ კამინსკისა, გამოცემის ერთ-ერთ რედაქტორად ვოიჩეხ ბროჟეკია მითითებული. OKO.press -ის თანახმად, მისი ფეისბუკ-ანაგრიშიც ტროლია და რეალურად ამერიკელი ეკონომისტის ფოტოს იპარავს.
OKO.press ასევე წერს, რომ Niezależny Dziennik Polityczny (NDP) ხშირად აკოპირებს პოლონური სანდო მედიების კონტენტს, ხოლო ის მასალები რასაც უშუალოდ გამოცემის რედაქცია აქვეყნებს გაუმართავი პოლონურითაა დაწერილი. გამოცემა OKO.press ვარაუდს გამოთქვამს, რომ ამ ჟურნალის უკან რუსი ავტორები დგანან.
ჟურნალი Niezależny Dziennik Polityczny (NDP) 2014 წლიდან ფუნქციონირებს. გამოცემა არაერთხელ გახდა დეზინფორმაციის გავრცელების წყარო, განსაკუთრებით სამხედრო თემებზე. ომის დაწყების დღიდან NDP-მა არაერთი სტატია მოამზადა, თითქოს პოლონეთი დასავლეთ უკრაინის ანექსიას გეგმავს. ამჟამად გამოცემის ფეისბუკ-გვერდი წაშლილია.
Myśl Polska
ონლაინ გამოცემა Myśl Polska რუსეთის მხარდამჭერ და ანტიდასავლური შინაარსის მასალებს აქვეყნებს. განსაკუთრებული კრიტიკით გამოცემა აშშ-ისა და ევროკავშირის მიმართ გამოირჩევა. Myśl Polska“-ს მთავარი რედაქტორი იან ენგელგარდი ვარშავის დამოუკიდებლობის მუზეუმში მუშაობს. სწორედ მისი დამსახურებით ჩატარდა ამ მუზეუმში ბელარუსის მთავრობის მხარდასაჭერი და აშშ-ის მისამართით კრიტიკული ღონისძიება – ასოციაცია – „პატრიას“ კონფერენცია. Myśl Polska რუსი ნაციონალისტისა და კრემლის მთავარი იდეოლოგის -ალექსანდრ დუგინის წიგნს – “დიდი გამოღვიძების მანიფესტი და ომისდროინდელი წერილები” პოპულარიზაციას უწევდა.
აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების შემდეგ პოლონეთის მთავრობამ გამოცემის ვებ-გვერდი დაბლოკა, თუმცა მათ ახალი დომეინით დაიწყეს ფუნქციონირება.
ისტორიული კონტექსტი- Rzeczpospolita – უკრაინის რა ტერიტორიები იყო პოლონეთის შემადგენლობაში?
კრემლი პოლონეთის ისტორიული მეხსიერებით ხშირად მანიპულირებს. რუსი პოლიტიკოსები და კრემლის აქტორები პერიოდულად აღნიშნავენ, რომ პოლონეთი დასავლეთ უკრაინის იმ ტერიტორიების დაბრუნებას გეგმავს, რომელიც პოლონეთის მეორე რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა.
პოლონეთის მეორე რესპუბლიკა ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდს მოიცავს. ის 1918 წლის 11 ნოემბერიდან (პირველი მსოფლიო ომის დასასრული) 1939 წლამდე (ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის პოლონეთში შეჭრა) არსებობდა.
1918 წლის 11 ნოემბერს ბერლინში დაწყებული რევოლუციის შედეგად, პოლონეთის მარშალი – იუზეფ პილსუდსკი ვარშავაში ჩავიდა და პოლონეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა გამოაცხადა. ამ პერიოდში პოლონეთს არ გააჩნდა არც კონსტიტუცია, არც ჯარი, არც მთავრობა და არც საზღვრები. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან რამდენიმე თვეში პოლონეთის რესპუბლიკა ყველა მეზობელთან სამხედრო დაპირისპირებაში აღმოჩნდა. პოლონეთის საზღვარი გერმანიასთან და ჩეხოსლოვაკიასთან პარიზის სამშვიდობო კონფერენციის მიერ იყო განსაზღვრული, თუმცა პილსუდსკი ამ ქვეყნებთანაც შევიდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში. პოლონეთი დაუპირსიპირდა გერმანიას – პოზნანის რეგიონის, ზემო სილეზიისა და დანციგის დერეფნისათვის; ჩეხოსლოვაკიას – ტეშენის რეგიონისთვის; ლიტვურ-ბელორუსულ რესპუბლიკას – ვილნოს (ვილნიუსის) რეგიონისთვის; და გალიციელ უკრაინელებს, რომლებმაც დედაქალაქ ლვივში დასავლეთ უკრაინის რესპუბლიკა გამოაცხადეს.1919 წლის ზამთარში პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი დაიწყო. ამავე წლის ზაფხულისთვის პოლონეთის სამხედრო კონტროლი მთელ დასავლეთ უკრაინაზე გავრცელდა. 1919 წლის 28 ივნისს ვერსალის ხელშეკრულებით პოლონეთის დასავლეთი საზღვარი აღიარეს და ქვეყანას ბალტიის ზღვაზე გასასვლელი მიეცა.
1920 წლის 21 აპრილს სიმონ პეტლიურასა ( უკრაინის რევოლუციური პარტიის წევრი) და პოლონეთის მთავრობას შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, უკრაინელებით დასახლებული აღმოსავლეთ გალიცია (ლვივის რეგიონი) პოლონეთის შემადგენლობაში დარჩა, ხოლო კიევის “ტახტი” სიმონ პეტლიურამ დაიკავა.
საბოლოოდ, პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი 1921 წლის მარტში რიგაში სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდა.
- ოფიციალური ვარშავის პოზიცია
აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ ვარშავას დასავლეთ უკრაინის ტერიტორიების შემოერთებასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს და უკრაინის სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მუდმივად მხარს უჭერს. პოლონეთის მთავრობის სპეცსამსახურების კოორდინატორი – სტანისლავ ჟარინი სისტემატურად ეხმიანება რუსეთის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციებს. მთავრობის ვებ-გვერდზე ხშირად ქვეყნდება განცხადება რუსეთის მიერ პოლონეთისა და უკრაინის დაპირისპირების მცდელობაზე.
უახლესი განცხადება რუსულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე სტანისლავ ჟარინმა 15 მაისს ტვიტერის ანგარიშზე გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთი პოლონეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ოპერაციებს აფართოებს და აშშ-ის შემდეგ დასავლეთში პოლონეთი მეორე ქვეყანაა, რომელიც რუსეთიდან საინფორმაციო თავდასხმის ყველაზე ხშირი ობიექტია.