9 აპრილს ფეისბუკ გვერდმა Новости Грузии ფეხბურთელ ხვიჩა კვრაცხელიას შესახებ ინფორმაცია სენსაციური სათაურით გაავრცელა: “ეროვნულმა ბანკმა ცნობილ ფეხბურთელს სასამართლოში უჩივლა. ეს მისი კარიერის დასასრულია?”. პოსტს თან ახლავს Sputnik Грузия-ს ვიზუალი, ბმულზე გადასვლისას კი ვკითხულობთ, რომ კვარაცხელიამ ინტერვიუს დროს ფულის მარტივად შოვნის საიდუმლო გაამხილა, რის გამოც მას “ეროვნული ბანკი” სასამართლოში უჩივის.
ინფორმაცია, თითქოს ხვიჩა კვარაცხელია სწრაფად გამდიდრების საიდუმლოს ამხელს, რომელიც “სოკარ ჯორჯია გაზის” აქციებს უკავშირდება, დეზინფორმაციაა და თაღლითური სქემის ნაწილს წარმოადგენს. კვარაცხელიას ფულის შოვნის გზებზე არც ერთ მედიაში არ უსაუბრია და გაყალბებულია როგორც ინტერვიუ, ასევე საიტის ინტერფეისი.
ვებსაიტზე სახელწოდებით almightybiof.com ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ შემდეგი სათაურით არის გამოქვეყნებული: “ხვიჩა კვარაცხელია სასამართლოში პასუხს აგებს. საქართველოს ეროვნული ბანკი სარჩელის შეტანას აპირებს იმის გამო, რომ გაირკვა საიდუმლო – როგორ შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მცხოვრებს კაპიტალის გამომუშავება.” სტატიაში ნათქვამია, რომ ტელეწამყვან ნოე სულაბერიძესთან ინტერვიუს დროს, მაყურებლებმა ხვიჩა კვარაცხელიას მობილური ტელეფონის ეკრანზე კონკრეტული ვებგვერდის ბმული დაინახეს, რის გამოც ფეხბურთელი იძულებული გახდა, საზოგადოებისთვის კაპიტალის სწრაფად დაგროვების საიდუმლო გაენდო. რეალურად, კვარაცხელიას ჟურნალისტ ნოე სულაბერიძისთვის მსგავსი ინტერვიუ, სადაც სოკარის საშუალებით ფულის გამომუშავების გზებზე ისაუბრებდა, არ მიუცია და ღია წყროებში არ იძებნება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ კვარაცხელიას თანახმად, გასამდიდრებლად არ არის საჭირო ფიზიკურად შრომა ან 12 საათის გატარება ოფისში, ცხოვრების იმ დონის მიღწევა, რომელზედაც ოცნებობთ და ერთ დღეში რამდენიმე ათასი ლარის შოვნა “სოკარის” აქციებით არის შესაძლებელი. გაყალბებულ ინტერვიუში ფეხბურთელი დაინტერესებულ პირებს ფულის მოპოვების ინსტრუქციას აცნობს: გამდიდრების მსურველებმა მითითებულ ბმულზე უნდა გაიარონ მარტივი რეგისტრაცია და შეიტანონ 500 ლარი, დანარჩენს კი, გამოცდილი ტრეიდერები თავად გააკეთებენ. მეტი დამაჯერებლობისთვის ინტერვიუერი ხვიჩა კვარაცხელისათან ერთად აღნიშნულ პორტალზე რეგისტრირდება და სულ რაღაც 20 წუთში 550 ლარი ერიცხება. დეზინფორმაციულ სტატიაში წერენ, რომ ნოე სულაბერიძე ასევე ეკითხება ხვიჩა კვარაცხელიას, თუ რა უნდა ქნან იმ ადამიანებმა, ვისაც ინვესტიციის გასახორციელებლად საწყისი კაპიტალი არ აქვთ, რაზეც ფეხბურთელი პასუხობს, რომ ამ შემთხვევაში, მსურველებმა უნდა გამოიყენონ საკრედიტო ბარათი ან ფული მეგობრებისგან ისესხონ. იქვე აღნიშნულია, რომ კვარაცხელიამ ამის კეთება პანდემიის დროს, ყოველგვარი დამატებითი სახსრების გარეშე დაიწყო.
სტატიაში ასევე წარმოდგენილია გამოცემის “რედაქტორის”, ლუკა გელაშვილის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი, რომელსაც, 500 ლარის ინვესტიციით, 20 წუთში 870 ლარი დაერიცხა. “არასდროს მინახავს ფულის შოვნის ისეთი ეფექტური გზა, როგორიც Socar-ია”, – აღნიშნავს “რედაქტორი”.
ინტერვიუს ბოლოს წარმოდგენილ გზამკვლევში აღწერილია, თუ როგორ უნდა გაიარონ რეგისტრაცია თანხის გამომუშავების მსურველებმა. ინსტრუქციის თანახმად, რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებელს პერსონალური ექსპერტი დაუკავშირდება და პროქტში ჩართავს. აქვე ნათქვამია, რომ მსურველს თანხის დაბანდება თავიდანვე შეუძლია და მისი მინიმალური ოდენობა 500 ლარი უნდა იყოს.
აღსანიშნავია, რომ საიტზე, რომელზედაც ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუა გამოქვეყნებული, Sputnik Грузия-ს ვიზუალი და ლოგო გვხვდება, თუმცა საიტზე წარმოდგენილი სიახლეები არ იხსნება და იმავე სახელწოდების მქონე საიტზე (https://almightybiof.com/) გადავყავართ, სადაც სოკარის დახმარებით ფულის გამოსამუშავების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ.
Sputnik Грузия-ს სახელით შექმნილი ყალბი ვებ-საიტი |
გამოცემა Sputnik Грузия |
almightybiof.com-ზე (არქივი) გვხვდება რეგისტრაციის ველი, სადაც მომხმარებლებმა პირადი ინფორმაცია: სახელი, გვარი და მობილურის ნომერი უნდა შეიტანონ. აქვე ვკითხულობთ, რომ აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის მწარმოებელი კომპანია “სოკარი” საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე ფართოვდება და ახალი საწარმოები ქვეყნის ნავთობისა და გაზის დღიური მოხმარების მეათედს დაფარავს.
Whois.domaintools პლატფორმის თანახმად, ვებ-საიტი(almightybiof.com) 2024 წლის თებერვალში შეიქმნა და IP მისამართად კალიფორნია არის მითითებული.
რაც შეეხება, ფეისბუკ გვერდს, Новости Грузии 2024 წლის 9 აპრილს შეიქმნა და კატეგორიის ველში ქალის ტანსაცმლის მაღაზია აქვს მითითებული. გვერდზე მხოლოდ ორი აქტივობა – პროფილისა და გარეკანის ფოტოების ცვლილება ფიქსირდება. ორივე ფოტოზე საქართველოს დროშა არის აღბეჭდილი.
ფეისბუკ გვერდზე პოსტების ველში ხვიჩა კვარაცხელიას “საიდუმლო” ფულის შოვნის შესახებ არ გვხვდება, თუმცა ამ დასპონსორებული პოსტების ნახვა “მეტას” რაკლამების ბიბლიოთეკაში არის შესაძლებელი. ფეისბუკ გვერდს Новости Грузии ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოსა და “სპუტნიკ-საქართველოს” ვიზუალის გამოყენებით სამი პოსტი 6-ჯერ აქვს დასპონსორებული.
აღსანიშნავია, რომ ეს თაღლითური სქემა თითქმის იდენტურია 2023 წლის ოქტომბერში გავრცელებული თაღლითური სქემისა, რა დროსაც ტელეწამყვან გიორგი გაბუნიასა და საინფორმაციო სააგენტო newsgeorgia.ge-ის ვიზუალით ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს გაბუნიამ “სოკარის” საშუალებით ფულის გამომუშავების საიდუმლო გაამხილა. რეალურად, “სოკარ ჯორჯიას პროექტი”, რომლითაც ფულის გამომუშავება სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი, არ აქვს და ამავე შინაარსის თაღლითური ინფორმაცია კომპანიამ წარსულში არაერთხელ უარყო. ინფორმაცია აქციების საშუალებით ფულის სწრაფად გამომუშავების შესახებ არც სოკარის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე და საიტზე გვხდება.
“მითების დეტექტორმა” “სოკარ ჯორჯია გაზის” სახელით გავრცელებული თაღლითური ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა. 2022 წლის ივლისში, რუსულენოვან გვერდებზე ვრცელდებოდა ვიდეო, რომელშიც ასევე აღნიშნული იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რეფორმა შეიმუშავა, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეები გაზის ტრანზიტიდან დივიდენდების მიღებას შეძლებდნენ და თვეში 2000 ლარამდე თანხის გამომუშავება შეეძლოთ. ვიდეოს ბოლოს, მომხმარებლებს თანხის მისაღებად რეგისტრაციას სთავაზობდნენ. 2023 წლის აპრილში, “სოკარ ჯორჯია გაზის” სახელით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას “სოკარ ჯორჯია გაზის” პროექტში 500 ლარის ინვესტიციის ჩადებას სთავაზობდა, რაც მათ თვეში 3000 ლარის შემოსავალს მოუტანდა. ინფორმაცია ორივე შემთხვევაში ყალბი იყო და თაღლითური სქემის ნაწილს წარმოადგენდა. ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- “სოკარ ჯორჯია გაზისა” და გიორგი გაბუნიას სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება
- “სოკარ ჯორჯია გაზისა” და სალომე ზურაბიშვილის სახელით მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება
- О КОМПАНИИ SOCAR GEORGIA GAS РАСПРОСТРАНЯЕТСЯ ВИДЕО, КОТОРОЕ СОДЕРЖИТ ПРИЗНАКИ КИБЕР-МОШЕННИЧЕСТВА
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.