გულისხმობს თუ არა HAARP-ის კვლევა ხელოვნური ნათების გაჩენას და რა იწვევს ჩრდილოეთის ციალს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

72
VIEWS

6-7 ნოემბერს ფეისბუქზე გავრცელდა ინფორმაცია (1,2,3), რომ 6 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ცაზე გამოჩენილი წითელი ნათება HAARP-ის ფარგლებში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა გამოიწვია. ფეისბუქ პოსტების მიხედვით, 2023 წლის 4-7 ნოემბერს HAARP-მა დაბალი სიხშირის რადიოტალღების შესასწავლად კვლევითი კამპანია ჩაატარა. კვლევის მიზანი იმის დადგენა იყო, შეუძლიათ თუ არა თანამგზავრებს პლაზმური ტალღების გამოყენება იონოსფეროში შეჯახებისგან თავიდან ასაცილებლად. პოსტებს წითელი ნათების ამსახველი ფოტო და HAARP-ის ექსპერიმენტის შესახებ დაწერილი სტატიების სქრინშოტები ერთვის. 

Screenshot 2023 11 10 150343 გულისხმობს თუ არა HAARP-ის კვლევა ხელოვნური ნათების გაჩენას და რა იწვევს ჩრდილოეთის ციალს?

ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ მცდარია. HAARP-ის ფარგლებში 4-7 ნოემბერს კვლევა ნამდვილად ჩატარდა, თუმცა მისგან გამოწვეული ნათების ხილვა მხოლოდ კვლევის ადგილიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, ალასკას ტერიტორიაზე იყო შესაძლებელი. საქართველოს ცაზე გამოჩენილი წითელი ნათება ბუნებრივი ჩრდილოეთის ციალი იყო და მას HAARP-ის ექსპერიმენტთან კავშირი არ აქვს. 

წითელი ფერის ნათება საქართველოს ზოგიერთ რეგიონში 5-6 ნოემბრის ღამეს, ჩრდილოეთის მიმართულებით იყო შესაძლებელი, თუმცა, საქართველოს გარდა სხვადასხვა ფერის ნათება ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის არაერთ ქვეყანაში გამოჩნდა

ჩრდილოეთის ციალის, იგივე ავრორა ბორეალისის გაჩენა რამდენიმე დღით ადრე მზეზე მომხდარ კორონალური მასის – მზის პლაზმისა და ენერგიის ამოფრქვევებს (CMEs) უკავშირდება. ამ მოვლენის გამო გავრცელებული მაღალენერგიული ნაწილაკები დედამიწის მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედების შედეგად სინათლედ გარდაიქმნება, რომელსაც სწორედ ჩრდილოეთის ციალის სახელით ვიცნობთ

ძლიერი კორონალური მასის ამოფრქვევების და შედეგად ძლიერი ჩრდილოეთის ნათებების გაჩენის მიზეზი მზის აქტივობის ზრდაა. მზის აქტივობა პიკს დაახლოებით ყოველ 11 წელიწადში ერთხელ აღწევს. ამჟამად მზე მის 25-ე ციკლს ასრულებს. მიმდინარე ციკლის პიკი და ახალი ციკლის დაწყება 2025 წლისთვის იყო ნავარაუდები, თუმცა, ბოლო წლების დაკვირვებამ ცხადყო, რომ ციკლი პიკს სწორედ 2024 წლის მეორე ნახევარში მიაღწევდა

ჩრდილოეთის ციალის გაზრდილი რაოდენობა 2023 წლის დასაწყისიდანვე იყო შესამჩნევი. გასულ თებერვალსა და მარტში ბუნებრივი მოვლენის დანახვა აშშ-ის სამხრეთის შტატებიდან და დიდი ბრიტანეთის სამხრეთ რეგიონებიდანაც იყო შესაძლებელი, სადაც, როგორც წესი, ავრორაზე დაკვირვება შეუძლებელია

ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტებში ჩრდილოეთის ციალის გამოჩენას HAARP-ის ფარგლებში ჩატარებულ ექსპერიმენტს უკავშირებენ. 

ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევის პროგრამა, იგივე – HAARP 1990 წელს ამერიკის კონგრესის ინიციატივით დედამიწის ზედა ატმოსფეროსა და რადიოტალღების გავრცელებაზე მისი ზემოქმედების შესასწავლად შეიქმნა. 2014 წლამდე პროგრამას აშშ-ის საჰაერო და საზღვაო ძალები ერთობლივად მართავდნენ. 2015 წელს კვლევითი აღჭურვილობა განათლების პარტნიორობის შეთანხმების (EPA) ფარგლებში ფერბენკსის (ალასკა) უნივერსიტეტს გადაეცა.  

პროგრამის მონაწილე მეცნიერები მაღალი სიხშირის რადიო გადამცემებს იონოსფეროს (ზღვის დონიდან 95-965 კმ) მცირე უბნების გასათბობად და მის ეფექტზე დასაკვირვებლად იყენებენ. HAARP-ის ტექნოლოგიის გამოყენება დაბალი სიხშირის ტალღებზე ზემოქმედებისთვისაცაა შესაძლებელი, ჩრდილოეთის ციალის მსგავსი, მაგრამ შედარებით სუსტი ნათების შესაქმნელად

სწორედ ამ პროცესს მოიცავდა 4-7 ნოემბრის კვლევითი კამპანია. ხელოვნურად წარმოქმნილ ნათებაზე დაკვირვებით მეცნიერებს იონოსფეროში მიმდინარე პროცესებზე მეტი ინფორმაცია მიღება და მომავალში მისი სატელიტების მუშაობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება სურთ

ხელოვნური ნათების დანახვა დაინტერესებულ პირებს გაკონაში, ალასკაზე მდებარე HAARP-ის დაწესებულებიდან მხოლოდ რამდენიმე ასეული კილომეტრის რადიუსში შეეძლოთ. შესაბამისად, მტკიცება, რომ ევროპის ცაზე დაფიქსირებული ჩრდილოეთის ციალი HAARP-ის ექსპერიმენტთანაა დაკავშირებული მცდარია. 

კონსპირაციის თეორია იმის შესახებ, რომ HAARP-ის სისტემით ამინდის კონტროლი და სხვადასხვა ბუნებრივი კატაკლიზმის გამოწვევაა შესაძლებელი, პერიოდულად ვრცელდება. მსგავსი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ იკვლია. ვრცლად იხილეთ მასალებში: 

წყაროების შესახებ: 

ფეისბუქ ანგარიშები მაია თვალთვაძე, ისევ მე (ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე ფეისბუქ პროფილით) და Gvan Ca კონსპირაციის თეორიებს, ისევე როგორც ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციას რეგულარულად ავრცელებენ. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist