18 აგვისტოს ანონიმურმა, ქართულენოვანმა ფეისბუკ ანგარიშმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მოსაუბრე აცხადებს, რომ ის ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთეს, ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმები გახდნენ და ადამიანის უფლებებზე პრეტენზიის გაცხადება არ შეუძლიათ. ვიდეოში ასევე ჩართულია ვინმე ეკატერინა ნეჩიპორენკოს გამოსვლის მონაკვეთი, რომელშიც ის ნაგოიის ოქმზე და ცოცხალ მოდიფიცირებულ ორგანიზმებზე საუბრობს. ნეჩიპორენკო თავის გამოსვლაში რნმ-ის შემცველი ვაქცინებით აცრას ადამიანის ცოცხალ მოდიფიცირებულ ორგანიზმად კლასიფიცირებას უკავშირებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ნაგოიის პროტოკოლის მიხედვით, ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმები ადამიანებისთვის შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს. იგივე ვიდეო 5-8 აგვისტოს პერიოდში რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმაც გაავრცელეს (1,2,3).
ვიდეოში რამდენიმე მცდარი მტკიცებაა გაჟღერებული: 1) ტერმინი ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმი ადამიანის კლასიფიკაციისთვის არ გამოიყენება და რნმ ვაქცინას ადამიანის დნმ-ის შეცვლა არ შეუძლია; 2) ნაგოიის ოქმი ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის დამატებითი შეთანხმებაა, ის გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობასა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიან და თანაბარ გადანაწილებას ეხება და არაფერი აქვს საერთო ვაქცინებთან ან ადამიანის უფლებების ჩამორთმევასთან.
-
რნმ ვაქცინა ადამიანის დნმ-ს არ ცვლის
ვიდეოში მოსაუბრეთა მსჯელობა აგებულია მტკიცებაზე, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რნმ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ადამიანი ცოცხალ მოდიფიცირებულ ორგანიზმად (LMO) ყალიბდება.
ტერმინი ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმი ისეთ ცოცხალ ორგანიზმს აღწერს, რომლის გენეტიკური მასალა დნმ-ის რეკომბინაციის ტექნოლოგიის გამოყენების შედეგია და არ არის წარმოშობილი ბუნებრივი შეჯვარებისა და ბუნებრივი რეკომბინაციის შედეგად. შესაბამისად, ვიდეოში გაჟღერებული მტკიცება ემყარება ვაქცინებთან დაკავშირებულ მითს, რომ რნმ ვაქცინა ადამიანის დნმ-ს ცვლის. არაერთი სამეცნიერო და ექსპერტული დასკვნის თანახმად, რნმ ვაქცინები ადამიანის დნმ-ს არ ცვლის(1,2,3). ვაქცინებში არსებული საინფორმაციო (მესენჯერ) რნმ (მ-რნმ) იმ გენეტიკური მასალის მატარებელია, რომელიც უჯრედებს იმუნური რეაქციის შემუშავებისთვის საჭირო ინფორმაციას აწვდის. უჯრედებს “ასწავლის”, როგორ გამოიმუშავონ იმუნიტეტი ვირუსის წინააღმდეგ. თავისი ფუნქციის შესრულების შემდეგ რნმ ორგანიზმიდან სხვა ნარჩენებივით გამოიდევნება და ეს სხეულის ნორმალური ფუნქციონირების ნაწილია. მ-რნმ არ აღწევს უჯრედების ბირთვში, რომელშიც დნმ-ი ინახება, შესაბამისად მას დნმ-თან არანაირი კონტაქტი არ აქვს და ვერც შეცვლის მას.
შესაბამისად რნმ ვაქცინის გაკეთების შედეგად ადამიანის ცოცხალ მოდიფიცირებულ ორგანიზმად კლასიფიცირება არ და ვერ მოხდება. გარდა ამისა ეს ტერმინი არსებითად გენმოდიფიცირებული მცენარეების და ცხოველების აღსაწერად გამოიყენება, რომლებსაც ადამიანი საკვებად იყენებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მტკიცება, თითქოს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ადამიანის დნმ-ი ისეთ ცვლილებებს განიცდის, რომ მისი ადამიანად კლასიფიცირება ვეღარ მოხდება და შესაბამისად ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსაც დაკარგავს, წარსულშიც ვრცელდებოდა. ამ კონსპირაციულ მტკიცებას ამერიკელი ადვოკატი ტოდ კალენდერი ავითარებდა. ყალბი მტკიცება 2022 წელს ამერიკულმა გამოცემამ USA Today-მ გადაამოწმა და უარყო.
აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რნმ ვაქცინები ადამიანში დნმ-ს ცვლის კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ხშირად ვრცელდებოდა და “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა:
- რა დეზინფორმაცია ვრცელდება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით?
- რნმ-ზე თუ დნმ-ზე დამყარებული ვაქცინა?
- PFIZER-სა და MODERNA-ს გვერდითი ეფექტები იშვიათია, ხოლო რნმ ტექნოლოგია უსაფრთხოა
რა არის ნაგოიის ოქმი და რა კავშირი აქვს მასთან LMO-ს?
ნაგოიის ოქმი ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის დამატებითი შეთანხმებაა და გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობასა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიან და თანაბარ გადანაიწილებას ეხება. ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის სამი მთავარი მიზანი ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება, მისი კომპონენტების მდგრადი გამოყენება და გენეტიკური რესურსების გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი და თანასწორი გადანაწილებაა. ნაგოიის ოქმში სწორედ ამ მესამე მიზნის მიღწევისთვის საჭირო ვალდებულებებია გაწერილი, რომლეთა შესრულებაზეც ოქმის ხელმომწერი სახელმწიფოები პასუხისმგებლობას იღებენ.
გენეტიკურ რესურსში მოიაზრება მცენარეები, ცხოველები და მიკროორგანიზმები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მნიშვნელოვან რესურსებს წარმოადგენენ. შესაბამისად ამ რესურსის გამოყენებით მიღებული სარგებლის თანაბარი და სამართლიანი გადანაწილების საკითხი ბევრი სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი. ნაგოიის ოქმი ქმნის სამუშაო ჩარჩოს, რომლებიც მკვლევრებს აძლევს წვდომას გენეტიკური რესურსებისთვის ბიოტექნოლოგიური კვლევებისა და განვითარებისთვის, იმ პირობით, რომ ამ გენეტიკური რესურსებით მიღებული სარგებელი სამართლიანად იქნება გადანაწილებული. ოქმით გაწერილი ვალდებულებების შესრულება, უფრო გამჭვირვალეს ხდის გენეტიკური რესურსების გამოყენების პროცესს და ასევე ხელს უწყობს, რომ ამ რესურსით მიღებული სარგებელი ადგილობრივ თემზეც გადანაწილდეს. ნაგოიის ოქმს არაფერი აქვს საერთო ვაქცინაციის პროცესთან ან ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნაგოიის ოქმი არც ცოცხალ მოდიფიცირებულ ორგანიზმებს ეხება. ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმის საკითხი ბიოლოგიური მრავალფეროვნის კონვენციის კიდევ ერთ დამატებით შეთანხმების კარტახენის პროტოკოლით არის დარეგულირებული. რომელიც ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში ასევე გაკვრით არის ნახსენები. ამ შეთანხმების მიზანი ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმის – LMO-ს უსაფრთხო მოვლის, ტრანსპორტირების და გამოყენების უზრუნველყოფაა. შეთანხმება LMO-ს განმარტავს, როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, რომელსაც გენეტიკური მასალის ახალი კომბინაცია აქვს და ეს კომბინაცია თანამედროვე ბიოტექნოლოგიის გამოყენებით იყო მიღებული. არსებითად LMO იგივეა რაც GMO – გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი. LMO-ში შედის სხვადასხვა მცენარე, რომელიც გენეტიკურად იყო მოდიფიცირებული მეტი მოსავლის მიღებისა და პარაზიტებისა და დაავადებების წინააღმდეგ უფრო ძლიერი მდგრადობის მისაღწევად. არსებითად LMO/GMO გენეტიკურად მოდიფიცირებული მცენარეების და ცხოველების აღსაწერად გამოიყენება, რომლებიც გენეტიკურად მოდიფიკაციის მიზანი მათი სასარგებლო თვისებების გაძლიერება იყო. თავის მხრივ არც კარტახენის პროტოკოლი არ არის დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესთან ან ადამიანის გენეტიკურ მოდიფიკაციასთან.
ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ვებ-გვერდზე ბიოტექნოლოგიების პოტენციურ რისკებთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ახალი ტექნოლოგიის გამოყენებამ შესაძლოა გარკვეული უარყოფითი გავლენა იქონიოს ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე და ეკოსისტემაზე და პოტენციური რისკის მატარებელი იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სავარაუდოდ, სწორედ ამ დათქმის გამო ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნულია, რომ ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმები ადამიანისთვის საფრთხის შემცველია.
როგორც უკვე აღინიშნა, ადამიანი ცოცხალ მოდიფიცირებულ ორგანიზმად არ კლასიფიცირდება და ეს ტერმინი მცენარეებსა და ცხოველებს ეხება, რომლებიც ადამიანებისთვის საკვების წყაროს წარმოადგენენ. ამჟამად ბაზარზე არსებული გენმოდიფიცირებული პროდუქცია შემოწმებული და საკვებად უსაფრთხოა და გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები პროდუქტები შესაბამის შემოწმებას გადის, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ისინი ისეთივე უსაფრთხოა, როგორც არაგენმოდიფიცირებული პროდუქცია. სხვადასხვა კვლევებით არ დასტურდება, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის რაიმე სახით საფრთხის შემცველია.
აღსანიშნავია, რომ კარტახენის პროტოკოლს ადამიანის ცოცხალ მოდიფიცირებულ ორგანიზმად კლასიფიკაციასა და შედეგად მისთვის ადამიანის უფლებების ჩამორთმევას წარსულშიც უკავშირებდნენ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ-ანგარიშის Giorgi Giorgi გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია. ანგარიში ძირითადად ანტიდასავლურ, ანტივაქსერულ და კონსპირაციულ პოსტებს ავრცელებს, რომელთა ნაწილიც სხვადასხვა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.