2021 წლის 10 იანვარს Facebook მომხმარებელმა George Zardiashvili-მა ჯგუფში „კოვიდ-ფაშიზმის საწინაამღდეგო მოძრაობა!!!“ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ პფაიზერისა და მოდერნას Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა კლასიკური ვაქცინა არ არის, რადგან ის გენური სინთეზის და დნმ ტექნოლოგიის კომბინაციითაა მიღებული. პოსტის ავტორის აზრით, ამას მწარმოებელი კომპანიებიც ადასტურებენ, როდესაც საკუთარ ვებ-გვერდებზე ვაქცინას ადამიანის სხეულში კომპიუტერად მოიხსენიებენ. ზარდიაშვილის მტკიცებით, ვაქცინა ადამიანის გენში კოდირებას შეცვლის. პოსტს თან ახლავს დოქტორი Tom Cowan-ის ბლოგი, სადაც იგივე მოსაზრებებია გამოთქმული.
2021 წლის 11 იანვარს Facebook ჯგუფმა “ფაქტები და მოსაზრებები” ასევე გამოაქვეყნა ვაქცინაციის საწინააღმდეგო პოსტი, რომელშიც დოქტორ დევიდ მარტინის ვიდეომიმართვაზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები არის „მექანიკური მოწყობილობა, რომელიც შეჰყავთ ადამიანის სისტემაში, იმისთვის, რომ გააქტიუროს უჯრედი, რათა გახდეს პათოგენის მწარმოებელი ქარხანა“. პოსტის მიხედვით, ვაქცინაციის შემდეგ, ვაქცინირებულების 80%-ს კლინიკური გვერდითი მოვლენები აღენიშნებოდა. Facebook პოსტს ათასზე მეტი გაზიარება აქვს.
მტკიცება, თითქოს პფაიზერისა და მოდერნას Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ადამიანის გენში ცვლილებებს იწვევს, სიმართლეს არ შეესაბება. Moderna-ს საიტზე mRNA ტექნოლოგია მართლაც შედარებულია კომპიუტერის ოპერაციულ სისტემასთან, თუმცა საუბარია უნიკალური mRNA-ის ჯაჭვზე, რომელიც ცილის შესაქმნელად არის კოდირებული და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორგამიზმში რაიმე ელექტრონული მოწყობილობაა შეყვანილი. mRNA ვაქცინები ადამიანის დნმ-ზე გაველნას არ ახდენს, რამდენადაც არ აღწევს უჯრედის ბირთვს, სადაც ადამიანის გენეტიკური მასალა ინახება. ასევე ტყუილია მტკიცება, რომ ვაქცინირებულების 80%-ს გვერდითი მოვლენები აღენიშნებათ, რეალურად ორივე ვაქცინის შემთხვევაში, მწვავე გვერდითი მოვლენები იშვიათი იყო, ვაქცინების ეფექტიანობა კი დაახლოებით 95%-ს შეადგენდა
პფაიზერისა და მოდერნას ვაქცინების ეფექტიანობა და გვერდითი მოვლენები
აშშ-მა საგანგებო გამოყენების ავტორიზაციით როგორც პფაიზერის (2020 წლის 12 დეკემბერს), ასევე მოდერნას (2020 წლის 18 დეკემბერს) Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა. აშშ-ში, სხვა ვაქცინების მსგავსად, ლიცენზიის მოსაპოვებლად mRNA ვაქცინებმაც იგივე ეტაპები გაიარეს და შეესაბამებიან უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის სტანდარტებს, რომლებიც აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის მიერ არის განსაზღვრული და აშშ-ში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოსაყენებლად აუცილებელი წინაპირობაა.
აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციას გამოქვეყნებული აქვს დოკუმენტი, რომელშიც ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech ვაქცინას განიხილავს. დოკუმენტის თანახმად, Pfizer-BioNTech ვაქცინამ უსაფრთხოების შემოწმება 6 ქვეყნიდან 16-ზე ზემოთ ასაკის 43 448 ადამიანზე გაიარა. აშშ-ში, არგენტინაში, გერმანიაში, ბრაზილიაში, სამხრეთ აფრიკასა და თურქეთში ჩატარებული კლინიკური შემოწმება აჩვენებს, რომ 95%-იანი დაცვა მეორე დოზის მიღებიდან 7 დღის შემდეგ მიიღწევა.
რაც შეეხება პფაიზერის უარყოფით შედეგებს ან გვერდით მოვლენებს, საერთო ჯამში, 43,448 ჩართული მონაწილიდან 6 ადამიანი (2 ვაქცინის მიმღები, 4 პლაცებოს მიმღები), რაც 0.01%-ს შეადგენს 2020 წლის 29 აპრილიდან 2020 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდში გარდაიცვალა. ორივე ვაქცინის მიმღები 55 წლის ზემოთ ასაკის იყო; ერთ მათგანს მეორე ვაქცინაციიდან 62 დღის შემდეგ გული გაუჩერდა, ხოლო მეორე მონაწილე პირველი ვაქცინაციიდან 3 დღის შემდეგ, ათეროსკლეროზისგან გარდაიცვალა. ამავე დროს, გარდაცვალების ყველა შემთხვევა დამახასიათებელია ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის, ისევე როგორც გარდაცვალების სიხშირე. კვლევაში ჩართულ მოსახლეობაში (43,448 მონაწილე), მონაწილეთა წილი, რომელსაც პირველი დოზის მიღებიდან მონაცემთა შეგროვების ბოლო ვადამდე (14 ნოემბერი, 2020) პერიოდში როგორც მინიმუმ 1 მწვავე გვერდითი მოვლენა აღენიშნებოდა, 0.6%-ს შეადგენდა პფაიზერ-ბიონტექის ვაქცინის მიმღებ ჯგუფში, ხოლო პლაცებოს მიმღებ ჯგუფში – 0.5%-ს. ყველაზე გავრცელებული მწვავე გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვაქცინის მიმღებ ჯგუფში რიცხობრივად მაღალია, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში, აპენდიციტი (0.04%), მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (0.02%) და ინსულტი (0.02%) იყო.
რაც შეეხება მოდერნას, ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება 30 000 ადამიანის მონაწილეობით შემოწმდა და შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, ხოლო სერიოზული გვერდითი რეაქციები იშვიათია. აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, 30 000 ადამიანზე შემოწმებულ მოდერნას ვაქცინას 94.1%-იანი ეფექტიანობა აქვს. მწვავე გვერდითი რეაქცია 0.2%-დან 9.7%-მდე შემტხვევაში გამოვლინდა და მეტად იყო გავრცელებული მეორე დოზის მიღების შემდეგ.
როგორ მოქმედებს mRNA ვაქცინები და როგორ განიმარტება mRNA ტექნოლოგია კომპანიების საიტებზე?
ზემოაღნიშნულ პოსტებში ხდება მანიპულირება იმით, რომ mRNA ვაქცინები საზიანოა, რადგან აქამდე არსებული ვაქცინებისგან განსხვავდება და კომპანიების ვებ-გვერდზდე მას ადამიანის სხეულში კომპიუტერს უწოდებენ.
აღსანიშნავია, რომ როგორც პფაიზერი, ასევე მოდერნა ე. წ. Messenger RNA ვაქცინების ტიპს მიეკუთვნებიან. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, მოდერნა Covid-19-ის საწინააღმდეგო Messenger RNA ვაქცინები არავითარ გავლენას ახდენს და არ ურთიერთქმედებს ადამიანის დნმ-თან. mRNA არასოდეს აღწევს უჯრედის ბირთვს, სადაც ჩვენი დნმ-ი (გენეტიკური მასალა) ინახება. უჯრედი იშლება და ანადგურებს mRNA-ს, როგორც კი ინსტრუქციების გამოყენებას დაასრულებს. mRNA ვაქცინებისგან განსხვავებით, იმუნური რეაქციის გამოწვევის მიზნით, ცნობილ ვაქცინებს ჩვენს ორგანიზმში დასუსტებული ან ინაქტივირებული მიკრობი შეჰყავთ. mRNA ვაქცინები კი ჩვენს უჯრედებს ასწავლიან, როგორ გამოიმუშაონ ე. წ. „სპაიკ ცილა“(რომელიც Covid-19-ის გამომწვევი ვირუსის ზედაპირზეა ამოშვერილი), ან თუნდაც ცილის ფრაგმენტი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში იმუნურ რეაქციას იწვევს. ასეთი იმუნური რეაქცია, რომელიც ანტისხეულებს წარმოქმნის, დაინფიცირებისგან იმ შემთხვევაში დაგვიცავს, თუ რეალური ვირუსი ჩვენს ორგანიზმში შეაღწევს. შესაბამისად, აღნიშნული ვაქცინა გენეტიკურ მოდიფიკაციას არ უკავშირდება.
აიოვის უნივერსიტეტის პედიატრიის, მიკრობიოლოგიისა და შინაგანი მედიცინის პროფესორი, დოქტორი პოლ მაკკრეი, Reuters-თან ხსნის, რომ ერთადერთი მოდიფიკაცია მიმღები ორგანიზმისთვის არის მისი სტიმულირება, წარმოქმნას ანტისხეულები და T უჯრედები, რომლებიც ვირუსით ინფიცირებას თავიდან აიცილებს ან გაანადგურებს ნებისმიერ ინფიცირებულ უჯრედს, რაც დაავადების სიმძიმის თავიდან აცილების ან მისი შემცირების წინაპირობაა.
მოდერნას ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნავენ, რომ გადაწყვიტეს შექმნან mRNA-ის ტექნოლოგიის პლატფორმა, რომელიც ფუნქციონირებს კომპიუტერზე არსებული ოპერაციული სისტემის მსგავსად, რაც პირობით შედარებას წარმოადგენს და არა ფაქტობრივ მდგომარეობას. „ის შექმნილია იმგვარად, რომ შეუძლია ჩაირთოს და იმუშაოს სხვადასხვა „პროგრამებთან“ ურთიერთშენაცვლებით. ამ შემთხვევაში “პროგრამას” ან “აპლიკაციას” წარმოადგენს უნიკალური mRNA-ის ჯაჭვი, რომელიც ცილის შესაქმნელად არის კოდირებული.”
წყარო: Modernatx
პფაიზერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი პფაიზერისა და ბიონტექის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კორონავირუსის დაავადებას არ იწვევს, რამდენადაც ვაქცინა ცოცხალ ვირუსს არ იყენებს. ვაქცინა SARS-CoV-2-ის ვირუსის რეპლიცირების საშუალებას არ იძლევა და რაიმე დაავადების გამოწვევა არ შეუძლია.
ვინ არიან წყაროები, რომლებსაც ფეისბუქ პოსტები ეყრდნობიან?
დოქტორი ტომას კოვანი, რომელსაც პირველი პოსტი ეყრდნობა, არის პიროვნება, რომელიც ამტკიცებდა, რომ 5G მობილური ქსელიდან რადიაცია ახალი კორონავირუსის გავრცელების მიზეზი იყო, რაც სინამდვილეში კონსპირაციულ თეორიას წარმოადგენს. CBC-ის ინფორმაციით (2020 წლის მარტი), კოვანი კალიფორნიის სამედიცინო საბჭოში გამოსაცდელ ვადას მას შემდეგ გადის, რაც 2017 წელს მას სახელმწიფოს სამედიცინო საბჭოში უჩივლეს. მისი საქმიანობა შეზღუდულია. გარდა ამისა, მან ძუძუს სიმსივნის მქონე პაციენტს არალიცენზირებული მედიკამენტი შესთავაზა, თუმცა არ შეატყობინა, რომ მედიკამენტი გამოსაყენებლად დამტკიცებული არ იყო.
დევიდ მარტინი, რომლის მოსაზრებასაც მეორე პოსტი ეყრდნობა, საფინანსო-ანალიტიკური კომპანიის M-CAM-ის დამფუძნებელი და მეწარმეა, რომელსაც საკუთარი YouTube არხი აქვს და რომელიც ასევე ცნობილია კონსპირაციული თეორიების გავრცელებით.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.