2023 წლის ტოპ 5 ვიდეომანიპულაცია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

76
VIEWS

2023 წელს “მითების დეტექტორმა” სოციალურ მედიაში გავრცელებული არაერთი ვიდეომანიპულაცია გადაამოწმა. მათგან 5 ფართოდ გავრცელებულ შემთხვევას გთავაზობთ: 

  • ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების ძველი ვიდოები საფრანგეთში 2023 წლის ივნისი-ივლისის საპროტესტო აქციებს დაუკავშირეს

ივლისში სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ვიდეოები, სადაც ქუჩაში მორბენალი თხა, ცხენი, ზებრა და ლომი ჩანდნენ. ავტორების მტკიცებით, კადრები ასახავდა საფრანგეთში მოსეირნე ეგზოტიკურ ცხოველებს, რომლებიც ზოოპარკიდან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გამოუშვეს.  

ფაქტები: ვიდეოები 2020 წელსა და 2023 წლის იანვარშიც ვრცელდებოდა და მათ 2023 წლის ივნისსა და ივლისში საფრანგეთში გამართულ აქციებთან კავშირი არ აქვს. ცხენი და ზებრა პარიზთან ახლოს მდებარე ცირკიდან 2020 წელს გაიქცნენ, წარსულში ვრცელდებოდა ლომებისა და თხის ვიდეოც, მაგრამ როგორ აღმოჩნდნენ ისინი ქუჩაში, უცნობია. ვიდეომანიპულაციას პარიზის ზოოპარკიც გამოეხმაურა და დაწერა, რომ ცხოველები დაცულად იყვნენ.   

ვრცლად იხილეთ:
გამოუშვეს თუ არა საფრანგეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ზოოპარკიდან ცხოველები? 

  • რუსული მედია უკრაინის რეპუტაციის შემლახველ “სოციალურ რეკლამას”, რომელშიც რუსი მსახიობები მონაწილეობდნენ,  გერმანულად ასაღებდა

ივლისში გავრცელდა ვიდეო, რომელიც, ავტორების ნაწილის მტკიცებით, გერმანულმა პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” გადაიღო. კადრებში, რომელიც, მათ შორის, რუსულმა მედიასაშუალებებმა წყაროს მითითების გარეშე გაავრცელეს, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ოჯახებში შედიან და მათი ნივთები მიაქვთ, რათა უკრაინისთვის დახმარება გაგზავნონ. ვიდეოში აღნიშნულია, რომ უკრაინელებისთვის გერმანელი ოჯახების კუთვნილი ფულიდან 22 მილიარდი ევრო დაიხარჯა. ასევე, ვხვდებით წარწერას: „Ist dein Haus in der Nato? Akzeptiere die Nato in deinem Haus.” (არის შენი სახლი NATO-ში? მიიღე NATO შენს სახლში).

ფაქტები: სახის ამომცნობი ინსტრუმენტით გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ვიდეოში არა გერმანელი, არამედ რუსი მსახიობები მონაწილეობდნენ. “სოციალური რეკლამის” დამზადება უარყო პარტიამაც, რომელსაც ვიდეოს გადაღებას მიაწერდნენ. ერთ-ერთმა მსახიობმა დაწერა, რომ კადრები რუსულმა სამთავრობო მედიამ, Russia Today-მ გადაიღო, თუმცა მოგვიანებით პოსტი წაშალა.

ვრცლად იხილეთ:
ვიდეორგოლში, რომელიც გერმანულ რეკლამად გაასაღეს, რუსი მსახობები მონაწილეობენ

  • CNN-ის ვიდეოზე ხმა დაამონტაჟეს, თითქოს გადამღებმა ჯგუფმა ღაზის სექტორის საზღვართან დაბომბვის ინსცენირება მოაწყო

ისრაელ-ჰამასის ომთან დაკავშირებით გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ისმის, თუ როგორ აძლევენ ინსტრუქციებს CNN-ის ჟურნალისტს – რა უნდა გააკეთოს დაბომბვის დროს, რათა უფრო შეშინებული ჩანდეს, “თითქოს საფრთხეშია”. ავტორები ამტკიცებდნენ, რომ დასავლური მედია ჰამასის მიერ დაბომბვის კადრების ინსცენირებას აწყობს, რათა საზოგადოების აზრი მათ სასარგებლოდ ჩამოყალიბდეს.  

ფაქტები: გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ რეპორტიორი დაბომბვაში ნამდვილად მოხვდა და ვიდეოფაბრიკაციაში ხმა, რომელიც მას კარნახობდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო, დადებულია. Youtube-არხმა, რომელმაც ვიდეო გაავრცელა, დაადასტურა, რომ ის გაყალბებულია.  

ვრცლად იხილეთ:
ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს CNN-ის გადამღებმა ჯგუფმა დაბომბვის ინსცენირება მოაწყო 

  • ვირუსულად გავრცელდა კადრები, რომლებსაც ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ გატაცებულ მცირეწლოვნებთან აკავშირებდნენ

ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ საქართველოსა და მრავალ სხვა ქვეყანაში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც გალიაში ჩასმული ბავშვები ჩანან. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეო, რომელშიც კაცის ხმამაღალი სიცილი ისმის, ჰამასის მიერ გატაცებულ ებრაელ ბავშვებს ასახავს, თუმცა, ავტორების ნაწილი ამტკიცებდა, რომ მცირეწლოვნები პალესტინელები არიან და ისრაელში დაატყვევეს.  

ფაქტები: რეალურად, კადრები Tik-Tok-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა საკუთარ ნათესავებს გადაუღო და სოციალურ ქსელში ხუმრობით, ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებამდე ატვირთა, შესაბამისად, მას ომთან კავშირი არ აქვს. აღსანიშნავია, რომ ხმა, რომელიც ვიდეოს ადევს, პლატფორმის ტრენდია და სხვა არაერთ სასაცილო შინაარსის ვიდეოს ერთვის. ასევე, კომენტარების საპასუხოდ, ავტორს გამოქვეყნებული აქვს კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც იმ ბავშვების ნაწილი, ვინც გალიაში იჯდა, ამჯერად პარმაღზე ზის.   

ვრცლად იხილეთ:
გალიაში ჩასმული ბავშვების ვიდეო ისრაელ-ჰამასის ომს არ უკავშირდება 

  • ვიდეო, რომელიც ლონდონში “ჰუმანოიდ რობოტებს” ასახავდა

ნოემბერში გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც ლონდონის ქუჩებში პირველი ჰუმანოიდი რობოტები გამოჩნდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები ადგილობრივი ყავის მაღაზიაში მუშაობდნენ და მომხმარებლებს შეუფერხებლად ემსახურებოდნენ.  

ფაქტები: როგორც გადამოწმების შედეგად დავადგინეთ, “რობოტები” სინამდვილეში ადამიანები არიან, რომლებიც ახლადგამოსული ფილმის, The Creator-ის სარეკლამო კამპანიაში იღებენ მონაწილეობას და რობოტების კოსტიუმი აცვიათ. კამპანიის ფარგლებში “რობოტები” ასევე იმყოფებოდნენ ფეხბურთის მატჩსა და საავტომობილო შეჯიბრზე.  

ვრცლად იხილეთ:
ჰუმანოიდი რობოტები თუ ფილმის პრემიერისთვის გამოწყობილი მსახიობები – რას ასახავს ვიდეო?  

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist