“აი უცნობი” ბელგიასა და ამერიკაში იდენტობის საკითხებზე ინფორმაციას მანიპულაციურად ავრცელებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

165
VIEWS

4 ივლისს ფეისბუკ გვერდზე, “აი უცნობი • i ucnobi” გამოქვეყნდა საინფორმაციო ხასიათის ვიდეო, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე სიახლეებს შეეხებოდა.  ვიდეოსა და პოსტის აღწერაში სხვა საკითხებთან ერთად შემდეგი მტკიცებები გავრცელდა:

  1. ბელგია გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, ტრადიციული ოჯახური ღირებულებების პროპაგანდა კრიმინალიზებულია;
  2. ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტმა ახალ ლექსიკონში სიტყვები „დედა-მამა“ გააუქმა. 

ინფორმაცია ბელგიაში ახლადმიღებული კანონის შესახებ ფეისბუქ მომხმარებლებმაც (1, 2) გამოაქვეყნეს. გავრცელებული პოსტების თანახმად, ბელგიაში მიღებული კანონი ტრადიციული ოჯახის პროპაგანდას კრძალავს და პირი რომელიც ტრადიციული ოჯახის პროპაგანდას ეწევა, პირველ ჯერზე 2000 ევროს ოდენობით დაჯარიმდება, რეციდივის შემთხვევაში კი, 2 წლით პატიმრობა ემუქრება.

Screenshot 10 1 “აი უცნობი” ბელგიასა და ამერიკაში იდენტობის საკითხებზე ინფორმაციას მანიპულაციურად ავრცელებს

ინფორმაცია ბელგიაში ტრადიციული ოჯახური ღირებულებების პროპაგანდის აკრძალვისა და ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში სიტყვების “დედა-მამა” გაუქმების შესახებ მანიპულაციურად ვრცელდება, რეალურად:

1. ბელგიაში კონვერსიული თერაპია აიკრძალა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს საუბრით თერაპიას და ლოცვას, მაგრამ მისი უფრო ექსტრემალური ფორმები გულისხმობს ეგზორციზმს, ფიზიკურ ძალადობას, ელექტროშოკურ თერაპიას და გამოსასწორებელ გაუპატიურებას ლგბტქ ადამიანების სექსუალური ორიენტაციის შეცლის მიზნით;
2. ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტმა სტუდენტებსა და პერსონალს ინკლუზიური ენის გზამკვლევი შესთავაზა, რომელიც არა რომელიმე ტერმინის გაუქმებას, არამედ ინკლუზიური ტერმინების გამოყენებას გულისხმობს, რათა რასისტული, სექსისტური, ეიჯისტური, ჰომოფობიური ან სხვაგვარად არაინკლუზიური მნიშვნელობებით დატვირთული სიტყვებით ვინმეს შეურაცხყოფა არ მოხდეს.  

რა იკრძალება ბელგიაში?

ბელგია არა ტრადიციული ოჯახის ღირებულებების პროპაგანდას, არამედ კონვერსიულ პრაქტიკის აკრძალავს გეგმავს. კონვერსიული თერაპია ეს არის ფსევდომეცნიერული არაეფექტიანი და საშიში პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ლგბტქ ადამიანების სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის ან გენდერული გამოხატვის შეცვლას, აღკვეთას ან აღმოფხვრას. 

ბრიტანეთის ფსიქოლოგიური საზოგადოების (BPS) თანახმად, კონვერსიულ თერაპია – რომელსაც ზოგჯერ უწოდებენ “რეპარაციულ თერაპიას” ან “გეი განკურნების თერაპიას” – ცდილობს შეცვალოს ვინმეს სექსუალური ორიენტაცია ან გენდერული იდენტობა. პრაქტიკაში, ეს ნიშნავს იმის მცდელობას, რომ შეაჩეროს ან დათრგუნოს ვინმეს ჰომოსექსუალობა, ან მისი დაბადებისას დაფიქსირებული სქესისგან განსხვავებულად იდენტიფიცირება.

კონვერსიული პრაქტიკა შეიძლება მოიცავდეს საუბრით თერაპიას და ლოცვას, მაგრამ უფრო ექსტრემალური ფორმები გულისხმობს ეგზორციზმს, ფიზიკურ ძალადობას, შიმშილობას. კონვერსიული თერაპიის მეთოდები  ასევე მოიცავს ელექტროშოკურ თერაპიას და გამოსასწორებელ გაუპატიურებას. ამოსასწორებელი გაუპატიურება პირის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძველზე ხორციელდება და მისი მიზანია მსხვერპლის იძულება, რომ ჰეტეროსექსუალობას, ან ნორმატიულ გენდერულ იდენტობას დაემორჩილოს. კონვერსიული თერაპიის მეთოდები შესაძლოა ჩატარდეს რელიგიურ, სამედიცინო ან სექტანტურ გარემოში, შეიძლება განხორციელდეს ახლობლების ან ფსევდოპროფესიონალების მიერ და გამოიწვიოს კატასტროფული შედეგები: ბევრ შემთხვევაში, მას აქვს გრძელვადიანი გავლენა ადამიანებზე და შესაძლოა პირი, რომელზედაც კონვენციური პრაქტიკა განხორციელდა სუიციდამდეც კი მივიდეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონვერსიული პრაქტიკის მინიმუმ 700,000 შემთხვევა არის ცნობილი, თუმცა ამ პრაქტიკისგან არც ევროპის ქვეყნები და  მათ შორის, ბელგია არ არის დაცული. ევროპაში კონვერსიული პრაქტიკის ფენომენის მასშტაბები უცნობია, რადგან უმეტეს შემთხვევაში ფარულად ხორციელდება. თუმცა, დადგენილია, რომ ევროკავშირში ლგბტქ+ ადამიანების 2%-მა გაიარა კონვერსიული თერაპია, ხოლო 5%-ს შესთავაზეს კონვერსიული პრაქტიკა, თუმცა რეალური მაჩვენებლები შეიძლება იყოს ბევრად მაღალი. CPCP-ის (Centre Permanent pour la Citoyenneté et la Participation) ბოლო კვლევის თანახმად, ბელგიაში არაერთი ლგბტქ ადამიანი გახდა ამ ე.წ. სამედიცინო თერაპიის ან თუნდაც ეგზორციზმის ფორმების მსხვერპლი. მიუხედავად იმისა, რომ ბელგია მისი ვრცელი საკანონმდებლო არსენალის გამო ლგბტქ+ უფლებების მოდელად განიხილება, ქვეყანაში კონვერსიული თერაპია ჯერ ოფიციალურად არ არის აკრძალული. კანონპროექტი კონვერსიული პრაქტიკის აკრძალვის შესახებ წარადგინეს სახელმწიფო მდივანმა მარი-კოლინ ლეროიმ მწვანეთა პარტიიდან და იუსტიციის მინისტრმა ვინსენტ ვან კუკენბორნმა ფლამანდური ლიბერალური პარტიიდან.

კანონპროექტი, რომელიც უკვე დაამტკიცა სამართლის საკითხების საპარლამენტო კომიტეტმა, თუმცა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცდეს დანარჩენი პარლამენტის მიერ, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვა დღიდან ორ წლამდე და ჯარიმას 208-დან 2400 ევრომდე, კონვერტაციის პრაქტიკის შესრულებისთვის. კანონპროექტის თანახმად, სასამართლო გაითვალისწინებს, ჩაიდინა თუ არა დანაშაული მსხვერპლზე აღიარებული ნდობის, ავტორიტეტის ან გავლენის მქონე პირმა და ჩადენილია თუ არა დანაშაული არასრულწლოვნის ან დაუცველ მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ.

პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც კონვერსიული თერაპია აკრძალა, 2016 წელს იყო მალტა. ოთხი წლის შემდეგ, 2020 წელს მას გერმანია და ალბანეთი შეუერთდნენ. 

გერმანიამ 2020 წელს კონვერსიული თერაპიის ჩატარება არასრულწლოვანთათვის, 2021 წელს კი იმ ზრდასრულებისთვის აკრძალა, ვისაც დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. მას შემდეგ, სამედიცინო ჩარევები, რომლებიც მიზნად ისახავს პირის სექსუალური ორიენტაციის ან თვითაღქმული გენდერული იდენტობის განზრახ შეცვლას ან ჩახშობას და ასეთი თერაპიის რეკლამას, ქვეყანაში აკრძალულია.

გააუქმა თუ არა ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტმა სიტყვები “კაცი”, “მამა” და “დედა”?

ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ინკლუზიური ენობრივი გზამკვლევი შესთავაზა. ტერმინების სია ვარაუდობს, რომ სიტყვები როგორიცაა „უმცირესობები“, „ღარიბი“, „არალეგალური მიგრანტი“, „უსახლკარო“ დისკრიმინაციულია და ისინი ისეთი სიტყვებით უნდა ჩანაცვლდეს, რომლებიც ამა თუ იმ პირისთვის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი არ იქნება.

უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ ეს ინკლუზიური ენობრივი სახელმძღვანელო მოქმედებს, როგორც საწყისი წერტილი კომინიკაციისა, იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს მრავალმხრივ და მიმღებლურ საზოგადოებას. “ჩვენი სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, პერსონალის და ჩვენი საზოგადოების ყველა ადამიანის მრავალფეროვნების სრულად წარმოსაჩენად, მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ენა, რომელიც მხარს უჭერს ამ ღირებულებებს“, – ვკითხულობთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ გზამკვლევის შესავალში. 

გზამკვლევი რამდენიმე ცხრილად არის დაყოფილი, სადაც მოცემულია სიტყვები, რომლებიც შესაძლოა  რასობრივ ან სხვა დისკრიმინაციულ მიკერძოებას ასახავდეს, ეწინააღმდეგებოდეს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის ღირებულებებსა და პრინციპებს. გენდერულად ნეიტრალური ტერმინების გამოყენება, ადამიანის ფიზიკური და ეკონომიკური შესაძლებლობებიდან ფოკუსის გადატანა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რასისტული, სექსისტური, ეიჯისტური, ჰომოფობიური ან სხვაგვარად არაინკლუზიური მნიშვნელობებით დატვირთული სიტყვებით ვინმეს შეურაცხყოფა არ მოხდეს.  

გზამკვლევის თანახმად, მიზანშეწონილია „დედისა და მამის“ ნაცვლად „მშობლების“ გამოყენება, რათა  ერთნაირსქესიანი წყვილების დისკრიმინაცია არ მოხდეს. დაბალი შემოსავალის მქონე პირების აღსაწერად შემოთავაზებულია ფრაზა: „ადამიანები, რომელთა შემოსავალიც სიღარიბის ფედერალურ ზღვარს ქვემოთაა“ ან „ადამიანები, რომელთა თვითაღნიშნული შემოსავალი იყო ყველაზე დაბალი შემოსავალების მქონე ჯგუფში“.„არალეგალური ემიგრანტის“ შესაძლო შემცვლელები არიან „პიროვნებები, რომლებიც არ აქვთ საბუთები“ ან უბრალოდ „უსაბუთოები“. 

განყოფილება, სახელწოდებით „გენდერული არსებითი სახელები“, სთავაზობს სტუდენტებს შეცვალონ სიტყვები, რომლებშიც რომელიმე სქესი უპირატესად არის წარმოჩენილი. მაგალითად, სიტყვა „პირველკურსელი“ – “freshman”  „პირველი კურსის სტუდენტით“ უნდა ჩანაცვლდეს, ხოლო „კაცები და ქალები“ შეიცვალოს სიტყვებით: „ყველა“, „ხალხი“, „ყველა ადამიანი“ ან „ყველა სქესის ადამიანი.”

ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში ინკლუზიური ენის რეფორმა 2012 წელს დაიწყო, როცა უნივერსიტეტმა ოფიციალური დოკუმენტებიდან ამოიღო ტერმინი “freshman” (პირველკურსელი) ამოიღო

წყაროების შესახებ

ფეისბუკ გვერდი აი უცნობი • i ucnobi 2020 წლის 11 სექტემბერს არის შექმნილი და ორგანიზაცია “აი იას” ერთ-ერთ დამფუძნებელ გია გაჩეჩილაძეს ეკუთვნის. ფეისბუკ-გვერდი საინფორმაციო სააგენტოდ პოზიციონირებს და გამომწერებს სხვადასხვა რუბრიკას: “უცნობი კიდობანი”, “აიამბები” “უცნობი მსოფლიო ამბები” სთავაზობს.  ფეისბუკ გვერდს მანიპულაციური და მცდარი ინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია.  ვრვლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:

ფეისბუქ ანგარიშები გოჩა მესხი და Patiko Anlitiliberali Mxilebadze, რომლებიც ბელგიის კანონპროექტზე ინფორმაციას მანიპულაციურად ავრცელებენ, წარსულში დეზინფორმაციას აზიარებდნენ.

Screenshot 11 1 “აი უცნობი” ბელგიასა და ამერიკაში იდენტობის საკითხებზე ინფორმაციას მანიპულაციურად ავრცელებს Screenshot 12 1 “აი უცნობი” ბელგიასა და ამერიკაში იდენტობის საკითხებზე ინფორმაციას მანიპულაციურად ავრცელებს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ბელგია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist