ვინ უკავშირებს ლორეს და ტაო-კლარჯეთის ისტორიული ტერიტორიების დაკარგვას დასავლეთს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

108
VIEWS

13 დეკემბერს ტელეკომპანია სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” წამყვანმა  განაცხადა, რომ 1918 წელს  “ერთა ლიგისაკენ” სწრაფვამ საქართველოს სავალალო შედეგები მოუტანა და ევროპამ დაგვაკარგვინა ლორე, რადგან ინგლისმა მხარი სომხეთს დაუჭირა და ეს რეგიონი მათ გადასცა. მჟავანაძის მტკიცებით, სწორედ დასავლეთმა დაგვაკარგვინა ტაო-კლარჯეთიც, როდესაც თურქეთი ნატოს შემადგენლობაში მიიღეს, იმ მიზნით, რომ ის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მარტო არ დარჩენილიყო. მჟავანაძის გადაცემა მიეძღვნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემას და იმის მტკიცებას, რომ საქართველოს ევროპასთან თანამშრომლობა კარგს არაფერს მოუტანს. 

15 დეკემბერს ტელეკომპანია ალტ-ინფოს გადაცემაში “დღის კომენტარი” ლორეს შესახებ იგივე განცხადება გააკეთა იურისტმა გია თოიძემაც. 

mzhavanadze ვინ უკავშირებს ლორეს და ტაო-კლარჯეთის ისტორიული ტერიტორიების დაკარგვას დასავლეთს?

altinpho ვინ უკავშირებს ლორეს და ტაო-კლარჯეთის ისტორიული ტერიტორიების დაკარგვას დასავლეთს?

ნიკოლოზ მჟავანაძისა და გია თოიძის მტკიცებები საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მცდარია:

  1. ლორეს სადავო ნაწილი ინგლისის შუამავლობით ნეიტრალურად გამოცხადდა, რომელიც შემდგომ სტალინის ჩარევით გადაეცა სომხეთს;
  2. ტაო-კლარჯეთი თურქეთსა და საბჭოთა კავშირს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე 1921 წელს გადაეცა თურქეთს. მანიპულაციურია თეორიულად იმის მტკიცება, თითქოს 1952 წელს ნატო-ში თურქეთის არმიღება ამ ფაქტს შეცვლიდა.
  • ლორე სომხეთისთვის ინგლისს არ გადაუცია

მას შემდეგ, რაც 1918 წლის ოქტომბერში თურქეთის ჯარებმა ლორეს ტერიტორია დატოვეს, ტერიტორიის დასაუფლებლად საქართველოსა და სომხეთს შორის დაპირისპირება დაიწყო, რომელიც უკვე დეკემბერში სრულმასშტაბიან შეტაკებებში გადაიზარდა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ქართული ძალები მარცხდებოდნენ, თუმცა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით, ქართულმა შენაერთებმა მოახერხეს შეტევაზე გადასვლა და ტერიტორიების დაბრუნება. 1919 წლის პირველ იანვარს ბრიტანეთისა და საფრანგეთის ჩარევით ორივე მხარემ შეწყვიტა ცეცხლი. 

1919 წლის 9-17 იანვარს ბრიტანეთის შუამავლობით გამართულ კონფერენციაზე ხელი მოეწერა ომის დასრულების ხელშეკრულებას და გადაწყდა, რომ ჩრდილოეთ ლორე საქართველოს ნაწილი გახდებოდა, სამხრეთ ლორე- სომხეთის, ცენტრალური ნაწილი კი ნეიტრალურ ტერიტორიად გამოცხადდა, რომელსაც ორივე სახელმწიფო ერთად გააკონტროლებდა

1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, ბოლშევიკებმა გადაწყვიტეს თავად დაედგინათ ტერიტორიები, რისთვისაც  რუსეთის კომპარტიის კავკასიის ბიურომ (კავბიურო) შექმნა სპეციალური კომისია. 1921 წლის 7 ივლისს სტალინისა და სერგო ორჯონიკიძის ჩარევით კავბიურომ ლორეს ნეიტრალური ზონა სომხეთს გადასცა

“მითების დეტექტორი” აღნიშნულ თემაზე ადრეც წერდა. ვრცლად იხილეთ:

 

  • როდის და რა ვითარებაში გადაეცა ტაო-კლარჯეთი თურქეთს?

1921 წლის 16 მარტს მოსკოვში საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის გაფორმდა მეგობრობისა და ძმობის ხელშეკრულება, რომელმაც განსაზღვრა, რომ თურქეთს გადაეცემოდა ტაო-კლარჯეთი მიმდებარე რეგიონებთან ერთად, რომელიც ართვინის, არტაანის, ოლთისის და რიზეს ოლქებს მოიცავს. სწორედ ამ დოკუმენტმა განსაზღვრა თურქეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ საზღვარი, რომელიც დღემდე შენარჩუნდა.  

1921 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებულ ყარსის ხელშეკრულებაში ანალოგიური ტერიტორიული განაწილება დადგინდა. დოკუმენტს თურქეთი, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა აწერდა ხელს. აღსანიშნია, რომ ამავე ხელშეკრულებით თურქეთმა ცნო საქართველოს სუვერენიტეტი გარკვეულ ტერიტორიებზე, მათ შორის ქალაქ ბათუმსა და ბათუმის პორტზე.  

1992 წელს საქართველომ და თურქეთმა დადეს ხელშეკრულება მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ, რომლითაც ორივე მხარე ადასტურებს, რომ პატივს ცემს ყარსის ხელშეკრულების დებულებებს და მის მიერ გათვალისწინებულ საზღვრებს ლეგიტიმურად ცნობენ. 

მართალია, თურქეთის გაწევრიანებამ ნატოში 1952 წელს ქვეყანას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები მისცა, თუმცა მანიპულაციური და მხოლოდ თეორიულია იმის მტკიცება, რომ საპირისპირო შემთხვევაში სსრკ თურქეთთან შეიარაღებულ კონფლიქტს წამოიწყებდა და ტერიტორიებს, მათ შორის ტაო-კლარჯეთს წაართმევდა და საბჭოთა საქართველოს დაუბრუნებდა. 1945 წელს საბჭოთა რუსეთმა გააუქმა თურქეთთან 1925 წელს დადებული ნეიტრალიტეტის ხელშეკრულება, რომელსაც ვადა რამდენიმე თვეში გასდიოდა. ამის გამო, თურქეთმა სსრკ-ს ახალი ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა, რის საპასუხოდაც ბოლშევიკური პარტიის ლიდერებმა მოითხოვეს, რომ ახალ ხელშეკრულებაში უნდა გადახედილიყო თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრების საკითხი, რადგან მათი აზრით 1921 წლის ხელშეკრულება საბჭოელთათვის უსამართლო იყო. შედეგად ყარსი სომხეთს, ხოლო არდაჰანის რეგიონი კი საქართველოს უნდა დაბრუნებოდა. თუმცა, ბრიტანეთმა და ამერიკამ ამ საკითხში მხარდაჭერა თურქეთს გამოუცხადეს, რადგან მათი აზრით სსრკ-ის მოთხოვნები უსამართლო და წინასწარი შეთანხმებების დამრღვევი იყო. შედეგად სტალინმა საბოლოოდ უარი განაცხადა ამ მოთხოვნებზე. აღნიშნული ისტორია არაერთ სტატიასა თუ სამეცნიერო ნაშრომში არის აღწერილი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თურქი პროფესორის ბეჰლულ ოზკანის კვლევა ამტკიცებს, რომ სსრკ-ს მიერ წაყენებული მოთხოვნები არ იყო ისეთი სერიოზული, როგორც ამას სხვა სტატიები აცხადებენ. თურქეთის იმჟამინდელი მთავრობისა და ოპოზიციის ლიდერების ჩანაწერებზე და ინტერვიუებზე დაყრდნობით მკვლევარმა დაადგინა, რომ სსრკ-ის მხრიდან ტერიტორიების დაბრუნების ოფიციალური მოთხოვნა არასდროს გაცხადებულა და ამაზე საუბარი მხოლოდ დიპლომატებს შორის, დახურულ კარს მიღმა გაიმართა. სწორედ ამიტომ, არც თურქეთის მაშინდელ პრეზიდენტ ისმეტ ინონუს და არც ოპოზიციის ლიდერებს სჯეროდათ იმის, რომ საბჭოთა კავშირი მათ წინააღმდეგ სამხედრო ძალას გამოიყენებდა. თუმცა, აღნიშნული საკითხი მათ კარგად გამოიყენეს პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად და “საბჭოური საფრთხე” წარმოსახეს, როგორც მთავარი საფრთხე ქვეყნისათვის, რაც საჭირო გამოდგა მოსახლეობის დასარწმუნებლად იმაში, რომ საჭირო იყო დასავლეთთან დაახლოება და კომუნიზმის აკრძალვა. 

ტაო-კლარჯეთის თურქეთისათვის გადაცემის შესახებ “მითების დეტექტორი” წარსულშიც წერდა. ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი, სომხეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist