2023 წლის 7 აპრილს Facebook გვერდმა XXI საუკუნე გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის მიხედვითაც 1919 წელს ლორეს რეგიონის გამო გამოწვეულ საქართველო-სომხეთის კონფლიქტისას დიდმა ბრიტანეთმა აღნიშნული ტერიტორია სომხეთს გადასცა და შემდგომში მის საკუთრებად გააფორმა.
მტკიცება დიდი ბრიტანეთის მიერ სომხეთისთვის ლორეს გადაცემის შესახებ მანიპულაციურია და ისტორიულ რეალობას არ შეესაბამება. 1919 წელს ინგლისის ჩარევით ლორეს სადავო ტერიტორიის ნაწილი ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა, რომელსაც ქართველები და სომხები შერეული მმართველობით გააკონტროლებდნენ. რეალურად ლორეს რეგიონი სომხეთს საბოლოოდ სტალინის ჩარევით გადაეცა.
-
საქართველო-სომხეთის დაპირისპირება
1918 წლის ოქტომბერში, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ოსმალურმა ჯარებმა ლორეს ტერიტორია დატოვეს. უკვე ოქტომბრის ბოლოდან ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრების ტერიტორიაზე საქართველოსა და სომხეთს შორის დაპირისპირება დაიწყო. ქართული მხარის აზრით, ეს ტერიტორია საქართველოს ისტორიულ საკუთრებას წარმოადგენდა. სომხეთი კი აღნიშნულ ტერიტორიაზე იმიტომ აცხადებდა პრეტენზიას, რომ იქ მცხოვრებთა უმრავლესობას ეთნიკურად სომხები წარმოადგენდნენ.
სრულმასშტაბიანი შეტაკებები ისტორიულ ლორეს ტერიტორიაზე 9 დეკემბერს დაიწყო. ბორჩალოს მხარის სამხრეთ ნაწილში 9-15 დეკემბერს გამართულ შეტაკებებში ქართული შენაერთი დამარცხდნენ.
გაზეთი ერთობა, 14 დეკემბერი, 1918წ: “13 დეკემბრის სხდომაზე პარლამენტში სამხედრო მინისტრმა გრ. გიორგაძემ შემდეგი განაცხადა: 9 დეკემბერს მივიღეთ ცნობები, რომ სანაინთან ჩვენს რაზმს თავს დასხმია ადგილობრივი სომეხი მცხოვრებლები და სროლა აუტეხიათ. ამ სროლის დროს დაუჭრიათ ერთი ჯარისკაცი, რომელიც მეორე დღესვე გარდაცვლილა. შემდეგ სომეხთა რაზმები (როგორც გამოირკვა შემდეგ, ნასალდათევი ხალხი) თავს დასხმია ჩვენს სადარაჯო რაზმს და 15 ჯარისკაცი მოუკლავთ, ხოლო 14 დაუჭერიათ. მდგომარეობის გამოსარკვევად გავგზავნეთ დელეგაცია.”
ბრძოლები დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდა. 24 დეკემბერს სომხეთის არმიის გენერალმა დრასტამატკანაიანმა საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა, რომ თუ არ დაიცლებოდა ახალქალაქის მაზრა, მაშინ ის შეტევას მდინარე ხრამის ჩრდილოეთით განაგრძობდა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ფრონტის გენერლად გიორგი მაზნიაშვილი დაინიშნა, რომელმაც შეტევის მოგერიება შეძლო და შულავერი აიღო.
1919 წლის 1 იანვარს ბრიტანელებისა და ფრანგების ჩართულობით ორივე მხარემ ცეცხლი შეწყვიტა.
-
სამშვიდობო კონფერენცია ინგლისის შუამავლობით
სადავო ტერიტორიის ბედი საბოლოოდ 1919 წლის 9-17 იანვარს გამართულ კონფერენციაზე გადაწყდა. კონფერენციაზე მხარეებმა ომის დასრულების გადაწყვეტილებას ხელი მოაწერეს. მხარეებს დარჩათ ის ტერიტორიები, სადაც ცეცხლის შეწყვეტის მომენტში მათი ჯარები იდგნენ – საქართველოს შემთხვევაში ეს არის ჩრდილოეთ ლორე, სომხეთის შემთხვევაში სამხრეთ ლორე, ხოლო პროვინციის შუა ნაწილი ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა და იქ შერეული მმართველობა დამყარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ კონფერენციის შედეგად სომხეთმა ახალქალაქის მაზრაზე პრეტენზიები უკან წაიღო.
-
ლორეს ისტორიული ტერიტორია რეალურად სომხეთს სტალინმა გადასცა
ლორეში შერეული მმართველობა ორ წელს გაგრძელდა. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ აღნიშნული საკითხი უკვე ბოლშევიკებს უნდა გადაეწყვიტათ. 1921 წლის 2 მაისს რუსეთის კომპარტიის კავკასიის ბიურომ (კავბიურო) შექმნა კომისია, რომელსაც საზღვრები უნდა დაედგინა. 1921 წლის 7 ივლისს სტალინისა და სერგო ორჯონიკიძის ჩარევით კავბიურომ ლორეს ნეიტრალური ზონა სომხეთს გადასცა.
აღნიშნულ თემაზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. ვრცლად იხილეთ:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.