რუსული საინფორმაციო ოპერაცია ზალუჟნისა და ზელენსკის დაპირისპირების წარმოსაჩენად

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

2.1k
VIEWS

ნოემბერში კრემლისტურ მედიასა და სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის შორის არსებულ დაპირისპირებაზე არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. 2023 წლის გაზაფხულზე კი რუსეთი ცდილობდა,  საზოგადოება ვალერი ზალუჟნის ხერსონთან სარაკეტო ცეცხლის შედეგად დაღუპვაში დაერწმუნებინა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი უკვე რამდენიმე თვეა, რაც რუსული პროპაგანდის სამიზნეს წარმოადგენს. 

ბოლო კვირების მანძილზე სოციალურ ქსელში ვალერი ზალუჟნისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ, ასევე მათი სახელით შემდეგი მტკიცებები გავრცელდა:

  • ზალუჟნი თანამდებობიდან გაათავისუფლეს;
  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზალუჟნის თანაშემწის ლიკვიდაცია მოახდინა, ზალუჟნიმ კი უკრაინაში სამხედრო გადატრიალება დაანონსა;
  • ზალუჟნიმ სამხედროებს ბრძოლის ველის დატოვებისა და ზელენსკის ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდა;
  • ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზალუჟნი მკვდარია და მის სახლში ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩინეს;
  • ჟიტომირში ვრცელდება ბუკლეტები, რომლითაც მოსახლეობას სწორი არჩევანის გაკეთებისკენ (ზალუჟნის სასარგებლოდ და ზელენსკის წინააღმდეგ) მოუწოდებენ.

ასევე, აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციის გასავრცელებლად Deepfake ტექნოლოგიით შექმნილი ვიდეოები იყო გამოყენებული.

7 ნოემბერს სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია უკრაინის ხელისუფლების სავარაუდო გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის გადაყენებას ეხებოდა. აღნიშნულზე,  პარტია „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატმა ვოლოდიმირ არიევმა ფეისბუქზე დაწერა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმიეროვმა პრეზიდენტს ზალუჟნის გათავისუფლება სთხოვა, თუმცა რამდენმე წუთში არიევმა პოსტი წაშალა და თავის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შეცდომა უწოდა.  

Screenshot 2023 11 21 103130 რუსული საინფორმაციო ოპერაცია ზალუჟნისა და ზელენსკის დაპირისპირების წარმოსაჩენად

ცნობას, ზალუჟნის გადაყენების შესახებ თავად უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი გამოეხმაურა და არიევის განცხადება რუსი პროპაგანდისტების საქმიანობას შეადარა.

შეიძლება ითქვას, რომ ამ ინფორმაციამ საფუძველი მოუმზადა ვიდეოს, რომელშიც ზალუჟნი მოსახლეობას ხელისუფლების “დამხობისკენ” მოუწოდებს. ამავე დღეს რუსულენოვან საინფორმაციო სააგენტოებში და სოციალურ ქსელში კოორდინირებულად გავრცელდა ყალბი, სავარაუდოდ, Deepfake ტექნოლოგიით/ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო, რომელშიც ზალუჟნიმ ზელენსკის მოღალატე უწოდა და სამხედროებს მოუწოდა ხელისუფლების „კრიმინალურ ბრძანებებს“ არ დამორჩილებოდნენ. გარდა ამისა,  ყალბ ვიდეოში ზალუჟნიმ ზელენსკი თანაშემწის მკვლელობაში დაადანაშაულა. 

აღნიშნული ვიდეოს ნამდვილობა “მითების დეტექტორმაც” შეისწავლა. ვრცლად იხილეთ მასალა:

“დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის” თანახმად, ამ ვიდეოს ავტორი და პირველწყარო  ტელეგრამ-არხი Радио Труха არის. ამავე ტელეგრამ არხმა 7-8 ნოემბერს ზალუჟნის კიდევ ორი ყალბი ვიდეო გამოაქვეყნა. ზალუჟნის მიმართვის ერთი ვიდეორგოლი, მისი თანაშემწის მკვლელობას ეხება – ზალუჟნი Deepfake ვიდეოში ითხოვს, რომ მას დაბადების დღეზე არასდროს არაფერი აჩუქონ, რითაც ეხმიანება მაიორი გენადი ჩასტიაკოვის გარდაცვალებას, რომელიც დაბადების დღის ერთ-ერთ საჩუქარში ჩადებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შედეგად დაიღუპა. 8 ნოემბერს გავრცელებულ მესამე ყალბ ვიდეოში კი ზალუჟნი ამბობს, რომ უკრაინაში ყველა მედია ზელენსკის ეკუთვნის, სწორედ ამიტომ პროგნოზირებადი იყო, რომ წინა მიმართვა Deepfake-ად შეირაცხა და რუსული პროპაგანდა დაერქვა. 

Screenshot 2023 11 21 103214 რუსული საინფორმაციო ოპერაცია ზალუჟნისა და ზელენსკის დაპირისპირების წარმოსაჩენად

მოგვიანებით, 12-13 ნოემბერს სოციალურ ქსელში და რუსულენოვანი საინფორმაციო სააგენტოების (1, 2) მიერ ზალუჟნის კიდევ ერთი Deepfake ტექნოლოგიით შექმნილი ვიდეომიმართვა გავრცელდა, რომელიც ვიზუალურად ტელეგრამ არხ Радио Труха-ს მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოს ჰგავს. ვიდეოში ზალუჟნი სამხედროებს მოუწოდებს, გამოვიდნენ სანგრებიდან და კიევში ზელენსკის ძალაუფლების დასამხობად გაემართონ. 

Screenshot 2023 11 21 103222 რუსული საინფორმაციო ოპერაცია ზალუჟნისა და ზელენსკის დაპირისპირების წარმოსაჩენად

გარდა ზალუჟნის ვიდეოებისა, 10 ნოემბერს Радио Труха-მ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის ვიდეომიმართვაც გაავრცელა. მიმართვაში, რომელიც ასევე Deepfake ტექნოლოგიით შექმნილ ვიდეოს ჰგავს, ზელენსკი ამბობს, რომ ზალუჟნი ვერ შეძლებს გავრცელებული ვიდეოების უარყოფას, რადგან ის უკვე მკვდარია და რომ მას შემთხვევით ხელყუმბარა აუფეთქდა. ზელენსკის თქმით, ზალუჟნის სახლში ის ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩინეს, რომლებიც უკრაინაში ფართოდ არის გავრცელებული.  ასევე, ვიდეოში ზელენსკი ზალუჟნის კონტრშეტევის წამოწყებასა და ათასობით უკრაინელის გაწირვაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ ომი შესაძლოა კიდევ რამდენიმე ათეული წელი გაგრძელდეს, რის გამოც უკრაინაში აღარ ჩატარდება არჩევნები, დაიკეტება საზღვრები და ყველა უკრაინელი, განურჩევლად სქესისა და ასაკისა ომში წავა, რამდენადაც უკრაინული მიწა მილიონობით უკრაინელზე მნიშვნელოვანია. იმ ფაქტზე, რომ ვიდეომიმართვა რეალური არ არის, მისი საეჭვო შინაარსის გარდა, ვიზუალური მახასიათებლებიც მიუთითითებს, მათ შორის არაბუნებრივი სახის მიმიკა და კადრებს შორის დაყოვნება.

Screenshot 2023 11 21 103231 რუსული საინფორმაციო ოპერაცია ზალუჟნისა და ზელენსკის დაპირისპირების წარმოსაჩენად

2022 ვოლოდიმირ ზელენსკიზე კიდევ ერთი Deepfake ვიდეო შეიქმნა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ჯარისკაცებს იარაღის დაყრისა და დანებებისკენ მოუწოდებდა.

ტელეგრამ არხებისა და ჩატების კატალოგში ტელეგრამ არხი Радио Труха სიახლეებისა და მედიის კატეგორიას არის მიკუთვნებული. არხის აღწერის თანახმად,  Радио Труха მხოლოდ მნიშვნელოვან სიახლეებს ავრცელებს, იუმორთან ერთად. აღსანიშნავია, რო Deepfake ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ ვიდეოებში “ზალუჟნი” რეალისტურად გამოიყურება (ჩრდილები, კონტურები, ტუჩების სინქრონიზაცია სიტყვებთან, ინტონაცია, სახის გამონათქვამები რეალურის მსგავსია), რაც საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ოპერაციაში მნიშვნელოვანი ძალებისა და საშუალებების ჩართვაზე მიუთითებს.

Screenshot 2023 11 21 103237 რუსული საინფორმაციო ოპერაცია ზალუჟნისა და ზელენსკის დაპირისპირების წარმოსაჩენად

გარდა გაყალბებული ვიდეოებისა, რუსულ საინფორმაციო სააგენტოებსა (1, 2, 3, 4, 5) და სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტსა და შეიარაღებული ძალების მეთაურზე ბუკლეტის ფოტოების სახით კიდევ ერთი გზავნილი გავრცელდა. ბუკლეტთან დაკავშირებით, რომელიც, რუსული წყაროების თანამხმად, ქალაქ ჟიტომირში უცნობმა პირებმა დაარიგეს, წერდნენ, რომ უკრაინაში ზალუჟნის მხარდამჭერი და ზელენსკის საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო.
სავარაუდოდ, ამ ინფორმაციის პირველწყარო რუსული ტელეგრამ-არხი Милитарист (@infantmilirario) არის, რომელმაც ბუკლეტის ფოტო 10 ნოემბრის დილის 02:11-ზე გამოაქვეყნა. ფოტოს წარმომავლობა ბადებს ეჭვს, რომ აღნიშნული ბუკლეტიც კრემლის საინფორმაციო ოპერაციის ნაწილია.

Screenshot 2023 11 21 103243 რუსული საინფორმაციო ოპერაცია ზალუჟნისა და ზელენსკის დაპირისპირების წარმოსაჩენად

აღნიშნული ბუკლეტის ფოტო, რომელზეც უკრაინელებს „სწორი არჩევანისკენ მოუწოდებენ, პლატფორმის” საქართველო უპირველეს ყოვლისა” ფეისბუკ გვერდმა Georgia First NEWS და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ბონდო მძინარაშვილმაც გაავრცელეს.

Screenshot 2023 11 21 103527 რუსული საინფორმაციო ოპერაცია ზალუჟნისა და ზელენსკის დაპირისპირების წარმოსაჩენად

ინფორმაციას ბროშურის გავრცელების შესახებ უკრაინის “დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი” 10 ნოემბერს გამოეხმაურა. პოსტში აღნიშულია, რომ ფოტოები რუსული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციის ნაწილია, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის და უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობას შორის განხეთქილების შესახებ ეჭვების დათესვას ცდილობს.

კრემლის განმეორებითი დეზინფორმაცია და ზალუჟნის განცხადებების ინტერპრეტაცია

კრემლის პროპაგანდა ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულიდან ცდილობს სამიზნე აუდიტორია დაარწმუნოს ზელენსკის აპარატსა და ზალუჟნის შორის არსებული დაპირისპირების შესახებ და ამით საზოგადოებრივი აზრის გახლეჩვა გამოიწვიოს. დაახლოებით ერთი წლის შემდეგაც კრემლს კვლავ მიეცა საშუალება, რომ ზალუჟნის გზავნილები ზელენსკისთან დაპირისპირებად და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობად და შეეფასებინა. 2023 წლის 30 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ანონიმურმა წყაროებმა ჟურნალ Time-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადეს, რომ ზელენსკის, როგორც ჩანს, „ბრმად სჯერა“ გამარჯვების, იმ პირობებში, როდესაც კონტრშეტევა „უიმედოდ ჩავარდა“. ამის შემდეგ ბრიტანულმა გაზეთმა The Economist-მა გაავრცელა ვალერი ზალუჟნის სტატია იმის შესახებ, რომ ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა და რომ რუსეთს დიდი დანაკარგის მიუხედავად, კიდევ დიდხანს ექნება უპირატესობა იარაღის, ტექნიკის, რაკეტების და საბრძოლო მასალების მხრივ. 

Detector.media-ს მიერ 10 ნოემბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ანონიმური ტელეგრამ-არხები და სხვა რუსული წყაროები ზალუჟნის გზავნილების ინტერპრეტაციით ცდილობენენ წარმოაჩინონ, თითქოს უკრაინა მიხვდა, რომ ომი წაგებულია, რადგან “რუსულმა (საბჭოთა) სამხედრო სკოლამ ნატოს მმართველობის მოდელს გაუსწრო”. ასევე, რუსი პროპაგანდისტები აღნიშნავენ, რომ The Economist-ში თავისი სტატიით ვალერი ზალუჟნი ცდილობს დაიცვას თავი ფრონტზე წარუმატებლობის პასუხისმგებლობისგან, რომ ზალუჟნის, როგორც სამხედროს, მშვენივრად ესმის ომის რეალური ვითარება, თუმცა პრეზიდენტის აპარატს სიტუაციის კრიტიკულად შეფასება უჭირს.

როგორც დასაწყისში აღინიშნა, ეს არ არის ზალუჟნის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების პირველი შემთხვევა, თუმცა ბოლო პერიოდში გავრცელებული ყალბი ამბებით გამოჩნდა, რომ ამჯერად კრემლის პროპაგანდის მიზანი უკრაინაში საზოგადოებრივ არზე ზეგავლენის მოხდენა და საზოგადოების დაყოფაა. ფრონტის ხაზზე უკრაინის სისუსტის წარმოსაჩენად კრემლის მედიამ ვიდეომანიპულაციაც გაავრცელა, თითქოს უკრაინის ერთ-ერთი ბრიგადის მეთაურებმა სამხედროები მიატოვეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ვიდეოში არა უკრაინელები, არამედ რუსი ჯარისკაცები არიან ასახული.

2023 წლის მარტში ასევე რუსული საინფორმაციო ოპერაციის ნაწილი იყო დეზინფორმაციის გავრცელება, რომ ზალუჟნიმ ხერსონის მახლობლად სარაკეტო დარტყმის შედეგად მრავლობითი დაზიანება მიიღო. გარდა ამისა, ვალერი ზალუჟნის სახელით შეიქმნა სოციალური ქსელის ყალბი ანგარიშები, რომელთა საშუალებითაც ასევე მცდარი ინფორმაცია ვრცელდებოდა. ზალუჟნიმ განაცხადა, რომ არ ფლობს ტელეგრამ ანგარიშს @Zaluzhniy_ua და ასევე არც სხვა ანგარიშებს სახელწოდებით “Valery Zaluzhniy”.

ზალუჟნის შესახებ სხვა ყალბ ამბებზე გაეცანით “მითების დეტექტორის” მასალებში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist