13 ნოემბერს ფეისბუქ-ანგარიშმა Хундадзе Нини გამოაქვეყნა უკრაინელი ბლოგერის ვადიმ სავას ტიკ-ტოკ ვიდეო, რომელშიც ის ჰყვება, რომ უკრაინის 110-ე მექანიზებული ბრიგადის მესამე ბატალიონის სამხედროები ჩივიან თავიანთ მეთაურებზე. სავას თქმით, მეთაურებმა სამხედროები ავდიივკაში მიატოვეს და შეიარაღების გარეშე სასაკლაოზე დატოვეს. სავას თქმით, სამხედროებმა ზელენსკის სახელზე ვიდეო მიმართვა ჩაწერეს, თუმცა მან და ზალუჟნიმ სამხედროები უყურადღებოდ დატოვა.
სავას კომენტარი 12 ნოემბერს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიებმა (1,2,3,4,5,6,7), მათ შორის Московский Комсомолец-მა გააშუქა.
გარდა ამისა, 10 ნოემბერს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიებმა გაავრცელეს (1,2,3) ინფორმაცია 110-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონის მიმართვის ვიდეოს შესახებ. ვიდეო სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, ფეისბუქზე, Вконтакте-ზე (1,2) და Однокласники-ზე გავრცელდა.
უკრაინის 110-ე მექანიზებული ბრიგადის შესახებ გავრცელებული ცნობები დეზინფორმაციაა. მიმართვის ვიდეოს თავად ბრიგადა ფეისბუქზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის გაყალბებულია და მასზე არა ბრიგადის წევრი სამხედროები, არამედ გადაცმული რუსი სამხედროები არიან ასახული.
ვიდეო 9 ნოემბერს პრორუსულ ტელეგრამ-არხზე U_G_M გამოქვეყნდა. უკვე მომდევნო დღეებში სხვა სოციალურ ქსელებშიც ვიდეოს სწორედ ეს ვერსიაა გავრცელებული და მათზეც ამ ტელეგრამ-არხის მისამართია დატანილი. იმავე დღეს, 9 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეოს 110-ე მექანიზებული ბრიგადა თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოეხმაურა. ბრიგადის განცხადებით, ვიდეო ყალბი შინაარსისაა და მასზე ასახული სამხედროები არა 110-ე ბრიგადის წევრები, არამედ რუსი სამხედროები არიან.
გავრცელებული ვიდეო ფაქტების გადამოწმების უკრაინულმა სამსახურმა StopFake-მაც გადაამოწმა. ვიდეოსთან დაკავშირებით, StopFake დამატებით აღნიშნავს, რომ თავდაპირველ ეჭვს აღძრავს ის, რომ სამხედროები ვიდეოში სახეს აჩენენ, თუმცა მოსაუბრე არ აკონკრეტებს, რომელი ასეულის რომელი ქვედანაყოფიდან არიან სამხედროები, ასევე არ ასახელებს თავის თანამდებობას, გვარს ან სამხედრო მეტსახელს.
წყაროს შესახებ:
უკრაინელი ბლოგერი ვადიმ სლავა უკრაინის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. ის ძირითადად ტიკ-ტოკზე აქვეყნებს ვიდეოებს, აქვს ასევე ინსტაგრამ-გვერდიც. სავას ტიკ-ტოკის გვერდზე აღნიშნულია, რომ პლატფორმამ მისი ანგარიში უკვე 2-ჯერ წაშალა. სავა ხშირად აკრიტიკებს პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის ხელისუფლებას, თუმცა არ შემოიფარგლება მხოლოდ კრიტიკით და მისი ვიდეოები ზოგჯერ მანიპულაციურია, მაგალითად უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიღებულ კანონპროექტზე სავას ვიდეო, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ უკრაინაში ზოგადად მართლმადიდებლობა იკრძალება. ასევე თავის ინსტაგრამ გვერდზე სავას გამოქვეყნებული აქვს ანატოლი შარის ვიდეო. ანატოლი შარი პრორუსი უკრაინელი ჟურნალიტსი და პოლოტიკოსია, რომელიც სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული, ის 2022 წლის 4 მაისს ესპანეთში დააკავეს. 2023 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ ფსბ-სთან თანამშრომლობის გამო შარის უკრაინაში სახელმწიფო ღალატისთვის გაასამართლებდნენ.
სავას ვიდეოს გამავრცელებელი ქართული ფეისბუქ-ანგარიში:
Хундадзе Нини კონსერვატიული მოძრაობის და მასთან დაკავშირებული ტელევიზიის ალტ-ინფოს მხარდამჭერი ნინი ხუნდაძის 5 პროფილიდან ერთ-ერთია (1, 2, 3, 4, 5). ის ხშირად ავრცელებს ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს. მის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.