16 მარტს ინტერნეტში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის Deepfake მიმართვა გამოჩნდა.
პროგრამულად გაყალბებულ ვიდეოში ზელენსკი უკრაინელ ჯარისკაცებს მიმართავდა და მათ იარაღის დაყრისა და დანებებისკენ მოუწოდებდა.
უკრაინის ეროვნული ტელევიზიის Ukraine 24-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა მოახერხეს და ვიდეო ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გაუშვეს.
ვიდეო ფეისბუქის, იუთუბისა და ტვიტერის საშუალებითაც გავრცელდა. მოკლე ხანში ვიდეო ამ სოციალური ქსელებიდან სტანდარტების დარღვევის გამო წაიშალა. აშშ-ის ეროვნული სახალხო რადიოს (npr) მიხედვით, სხვა სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, რუსულ სოციალურ ქსელებში ვიდეო ფართოდ გავრცელდა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის დაზვერვამ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი Deepfake-ის გავრცელების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 3 მარტს გამოაქვეყნა. დაზვერვის ტვიტერის ანგარიშზე Deepfake ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაცია და ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც Deepfake-ის მახასიათებლები და მაგალითები იყო ნაჩვენები. დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია ამ სახის პროვოკაციას ამზადებდა.
16 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ Deepfake ვიდეოს შესახებ გამოხმაურება საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა. ზელენსკის მიხედვით, მას ასეთი სიტყვები არასდროს უთქვას და ერთადერთი, ვისაც დანებებისკენ მოუწოდებს, რუსეთია.
აღსანიშნავია ისიც, რომ გავრცელებული Deepfake მისი დაბალი ხარისხის გამო შეუიარაღებელი თვალითაც მარტივი ამოსაცნობი იყო.
Deepfake ტექნელოგიისა და მისი გამოყენებით სხვადასხვა დროს ცნობილი ადამიანების გაყალბებული ვიდეოების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- DEEPFAKE: როცა მხოლოდ ხილვა საკმარისი არ არის
- ახლა ვიდეოს გაყალბებაც შესაძლებელია – არის თუ არა DEEPFAKE საფრთხე დემოკრატიისთვის
- ჯორჯ ბუშის კლონი “ობიექტივის” ეთერში
- ЗЕМЛЯНЕ-ს სოლისტი თუ ილონ მასკი – რა საფრთხეებს შეიცავს DEEPFAKE?
- DEEPFAKE დედოფალი ალტერნატიულ საშობაო მილოცვას ავრცელებს
- DEEPFAKE, CHEEPFAKE და პრიმიტიული მიმები – რისი სჯერათ უფრო მეტად?