რეალურად ვის მფლობელობაშია ყვარელში მიწის ნაკვეთი და როგორ უკავშირებენ კუდიგორის მთის მოჭრას უცხოელებს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

226
VIEWS

28 ნოემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა ისევ მე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მთაზე ტყის ნაწილი გაჩეხილია, მიწის ნაწილი კი, სავარაუდოდ, მოჭრილი. ავტორი ამტკიცებს, რომ მიწა ინდოელზეა გაყიდული და მესაკუთრე მთლიანი მთის მოჭრას აპირებს. 

kudigora8 რეალურად ვის მფლობელობაშია ყვარელში მიწის ნაკვეთი და როგორ უკავშირებენ კუდიგორის მთის მოჭრას უცხოელებს?

პოსტის ავტორის მტკიცება, თითქოს მიწა გაყიდულია ინდოელზე, რომელიც მთლიანი მთის მოჭრას აპირებს, დეზინფორმაციულია. რეალურად, ვიდეოში კუდიგორის მთა ჩანს, სადაც არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთის მფლობელი კომპანიის მესაკუთრე მოქალაქე ვანო ლომიძეა. მფლობელი ამბობს, რომ ადგილზე კაფე და მუზეუმი უნდა აშენდეს.  

ფეისბუქ-პოსტის ავტორს Tik-Tok ვიდეო ბლოგერ დომენიკ მანგოს ანგარიშიდან აქვს აღებული. აღსანიშნავია, რომ ვიდეოში ავტორი არ ამტკიცებს, თითქოს მიწა ინდოეთის მოქალაქის საკუთრებაშია და მთის სრულად მოჭრა იგეგმება.  

გავრცელებულ ვიდეოში ყვარელში მდებარე კუდიგორის მთას ვხედავთ. მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე მოვიძიეთ. როგორც მონაცემებით ირკვევა, არასასოფლო სამეურნეო ტიპის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 57.35.52.000.346)  27 057 კვ.მ. ფართობის არის და მისი მფლობელი შპს “ბიზნეს იმპერიაა”. საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე ასევე ატვირთულია ნაკვეთის საკადასტრო გეგმა. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულება 2019 წლის 13 მარტს არის დადებული და ნაკვეთის გამყიდველად სახელმწიფოა მითითებული. დოკუმენტით დგინდება, რომ სახელმწიფომ შპს “ბიზნეს იმპერიას” მიწის ნაკვეთი “ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით” მიჰყიდა (მათ შორის, საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულებისა და მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით). 

kudigora7 რეალურად ვის მფლობელობაშია ყვარელში მიწის ნაკვეთი და როგორ უკავშირებენ კუდიგორის მთის მოჭრას უცხოელებს?

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოზე ძებნის შედეგად დავადგინეთ, რომ შპს “ბიზნეს იმპერიას” 100%-იან წილს მოქალაქე ვანო ლომიძე ფლობს. ასევე, დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის დირექტორი ბექა ლომიძეა. აღსანიშნავია, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ აღრიცხული საქართველოში მოქმედი პარტიების პოლიტიკური შემოწირულობების მიხედვით, ბექა ლომიძეს 2012 და 2017 წლებში პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის” 1 500 და 9 200 ლარი აქვს შეწირული.

kudigora6 რეალურად ვის მფლობელობაშია ყვარელში მიწის ნაკვეთი და როგორ უკავშირებენ კუდიგორის მთის მოჭრას უცხოელებს?

kudigora9 რეალურად ვის მფლობელობაშია ყვარელში მიწის ნაკვეთი და როგორ უკავშირებენ კუდიგორის მთის მოჭრას უცხოელებს?

“მითების დეტექტორი” კითხვით, თუ რისი აშენება იგეგმება კუდიგორის მთაზე, “ბიზნეს იმპერიის” მფლობელს, ვანო ლომიძეს დაუკავშირდა. ლომიძის თქმით, ადგილზე კაფე და მუზეუმი უნდა აშენდეს. 

“არაფერი მაგდაგვარი [არ იგეგმება]. არავითარი ინდოელები და ჩიკაგოელები მანდ არ არიან, არის ჩემი. მანდ უნდა აშენდეს, დაახლოებით, 2-3 სართულიანი კაფე და უკან უნდა იყოს საქართველოს ეთნიკური მუზეუმი. წავა ხალხი, მუზეუმს დაათვალიერებს – ქვევრი, ყურძენი, საწნახელი, რაც არის კულტურა კახეთის. იქვე შევა კაფეში, დაჯდება, დალევს, გადახედავს ალაზნის ველს და წაბრძანდება სახლში. დიდი ხანია უკვე [დავიწყე მშენებლობა]. დიდი ხანია და დღემდე ვერ გავცდი მასეთი მოჭორავე ხალხის ჩივილით სასამართლოებში სირბილს”. – ამბობს ვანო ლომიძე.  

“მითების დეტექტორმა” ლომიძეს მთის მოჭრის შესახებაც დაუსვა კითხვა. როგორც ის ამბობს, 3 წლის წინ კომპანია გზასთან დაკავშირებით პროექტის გადაცდენის გამო დაჯარიმდა. 

“პროექტი ხომ არსებობს? გადაცდენა იყო, ნახევარი მეტრით გადაცდნენ გზას. სიფართე ნახევარი მეტრით უფრო მეტი მოუვიდათ და მაგაზე დაჯარიმდა კომპანია. ეგ იყო 3 წლის წინ და სასამართლოს დადგენილებებია. გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ რაც ეგ დაიწყო კომპანიამ და რამდენი ზარალიც ნახა მაგით… იმის მერე სასამართლოდან არ გამოსულა, სულ სასამართლოში აქვს საქმე და დღესაც სასამართლოში აქვს. მაგ დეზინფორმაციით, მაგ არასწორი რაღაცებით… იმის მაგივრად, რომ რაღაც გაკეთდეს, ტურისტი მივიდეს… რომელ მთაზეა ლაპარაკი, მთა კი არ იყო, ეგ იყო გველების ბუდე”. – გვითხრა ვანო ლომიძემ. 

კუდიგორის მთაზე ვანო ლომიძის კომპანიის სამუშაოების შესახებ მედიამ პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე” დაყრდნობით ინფორმაცია 2021 წელს გაავრცელა. პარტიის ინფორმაციით, ლომიძეს მიწის ნაკვეთი სარესტორნო ბიზნესისთვის გადაეცა და სამუშაოების მიმდინარეობისას ტყე გაიჩეხა.  

“მე ვარ ბიზნესმენი, ვაკეთებ საქმეს. ჩემთვის პოლიტიკა არ არსებობს, შვილო… ეს ადგილი გაკეთდეს მიმზიდველი, ლამაზი და, როგორც იტყვიან, სათვალიო, მაგიტომ უნდა მოჭრა, იმიტომ, რომ რაღაც გააკეთო, ხომ? მაგ გზის მოჭრის უმაგისოდ ჩვენ ვერ შევძლებდით უბრალოდ მაღლა ასვლას და გვერდების გასწორებას”. – უთხრა ვანო ლომიძემ ტელეკომპანია “ფორმულას” სატელეფონო ინტერვიუში 2021 წელს. 

 2023 წლის 19 სექტემბერს მოქალაქეზე დაყრდნობით “მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა კახეთში “კუდიგორის მთა მოჭრა და სახლი აიშენა”. გავრცელებულ ინფორმაციას დეპუტატმა “მოგონილი ტყუილი” უწოდა.  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist