რატომ არის “აგენტების კანონი” რუსული და არა დასავლური?

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

625
VIEWS

საქართველოს პარლამენტმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის არგუმენტით, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტის მიღება სცადა. ამ მიზნით, ქართული ოცნებიდან ფორმალურად გამოყოფილმა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილმა ჯგუფმა “ხალხის ძალამ”, რომელიც ღიად ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა, საქართველოს პარლამენტში ორი კანონპროექტი დაარეგისტრირა. მას შემდეგ, რაც 14 თებერვალს დარეგისტრირებული საქართველოს კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსეთში მოქმედ კანონთან მისი აშკარა მსგავსების გამო კრიტიკულად შეფასდა, 22 თებერვალს “ხალხის ძალამ”  „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ალტერნატიული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც მათი მტკიცებით, ამერიკული FARA-ს პირდაპირი ანალოგი იყო. 

რას ითვალისწინებდა  საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონები?

კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით საყოველთაო კრიტიკის ფონზე მიიღო,  ყველა არასამეწარმეო იურიდიული პირისგან, მათ შორის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისგან, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა, უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციას ითხოვდა. რეგისტრაციისთვის თავის არიდების და კანონპროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში კი კანონპროექტი მკაცრ ფინანსურ ჯარიმებს ითვალისწინებდა. ამას გარდა, იუსტიციის სამინისტროსთვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭებით, უცხოური ფონდებიდან დაფინანსებული ორგანიზაციები მთავრობის მხრიდან შეუზღუდავი შემოწმების საფრთხის ქვეშ ექცეოდნენ. მეორე კანონპროექტი კი, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამერიკული FARA-ს ანალოგად წარმოაჩენდნენ, იურიდიულ პირებთან ერთად ფიზიკურ პირებსაც ეხებოდა, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სასჯელის ნორმად ჯარიმას ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. 

რეაქცია საკანონმდებლო ინიციატივაზე

“ხალხის ძალის” ინიცირებულ და მმართველი პარტიისგან მხარდაჭერილ კანონპროექტს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ინიციატივა მკაცრად  გააკრიტიკეს საქართველოს პარტნიორებმა დასავლეთშიც, როგორც პოტენციური საფრთხე ქართული დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისთვის და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის. საბოლოოდ, 6-9 მარტს გამართული საპროტესტო აქციების ფონზე მმართველმა პარტიამ კანონის მიღებაზე უარი თქვა – საქართველოს პარლამენტმა 10 მარტს გამართულ პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით კენჭისყრისას ჩააგდო, ხოლო “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის” შესახებ კანონის პროექტი “ხალხის ძალამ” თავად გამოითხოვა. 

რა მიზანს ემსახურებოდა “ხალხის ძალის” ინიცირებული კანონპროექტი?

“ქართული ოცნების” წევრები ამტკიცებენ, რომ კანონპროექტის ერთადერთი მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იყო. თუმცა, იმავე განცხადებებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების დისკრედიტაციის მიზნით მათ ანტიეროვნულ ქმედებებში, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში, ჯაშუშობასა და ანგარებაში ადანაშაულებენ. 

“დესტრუქციულ და პროვოკაციულ” ქმედებებში არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები ირაკლი ღარიბაშვილმაც დაადანაშაულა და რამდენიმე მათგანის – “სირცხვილია”, “თბილისი პრაიდი”, EMC (სოციალური სამართლიანობის ცენტრი), ISFED, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ჩართულობა ხაზგასმით აღნიშნა. 

თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველი პარტიის სამიზნედ დიდი ხნის წინ იქცნენ. მანამ, სანამ  “ხალხის ძალის” კანონპროექტით საპარლამენტო უმრავლესობა მათი უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირებას შეეცდებოდა, არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური შემოსავლების გაუმჭვირვალობაზე “ქართული ოცნება” აქტიურად აპელირებდა. გასული წლის სექტემბერში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობისა და ფინანსების შესახებ ირაკლი კობახიძის და მამუკა მდინარაძის სპეკულაციურმა განცხადებებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეშფოთება გამოიწვია.  

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები ისედაც გამჭვირვალეა. ისინი  შემოსავლების სამსახურს ყოველთვიურად აწვდიან დეკლარაციას, სადაც დამატებითი ღირებულების გადასახადთან დაკავშირებული დეტალები, თანამშრომლების რაოდენობა და მათთვის გადახდილი ხელფასია მითითებული. ყოველი წლის ბოლოს კი შემოსავლების სამსახურს არასამთავრობო ორგანიზაციების ქონების დეკლარაცია ეგზავნება. ამასთანავე, დონორებთან პასუხისმგებლობის ფარგლებში, თითოეული ორგანიზაცია საკუთარ ვებგვერდზე პერმანენტულად აქვეყნებს ანგარიშებს, სადაც მათი საქმიანობის შეჯამებასთან ერთად, დაფინანსების წყაროები და ხარჯთაღრიცვაა წარმოდგენილი. ეს ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. 

გარდა ამისა, საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, უკვე არსებობს მონაცემთა ერთიანი ბაზა – eAIMS (e-Aid Information Management System), რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით შეიქმნა. ბაზის გამოყენებით, მარტივადაა შესაძლებელი ყველა იმ დასრულებული და მიმდინარე პროექტის დონორებსა და ხარჯების მიზნობრიობაზე ინფორმაციის მიღება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოეთის ფონდებიდან მოპოვებული დაფინანსებით ახორციელებენ. 

არასამთავრობო ორგანიზაციები რომ კრიტიკული აზრის წინააღმდეგ მიმართული “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული კამპანიის სამიზნეს წარმოადგენენ, ეს “მითების დეტექტორის” აქამდე წარმოდგენილი ანგარიშებითაც დასტურდება. მონიტორინგის შედეგად, რომელიც მმართველი პარტიის კომუნიკაციების დეპარტამენტის ფეისბუკ გვერდს “სინამდვილეში” შეეხებოდა, არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი საქმიანობის დისკრედიტირების მცდელობის ტენდენცია გამოიკვეთა. მონიტორინგმა აჩვენა, რომ მმართველი პარტია არასამთავრობო ორგანიზაციებს “ანტიქართულის” და “რელიგიური პროპაგანდისტის” იარლიყს მხოლოდ ხელისუფლებისადმი კრიტიკული პოზიციის გამო აკრავს.

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონის მიღება ვერ შეძლო, თუმცა სახელისუფლებო აქტორები კვლავ ცდილობენ ქართული კანონპროექტი ამერიკაში მოქმედი კანონის ანალოგად და სხვა დასავლური დემოკრატიული ქვეყნების საკანონმდებლო პრაქტიკის გაზიარების მცდელობად წარმოაჩინონ. სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიის POSTV-ის გვერდზე POSTV-ანალიტიკა სპეციალურად ამ თემაზე მომზადებული ვიდეოც განთავსდა, რომელიც  “ხალხის ძალის” კანონპროექტისადმი მიმართულ კრიტიკას “მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის კამპანიად” აფასებს. 

რა განასხვავებს FARA-ს “ხალხის ძალის” მიერ წარმოდგენილი კანონპროექტებისგან?

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებით, “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტი არანაირად არ ჰგავს აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს (FARA).  

FARA-ს დიდი ისტორია აქვს. ის პირველად 1938 წელს, მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში, ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად  მიიღეს. ეროვნული უსაფრთხოების ახალი გამოწვევების გაჩენასთან ერთად, კანონი დროთა განმავლობაში ადაპტირდა და მისი მოქმედების არეალიც მკვეთრად დავიწროვდა. ახლა ის ძირითადად პოლიტიკურ აქტივობაში ჩართულ უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებს და ლობისტებს შეეხება. 

FARA უცხოეთის გავლენის აგენტის სტატუსის განსაზღვრისას უცხოური წყაროდან მიღებული დაფინანსების გარდა, რამდენიმე მნიშვნელოვან კრიტერიუმს ეყრდნობა

  • აგენტი სხვა სახელმწიფოს ბრძანებით, მოთხოვნით ან კონტროლის ქვეშ უნდა მოქმედებდეს. 
  • აგენტი უნდა ეწეოდეს პოლიტიკურ აქტივობას უცხოური ძალის სასარგებლოდ და ცდილობდეს გავლენა იქონიოს საზოგადოებრივ აზრზე, პოლიტიკასა და კანონმდებლობაზე. 

ამ თვალსაზრისით, FARA ფუნდამენტურად განსხვავდება საქართველოში ინიცირებული ორივე კანონპროექტისგან, რომელთა მიზანიც უცხოეთის ფონდებიდან დაფინანსებული ყველა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის უცხოეთის გავლენის აგენტად გამოცხადება იყო, მათი საქმიანობის ხასიათის მიუხედავად. 

East West Management Institute-ის ანალიზში, რომელიც არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) და არასამეწარმეო სამართლის ევროპული ცენტრის (ECNL) მიერ მომზადდდა, დამატებითაა ხაზგასმული ის მახასიათებლები, რაც აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს (FARA) “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტისგან განასხვავებს. 

  • FARA არ ადგენს რეგისტრაციის ვალდებულებას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ორგანიზაცია დაფინანსებას უცხოური წყაროდან იღებს. რეგისტრაცია საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი მოქმედებს უცხოური მთავრობის პირდაპირი მითითებით და მისი კონტროლის ფარგლებში.
  •  აშშ-ში მოქმედი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია ორგანიზაცია იღებს უცხოურ გრანტებსა და დახმარებას, მაგრამ FARA მათ უცხოურ აგენტად რეგისტრაციას არ ავალდებულებს.
  • აშშ-ში FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრირებულია არაკომერციული ორგანიზაციების 5%-ზე ნაკლები. რეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაციების დიდი ნაწილი უცხოური პოლიტიკური პარტიების ფილიალებია. 

არის თუ არა მსგავსი კანონი სხვა დასავლურ ქვეყნებში?

აშშ-ის გარდა, საგარეო ჩარევისა და სხვა სახელმწიფოს მტრული ქმედებებისგან თავდაცვის უზრუნველსაყოფად მსგავსი საკანონმდებლო რეგულაცია 2018 წლიდან ავსტრალიაშიც მოქმედებს. ამას გარდა, უცხო გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შექმნის ინიციატივა, რომლის მიზანიც ბოროტგანზრახულ უცხოურ გავლენასთან გასამკლავებლად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა, კანადაშიც განიხილება. ამ მიმართულებით საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწაზე მუშაობს დიდი ბრიტანეთიც

ავსტრალიური კანონი, ამერიკული FARA-ს მსგავსად სამთავრობო და პოლიტიკურ ლობიზმს ეხება. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხმა აქტუალობა ავსტრალიის საშინაო პოლიტიკაზე და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ჩინეთის მზარდი გავლენის ფონზე შეიძინა. მელბურნის სამართლის სკოლის მონაცემთა ბაზის თანახმად, 2000 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში ავსტრალიის პოლიტიკურ პროცესში ჩართული უცხოელი დონორების მიერ სხვადასხვა გზით დახარჯული თანხის 79.3% სწორედ ჩინეთის მოქალაქეების და სუბიექტების მიერ გაღებულმა დონაციებმა შეადგინა. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ საკანონმდებლო აქტი რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ავსტრალიის საშინაო საქმეებში ჩარევის შესაკავებლად ეროვნული უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე შეიქმნა, ეს ავსტრალიის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა მალკომ ტურნბულმაც დაადასტურა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრალიური კანონმდებლობა ვიწრო და კონკრეტული დეფინიციების გამოყენებით, კონკრეტულად განსაზღვრავს კანონის მოქმედების არეალს, აწესებს რიგ გამონაკლისებს კერძო და სამოქალაქო სექტორისთვის, ხოლო საზოგადოებრივი ორგანიზაციები კანონის მოქმედების არეალში საერთოდ არ ხვდებიან

მტრული სახელმწიფოების და მათი გავლენის წინააღმდეგაა მიმართული ინიციატივა კანადაშიც, რომელიც კანადის მთავრობამ საჯარო განხილვაზე 10 მარტს გამოიტანა. საკითხის აქტუალობას კანადა ავტორიტარული რეჟიმების გაძლიერებული ძალისხმევით ასაბუთებს, რომლის მიზანიც კანადის დემოკრატიულ, ეკომონიკურ და აკადემიურ ინსტიტუტებში ჩარევაა. გასულ თვეს, კანადურმა გამოცემამ The Globe and Mail ანონიმურ სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით დეტალური ცნობები გამოაქვეყნა იმ სქემების შესახებ, რომელთა გამოყენებითაც ჩინეთი 2019 და 2021 წლებში კანადის არჩევნებში ჩარევას ცდილობდა. ჩინეთთან ერთად, ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტების რეკომენდაციით, სამომავლოდ შემუშავებულ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც საგარეო გავლენის გამჭვირვალობის რეესტრს შეეხება, ნათლად უნდა იყოს განსაზღვრული სხვა  საფრთხისშემცველი სახელმწიფოებიც – რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი. 

პროცესი კანადაში გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით და დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით მიმდინარეობს – უცხოური ჩარევისგან დაცვის ინსტრუმენტების შესამუშავებლად ხელისუფლება განხილვის პროცესში კონსულტაციებისთვის საზოგადოების წარმომადგენლებს და დაინტერესებულ მხარეებს იწვევს.  

შესაბამისად, როდესაც საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტს დასავლური დემოკრატიული ქვეყნების საკანონმდებლო პრაქტიკის გაზიარების მცდელობად წარმოაჩენენ, ყურადღება ორ უმნიშვნელოვანეს ნიუანსზე უნდა გავამახვილოთ: 

  • ნებისმიერი კანონით, რომელიც მოქალაქეებზე და მათ საქმიანობაზე მთავრობის გაზრდილ კონტროლს გულისხმობს, სახელმწიფოში არსებული დემოკრატიის ხარისხის გათვალისწინებით, განსხვავებული შედეგები შეიძლება მივიღოთ. მყიფე დემოკრატიის პირობებში, სახელმწიფოს თვითნებური მოქმედების მაღალი ალბათობა თავისუფლების შეზღუდვის რისკებსაც ზრდის. 
  • ამასთანავე, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყანაში, კანონის მოქმედების არეალის დავიწროებით, სახელმწიფოები საფრთხისშემცველი უცხოური გავლენის დარეგულირებას ცდილობენ, მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტი კანონის მოქმედების არეალში მიზანმიმართულად აქცევდა ქვეყნის საგარეო პარტნიორებისგან მომდინარე საერთაშორისო დახმარების მიმღებ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს. 

როგორ მუშაობს “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონი რუსეთში?

“უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონი მოქმედებს რუსეთშიც. სწორედ ეს კანონი აქცია კრემლმა სამოქალაქო ჯგუფებისა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტად. 2012 წელს მიღებული კანონის თანახმად, უცხოეთის აგენტად უნდა დარეგისტრირებულიყო ყველა ის ჯგუფი, რომლებიც უცხოური წყაროდან თუნდაც მინიმალურ დაფინანსებას იღებდა და პოლიტიკურ აქტივობას ეწეოდა. Human Rights Watch-ის შეფასებით, კანონში “პოლიტიკური აქტივობის” განმარტება იმდენად ფართო და ბუნდოვანია, რომ იგი ეფექტურად ვრცელდება ადვოკატირებისა და ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ყველა აქტივობაზე

რუსეთის მთავრობა ამტკიცებდა, რომ ტერმინის “უცხოეთის აგენტის” გამოყენება არ იყო გამიზნული დევნა და დისკრედიტაცია. 2016 წელს კანონში შეტანილი ცვლილებებით კიდევ უფრო გაფართოვდა “პოლიტიკური აქტივობის” მანამდე საკამათო განმარტება. შედეგად, 2012 წლიდან 2016 წლამდე რუსეთში უცხოეთის აგენტად ჯამში 170 ორგანიზაცია გამოცხადდა. 2017 წელს, ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მიერ ორგანიზებული ანტიკორუფციული საპროტესტო გამოსვლების ფონზე, “უცხოეთის აგენტის” ცნებამ მედიის წარმომადგენლები მოიცვა, ხოლო 2019 წელს კანონის სამიზნე ფიზიკური პირები, რუსეთის ცალკეული მოქალაქეები და აქტივისტები გახდნენ.  რუსეთის მთავრობამ “უცხოეთის აგენტად” გამოაცხადა ყველა ის ორგანიზაცია და სამოქალაქო აქტივისტი, რომლებიც ადამიანის უფლებებზე, გარემოს დაცვაზე, არჩევნების მონიტორინგსა და ანტიკორუფციულ საკითხებზე მუშაობდნენ.  სტიგმატიზაციის, სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული სამართლებრივი დევნის და მკაცრი ჯარიმების ფონზე, ორგანიზაციების დიდი ნაწილი დაიხურა, უამრავი აქტივისტი და ჟურნალისტი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, ხოლო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც გადარჩენა შეძლეს, ეს თვითცენზურის და სახელმწიფოს მხრიდან მათ საქმიანობაში აშკარა და უხეშ ჩარევაზე იძულებითი თანხმობის გაცემით მოახერხეს. დღეისათვის, რუსეთში უცხოეთის აგენტის ან უცხოეთის აგენტთან დაკავშირებული პირის სტატუსი ამ სუბიექტის საჯარო ცხოვრებისგან მოკვეთის საფუძველი ხდება. “აგენტების შესახებ” კანონი ამ სტატუსის მქონე ორგანიზაციებსა და პირებს არასრულწლოვანთათვის საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებას და მათთვის საინფორმაციო მასალების წარმოებასაც უზღუდავს

“უცხოეთის აგენტების” შესახებ რუსული კანონი სახელმწიფოსთვის დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო ჯგუფების რეპრესირების ინსტრუმენტია და მისი ერთადერთი მიზანი გამოხატვის თავისუფლების და პრესის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის გზით, ქვეყანაში კრიტიკული აზრის ჩახშობაა. “დოიჩე ველეს” ცნობით, იმ 200 არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რომლიც 2012 წლიდან 2021 წლის თებერვლამდე სახელმწიფომ “უცხოელი აგენტების” სტატუსით დაარეგისტრირა, 56 გაუქმდა, 16 სახელმწიფომ სასამართლო ბრძანების საფუძველზე დახურა, 8 მათგანმა იურიდიული სტატუსი შეიცვალა, ხოლო 45 ორგანიზაცია უცხოური ფონდებიდან დაფინანსების მიღებაზე უარის თქმის შემდეგ სიიდან ამოიღეს.

dzaldzis khala1 რატომ არის “აგენტების კანონი” რუსული და არა დასავლური?
წყარო: Deutsche Welle

“უცხოეთის აგენტების” სიაში 75 ორგანიზაცია რჩება, თუმცა მათი დიდი ნაწილი, სტიგმატიზაციის, სასამართლო დავების და ჯარიმების გამო სრულფასოვნად ფუნქციონირებას ვერ ახერხებს. ლევადა ცენტრი, რუსეთში წამყვანი დამოუკიდებელი სოციოლოგიური კვლევების ავტორი, “უცხოეთის აგენტად” 2016 წელს გამოცხადდა. საკანონმდებლო რეგულაციების გამო, რომელიც უცხოეთის აგენტებს წინასაარჩევნოდ კამპანიებში მონაწილეობას უკრძალავს, ლევადა იძულებული გახდა 2018 წლის საპრეზიდენტო და 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები შეემცირებინა.

რუსეთის ხელისუფლებამ “უცხოეთის აგენტების” კანონის გამოყენებით დახურა და საქმიანობა აუკრძალა ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია “მემორიალს”. “უცხოეთის აგენტებად” დასახელებული სხვა ორგანიზაციების მსგავსად, “მემორიალი” კრემლის სამიზნედ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და საშინაო რეპრესიების კრიტიკის გამო იქცა. ორგანიზაციის დახურვის გადაწყვეტილებამდე, რომელიც უზენაესმა სასამართლომ 2021 წლის 28 დეკემბერს მიიღო, “მემორიალს” ჯარიმის სახით 5 მილიონი რუბლის გადახდა დაეკისრა. 

მეორეს მხრივ, საინტერესოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დასავლურ ქვეყნებს არ უკავშირდებიან, იშვიათად არიან დადანაშაულებული აგენტურულ საქმიანობაში, მაშინაც კი, თუ მათი საქმიანობა კანონის განმარტებაში ჯდება. რუსეთში მოქმედი 90-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა მიზანი პეკინთან მჭიდრო ურთიერთობის ხელშეწყობაა და ღიად იღებს ჩინეთიდან დაფინანსებას, უცხოეთის გავლენის აგენტების რეესტრში არ ხვდებიან

იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ითხოვდა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების კონტროლს “ხალხის ძალამდე” და რუსეთის გარდა კიდევ რომელი ქვეყნები ზღუდავენ არაასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსებას, იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაციაში:

ამერიკული თუ რუსული მოდელი – რას ითხოვს “ხალხის ძალა” და ვინ ითხოვდა NGO-ების გაკონტროლებას მანამდე?

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist