რა ვიცით სტალინის გამოსახულების მქონე მონეტაზე?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

222
VIEWS

27 იანვარს ფეისბუკ-ჯგუფში არცერთი ნათქვამი სიტყვა “ამერიკული საიუბილეო ხუთდოლარიანი მონეტის” ფოტო გავრცელდა, რომელზედაც იოსებ სტალინია გამოსახული.  პოსტის ავტორის თანახმად, სტალინს მტრები იმ ეპოქაშიც კი აფასებდნენ, როცა მათ ერთად უწევდათ მოღვაწეობა, ჩვენ დროში კი, საბჭოთა ლიდერს აგინებენ და ლანძღავენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვა პოსტში აღნიშნულია, რომ საიუბილეო მონეტა  სტალინის გამოსახულებით ისლანდიელებმა გამოუშვეს, ზოგიერთი პოსტში კი გვხვდება მხოლოდ ფოტო წარწერით “ამერიკული საიუბილეო ხუთდოლარიანი მონეტა სტალინის გამოსახულებით”.

აღსანიშნავია, რომ მონეტის ფოტო და ტექსტი, სადაც მტრების მიერ სტალინის დაფასებაზეა საუბარი,  2018 წელსაც ვრცელდებოდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს მონეტა სტალინის გამოსახულებით აშშ-ში მის საპატივსაცემოდ გამოვიდა. 

stalinis moneta რა ვიცით სტალინის გამოსახულების მქონე მონეტაზე?

stalini1 რა ვიცით სტალინის გამოსახულების მქონე მონეტაზე?

პოსტები ფოტომანიპულაციას შეიცავს და სტალინის გამოსახულების მქონე ხუთდოლარიანი ოფიციალურ ამერიკულ მონეტას არ წარმოადგენს. რეალურად, მონეტა 2005 წელს იალტის კონფერენციის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაუსახლებელმა ბეიკერის კუნძულმა გამოუშვა, რომელიც აშშ-ის არაინკორპორირებული და არაორგანიზებული ტერიტორიაა. ასეთი მონეტები ძირითადად არაღიარებული ან არარსებული სახელმწიფოების მიერ რეკლამისთვის, პირადი კოლექციებისთვის, სუვენირებად და სხვა კომერციული მიზნებით არის მოჭრილი და არ არის განკუთვნილი ფართო ტირაჟისთვის. ოფიციალური საკოლექციო, საიუბილეო და მემორიალური მონეტების გამოშვება კონკრეტული ქვეყნის ზარაფხანების ან ეროვნული ბანკების მიერ რეგულირდება.

მონეტის ფოტო, რომელზედაც სტალინია გამოსახული და სოციალურ ქსელში ვრცელდება, იალტის კონფერენციის 60 წლის იუბილეს ეძღვნება. მონეტა სპილენძ-ნიკელის შენადნობით არის დამზადებული და მისი დიამეტრი 38 მილიმეტრს შეადგენს. მონეტის წინა მხარეს, ცენტრში  იოსებ სტალინია გამოსახული, რომლის თავზე კი წარწერა  „JOSEPH STALIN“ გვხვდება.  მონეტის კიდეზე გარე წრეში წრიული წარწერა ჩანს, სადაც „იალტის კონფერენციის 60 წლის იუბილე (1945-2005)“ იკითხება. მონეტის უკანა მხარეს, მონეტის ცენტრში, აშშ-ის გერბი წრიული წარწერით “ბეიკერის კუნძული”, მის ქვემოთ წარწერა “ხუთი დოლარი” გვხვდება. აღსანიშნავია, რომ ეს მონეტა Unusual coins (უჩვეულო) მონეტების კატეგორიაშია განთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის არარსებული და არაღიარებული სახელმწიფოს მონეტები, რომლებსაც არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა ფულად მიმოქცევაში. მონეტა განკუთვნილია რეკლამისთვის ან უბრალოდ მათი გაყიდვით შემოსავლის მიღების მიზნით.

stalini2 რა ვიცით სტალინის გამოსახულების მქონე მონეტაზე?

მონეტა გასაყიდად წარმოდგენილია JFV Coins-ის საიტზე.  JFV Coins-ის “ჩვენ შესახებ” განყოფილებაში ვკითხულობთ, რომ  ის არის  მსოფლიოში უჩვეულო მონეტების ყველაზე დიდი მწარმოებელი და მის მიზანს უჩვეულო მონეტების წარმოება, კომერციალიზაცია და დისტრიბუცია წარმოადგენს. JFV Coins მონეტების ოფიციალური მწარმოებელია აფრიკაში რიგი სუვერენული ტომებისა და სამეფოებისთვის და რამდენიმე მიკრო ერის ფსევდოსახელმწიფოებისთვის, ასევე არაღიარებული ქვეყნებისთვის აფრიკაში, ამერიკაში, ანტარქტიდაში, აზიაში, ევროპასა და ოკეანეთში.

ბეიკერის კუნძული წყნარ ოკეანეში მდებარეობს, მისგან 3100 კილომეტრში ჰავაის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი ჰონოლულუ, ჩრდილოეთით, ბეიკერისგან 68 კილომეტრით კი კუნძული ჰოულენდია დაშორებული. ბეიკერის კუნძული არ არის ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი, თუმცა მისი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ კუნძული დაუსახლებელია, მას ყოველწლიურად სტუმრობს აშშ-ის თევზისა და ველური ბუნების სამსახური. სტატისტიკური მიზნებისათვის, ბეიკერი დაჯგუფებულია შეერთებული შტატების  მიმდებარე მცირე კუნძულებთან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოფიციალური საკოლექციო, საიუბილეო და მემორიალური მონეტების გამოშვება მთავრობის ზარაფხანების ან ეროვნული ბანკების მიერ რეგულირდება. ეს მონეტები ხშირად იქმნება განსაკუთრებული შემთხვევების, მოვლენების აღსანიშნავად ან მნიშვნელოვანი ფიგურების პატივსაცემად. სამახსოვრო მონეტების დიზაინი და გამოშვება, როგორც წესი, ავტორიზებულია მთავრობის ან შესაბამისი ორგანოს მიერ. სხვადასხვა ქვეყანას აქვს საკუთარი ზარაფხანა, რომელიც პასუხისმგებელია მონეტების, მათ შორის, სამახსოვრო მონეტების წარმოებაზე. მაგალითად, საქართველოში საკოლექციო მონეტების შექმნასა და რეალიზებაზე მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი არის უფლებამოსილი. ამერიკის შეერთებულ შტატებში, შეერთებული შტატების ზარაფხანა  არის პასუხისმგებელი მემორიალური, საკოლექციო მონეტების გამოშვებაზე, შესაბამისად, სტალინის გამოსახულების მქონე მონეტა, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, არ არის ოფიციალური და ის აშშ-ის ზარაფხანას არ გამოუშვია.

წყაროების შესახებ

ფეისბუქ-ანგარიში გიორგი იბერიელი 2012 წელს შეიქმნა. ანგარიში პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსისა” და “კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს” აქტიური მხარდამჭერია, ის ფეისბუქ-ჯგუფის “პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები ! ! !” ერთ-ერთი ადმინისტრატორიცაა. 

patriottha aliansi რა ვიცით სტალინის გამოსახულების მქონე მონეტაზე?

გარდა ამისა, გიორგი იბერიელი 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის დროს დაკავებულებს მხარს უჭერს და მათ გათავისუფლებას ითხოვს.

გიორგი იბერიელს ფეისბუქზე დეზინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია (1, 2, 3).

giorgi iberieli რა ვიცით სტალინის გამოსახულების მქონე მონეტაზე?

ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე 2020 წელს რუსთავის მაჟორიტარობისთვის კენჭს პარტია ”ქართული ფესვების” სახელით იყრიდა. 2022 წლის იანვარში ტელეკომპანია სეზონი • TV Sezoni-ის საავტორო გადაცემაში “სტალინი”, გადაცემის ავტორმა და წამყვანმა სტალინის შესახებ მანიპულაციური განცხადებები გაავრცელა. უფრო დეტალურად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

ფეისბუქ-მომხმარებელი Levan Tavdishvili სისტემატურად აქვეყნებს ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებსა და შეთქმულების თეორიებს. “მითების დეტექტორს” მის მიერ გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაცია წარსულში არაერთხელ გადაუმოწმებია.

არქივის ბმულები: 1,2,3,4


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist