3 მითი სტალინის შესახებ

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

983
VIEWS

2022 წლის 18 იანვარს Facebook გვერდზე ტელეკომპანია სეზონი • TV Sezoni ბესო ჩუბინიძის საავტორო გადაცემა “სტალინი” გავიდა. გადაცემა იოსებ ჯუღაშვილის პიროვნების პოზიტიურ წარმოჩენასთან ერთად გარკვეულ ფაქტობრივ მონაცემებსაც შეიცავდა. ავტორის მტკიცებით, სტალინს არასდროს უთქვამს, რომ ის რუსია. ამასთანავე, ბესო ჩუბინიძემ განაცხადა, რომ სტალინმა სამცხე-ჯავახეთიდან პროთურქულად განწყობილი თურქები, აზერბაიჯანელები, ქურთები და ლეკები გადაასახლა, ხოლო ქვეყანას დაუბრუნა ეროვნული განძი, რომლის ნაწილიც მენშევიკებმა გაანიავეს. 

Screenshot 6 2 3 მითი სტალინის შესახებ
ბესო ჩუბინიძის საავტორო გადაცემა “სტალინი”

ბესო ჩუბინიძის განცხადება მანიპულაციურია და რეალობას არ შეესაბამება. 1. სტალინს ეკუთვნის გამონათქვამი, რომ ის რუსია, ქართული წარმოშობით. ამასთანავე სხვადასხვა ისტორიულ მოგონებაში ვხვდებით ისეთ ფაქტებს, სადაც სტალინი თავს ან მოსკოველად ან რუსული კულტურის ადამიანად მოიხსენიებს. 2. სტალინის მიერ გადასახლებული პროთურქულად განწყობილი ადამიანების უმეტესობა ქალი ან ბავშვი იყო, კაცების დიდი ნაწილი კი საბჭოთა კავშირის მხარეს გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდა. 3. ეროვნული განძის დაბრუნებაში დიდი წვლილი არა სტალინს, არამედ ექვთიმე თაყაიშვილს ეკუთვნის, მენშევიკების გაყიდული ნივთები კი არა ეროვნულ საგანძურს, არამედ საყოფაცხოვრებო ნივთებს წარმოადგენდა. 

1. სტალინის ეროვნების შესახებ 

ბესო ჩუბინიძის მტკიცებით, სტალინს არასოდეს უთქვამს, რომ ის რუსია და ეროვნების გრაფაში თავადვე ჩაწერა “ქართველი”.

ბესო ჩუბინიძე: “სტალინს არასოდეს უთქვამს, რომ ის არის რუსი. ეროვნების გრაფაში თავისი ხელით აქვს ჩაწერილი, ეროვნება – ქართველი. სტალინმა ერთხელ სუფრაზე აღნიშნა, რომ ის დაიბადა საქართველოში და გაზარდა რუსმა ხალხმა. რის შემდეგაც მოხდა ამ ფრაზის ისეთნაირად დამახინჯება და წარმოჩენა, თითქოს იგი რუსი იყო“.

მართალია, სტალინის პასპორტში ეროვნების გრაფაში მართლაც წერია ქართველი, თუმცა მის საჯარო განცხადებებში საპირისპირო მტკიცებას ვხვდებით. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე სტალინმა სადღეგრძელოში დიდი რუსი ხალხისა და მათი სულგრძელობის შესახებ ისაუბრა. ერთ-ერთი მარშალი პაველ რიბალკო მას მიუახლოვდა და უთხრა: „რა მშვენიერი რამ თქვით რუს ხალხზე, ამხანაგო სტალინ! საიდან იცნობთ თქვენ ქართველები ასე სიღრმისეულად რუს ხალხს?” სტალინმა გაბრაზებულმა უპასუხა: ”მე ქართველი არ ვარ – მე ქართული წარმოშობის რუსი ვარ!” 

აღნიშნული ციტატა ასევე გამოყენებულია ერთ-ერთ ფილმში სტალინზე, რომელსაც Youtube-ზე ფონდი “Русский Мир” აქვეყნებს, მითითებით, რომ ფილმი სრულად ასახავს რეალობას

Screenshot 7 2 3 მითი სტალინის შესახებ
სტალინი:
“მე არ ვარ ქართველი, მე რუსი ვარ ქართული წარმოშობით”

სტალინის კომენტარი მის ეროვნებაზე სხვადასხვა ფორმითაც არის ცნობილი. მაგალითად, ქართველმა პოეტმა და პუბლიცისტმა იური ვაჩნაძემ რადიო თავისუფლების რუსულ ტალღაზე ისაუბრა იმის შესახებ, როგორ აიდენტიფიცირებდა სტალინი თავის თავს რუსულ კულტურასთან.

იური ვაჩნაძე: „ამბობენ, რომ მოსკოვში ქართული ხელოვნების ათწლეულის აღსანიშნავ დღეებში გამართულ კონცერტზე, მის ახლობელთა ქება-დიდებას, სტალინმა ცივად უპასუხა: ”მე რუსული კულტურის კაცი ვარ, ეს ჩემთვის უცხოა”.

აღსანიშნავია, რომ სტალინის ბიოგრაფიაში “მნიშვნელოვანი ადამიანების ცხოვრება” ავტორი (სვიატოსლავ რიბასი) წერს, რომ უკვე 1930-იან წლებში სტალინი თავს რუსად გრძნობდა, რაც გამოიხატა ნათქვამში “მე ვარ რუსი, ეროვნებით ქართველი”. 

ხშირად სტალინის ეროვნების შესახებ საუბრისას იშველიებენ მისი შვილების საუბარს, სადაც იოსებ ჯუღაშვილის ვაჟი ვასილი თავის დას ეუბნება, რომ “მამაჩვენი ადრე ქართველი ყოფილა”. 

ასევე, ერთ-ერთ შეხვედრაზე სტალინმა საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის აკაკი მგელაძის სადღეგრძელოს შემდეგ ამგვარი ფრაზები წარმოთქვა:

იოსებ სტალინი: “გმადლობთ მშვენიერი სადღეგრძელოსთვის, – და ცივად შეხედა დაბნეულ ვოროშილოვს, ჭიქა ასწია და მსუბუქად მოსვა. – ცუდი იქნებოდა, თუ მე მოსკოველს ქართველი ჩარკვიანის შეცდომის გამოსწორება მომიწევდა”.

საგულისხმოა, რომ ჩარკვიანს პირველი სადღეგრძელოს თქმა სტალინის მიმართ სურდა, თუმცა მგელაძემ ის შეაჩერა და თქვა, რომ პირველი სიტყვა ქართული სუფრის მიხედვით მასპინძელს (ანუ მგელაძეს) ეთქმოდა. მგელაძემ აღნიშნა, რომ ის სადღეგრძელოს სტუმრების მიმართ დალევდა (როგორც ასევე ქართულ წესს შეესაბამებოდა) და ამ შემთხვევაში პირველი სტალინი ვერ იქნებოდა, რადგან ის ქართველი იყო და არა სტუმარი. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ შენიშვნაში სტალინმა თავი მოსკოველად წარმოაჩინა და არა ქართველად. 

ისტორიკოსი ლაშა ოთხმეზური ასევე აღნიშნავს, რომ სტალინმა იაპონელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის გარუსებული ქართველია. 

შესაძლებელია სტალინს ოფიციალურ დოკუმენტში ეროვნებად ქართველი უწერია, თუმცა გადაჭრით იმის თქმა, რომ მას არასდროს უთქვამს რომ რუსია, სხვადასხვა ისტორიული ჩანაწერის გათვალისწინების ფონზე, მართალი არ იქნება. 

2. სტალინი და დეპორტირებული მესხები

დეპორტირებული მესხების შესახებ კრემლისტურ მედიაში მითები ხშირად ვრცელდება. ბესო ჩუბინიძის მიერ გაჟღერებული ერთ-ერთი მტკიცებაც ასეთი დეზინფორმაციის ნაწილია. 

1944 წელს სტალინის ხელმოწერილი დადგენილებით და ლავრენტი ბერიას მონაწილეობით აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან 86 000 ადამიანი გადაასახლეს. დეპორტაციის მთავარ მიზეზად მათგან მომდინარე საფრთხე სახელდებოდა და ეს ადამიანები პროთურქულად განწყობილ “თურქებად” მოიხსენიებოდა. 

აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანთა შორის დიდი ნაწილი ქალები და ბავშვები იყვნენ, ხოლო კაცების დიდი ნაწილი (30 000 მუსლიმი მესხი) მეორე მსოფლიო ომში სწორედ საბჭოთა კავშირის მხარეს იბრძოდა

Screenshot 8 2 3 მითი სტალინის შესახებ

რაც შეეხება დეპორტირებული ხალხის ეთნიკურ იდენტობას, ეს ისტორიკოსებში დღემდე დავის საგანია. ზოგიერთი მათგანის აზრით, ეს ადამიანები უბრალოდ გათურქებული ქართველები იყვნენ, რადგან 1870 წლის აღწერაში 20855 ადამიანი სწორედ სუნიტ ქართველად არის მოხსენიებული. ზოგიერთი მეცნიერი საპირისპიროს ფიქრობს და ამტკიცებს, რომ მესხები ეთნიკურად თურქები იყვნენ, რადგან ისინი არ განსხვავდებოდნენ ანატოლიის თურქებისგან და მათზე უბრალოდ ქართული გავლენა ვრცელდებოდა. დღეს მესხთა ნაწილი თავს თურქად აიდენტიფიცირებს, ნაწილი კი ქართველად, ზოგიერთ მათგანს გამოკვეთილი ეთნიკური იდენტობა არ გააჩნია

მესხების შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ მითების დეტექტორის სტატია 3 მითი დეპორტირებული მესხების შესახებ.

3. სტალინი და საქართველოს ეროვნული განძი

ექვთიმე თაყაიშვილი, რომელმაც საქართველოს ეროვნული საგანძური საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ქვეყნიდან გაიტანა, მის დაბრუნებას ჯერ კიდევ 1935 წლიდან ცდილობდა. აღსანიშნავია, მის მიერ სსრ სამეცნიერო დაწესებულებათა მმარველობის გამგის ვუკოლ ბერიძესთვის გაგზავნილი წერილი, სადაც ექვთიმე გამოხატავდა სურვილს, რომ განძი საქართველოში დაბრუნებულიყო.

ექვთიმე თაყაიშვილი: „ვერ დავმშვიდდები მანამ, სანამ ნივთები საქართველოს არ დაუბრნდება და მუზეუმებს არ ჩაბარდება“.

ის, რომ ექვთიმე აქტიურად იბრძოდა განძის დასაბრუნებლად, ნათლად ჩანს წერილში, რომელიც მან 1935 წელს საფრანგეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, იერ ეტიენ ფლანდენს გაუგზავნა.

ექვთიმე თაყაიშვილი: „ქართული განძეულობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც მენშევიკური მთავრობის კუთვნილება და, მაშასადამე, ამ მთავრობის არცნობასთან დაკავშირებით არ შეიძლება მისი უპატრონოდ გამოცხადება…”

შემდგომში ექვთიმე ცდილობდა, იმ პერიოდის პოლიტიკური მოცემულობა (მეორე მსოფლიო ომი) სათავისოდ გამოეყენებინა. მას ჰქონდა კომუნიკაცია სსრკ-ში საფრანგეთის ელჩთან. ასევე სწორედ ექვთიმემ შეადგინა მოხსენება, რომელიც მარშალ დე გოლს გააცნეს. საფრანგეთის პრეზიდენტის აზრით, ეს სსრკ-ის მიმართ კარგი პოლიტიკური ჟესტი იქნებოდა, შესაბამისად მან განძის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. 

რაც შეეხება მენშევიკების მიერ გახარჯულ ეროვნულ საგანძურს, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ თავდაპირველად ეროვნული საგანძური ქვეყნიდან 248 ერთეულით წაიღეთ, თუმცა შემდგომში მოხდა საგანძურის გადაწყობა 167 ყუთში, საიდანაც:

  • 112 ყუთში მოთავსებული იყო – სახაზინო, სავალუტო ქონება (ძირითადად ოქროს და ვერცხლის ზოდები); 
  • 16 ყუთში – სარეალიზაციო კატეგორიის ქონება (საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნები: ვაზები, საათები და ა.შ.); 
  • 39 ყუთში – ეროვნული საგანძური (ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ნივთები).

აღსანიშნავია, რომ ეროვნული საგანძურის 39-ივე ყუთი ქვეყანაში უვნებლად დაბრუნდა. მატერიალური გაჭირვების მიუხედავად, საქართველოს მენშევიკურ მთავრობას და ექვთიმე თაყაიშვილს ეროვნული საგანძურის არც ერთი ნივთი გაუყიდია. გაიხარჯა მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნივთები და სახაზინო ქონება. (anewcareer) მათი ნაწილით საფრანგეთში მენშევიკებმა ლევილის მამული შეიძინეს, ნაწილით კი საფრანგეთის ბანკში საგანძურის შენახვის საფასური დაფარეს. 

ეროვნული საგანძურის გარშემო არსებული დეზინფორმაციების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მითების დეტექტორის სტატიები:

ობიექტივის მტკიცებით, ეროვნული საგანძური პირველი რესპუბლიკის მთავრობამ გაიტაცა, სტალინმა კი გადაარჩინა

ნიუსფრონტის 3 მითი საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ


სეზონი ტვ-ის შესახებ

სეზონი TV-ის 100%-იანი წილის მფლობელი ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია, რომელიც სტალინის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიით გამოირჩევა. კერძოდ, კანდელაკი საზოგადოება “გორელის” წევრი იყო, რომელმაც გორში სტალინის ძეგლის აღდგენის ინიციატივით გორის საკრებულოს არაერთხელ მიმართა. გიორგი კანდელაკი მოძრაობა “ერთად ძლიერი საქართველოსთვის” წევრიცაა. ორგანიზაცია ღიად საბჭოური სენტიმენტებითა და იოსებ სტალინის მხარდაჭერით გამოირჩევა. თავად კანდელაკი სტალინის ძეგლის დაბრუნებას მრავალი წელია ითხოვს, მას ამისათვის არაერთი საპროტესტო აქცია აქვს ორგანიზებული, მათ შორის, საქართველოს კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობით.

გიორგი კანდელაკის მფლობელობაშია სპორტ კაფე “ჯოზეფი” [Joseph], რომელიც აგრეთვე სტალინის სახელს ატარებს.

Screenshot 14 1 3 მითი სტალინის შესახებ
გიორგი კანდელაკი “კომუნისტური პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე”. 09.01.16. © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი
Screenshot 15 1 3 მითი სტალინის შესახებ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, საქართველო
წყარო

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist