ობიექტივის მტკიცებით, ეროვნული საგანძური პირველი რესპუბლიკის მთავრობამ გაიტაცა, სტალინმა კი გადაარჩინა

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ჯჯ
3.3k
VIEWS

2018 წლის 26 მაისს ტელეკომპანია “ობიექტივის” გადაცემაში “ოქროს კვეთა“ გადაცემის წამყვანმა და პარტია “ნეიტრალური/სოციალისტური საქართველოს” ლიდერმა ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობამ საფრანგეთში საქართველოს ეროვნული საგანძური „გაიტაცა“, მიისაკუთრა  და მისი უდიდესი ნაწილი “გაანიავა“. მისივე მტკიცებით, საქართველოს ეროვნული საგანძურის დარჩენილი ნაწილის სამშობლოში დაბრუნება და გადარჩენა შესაძლებელი მხოლოდ იოსებ სტალინის მონდომებით გახდა.

ვალერი კვარაცხელია: [საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ  ეროვნული] განძი [საფრანგეთის ბანკში] შეიტანა როგორც ემიგრაციაში მყოფი მთავრობის საკუთრება,  არა როგორც საქართველოს, ქართველი ხალხის საკუთრება… მენშევიკური მთავრობის მოღვაწეობა საქართველოში დასრულდა იმით, რომ მოაგროვეს, თუ რამ სიწმინდე, საუნჯე და განძი  არსებობდა, ჩაყარეს ყუთებში…და გაზიდეს საფრანგეთში… გაიტაცეს განძი… ცოტა უხერხული ფურცლები ხომ არ არის ისტორიისა?… რატომ გვინდა, რომ ისინი, ვინც საერთოდ არ არიან გმირები, წარმოვაჩინოთ გმირებად?! როდესაც ვამბობთ რომ განძი ხელუხლებლად დაბრუნდა, 248 ყუთი გაიტაცეს და იქიდან დაბრუნდა 39 ყუთი, დანარჩენი გაანიავეს პირწმინდად. ვინ დააბრუნა ის ნაწილი, რომლიც დაბრუნდა? …ეს საქმე გადაწყვიტა იოსებ სტალინმა. განძის ნაწილი, რომელიც გადარჩენილი იყო გაყიდვა – განიავებას სტალინის მეცადინეობით დაუბრუნდა საქართველოს“.

ვალერი კვარაცხელიას განცხადება, თითქოს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს ეროვნული განძი გაყიდა, ხოლო დარჩენილი ნაწილის სამშობლოში დაბრუნება სტალინის ძალისხმევით მოხდა, ტყუილია. საფრანგეთში გატანილი 248 ყუთიდან, ეროვნული საგანძური მხოლოდ 39-ში იყო განთავსებული, რაც საქართველოში სრულად დაბრუნდა. ქონება, რომელიც საფრანგეთში გაიყიდა იყო არა ეროვნული საგანძური, არამედ სახაზინო ქონება და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები. ეს თანხა ლევილის მამულის შეძენასა და საფრანგეთის ბანკებში საგანძურის შენახვის ხარჯებს მოხმარდა.

ფაქტი 1. საქართველოს ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე სიმდიდრე – ეროვნული საგანძური  დანაკლისის გარეშე დაბრუნდა სამშობლოში.

  • ეროვნული საგანძური (სამუზეუმო ექსპონატები, საეკლესიო ნივთები, საარქივო მასალები, ხელნაწერები და სხვა) საფრანგეთში წაღებული 248 ყუთიდან მხოლოდ 39 ყუთში იყო მოთავსებული.

1921 წელს საქართველოდან გატანილი  ეროვნული საგანძური, მართლაც იყო გადანაწილებული 248  ერთეულში, რომლის ნაწილს ყუთები, ნაწილს კი ტომრები წარმოადგენდა. საფრანგეთში ტვირთის ჩატანის შემდეგ საგანძურის ნაწილი ხელახლა გადააწყვეს ყუთებში. არსებული ისტორიული დოკუმენტების თანახმად, 1921 წლის 11 მაისს მარსელის ბანკში ჩაბარებული 167 ყუთიდან:

  • 112 ყუთში მოთავსებული იყო – სახაზინო, სავალუტო ქონება (ძირითადად ოქროს და ვერცხლის ზოდები);
  • 16 ყუთში – სარეალიზაციო კატეგორიის ქონება (საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნები: ვაზები, საათები და ა.შ.);
  • 39 ყუთში – ეროვნული საგანძური (ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ნივთები).

39 ყუთში მოთავსებული ეროვნული საგანძურის სამშობლოში დანაკლისის გარეშე დაუბრუნებას მოწმობს სხვადასხვა საარქივო დოკუმენტები.  საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლების მიერ მარსელის ბანკში შედგენილი აღნიშნული ქონების სია ე.წ. „დოსიე“  ექვთიმე თაყაიშვილის პირად არქივში არის შემონახული. ასევე, 1930-იან წლებში გაზეთებში ქვეყნდებოდა მუზეუმების მიერ შედგენილი სიები – მენშევიკური მთავრობის მიერ „გატაცებული“ ქონების ჩამონათვალი (როგორც იმ პერიოდის პრესა მოიხსენიებდა). მაგალითად, 1931 წელს გაზეთ “კომუნისტში” თბილისის მუზეუმიდან წაღებული საგანძურის სია გამოქვეყნდა.  აღნიშნული სიების და დაბრუნებული ნივთების შედარების საფუძველზე ცალსახაა, რომ ეროვნული საგანძური ხელშეუხებლად დაბრუნდა. ამავეს მოწმობს საბჭოთა კომისიის დასკვნა, რომელიც მათ მიერ “ხალხის მტრებად” გამოცხადებული მენშევიკური მთავრობის მიმართ ლოიალობით არ გამოირჩეოდა. განძის საქართველოში ჩამოტანის შემდეგ, ის საქართველოს მუზეუმს ჩაბარდა.  კომისიამ, რომელიც შედგებოდა საბჭოთა აკადემიკოსებისაგან, პროფესორებისაგან და თავმჯდომარეობდა მუზეუმის დირექტორი სიმონ ჯანაშია,  შეამოწმა ყველა ნივთი, შეადარა მათ ხელთ არსებულ სხვადასხვა კატალოგების ჩამონათვალს და დაადგინა, რომ არც ერთი ნივთი არ იყო დაკარგული. ასევე, საყურადღებოა, რომ მენშევიკური მთავრობის წევრი, ეროვნული საგანძურის დაცვაზე პასუხისმგებელი ექვთიმე თაყაიშვილი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ  აღადგინეს თბილისის უნივერსიტეტში პროფესორად, აირჩიეს აკადემიის წევრად და კითხულობდა საჯარო ლექციებს, სანამ სტალინური რეპრესიების ტალღა მას და მის ოჯახს არ შეეხო.

  • მატერიალური გაჭირვების მიუხედავად, საქართველოს მენშევიკურ მთავრობას და ექვთიმე თაყაიშვილს ეროვნული საგანძურის არც ერთი ნივთი გაუყიდია.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოდან გატანილი სიმდიდრიდან გაყიდა მხოლოდ სახაზინო ქონება და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნები, საიდანაც მიღებული თანხის ძირითადი ნაწილით ლევილის მამული შეიძინა, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაა, ასევე, ამ ფულით გადაიხადეს საფრანგეთის ბანკში საგანძურის შენახვის საფასურიც.

ექვთიმე თაყაიშვილმა უარი თქვა კერძო კოლექციონერებისა და მუზეუმის წარმომადგენლების, მათ შორის  ნიუ-იორკისა და ლონდონის მუზეუმების, ყველა შემოთავაზებაზე, რომლებიც საქართველოს ეროვნული საგანძურიდან ნივთების გაყიდვის ან გამოფენაზე გატანის სანაცლოდ დიდ თანხას ჰპირდებოდნენ.

უფრო მეტიც, ექვთიმე თაყაიშვილმა არათუ “გაანიავა” საგანძური, არამედ მოახერხა მისი გამდიდრებაც, მაგალითად, საფრანგეთში მან შეიძინა ეკატერინე დადიანის სამაჯური, სხვადასხვა საარქივო ხელნაწერები და წიგნები, რომელიც საქართველოს მუზეუმებს გადასცა.

ფაქტი 2. საქართველოში ეროვნული განძი არა სტალინის მონდომებით და ბრძოლით, არამედ ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით დაბრუნდა.

1935 წლის 9 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილმა წერილი მიწერა საქართველოს სსრ სამეცნიერო დაწესებულებათა მმარველობის გამგეს, ვუკოლ ბერიძეს: „ვერ დავმშვიდდები მანამ, სანამ ნივთები საქართველოს არ დაუბრნდება და მუზეუმებს არ ჩაბარდება“.

1935 წელს ექვთიმემ წერილით მიმართა საფრანგეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, იერ ეტიენ ფლანდენს: „ქართული განძეულობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც მენშევიკური მთავრობის კუთვნილება და, მაშასადამე, ამ მთავრობის არცნობასთან დაკავშირებით არ შეიძლება მისი უპატრონოდ გამოცხადება…განძეულობა შეადგენს კუთვნილებას ქართული მუზეუმებისას, რომელთაც იგი მხოლოდ დროებით, ევაკუაციასა და დაცვისათვის მიაბარეს ყოფილ მენშევიკურ მთავრობას, ცნობილს თავის დროზე საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ“

ექვთიმეს სურდა საბჭოთა კავშირს შუამდგომლობა გაეწია საფრანგეთთან საგანძურის დაბრუნების საქმეში, თუმცა პროცესი ჭანურდებოდა. ის  საქართველოში მყოფ თავის მეგობრებს სთხოვდა დახმარებას, რათა საბჭოთა მთავრობას აღნიშნულ საკითხზე მუშაობა გაეაქტიურებინა. განძის დაბრუნების საქმეში  ჩართული იყო სსრკ-ს საელჩო საფრანგეთში, თუმცა სსრკ-ს ელჩის ბოგომოლოვის თქმით, თვითონ საგანძურის საქმეში ჩახედული არ იყო, ამიტომ ამ საკითხს მაინც ექვთიმე ხელმძღვანელობდა.    სწორედ მან მოამზადა ვრცელი მოხსენება განძის შესახებ დე გოლისათვის გადასაცემად.

უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული საგანძურის საქართელოში დაბრუნებაში, ასევე, დიდი როლი შეასრულა იმ პერიოდის საერთაშორისო ვითარებამ და დე გოლის დაინტერესებამ საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობით. 1944 წლის დეკემბერში ის პირადადაც ჩავიდა მოსკოვში, სადაც მხარეებს შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. საბოლოოდ, 1944 წლის 23 ნოემბერს დე გოლმა  საგანძურის საქართველოში დაბრუნების შესახებ ბრძანება გასცა.

ქართული საგანძურის რთული გზა 1921 წლიდან  1945 წლამდე

1921 წლის 20–21 თებერვალს, ეროვნული საგანძური  თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეაგროვეს და 3 მარტს ბათუმში ჩაიტანეს. 1921 წლის 10 აპრილს ბათუმიდან სტამბოლის გავლით საგანძური მარსელში ჩავიდა.  გზაში ქართული განძის ერთადერთი მცველი ხანშიშესული და სუსტი ჯანმრთელობის მქონე ექვთიმე თაყაიშვილი იყო თავის მეუღლესთან ერთად. საფრანგეთში ჩატანილი საგანძური საფრანგეთის ბანკის მარსელის განყოფილებაში მოათავსეს საქართველოს მთავრობის სახელზე, სადაც 13 წელი ინახებოდა. საფრანგეთში შენახულ ქართულ განძს სხვადასხვა საფრთხეც ემუქრებოდა. სამეგრელოს მთავრის ნიკო დადიანის შთამომავალი სალომე დადიანი აქტიურად იბრძოდა დადიანების განძის ხელში ჩასაგდებად.

საქართველოს ეროვნული საგანძურის საფრანგეთში დაცვა და მისი სამშობლოში დაბრუნება ემიგრააციული მთავრობისა და ექვთიმე თაყაიშვილის დიდი ძალისხმევის ფასად გახდა შესაძლებელი.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავღანეთი, აშშ
წყარო

წყარო

ვალ
კვარაცხელია ვალერი

წყარო

ობ
ობიექტივი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist