12-14 აპრილს ფეისბუქ-ანგარიშებმა კობა ავთანდილის ძე კუპრაშვილი და Mano Beridze ახალი დანიური კვლევის შესახებ პოსტები გამოაქვეყნეს. ისინი წერენ, რომ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ფაიზერის ვაქცინის სამი პარტია რისკის დონით ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა – პირველ პარტიას მიმღებთათვის ყველაზე ნაკლები რისკი ახლდა, მეორე შედარებით მეტად სარისკო იყო, ხოლო მესამე “ძალიან საშიში და კარცეროგენური”. პოსტის ავტორი კობა კუპრაშვილი ასევე წერს: “წადით ახლა და ჰკითხეთ თქვენს ექიმებს, რომელი პარტიის ბულიონი მიიღეთ”.
გავრცელებულ პოსტებში დანიაში ჩატარებული კვლევის შედეგებით მანიპულირებენ, კვლევაში შესაძლო გვერდითი მოვლენების მიხედვით, რისკის 3 ჯგუფი მართლაც გამოიკვეთა, თუმცა: 1. კვლევის ფარგლებში შესწავლილი 7.8 მილიონი ვაქცინის დოზიდან მხოლოდ 43,496 შესაძლო გვერდითი მოვლენა გამოვლინდა; 2. კვლევაში გამოყოფილი ჯგუფები ვაქცინების სამ პარტიას არ გამოხატავს, რადგან კვლევაში 52 სხვადასხვა პარტია გაანალიზდა; 3. შესწავლილი გვერდითი მოვლენების 75% სერიოზული არ იყო; 4. ნაშრომში კარცეროგენობაზე არაფერია ნათქვამი; 5. კვლევა მხოლოდ დანიაში ჩატარდა და საქართველოს რეალობაზე ვერ განზოგადდება.
დანიური კვლევა, რომელზეც გავრცელებულ პოსტებში საუბრობენ, 2023 წლის 30 მარტს გამოქვეყნდა და მის ფარგლებში დანიაში 2020 წლის 27 დეკემბრიდან 2022 წლის 11 იანვრამდე პერიოდში ადმინისტრირებული 7.8 მილიონი დოზა ფაიზერის ვაქცინა შეისწავლეს. კვლევა ფაიზერის ვაქცინის 52 დამოუკიდებელ პარტიაში ვაქცინის შესაძლო გვერდითი მოვლენების (SVAE) შესწავლას ისახავდა მიზნად.
7.8 მილიონი დოზა ვაქცინა 3,7 მილიონ ადამიანზე 52 უნიკალური პარტიიდან გადანაწილდა. თითოეული პარტია 2340–814,320 დოზას მოიცავდა. კვლევის პერიოდში სულ 43,496 ვაქცინის შესაძლო გვერდითი მოვლენა 13,496 ადამიანში დაფიქსირდა, ანუ 3.2 SVAE (ვაქცინის შესაძლო გვერდითი მოვლენა) ერთ ადამიანზე.
მართალია პოსტებში ნახსენებია, რომ კვლევამ რისკის 3 სხვადასხვა ჯგუფი გამოკვეთა, თუმცა ეს 3 ჯგუფი 3 პარტიასთანაა გაიგივებული, რაც არასწორია. გარდა ამისა, პოსტებში არც ჩანს 3 სხვადასხვა რისკის ჯგუფის პროცენტული განაწილება. რეალურად, ეს 3 ჯგუფი 3 პარტიას არ ნიშნავს, კვლევაში სულ 52 პარტია შეისწავლეს და ეს 3 ჯგუფი ყველა პარტიაში შემავალ ყველა დოზაში გამოვლენილ გვერდით მოვლენებს მოიცავს და ასე ნაწილდება: გვერდითი მოვლენების დაახლოებით 75% იყო მსუბუქი, 24% სერიოზული და 1% ფატალური. აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევაში ვაქცინების კარცეროგენურობაზე არაფერია ნათქვამი.
კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნების მიხედვით, ვაქცინების პატარა პარტიებში უფრო მეტი შესაძლო გვერდითი მოვლენა დაფიქსირდა, ვიდრე დიდ პარტიებში. მაგალითად, გვერდითი მოვლენების 71% ვაქცინების 4.2%-ში დააფიქსირეს. როგორც ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ვხედავთ, ყველაზე მეტი გვერდითი მოვლენა 100 000-ზე ნაკლებ დოზიან პარტიებში ფიქსირდება. გრაფიკზე არსებული მონაცემებით შედგენილი ხაზოვანი რეგრესიული ანალიზია მოცემული და თითოეული წერტილი ვაქცინის თითო პარტიას გამოხატავს, ლურჯი, მწვანე და ყვითელი წრფეები კი ე.წ. ტრენდის ხაზებია.
ლურჯი: ვაქცინების 4.2%-ს და შესაძლო გვერდითი მოვლენების 71%-ს მოიცავს;
მწვანე: ვაქცინების 64%-ს და შესაძლო გვერდითი მოვლენების 29%-ს მოიცავს;
ყვითელი: ვაქცინების 32%-ს და შესაძლო გვერდითი მოვლენების 0.4%-ს მოიცავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ პოსტების ავტორები ადამიანებს მოუწოდებენ, შეამოწმონ, რომელი პარტიის ვაქცინებით აიცრნენ, რაც მანიპულაციურია, რადგან კვლევა მხოლოდ დანიის მონაცემებს მოიცავს და მისი განზოგადება საქართველოზე ან სხვა რომელიმე ქვეყანაზე, არარელევანტურია.
წყაროების შესახებ
ფეისბუქ-ანგარიშები კობა ავთანდილის ძე კუპრაშვილი და Mano Beridze კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ანტივაქსერული შინაარსის პოსტებს აქტიურად ავრცელებდნენ. მათი პოსტები ხშირ შემთხვევაში დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ მტკიცებებს შეიცავს. ამ ანგარიშების მიერ აქამდე გავრცელებული მცდარი ინფორმაციების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:
- არის თუ არა სპაიკ ცილა ტოქსიკური და რა აჩვენა კვლევებმა ვაქცინირებული დედის რძეზე?
- რა არის პოლისორბატ 80 და სახიფათოა თუ არა მისი ვაქცინებში გამოყენება?
- იტალიაში აცრილთა კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ყალბი სტატისტიკა ვრცელდება
- აკრძალა თუ არა ჯანმომ აუტოფსია და რამდენად ეფექტიანია PCR ტესტები, სასუნთქი აპარატები, ვაქცინები და რეგულაციები?
2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ორივე ფეისბუქ-ანგარიში უკრაინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებდა. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.