10 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Mano Beridze-მ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც იტალიაში 7 ნოემბრის მონაცემებით კორონავირუსით ჰოსპიტალიზების, გარდაცვალებისა და ინტენსიური ზრუნვის განყოფილებაში მოთავსების მაჩვენებლები ვაქცინირებულებში ბევრად მაღალია, ვიდრე არავაქცინირებულებში. Mano Beridze-ის მტკიცებით, პოსტზე თანდართულ ფოტოზე სწორედ ეს მონაცემებია დატანილი.
მანო ბერიძის აღწერა და სქრინზე გამოტანილი ერთ-ერთი მონაცემი ყალბია. რეალურად, იტალიაში ვაქცინირებულ ადამიანებში კორონავირუსით ინფიცირების, გართულებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი არავაქცინირებულებთან შედარებით ბევრად დაბალია. სქრინზე დატანილი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა ჰოსპიტალიზების მაჩვენებლები კი ყალბია. გარდა ამისა, იტალიაში ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებული ჰოსპიტალიზებული 2020 წლის ნოემბერში იყო და ეს რიცხვი არა 62 000-ს, არამედ 34 279-ს შეადგენდა.
გავრცელებულ სქრინზე ორი თარიღი 2020 და 2021 წლის 7 ოქტომბერი წერია, თითოეულის ქვეშ კორონავირუსთან დაკავშირებული იმ დღის სამი სტატისტიკური მონაცემი ერთმანეთთანაა შედარებული, ეს მონაცემებია: ჰოსპიტალიზებულთა, გარდაცვლილთა და ინტენსიური ზრუნვის განყოფილებაში მოთავსებულთა რაოდენობები.
ფოტოს მიხედვით, 2020 წლის 7 ოქტომბერს, როცა იტალიაში ვაქცინაცია დაწყებული არ იყო, 62 000 კოვიდინფიცირებული ადამიანი იყო ჰოსპიტალიზებული, 2021 წლის 7 ოქტომბერს კი იგივე მაჩვენებელი 87 000 ათასს შეადგენდა. რეალურად, ეს მონაცემები მცდარია, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ფონდი GIMBE-ს მიერ შექმნილ დიაგრამაზე ჩანს, რომ გასული წლის შემოდგომაზე კორონავირუსით ჰოსპიტალიზებულთა მაქსიმალური რაოდენობა 24 ნოემბერს დაფიქსირდა და 34 279-ს შეადგენდა, 2021 წლის 5 ოქტომბრის მონაცემებით კი, ეს მაჩვენებლი ბევრად ნაკლებია და 2 968-ს შეადგენს.
რაც შეეხება მანო ბერიძის მტკიცებას იმის შესახებ, რომ იტალიაში ვაქცინირებულებში ჰოსპიტალიზებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი არავაქცინირებულებთან შედარებით მაღალია, რეალურად, GIMBE-ს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებულ ბოლო ანგარიშში ნაჩვენებია, რომ 20 აგვისტო – 19 სექტემბრის პერიოდში იტალიაში ინტენსიური ზრუნვის განყოფილებაში მყოფი ჯამში 443 კოვიდპაციენტიდან ვაქცინირებული მხოლოდ 23 იყო.
რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, 6 აგვისტო – 5 სექტემბრის მონაკვეთში გარდაცვლილი 1687 პაცინტიდან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია 110 მათგანს ჰქონდა ჩატარებული, 110-დან 96 კი 80+ ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნებოდა.
ამასთანავე, იტალიაში 27 აგვისტო – 26 სექტემბრის მონაკვეთში ყველა ასაკობრივ ჯგუფში ინფიცირებულ ვაქცინირებულთა რაოდენობა ბევრად დაბალია, ვიდრე არავაქცინირებულებში.
ამჟამად იტალიაში მოსახლეობის აცრის მაჩვენებელი 76.1%-ია. ვაქცინირებულთა რაოდენობის ზრდის პარალელურად მცირდება ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელიც:
სხვადასხვა ქვეყნის კოვიდსტატისტიკის შესახებ ყალბი ან მანიპულაციური ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” არა ერთხელ გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- როგორ მანიპულირებენ ისრაელის ვაქცინაციის მონაცემებით
- როგორ უმკლავდებიან ვაქცინირებულები პანდემიას ისრაელსა და ამერიკაში?
- რას გვაჩვენებს რეალურად ისრაელის მაგალითი და არიან თუ არა აცრილები და აუცრელები ერთნაირად გადამდები?
- როგორ გახდა “ეროვნული ყრილობა. ძალაუფლება ხალხს” “კორონა მაფია” და ვინ მანიპულირებს სტატისტიკით?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია