1 აგვისტოს ფეისბუქზე მომხმარებელმა ნუკა გოგებაშვილმა ნიკოლ შვაბთან დაკავშირებით კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის მიხედვით, შვაბმა 2020 წელს პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია მშვენიერი საშუალებაა დავინახოთ, თუ როგორ გულმოდგინედ შეასრულებს საზოგადოება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გეგმებს, მათი პროგრამის “დიდი გადატვირთვის” შესრულებისთვის. პოსტის ავტორის მიხედვით, WHO-ს დისკუსიის მონაწილეები მსჯელობდნენ როგორ შეიძლება ყალბი საფრთხის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო სიტუაცია “დიდი გადატვირთვის” წარმატებით განსახორციელებლად გამოიყენონ. პოსტში ასევე ვკითხულობთ, რომ პირბადეები მხოლოდ ადამიანების მორჩილების ტესტი იყო, რასაც ზემოთმოყვანილი ფაქტებიც ადასტურებს და სავარაუდოა, რომ მალე ხელოვნურად გამოიწვევენ “მეორე განყოფილებას”, რაც შეიძლება იყოს ბირთვული საშიშროება, უცხოპლანეტელების შემოსევა, კლიმატური კატაკლიზმები და სხვ. პოსტს ნიკოლ შვაბის ერთ-ერთი გამოსვლის ამსახველი ვიდეო აქვს დართული.
განცხადება, რომ “კლიმატის ლოქდაუნები” გარდაუვალია, ნიკოლ შვაბს არ ეკუთვნის. InTent-ის 2020 წლის მრგვალ მაგიდაზე შვაბმა განიხილა როგორ შეგვიძლია კორონავირუსის პანდემიისას მიღებული ცოდნა მომავალში გამოვიყენოთ. ინფორმაცია, რომ პანდემია დიდი გეგმის პირველი ნაწილი იყო, რომლის მიზანიც ხელოვნური კრიზისების გამოყენებით “დიდი გადატვირთვის” დღის წესრიგის განხორციელებაა, შეთქმულების თეორიაა.
ფეისბუქზე გავრცელებული სქრინშოტი ახალი ამბების საიტი The People’s Voice-ის 30 ივლისით დათარიღებული სტატიიდანაა აღებული. სტატიის მიხედვით, კლაუს შვაბის ქალიშვილმა დაიტრაბახა, რომ მოსწონს ხალხს ეს თუ არა, მუდმივი “კლიმატის ლოქდაუნები” ახლოვდება და განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია “უზარმაზარი შესაძლებლობა” იყო იმის შესამოწმებლად, თუ დაემორჩილებოდა ხალხი WEF-ის “დიდი გადატვირთვის” აჯენდასთან დაკავშირებულ გეგმებს.
სტატია საიტ Rumble.com-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს ეყრდნობა, სათაურით: “კლაუს შვაბის ქალიშვილმა აღიარა, რომ კოვიდ ტირანია მომავალი კლიმატის ლოქდაუნების წინამორბედი იყო”. The People’s Voice-ის სტატიის მიხედვით, ვიდეო WEF-ის 2020 წლის პანელური დისკუსიიდანაა. ფეისბუქ მომხმარებელმა ნუკა გოგებაშვილმა ნიკოლ შვაბის სწორედ ეს ვიდეო გაავრცელა.
ვიდეო 2020 წელსაა გადაღებული და ის ორგანიზაცია InTent-ის მრგვალ მაგიდას ასახავს. InTent 2019 წელს დაარსებული ორგანიზაციაა, რომელიც ოთხი ძირითადი მიმართულებით მუშაობს, ესენია: ბუნება, მდგრადი ბიზნეს მოდელები, განათლება და ჯანდაცვა. ამ თემების ირგვლივ ორგანიზაცია დისკუსიებსა და დებატებს ხშირად მართავს.
მრგვალ მაგიდის ფარგლებში ნიკოლ შვაბის საუბრის შედარებით ვრცელი ვერსია Youtube-ზე InTent-ის თანადამფუძნებელმა და საბჭოს წევრმა ანდრე ჰოფმანმა გაავრცელა. შვაბის ციტატა ზუსტი სახით ასეთია:
ნიკოლ შვაბი: ამ კრიზისმა გვაჩვენა, რომ პირველ რიგში, ყველაფერი შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს, როდესაც ჩვენ ამაზე ყურადღებას ვამახვილებთ და როცა ჩვენს ცხოვრებაზე მყისიერი საფრთხის მოახლოებას ვგრძნობთ და მეორე, რომ სისტემა, რომელიც ადრე გვქონდა მდგრადი არაა. ასე რომ, მე მას ვხედავ როგორც უზარმაზარ შესაძლებლობას რათა გვქონდეს ეს “დიდი გადატვირთვა” და რათა გამოვიყენოთ ფულის უზარმაზარი ნაკადი, გამოვიყენოთ გაზრდილი ბერკეტები, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებებს დღეს გააჩნიათ, შევქმნათ ცვლილება, რომელიც არაა ნელი ტემპის, არამედ ისეთი, რომ შეგვეძლოს უკან მოხედვა და იმის თქმა, რომ ეს იყო მომენტი, როცა ჩვენ რეალურად დავიწყეთ ბუნების ეკონომიკის ცენტრში პოზიციონირება.
არც ამ მონაკვეთში და არც ჰოფმანის მიერ გავრცელებული ვიდეოს დანარჩენ ნაწილში შვაბი “კლიმატის ლოქდაუნებს” არ ახსენებს. ნიკოლ შვაბის მსგავსი ფრაზა არც სხვა ღია წყაროებში არ იძებნება.
გავრცელებული ინფორმაცია ფაქტების გადამოწმების ამერიკულმა ორგანიზაცია Snopes-მა შეისწავლა და დაადგინა, რომ ნიკოლ შვაბს მსგავსი ფრაზა არ უთქვამს.
ტერმინი “დიდი გადატვირთვა”, რომელსაც ნიკოლ შვაბი იყენებს, WEF-ის 2020 წლის ივნისში წარმოდგენილ ინიციატივას გულისხმობს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ შეიქმნა. ნიკოლის მამის, კლაუს შვაბის მიხედვით, პანდემიამ შესაძლებლობების ვიწრო და იშვიათი ფანჯარა გააჩინა, რაც საშუალებას გვაძლევს სამყარო ახლებურად დავინახოთ და შევცვალოთ მსოფლიო უფრო ჯანმრთელი, სამართლიანი და აყვავებული მომავლის შესაქმნელად.
ტერმინი მალევე იქცა შეთქმულების თეორიის ნაწილად, რომლის მიხედვითაც, “დიდი გადატვირთვა” მსოფლიო ელიტების გეგმაა მოსახლეობის დასამონებლად. ინფორმაცია აღნიშნული კონსპირაციის თეორიისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა დეზინფორმაციის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:
- გეგმავს თუ არა რომის პაპი “დიდ გადატვირთვას”?
- სოციალურ ქსელში 300-თა კომიტეტის ტექსტის ფრაგმენტს კლაუს შვაბს მიაწერენ
- წერს თუ არა შვაბი რელიგიისა და კერძო საკუთრების აკრძალვაზე და საიდან იღებს სათავეს 21/30-ის კონსპირაცია?
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და/ან მთავრობები “კლიმატის ლოქდაუნების” შემოღებას გეგმავენ და კორონავირუსის პანდემია ამ გეგმის პირველი ნაბიჯი იყო, კიდევ ერთი კონსპირაციის თეორიაა, რომელიც იმას გულისხმობს, რომ მოსახლეობას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხეების საბაბით საცხოვრებელი სახლების ან გარკვეული მცირე პერიმეტრის დატოვებას აუკრძალავენ. ამ კონსპირაციის მიმდევრების ერთ-ერთი ძირითადი სამიზნე 15-წუთიანი ქალაქების კონცეფციაა, რომელიც, მათი აზრით, მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვისთვის გამოყენებული კიდევ ერთი ინსტრუმენტი იქნება.
რაც შეეხება ახალი ამბების საიტ The People’s Voice-ს, მასზე დეზინფორმაციის შემცველი სტატიები რეგულარულად ქვეყნდება. The People’s Voice თავდაპირველად YourNewsWire-ის, შემდეგ კი News Punch-ის სახელით პოზიციონირებდა. Poynter.org-ის მიხედვით ჯერ კიდევ 2018 წელს საიტზე 80-მდე ყალბი სტატია გამოვლინდა.
საიტის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია წარსულში “მითების დეტექტორმაც” გადაამოწმა, იხილეთ რამდენიმე მაგალითი:
- რა თქვა რეალურდ ალექს სოროსმა ჯორჯ სოროსსა და კონსერვატორებზე?
- დეზინფორმაცია, თითქოს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და გაერო წყლის პრივატიზებას და კონტროლს გეგმავენ
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ მომხმარებელი ნიკა კობერიძე, რომლის პოსტის სქრინშოტიც ჯგუფში STOP NEW WORLD ORDER GEORGIA გამოქვეყნდა, შეთქმულების თეორიებს ხშირად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” კობერიძის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია არაერთხელ შეისწავლა.
ფეისბუქ მომხმარებელი ნუკა გოგებაშვილი კონსპირაციული შინაარსის ცნობებს, მათ შორის ყალბ ინფორმაციას რეგულარულად აქვეყნებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.