რა პროგნოზი აქვს გაეროს საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

176
VIEWS

20-25 იანვარს ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1,2,3) საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნეს. პოსტის თანახმად, ქართული ეთნოსი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად ქრება და გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის ქართველები საქართველოში ეთნიკურ უმცირესობაში იქნებიან. პოსტებში ასევე აღნიშნულია, რომ გაეროს გათვლებით, საქართველოს მოსახლეობა 2030 წლისთვის უნდა ყოფილიყო 3.7 მილიონი, თუმცა მოსალოდნელზე მეტად შემცირდა და 3.7 მილიონი საქართველოს მოსახლეობა 2014 წელს გახდა. მოსახლეობის შემცირების მიზეზებთან დაკავშირებით, პოსტებში ასევე აღნიშნულია, რომ სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს, რასაც ემიგრაციაც ემატება.

gaero რა პროგნოზი აქვს გაეროს საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე?

ფეისბუქზე გავრცელებული პოსტი ნაწილობრივ მცდარია: 1) გაეროს დემოგრაფიულ მონაცემებში ქვეყნების მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა ჩაშლილი არ არის და შესაბამისად არ არსებობს პროგნოზი, რომ 2050 წლისთვის ეთნიკურად ქართველები საქართველოში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით კი 1989-2014 წლების პერიოდში საქართველოში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წილი გაზრდილია. 2) მართალია, რომ საქართველოს მოსახლეობა შემცირებას განაგრძობს და მოსახლეობის ბუნებრივი ცვლილებისა და მიგრაციის მაჩვენებელი უარყოფითია, თუმცა ეს ტენდენცია მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოში შეინიშნება და საქართველო არ არის იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობის ყველაზე მაღალი კლებაა მოსალოდნელი.

გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტმა მსოფლიო მოსახლეობასთან დაკავშირებული ბოლო ანგარიში “მსოფლიო მოსახლეობის პერსპექტივები 2022: შედეგების შეჯამება” და ასევე ქვეყნების დემოგრაფიული მონაცემები 2022 წელს გამოაქვეყნა. მონაცემები ინტერაქციულია და თითოეული ქვეყნისთვის სხვადასხვა დემოგრაფიული მონაცემის ვიზუალურად ასახვის საშუალებას იძლევა. 

  • გაეროს ანგარიში მოსახლეობის პროგნოზს ეთნიკური შემადგენლობის მიხედვით არ ითვლის, ხოლო საქსტატის მონაცემებით 1989-2014 წლების პერიოდში საქართველოში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წილი გაზრდილია

ფეისბუქზე გავრცელებული პოსტის თანახმად, გაეროს მონაცემებით 2050 წლისთვის “ქართველები საკუთარ ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან”. თუმცა გაეროს დემოგრაფიულ მონაცემებში ქვეყნების მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა ჩაშლილი არ არის და შესაბამისად, ამ მონაცემებზე დაყრდნობით ასეთი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

მონაცემები, რომლებიც გაეროს ინტერაქციულ პორტალზეა ხელმისაწვდომი 7 ძირითად კატეგორიად არის დაყოფილი: მოსახლეობა, ფერტილობა, სიკვდილიანობა, ბავშვთა სიკვდილიანობა, საერთაშორისო მიგრაცია, ოჯახის დაგეგმვა, ოჯახური მდგომარეობა. თითოეული კატეგორია, ქვეკატეგორიებად იშლება, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობას არ მოიცავს.

gaero 1 რა პროგნოზი აქვს გაეროს საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე?

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებიდან კი ჩანს, რომ 1989 წლიდან 2014 წლამდე საქართველოში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში გაიზარდა, ხოლო ეთნიკური უმცირესობების წილი კი შემცირდა.

1989 2002 2014
ეროვნება წილი მთელ მოსახლეობაში წილი მთელ მოსახლეობაში წილი მთელ მოსახლეობაში
ქართველი 70.1% 83.8%  86.8%
აზერბაიჯანელი 5.7% 6.5%  6.3%
სომეხი 8.1% 5.7% 4.5%
სხვა 16.1% 4% 2.4%

წყაროები: 1989 და 2002 წლის მონაცემები: საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგები. ტომი I

2014 წლის მონაცემები: საქართველოს 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები

  • 2021-2050 წლებში პროცენტულად მოსახლეობის ყველაზე დიდი შემცირება ბულგარეთშია მოსალოდნელი

გაეროს 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის ყველაზე დიდი პროცენტული კლება ბულგარეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, სერბეთში და უკრაინაშია მოსალოდნელი. ამ ქვეყნებში მოსახლეობის სავარაუდო კლება 20%-ს აღემატება.

ამ ქვეყნებისთვის 2021-2050 წლების მონაცემების გამოყენებით გამოთვლილი მოსახლეობის კლება და მათთან შედარებით საქართველოს იგივე მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

ქვეყანა მოსახლეობა 2021-ში (მლნ) მოსახლეობა 2050-ში (მლნ) კლება
ბულგარეთი 6.89 5.19 24.67%
უკრაინა 43.53 32.87 24.49%
ლატვია 1.87 1.43 23.53%
ლიეტუვა 2.79 2.19 21.51%
სერბეთი 7.3 5.78 20.82%
საქართველო 3.76 3.38 10.11%
  • გაეროს პროგნოზები საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე

გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტმა მსოფლიო მოსახლეობასთან დაკავშირებული ბოლო ორი ანგარიშის მიხედვით, საქართველოს დემოგრაფიული პროგნოზი რიცხვებში მცირედით განსხვავებულია, თუმცა ორივე ანგარიშში მოსახლეობის შემცირების ტენდენცია არის გამოხატული. ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტში ეს ტენდენციაა ხაზგასმული. 2019 წლის გაეროს ანგარიშის მიხედვით, 2030 წლისთვის ნავარაუდევი იყო, რომ საქართველოს მოსახლეობა 3.85 მილიონი იქნებოდა, 2050 წელს – 3.51 მილიონი. 2022 წლის დემოგრაფიული მონაცემებით კი 2030 წელს საქართველოს სავარაუდო მოსახლეობა 3.66 მილიონი იქნება, 2050 წელს – 3.38 მილიონი. გავრცელებულ პოსტში აღნიშნულია, რომ გაროს 2030 წლის პროგნოზს საქართველომ 2014 წელს მიაღწია, 2014 წელს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3.71 მილიონი იყო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთლიანი მოსახლეობის რაოდენობა განსხვავებულია გაეროს 2019 წლის ანგარიშში და საქსტატის 2014 წლის ანგარიშში. გაეროს 2019 წლის ანგარიშში 2014 წელს საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონად არის შეფასებული, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ქვეყნის მოსახლეობის შეფასებისას გათვალისწინებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობაც და შესაბამისი მონაცემია წარმოდგენილი. საქსტატის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედგებში წარმოდგენილი მონაცემები კი ოკუპირებულ ტერიტორიებს არ მოიცავს.

ამჟამად გაეროს მონაცემთა პორტალზე, სადაც თითოეული ქვეყნის სხვადასხვა დემოგრაფიული მახასიათებლის ნახვაა შესაძლებელი, საქართველოსთან მიმართებაში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული  დამატებითი შენიშვნა მითითებული არ არის. 2022 წლის მონაცემთა პორტალზე საქართველოს სრული მოსახლეობის გრაფიკზე 2014 წელს საქართველოს მოსახლეობა 3.77 მილიონად არის შეფასებული, რაც ფაქტობრივად ემთხვევა საქსტატის მონაცემებს.

gaero 2 რა პროგნოზი აქვს გაეროს საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე?

გრაფიკი N1: საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 1990-2022 წლამდე და პროგნოზი 2022 წლიდან 2050 წლამდე. წყარო: UN Population Division Data Portal

  • შობადობა, სიკვდილიანობა და მიგრაცია საქართველოში

გავრცელებულ პოსტში აღნიშნულია, რომ საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შობადობის მაჩვენებელს გადაააჭარბა, რაც სიმართლეა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 და 2021 წლებში საქართველოში ბუნებრივი მატების კოეფიციენტი უარყოფითი იყო. იგივე ტენდენციაა ასახული გაეროს მონაცემებში: 2020, 2021 და 2022 წლებში ბუნებრივი ცვლილების მაჩვენებელი უარყოფითია – გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულთა რაოდენობას აჭარბებს. გაეროს პროგნოზით, 2023-2024 წლებში ეს მაჩვენებელი დადებითი იქნება, თუმცა 2027 წელს 0 გახდება (გარდაცვლილთა რიცხვი გაუტოლდება დაბადებულთა რიცხვის), 2027 წლის შემდეგ კი კვლავ უარყოფითი გახდება.

gaero 3 რა პროგნოზი აქვს გაეროს საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე?

გრაფიკი N2: მოსახლეობის ბუნებრივი ცვლილების მაჩვენებლი 1990-2022 წლებში და პროგნოზი 2022 წლიდან 2050 წლამდე. წყარო: UN Population Division Data Portal

რაც შეეხება მიგრაციას, გაეროს მონაცემებით, საქართველოში მიგრაციის მაჩვენებელი 1970 წლის შემდეგ უარყოფითია. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ადამიანმა ქვეყანა 1988-2003 წლებში დატოვა. გაეროს პროგნოზით, მიგრაციის მაჩვენებელი სამომავლოდაც უარყოფითი იქნება.

gaero 4 რა პროგნოზი აქვს გაეროს საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე?

გრაფიკი N3: მიგრაცია 1960-2022 წლებში და პროგნოზი 2022 წლიდან 2050 წლამდე. წყარო: UN Population Division Data Portal

სხვა დემოგრაფიულ მონაცემებში საინტერესოა ფერტილობის მაჩვენებელი (ერთ ქალზე დაბადებული ბავშვების რაოდენობა), სადაც გარკვეულწილად დადებითი ტენდენცია შეინიშნება. ეს მაჩვენებელი 2021 წელს 2020-თან შედარებით საქართველოში გაიზარდა. გაეროს ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის სტაბილური რაოდენობის შენარჩუნებისთვის ეს მაჩვენებელი მინიმუმ 2.1 უნდა იყოს) საქართველოში ფერტილობის მაჩვენებელი 1990-2022 წლებში შემდეგნაირად იცვლებოდა:

gaero 5 რა პროგნოზი აქვს გაეროს საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე?

გრაფიკი N4: ფერტილობის მაჩვენებელი 1990 წლიდან 2022 წლის ჩათვლით და პროგნოზი 2022-2050 წლისთვის. წყარო: UN Population Division Data Portal

ფერტილობის მაჩვენებელი 1990 წლიდან (2.31) 2003 წლამდე (1.55) მცირდებოდა, შემდეგ კი ზრდა დაიწყო და 2015 წელს 2.2-ს მიაღწია, რის შემდეგაც კვლავ კლების ტენდენციას ვხედავთ. აღსანიშნავია, რომ 2020-იდან 2021 წლისთვის ფერტილობა 1.97-იდან 2.08-მდე გაიზარდა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 2.06 იყო. გაეროს პროგნოზით, 2050 წლამდე ის შემცირებას განაგრძობს. საინტერესოა, რომ რეგიონში 2015 წლის შემდეგ საქართველოში ფერტილობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. (2017 წელს მაჩვენებელი ერთი და იგივე იყო თურქეთსა და საქართველოში).

gaero 6 რა პროგნოზი აქვს გაეროს საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე?

გრაფიკი N5: ფერტილობის მაჩვენებელი 1990-2022 წლებში სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, რუსეთის ფედერაციაში, თურქეთში და პროგნოზი 2022-2050 წლებისთვის. წყარო: UN Population Division Data Pоrtal

  • გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის ანგარიშის ძირითადი მიგნებები

ანგარიშის მთავარი მიგნებების მიხედვით, გლობალურად უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში მოსახლეობის შემცირების პროცესია დაწყებული. მოსალოდნელია, რომ 2022-2050 პერიოდში 61 ქვეყნის/რეგიონის მოსახლეობა 1 ან მეტი პროცენტით შემცირდება. ეს ტენდენცია დაბალი შობადობითა და ზოგიერთ შემთხვევაში ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლით იხსნება. ანგარიშის თანახმად, ბოლო ათწლეულებში ბევრ ქვეყანაში შობადობა შესამჩნევად შემცირდა და ეს ტენდენცია მსოფლიოს უდიდეს ნაწილში შეინიშნება – ამჟამად მსოფლიო მოსახლეობის ⅔ ისეთ რეგიონში ცხოვრობს სადაც ფერტილობის მაჩვენებელი 2.1-ზე ნაკლებია. (გრძელვადიან პერსპექტივაში მოსახლეობის რაოდენობის სტაბილური შენარჩუნებისთვის საჭიროა, რომ ფერტილობის მინიმალური მაჩვენებელი 2.1 იყოს)

გაეროს ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის რაოდენობასთან დაკავშირებული გრძელვადიანი პროგნოზები ძალიან არაზუსტია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც შობადობა ძალიან მაღალია და რომლებიც დემოგრაფიული გადასვლის ადრეულ ეტაპზე არიან. გაეროს თანახმად, 95%-იანი ალბათობით 2050 წელს მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა 9.4-10 მილიარდს შორის იქნება, 2100 წლისთვის კი 8.9-12.4 შორის. მაღალი ალბათობით მოსალოდნელია, რომ მომავალი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს მოსახლეობა გაიზრდება. საუკუნის მეორე ნახევარში კი 50%-იანი შანსია, რომ მოსახლეობა პიკს მიაღწევს, დასტაბილურდება და 2100-წლამდე შემცირებას დაიწყებს.

gaero 7 რა პროგნოზი აქვს გაეროს საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე?

მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა და პროგნოზი რეგიონების მიხედვით. წყარო: “მსოფლიო მოსახლეობის პერსპექტივები 2022: შედეგების შეჯამება”

გრაფიკი N1: არქივის ბმული

გრაფიკი N2: არქივის ბმული

გრაფიკი N3: არქივის ბმული

გრაფიკი N4: არქივის ბმული

გრაფიკი N5: არქივის ბმული

წყაროების შესახებ:

ფანტინა ფანტინა

ფეისბუქ-ანგარიში ფანტინა ფანტინას სხვადასხვა თემაზე დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. ფანტინა ფანტინა ერთ-ერთი იყო იმ ანტივაქსერულ ფეისბუქ-ანგარიშებს შორის, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი კონსპირაციების თეორიებისა და დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყეს.

Aleqsandre Mgeladze

ფეისბუქ-ანგარიშის Aleqsandre Mgeladze-ს მიერ გავრცელებული სხვადასხვა დეზინფორმაცია, კონტექსტის გარეშე გავრცელებული სატირული ინფორმაცია და ვიდეომანიპულაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.

სტრიჟაკი ლია

ფეისბუქ-მომხმარებელმა სტიჟაკი ლია 2019 წელს Tbilisi Pride-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი თაბაგარის გაყალბებულ ციტატა გაავრცელა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: გაერო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist