5-7 დეკემბერს ქართულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2,3,4,5,6) ასევე, Pravda.ru-მ და რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2,3,4,5,6) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, ლგბტქი+ თემის წარმომადგენელთა მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში სავალდებულო გახდება და მათი მინიმალური რაოდენობა თითოეული მონაწილე ქვეყნის სპორტსმენთა 10%-ით განისაზღვრება.
ფეიბუქ ანგარიშების ნაწილი ინფორმაციას ვიდეოსთან ერთად ავრცელებს, რომელსაც Euronews-ის ლოგო აქვს. იგივე ვიდეო ვრცელდება რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის რუსლან ოსტაშკოს ტელეგრამ არხზეც, რომელსაც Pravda.ru წყაროდ იყენებს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს არ განუცხადებია, რომ თამაშებში ლგბტქი+ თემის წარმომადგენელთა მონაწილეობა სავალდებულო გახდება, ხოლო ევრონიუსის სახელით სიუჟეტი ამ თემაზე გაყალბებულია და ევრონიუსის ეთერში აღნიშნული სიუჟეტი არ გასულა.
სიუჟეტი თომას ბახის ინიციატივის შესახებ Euronews-ის საიტზე არ იძებნება. აღსანიშნავია, რომ ვიდეოს ევრონიუსის ლოგო ადევს და ის ოლიმპიური კომიტეტისა და თომას ბახის კადრებს აერთიანებს. ვიდეოს თან ერთვის მუსიკა და ტექსტი, რომელშიც ვკითხულობთ ინფორმაციას, რომ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახს ახალი ინიციატივა აქვს, რომლის მიხედვითაც 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე და პარაოლიმპიადაზე ყველა ქვეყნის ეროვნული გუნდის 10% ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” Euronews-ს დაუკავშირდა, სადაც ვიდეოს ავთენტურობა უარყვეს.
ბახის განცხადების ნამდვილობა “მითების დეტექტორთან” საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურმაც უარყო, მათი განცხადებით, ცნობები მსგავს ინიციატივასთან დაკავშირებით “სრულიად ცრუ და ფაქტობრივად არასწორია”.
ფეისბუქ ანგარიში Eduard Jishkariani ცნობას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის განცხადების შესახებ კამერუნული საიტი 237online.com-ის სტატიის სქრინთან ერთად ავრცელებს. Google-ის საძიებო სისტემაში ჩანს, რომ სტატია მსგავსი სათაურით არსებობდა, თუმცა, ამჟამად ის საიტზე არ იძებნება.
ოლიმპიურ თამაშებში ლგბტქი+ პირების მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით თომას ბახს პოზიცია არაერთხელ გამოუხატავს. 2021 წლის ივნისში პრაიდის თვისადმი მიძღვნილ განცხადებაში ბახმა აღნიშნა, რომ სპორტულ ღონისძიებაში დისკრიმინაციის გარეშე მონაწილეობა ოლიმპიური მოძრაობის ფუნდამენტური პრინციპია.
2020 წელს ოლიმპიური ქარტიის ფუნდამენტური პრინციპების მეექვსე პუნქტში, რომელიც დისკრიმინაციის დაუშვებლობას ეხება, ჩამონათვალში სექსუალური ორიენტაციაც შევიდა. გარდა ამისა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პრეზიდენტმა ტონი ესტანგემ თამაშებში ლგბტ+ პირების ჩართულობის ქარტიას მოაწერა ხელი, რომელიც ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლას ისახავს მიზნად.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.