რა განსხვავებაა ევროკომისიის მიერ წარდგენილ პაკეტსა და “ხალხის ძალის” კანონპროექტს შორის?

კითხვის დრო: 8 წუთი

კითხვის დრო: 8 წუთი

1.4k
VIEWS

12 დეკემბერს ევროკომისიამ წარადგინა “დემოკრატიის დაცვის” პაკეტი, რომელიც რამდენიმე შეთავაზებას მოიცავს. მათ შორის არის დირექტივის შეთავაზება “ინტერესების წარმომადგენელთა საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც მესამე ქვეყნების სახელით ხორციელდება”. შეთავაზების მიხედვით, დირექტივის მიზანი ევროკავშირის მასშტაბით ლობისტური კამპანიების და მესამე ქვეყნების მთავრობებისათვის მსგავსი აქტივობების გატარების კუთხით გამჭვირვალობის და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების მიმართულებით კანონების ჰარმონიზაციაა.

ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ დირექტივაზე საუბრისას პარლამენტარმა, “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ის “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ ე.წ. “აგენტების კანონთან” გააიგივა და განაცხადა, რომ “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტი დემოკრატიას ახლა უკვე ევროპარლამენტში დაიცავს.

“ხალხის ძალის” კანონპროექტი და ევროკომისიის დირექტივა გააიგივა ტელეკომპანია “იმედის” წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემაც და თქვა, რომ “ის, რაც ცალკეულმა ევროპარლამენტარებმა საქართველოში დაიწუნეს, აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს ძალიან მოსწონს და სურს საქართველოში საპალამენტო უმრავლესობის მიერ გაწვეული კანონპროექტის ანალოგი ევროპაში აქციოს კანონად”.

რეალურად, “ხალხის ძალის” კანონპროექტსა და ევროკავშირის შეთავაზებულ დირექტივას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია. განსხვავდება როგორც “ინტერესების გატარების” და “უცხო ქვეყნის ძალების” დეფინიციები, ასევე ზედამხედველობის ორგანოები, ორგანიზაციებისათვის წაყენებული მოთხოვნები, ვადები და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში სასჯელის ზომებიც. “ხალხის ძალის” კანონპროექტისგან განსხვავებით, ევროკომისიას დირექტივაში გათვალისწინებული აქვს არაერთი უსაფრთხოების ზომა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაცვა შეზღუდვების, პოლიტიკური ჩარევისა და ზეწოლისაგან.

ევროკავშირის დირექტივა მოიცავს შემდეგ მოთხოვნებს:

  • გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრაციას იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც მესამე ქვეყნების ინტერესების წარმომადგენელ აქტივობებს ატარებენ. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაევალებათ შექმნან ან განაახლონ ამ მიზნებისთვის განკუთვნილი რეესტრი;
  • ამ ორგანიზაციების აქტივობების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობას, მათ შორის მათი წლიური შემოსავალი, ძირითადი მიზნები და აქტივობები
  • ამ ორგანიზაციებს დაევალებათ აწარმოონ აღრიცხვა და შეინახონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მესამე ქვეყნების ინტერესებისათვის გატარებული აქტივობების შესახებ ამ აქტივობების დასრულებიდან 4 წლის განმავლობაში.

შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზაციას პროპორციული ჯარიმა დაუწესდება, რაც შეიძლება შეადგენდეს წლიური შემოსავლის 1%-ს ორგანიზაციებისათვის და 1 000 ევროს ფიზიკური პირებისათვის (მუხლი 22). დირექტივა არ ითვალისწინებს ამ ორგანიზაციებისათვის ლიცენზიების აღების ან ავტორიზაციის გავლის მოთხოვნებს.

ევროკომისიის მიხედვით, შეთავაზება მოიცავს უსაფრთხოების ზომებსაც, რათა არ მოხდეს ისეთ ფუნდამენტურ უფლებებში უხეში ჩარევა, როგორიცაა გამოხატვის და შეკრების თავისუფლება და არ შეიზღუდოს სამოქალაქო სივრცე. ეს ზომები მოიცავს დამოუკიდებელი ზედამხედველობის ორგანოს არსებობას, რომელსაც შეეძლება შესაბამისად დასაბუთების შემდეგ გამოითხოვოს ინფორმაცია პროპორციულობის პრინციპის დაცვით. ევროკავშირის მასშტაბით მმართველ ორგანოებს დაევალებათ უზრუნველყონ, რომ რეესტრში რეგისტრაცია ორგანიზაციებისათვის საზიანო შედეგებს არ მოიტანს. ორგანიზაციებს ასევე შეეძლებათ შესაბამისი დასაბუთების შემდეგ არ გაასაჯაროონ ინფორმაციის ნაწილი. გარდა ამისა, დირექტივა ითვალისწინებს სრულ ჰარმონიზაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებს არ შეეძლებათ დამატებითი ზომების და მოთხოვნების შემოღება (მუხლი 4).

მიუხედავად იმისა, რომ დირექტივა შეეხება ყველა ორგანიზაციას და ფიზიკურ პირს, რომლებიც მესამე ქვეყნების ინტერესებს წარმოადგენენ და ეკონომიკურ და სხვა აქტივობებს ახორციელებენ, მათ შორის ლობისტებს, კვლევით ინსტიტუტებს, კონსულტანტებს, მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ანალიტიკურ ცენტრებს, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ სამოქალაქო საზოგადოებისათვის შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, რადგან დირექტივა არ მოიცავს მესამე ქვეყნებიდან დაფინანსების მიღების ყველა შემთხვევას. მაგალითად, დირექტივა არ ფარავს ევროკავშირის საზღვრებს მიღმა პარტნიორობას და ისეთი დაფინანსების მიღებას, როგორიცაა ოპერაციული გრანტები. რეგისტრაცია დაევალებათ მხოლოდ იმ ორგანიზაციების, რომელთა აქტივობები მიმართულია ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში მესამე ქვეყნების მთავრობების ინტერესების გატარების და გავლენის მოხდენისაკენ. გარდა ამისა, როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, დირექტივას არ უნდა მოჰყვეს ნეგატიური იარლიყების მიბმა, დისკრიმინაცია და ამ ორგანიზაციების აქტივობების ლეგიტიმურობის ეჭვყვეშ დაყენება. დირექტივის მიხედვით, რეესტრებში ინფორმაცია ნეიტრალურად უნდა იყოს წარმოდგენილი. ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა ვერა იოუროვამ თქვა, რომ შეთავაზებული დირექტივა არ უტოლდება ე.წ. “აგენტების კანონს” რადგან არ მოიცავს სისხლის სამართლის სანქციებს, დისკრიმინაციული იარლიყების მიბმას და რაიმე აქტივობის აკრძალვას.

“დემოკრატიის დაცვის” შეთავაზების წარდგენა ჯერ კიდევ შვიდი ივნისისათვის იგეგმებოდა, თუმცა გადაიდო, რადგან ევროკომისიამ გადაწყვიტა, რომ არსებული შეშფოთების და კრიტიკის ფონზე, რაც მაშინ შეთავაზების განხილვას მოჰყვა, ფართო კონსულტაციები და დირექტივის პოტენციური გავლენის სრული შეფასება ჩაეტარებინა.

ქვემოთ გთავაზობთ დეტალურ ანალიზს იმის შესახებ, თუ რა განსხვავებებია ევროკავშირის შემოთავაზებულ დირექტივასა და “ხალხის ძალის” მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს შორის:

ევროკავშირის დირექტივის შეთავაზება “ინტერესების წარმომადგენელთა საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც მესამე ქვეყნების სახელით ხორციელდება” “ხალხის ძალის” მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ “ხალხის ძალის” მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
ვინ მოიაზრება უცხოეთის ინტერესების გამტარ აგენტში და რა აქტივობებს ფარავს კანონი (მუხლი 2) “ინტერესების წარმოდგენის სერვისის მიმწოდებელი” არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ინტერესების წარმოდგენის სერვისს ახორციელებს

 

“ინტერესების წარმომადგენელი აქტივობა” მოიცავს აქტივობებს, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინოს პოლიტიკის ან კანონმდებლობის იმპლემენტაციის ფორმულირებასა და ჩამოყალიბებაზე, საზოგადოებრივი პოზიციის ფორმულირების პროცესზე ევროკავშირში, რაც შესაძლოა ხდებოდეს შეხვედრების, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზებით ან მათში მონაწილეობით, კონსულტაციებსა და საპარლამენტო მოსმენებში მონაწილეობით ან წვლილის შეტანით, კომუნიკაციის ორგანიზებით ან სარეკლამო კამპანიით, კავშირებისა და ინიციატივების ორგანიზებით, პოლიტიკის დოკუმენტების, საკანონმდებლო ცვლილებების, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების, კვლევების და ღია წერილების მომზადებით ან კვლევისა და განათლების მიმართულებით აქტივობებით, რომლებიც მიმართულია ამ კონკრეტული მიზნებისაკენ.

(მუხლი 1)

“უცხოური ძალის აგენტი” არის უშუალოდ უცხოური ძალის კონტროლის, ბრძანების ან თხოვნის შესაბამისად ან პირდაპირ ან არაპირდაპირ, მთლიანად ან უმეტესწილად უცხოური ძალის მიერ კონტროლირებადი ან დაფინანსებული პირის კონტროლის, ბრძანების ან თხოვნის შესაბამისად მოქმედი ნებისმიერი პირი, რომელიც უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით: უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე ჩართულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ აქტივობებში; უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში მოქმედებს როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობის საკითხების თაობაზე მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი; უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში აფინანსებს სხვადასხვა სუბიექტებს, სესხად გასცემს ფულს ან სხვა სახის ქონებას; წარმოადგენს უცხოური ძალის ინტერესებს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის დროს.“პოლიტიკური აქტივობა” მოიცავს ნებისმიერი აქტივობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის განსაზღვრასთან ან შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ორგანოზე, თანამდებობის პირზე ან საზოგადოების რომელიმე ნაწილზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად, აგრეთვე უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტიის პოლიტიკასთან ან ინტერესთან დაკავშირებული ნებისმიერ აქტივობას

(მუხლი 2) 1. “უცხოური გავლენის აგენტი” არის: ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა; „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა; ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა; ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.„შემოსავალში“ იგულისხმება ფულადი თანხა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთე (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთი).
რას მოიცავს ტერმინი უცხოური ძალა/ინტერესები (მუხლი 2) “მესამე ქვეყნის ორგანიზაცია” მოიცავს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მთავრობას ყველა დონეზე და კერძო ან საჯარო ორგანიზაციას, რომლის აქტივობები დაკავშირებულია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მთავრობასთან (მუხლი 1) “უცხოური ძალა” მოიცავს უცხო ქვეყნის ხელისუფლებას ან უცხო ქვეყნის პოლიტიკურ პარტიას; საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მყოფი პირს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირი საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირია და ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირი არ არის ფიზიკური პირი, შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და თავის საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს; იურიდიულ პირს ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარ გაერთიანებას, რომელიც შექმნილია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ან რომელიც თავის ძირითად საქმიანობას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებს. (მუხლი 3) “უცხოური ძალა” არის: უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე; ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

როგორც ამ ფორმულირებებიდან ჩანს, ევროკავშირის დირექტივა ორიენტირებულია მხოლოდ იმ ორგანიზაციებსა და პირებზე, რომელთა მიზანს ევროკავშირის პოლიტიკასა და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა წარმოადგენს არაწევრი ქვეყნების მთავრობების ან მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების ინტერესების გასატარებლად. მასში ნახსენები არაა დაფინანსების საკითხი, ვინაიდან, როგორც ევროკომიის განმარტებიდან ჩანს, დირექტივა ყველა ტიპის დაფინანსებას არ შეეხება და მხოლოდ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების ასპექტზეა ფოკუსირებული.

“ხალხის ძალის” კანონპროექტების ფორმულირება ბევრად უფრო ფართო და ბუნდოვანია და მასში აქცენტი გაკეთებულია უცხოური ძალის მიერ დაფინანსებაზეც. ასევე უფრო ფართო და ბუნდოვანია პოლიტიკური აქტივობების სია, რომლებსაც კანონპროექტი შეეხება და მოიცავს “უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტიის პოლიტიკასთან ან ინტერესთან დაკავშირებული ნებისმიერ აქტივობას”. ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება კი უცხოური ძალის განმარტებაში გვხვდება, რომელიც ევროკავშირის დირექტივისგან განსხვავებით ფოკუსირებული არ არის მხოლოდ უცხო ქვეყნის მთავრობებსა და მათთან დაკავშირებულ სუბიექტებზე და მოიცავს უცხო ქვეყნის მოქალაქე ყველა პირსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ ყველა ორგანიზაციას.

ევროკავშირის დირექტივის შეთავაზება “ინტერესების წარმომადგენელთა საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც მესამე ქვეყნების სახელით ხორციელდება” “ხალხის ძალის” მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ “ხალხის ძალის” მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
ზედამხედველობა და ზედამხედველის უფლებამოსილება
(მუხლი 9) “ეროვნული რეესტრები” – ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა ვალდებულია შექმნას ერთი ან რამდენიმე რეესტრი, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციების მიერ ინტერესების წარმომადგენლის აქტივობების გამჭვირვალობას. ამისათვის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ უკვე არსებული რეესტრებიც, თუ ისინი შესაბამის პირობებს აკმაყოფილებენ. ეს პირობები მოიცავს რეესტრის ნეიტრალურობის, ფაქტობრივი და ობიექტური ინფორმაციის გადმოცემის უზრუნველყოფას.

(მუხლი 15) “კომპეტენტური ეროვნული ადმინისტრაციები” (ერთი ან მეტი), რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან ეროვნული რეესტრებზე  უნდა შექმნას ან განსაზღვროს ყველა წევრმა ქვეყანამ და უზრუნველყოს მათი დამოუკიდებლობა პოლიტიკური და სხვა გარეშე გავლენისაგან. ადმინისტრაცია და მისი თანამშრომლები შეასრულებენ თავიანთ მოვალეობებს მთავრობის ან სხვა კერძო და საჯარო პირისა თუ ორგანოს მითითებების გარეშე.

(მუხლი 16) ადმინისტრაციას შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე უფლება ექნება ორგანიზაციებიდან გამოითხოვოს ლიმიტირებული ინფორმაცია.

(მე-3 და მე-4 მხულები) უცხოური ძალის აგენტმა რეგისტრაციის შესახებ უნდა მიმართოს გენერალურ პროკურორს.

გენერალურ პროკურორს აქვს უფლებამოსილება, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესების დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, უცხოური ძალის აგენტს კანონპროექტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა იმაზე უფრო მცირე დროის ინტერვალებით მოსთხოვოს, ვიდრე ეს კანონპროექტშია განსაზღვრული.

(მუხლი 4) უცხოური გავლენის აგენტმა რეგისტრაციისთვის უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს, კონკრეტულად კი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

(მუხლი 8) იუსტიციის სამინისტროს აქვს მონიტორინგის უფლებამოსილება, რაც მოიცავს სამინისტროსთვის წერილობითი განცხადების საფუძველზე უცხოური გავლენის აგენტის შესახებ შესული მინიშნების შემთხვევაში დაიწყოს ამ საკითხის კვლევა და შესწავლა და იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ სუბიექტი შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ის უცხოური გავლენის აგენტად დაარეგისტრიროს.

დოკუმენტები (მუხლი 7) ორგანიზაციებმა უნდა აწარმოონ დოკუმენტაცია იმ აქტივობების შესახებ, რომლებსაც დირექტივა მოიცავს (მესამე ქვეყნის სახელი, რომლის ინტერესებსაც ემსახურებოდა აქტივობა, აქტივობის მიზნების აღწერა, მესამე ქვეყანასთან ამ აქტივობასთან დაკავშირებული კონტრაქტები, მათ შორის ანაზღაურება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია აქტივობის ძირითადი კომპონენტების შესახებ).

 

ორგანიზაციებმა ყოველწლიურად უნდა შეადგინონ სია ყველა იმ მესამე ქვეყნის შესახებ, რომელთა ინტერესების გასატარებლადაც აქტივობები ჩაატარეს და ერთიანი მონაცემები ამ აქტივობებისათვის მიღებული ფინანსების შესახებ.

(მუხლი 3) განმცხადებელმა, რომელიც გენერალურ პროკურორს უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციისათვის მიმართავს უნდა წარმოადგინოს შემდეგი მონაცემები: განმცხადებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ინფორმაცია ეროვნებისა და მოქალაქეობის შესახებ; იურიდიული პირის ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანების სახელწოდება, თითოეული დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის შესახებ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ინფორმაცია. განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი იურიდიული პირის ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანების წესდება; იურიდიულ პირში ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერ სხვაგვარ გაერთიანებაში დასაქმებული ყველა პირის ვინაობა; ყველა იმ უცხოური ძალის ვინაობა/დასახელება და მისამართი, რომლის სასარგებლოთაც განმცხადებელი მოქმედებს; უცხოური ძალის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს აღწერილობა; ინფორმაცია უცხოური ძალისგან მიღებული დაფინანსების შესახებ, ასევე უცხოური ძალის მიერ განმცხადებლის მიმართ განხორციელებული მაკონტროლებელი და საზედამხედველო ღონისძიებების შესახებ; ინფორმაცია უცხოურ ძალასთან გაფორმებული წერილობითი და ზეპირი ხელშეკრულებების შესახებ, ასევე ინფორმაცია ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე განმცხადებლის მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ. განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ხელშეკრულებების ასლები; დეტალური ინფორმაცია იმ ფულადი თანხისა და ქონების ხარჯვის შესახებ, რაც განმცხადებელმა უცხოური ძალისგან მიიღო.

ეს ინფორმაცია ორგანიზაციამ ბოლოს წარდგენიდან ყოველი 6 თვის შემდეგ, ერთი თვის ვადაში უნდა წარადგინოს.

(მუხლი 4) განაცხადის ავტორი ვალდებულია განაცხადში, რომელიც იმავდროულად განაცხადის ავტორის საფინანსო დეკლარაციაც არის, ასახოს შემდეგი ინფორმაცია (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში): განაცხადის ავტორის საიდენტიფიკაციო მონაცემები; განაცხადის ავტორის ადგილსამყოფლის მისამართი; განაცხადის ავტორის ვებგვერდის მისამართი; ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და სხვა სახის მატერიალური სარგებლის წყაროს, ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ; ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ;

ამ ინფორმაციის წარდგენა უნდა მოხდეს ყოველწლიურად.

კანონის მოთხოვრების შეუსრულებლობის შემთხვევაში სასჯელის ზომა (მუხლი 22) ჯარიმა წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობით ორგანიზაციებისათვის და 1 000 ევროს ოდენობით ფიზიკური პირებისათვის. ჯარიმა ან 5 წლამდე პატიმრობა.  (მუხლი 9) ჯარიმა 10 000-დან 25 000 ლარამდე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ევროკავშირის დირექტივასა და “ხალხის ძალის” კანონპროექტებს შორის არის ის, თუ ვინ უწევს რეესტრს ზედამხედველობას. ევროკავშირის შემთხვევაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ რეესტრი ნეიტრალური უნდა იყოს, ხოლო ორგანო რომელიც მას ზედამხედველობას გაუწევს პოლიტიკური გავლენებისაგან დამოუკიდებელი და ხელისუფლების მითითებებისაგან თავისუფალი. ამ ორგანოს ორგანიზაციისაგან ლიმიტირებული ინფორმაციის გამოსათხოვად შესაბამისი დასაბუთების წარდგენა დასჭირდება. “ხალხის ძალის” კანონპროექტების შემთხვევაში მსგავსი უსაფრთხოების ზომები არ გვხვდება, ხოლო ორგანიზაციებს ერთ შემთხვევაში გენერალურ პროკურორთან ევალებათ რეგისტრაცია, ხოლო მეორე შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროში, რაც პოლიტიკური დამოუკიდებლობის და ნეიტრალურობის შესახებ შესაძლოა ეჭვებს აჩენდეს. ასევე, ერთ შემთხვევაში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, გენერალურ პროკურორს შეეძლება ორგანიზაციებს იმაზე ადრე მოსთხოვოს დოკუმენტაციის წარდგენა, ვიდრე ეს კანონითაა გათვალისწინებული და ამის მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესების დაცვა დაასახელოს. მეორე შემთხვევაში კი ნებისმიერი პირის მიერ წერილობითი მიმართვის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს შეეძლება ნებისმიერი ორგანიზაციის მოკვლევა განახორციელოს და თუ ჩათვლის, რომ ეს ორგანიზაცია კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ის უცხოური გავლენის აგენტად დაარეგისტრიროს.

ასევე განსხვავდება ის დოკუმენტები, რისი წარდგენაც აღნიშნულ ორგანიზაციებს დაევალებათ. “ხალხის ძალის” კანონპროექტების შემთხვევაში უფრო მეტი და უფრო დეტალური დოკუმენტია მოთხოვნილი. ერთ შემთხვევაში ეს მოიცავს ყველა თანამშრომლის ვინაობას, ხოლო მეორე შემთხვევაში ყველა შემოსავალსა და ხარჯს. “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონპროექტის შემთხვევაში განსხვავდება დოკუმენტების წარდგენის ვადებიც. ევროკავშირის შემთხვევაში ეს ყოველწლიური იქნება, “ხალხის ძალის” ამ კანონპროექტით კი ყოველ 6 თვეში (გენერალური პროკურორის მოთხოვნის შემთხვევაში უფრო ხშირადაც).

უმთავრესი განსხვავება ევროკავშირისა და “ხალხის ძალის” “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონპროექტს შორის არის სასჯელის ზომა, რომელიც გათვალისწინებულია მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ევროკავშირის დირექტივით ეს მხოლოდ პროპორციული ჯარიმა იქნება, “ხალხის ძალის” კანონპროექტი კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანას და დარღვევის ჯარიმით ან 5 წლამდე პატიმრობით დასჯას ითვალისწინებს. 

ტელეკომპანია “იმედის” სიუჟეტში ნახსენებია, რომ ევროკავშირის დირექტივა არ ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ სანქციებს და ამით “ხალხის ძალის” მიერ წარდგენილ მეორე კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ჰგავს. თუმცა, აქ მნიშვნელოვანი განსხვავება “უცხოური გავლენის აგენტის” ფორმულირებაშია, ვინაიდან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” “ხალხის ძალის” კანონპროექტში “უცხოური გავლენის აგენტის” განმარტებაში მთელი აქცენტი დაფინანსების წყაროზე იყო გაკეთებული და არა ორგანიზაციის საქმიანობაზე და ეხებოდა თითქმის ყველა იურიდიულ პირს, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებდა. ამ შემთხვევაში მონიტორინგი იუსტიციის სამინისტროს ევალებოდა ხოლო სასჯელი ჯარიმას ითვალისწინებდა, რომელიც 10 000-დან 25 000 ლარამდე აღწევდა.

უნგრეთის მაგალითი

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მსგავსად, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე იყო კონცენტრირებული უნგრეთის მიერ 2017 წელს მიღებული კანონი “საზღვარგარეთიდან მხარდაჭერის მიმღები ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ”, რომელიც ყველა ორგანიზაციას ავალდებულებდა რეგისტრაციას, რომელიც საზღვარგარეთიდან 22 000 ევროზე მეტ დაფინანსებას იღებდა. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ ეს კანონი არღვევდა კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის და ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებებს პირადი ცხოვრების, მონაცემთა დაცვის და გაერთიანების თავისუფლების შესახებ.

ევროკომისიის “დემოკრატიის დაცვის” პაკეტისაგან რადიკალურად განსხვავდება უნგრეთის პარლამენტის მიერ 12 დეკემბერს მიღებული “ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის” კანონიც, რომელიც საარჩევნო კამპანიებში უცხოური დაფინანსების კრიმინალიზებას ახდენს და აფუძნებს ახალ, სუვერენიტეტის დაცვის ოფისს, რომელის ხელმძღვანელსაც პრემიერ მინისტრი დანიშნავს და რომელსაც ფართო საგამოძიებო უფლებამოსილება ექნება მინიჭებული, რათა გამოავლინოს ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას ამომრჩეველთა ხმებზე გავლენის მოსახდენად. უფლებადამცველები შიშობენ, რომ უნგრეთის ხელისუფლება ამ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების, კომპანიების, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების და სხვათა წინააღმდეგ გამოიყენებს.

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტების ინიციატორი “ხალხის ძალის” დეპუტატები ირწმუნებოდნენ, რომ მათ მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” არა რუსული, არამედ ამერიკული კანონის ანალოგი იყო. ამ თემაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, ევროკომისია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist