ქართველი მოხალისეების რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

3.1k
VIEWS

19 ნოემბერს რუსულენოვანმა ფეისბუკ ანგარიშებმა (1, 2) და საინფორმაცო სააგენტომ (1) ქართველებისათვის რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.  სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების თანახმად, უკრაინაში ძალიან დიდი დანაკარგის გამო ქართველებისთვის ომში მონაწილეობა აიკრძალა და უკანონო სამხედრო მოხალისეთა ჯგუფების შექმნისთვის საქართველო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 2024 წლის 1 მარტიდან აკისრებს. ასევე, პოსტებში აღნიშნულია, რომ უკრაინის მიტოვება ქართველებმაც კი დაიწყეს  – “მათ ესმით, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეიძლება მალე დიდი პრობლემები შეექმნათ. მეტიც, თბილისს არ სურს, რომ წაგებული მხარის – უკრაინის დონეზე იყოს”.

Screenshot 2023 11 22 164912 ქართველი მოხალისეების რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

ინფორმაცია, თითქოს ქართველებისათვის უკრაინაში ბრძოლა დიდი დანაკარგების გამო იკრძალება, სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს თავდაცვის კოდექსი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, თავდაცვის სფეროში მოხალისეობის საკითხებს არეგულირებს, არ ითვალისწინებს მოხალისეებისა და მოხალისეთა ორგანიზაციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქმედების და მათი სხვადასხვა კონფლიქტში ჩართულობის საკითხებს.

2023 წლის 21 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა  პლენარულ სხდომაზე „თავდაცვის კოდექსი“ მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, თავდაცვის სფეროში მოხალისეობის საკითხებს არეგულირებს. თავდაცვის კოდექსის მე-17 თავის თანახმად, თავდაცვის სფეროში მოხალისეობა არის პირის ნებაყოფლობითი, ანაზღაურების გარეშე მომზადება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში და საჭიროების შემთხვევაში მისი უნარ-ჩვევების თავდაცვის სფეროში გამოყენება. აღსანიშნავია, რომ კოდექსში შეტანილი ახალი ცვლილების თანახმად,  საქართველოში თავდაცვის სფეროში მოქმედი მოხალისეთა ორგანიზაციების შექმნა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშუალებით არის შესაძლებელი. ამისთვის ორგანიზაციამ თავდაცვის სამინისტროს ყველა მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს და მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი  თავდაცვის უწყებისგან მიიღოს. თავდაცვის კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატი მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მოსაპოვებლად სამინისტროს მიმართავს. სამინისტროს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სუბიექტს მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი ენიჭება. 

თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე და უკანონო ფორმირების შექმნის ნიშნების არსებობის შემთხვევაში ისჯება შესაბამისი ჯარიმით, შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე ვადით. არარეგისტრირებული მოხალისეობრივი ორგანიზაციისთვის სახსრების ან ქონების გადაცემაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე ვადით. იურიდიული პირებისთვის კი სასჯელი საქმიანობის აკრძალვას ან ლიკვიდაციას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ კოდექსი არ არეგულირებს მოხალისეებისა და მოხალისეთა ორგანიზაციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქმედების და მათი სხვადასხვა კონფლიქტში ჩართულობის საკითხებს. ამავე კანონის 34-ე მუხლი სამხედრო მოსამსახურისთვის აკრძალულ საქმიანობას განსაზღვრავს, რომლის თანახმადაც, სამხედრო მოსამსახურეს საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად განხორციელებული საქმიანობა ეკრძალება, თუმცა მსგავსი აკრძალვა არ ეხება მოხალისეებს, რომლებიც საქართველოს სამხედრო სამსახურში არ არიან. 

ემუქრებათ თუ არა მოქალაქეობის დაკარგვის საფრთხე უკრაინაში მებრძოლ ქართველებს?

2022 წლის დეკემბერში “ქართული ოცნების” წევრები, მამუკა მდინარაძე და რატი იონათამიშვილი უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის მოქალაქეობის შესაძლო დაკარგვაზე საუბრობდნენ. მათი თქმით, სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას. “რადიო თავისუფლებასთან” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ცირა ჯანანაშვილის განმარტებით “მოქალაქეობის შესახებ” კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის მიზეზი შეიძლება გახდეს “საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე მოქალაქის შესვლა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში”.  მისი განმარტებით, კანონში ჩანაწერი პოლიტიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში ხელისუფლებამ შეიძლება გამოიყენოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლად, მაგრამ ამ საკითხზე მსჯელობისას გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც საომარი მდგომარეობა, რომელსაც კანონი არ ითვალისწინებს, ასევე რიგი ფაქტობრივი გარემოებები.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას თან ერთვის უკრაინაში მოქმედი “ქართული ლეგიონის” წევრების ფოტო, და ნათქვამია, რომ კანონში ცვლილება უკრაინაში დიდი დანაკარგის გამო შევიდა. 16 ნოემბერს უკრაინაში მოქმედმა „ქართული ლეგიონმა“ მართლაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 9 კი დაიჭრა, რომელთაგანაც სამის მდგომარეობა მძიმეა. თუმცა “თავდაცვის კოდექსში” შეტანილი ცვლილებები არც ამ და არც სხვა დანაკარგებს არ უკავშირდება და უცხოეთში მებრძოლ მოხალისე საქართველოს მოქალაქეებზე არ საუბრობს. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის კოდექსს ხელი 12 ოქტომბერს მოაწერა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist