ფეისბუქზე ებრაული დღესასწაულის ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

191
VIEWS

11 იანვარს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მისი მტკიცებით, სინაგოგაში “გოი ბავშვის” მსხვერპლშეწირვის ინსცენირებაა. ვიდეოში ჩანს, რომ, სავარაუდოდ, ორთოდოქსი ებრაელი კაცი თოჯინის ჩამოხრჩობაში იღებს მონაწილეობას, ხოლო დარბაზში შეკრებილები ამას ზეიმობენ.

purimi ფეისბუქზე ებრაული დღესასწაულის ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება

ვიდეო მცდარი და კონსპირაციული აღწერით ვრცელდება. რეალურად ვიდეო ებრაული დღესასწაულის, პურიმის აღნიშვნას ასახავს. თოჯინა კი არა ბავშვს, არამედ ბიბლიურ პერსონაჟ ჰამანს, განასახიერებს, რომელსაც ებრაელების დახოცვა სურდა. მტკიცება, რომ ებრაელები ბავშვებს მსხვერპლად სწირავენ ძველი ანტისემიტური კონსპირაციული თეორიაა.

ვიდეო ებრაელების დღესასწაულის პურიმის აღნიშვნას ასახავს. თოჯინის ჩამოხრჩობა კი ბიბლიური პერსონაჟის ჰამანის ჩამოხრჩობის გათამაშებაა.

ძველი აღთქმის “ესთერის წიგნი” ებრაელი ქალის, ესთერის ამბავს მოგვითხრობს, რომელმაც ძველ სპარსეთში ებრაელი ხალხი სიკვდილს გადაარჩინა. ესთერი სპარსეთის მეფე ახაშვეროშის მეუღლე გახდა. ახაშვეროშის მრჩეველი, ჰამანი განარისხა ესთერის გამზრდელის, მორდექაის უარმა ჰამანისთვის თაყვანი ეცა. რის გამოც ჰამანმა მორდექაის და სხვა ებრალების დახოცვა განიზრახა. ჰამანმა მეფე დაარწმუნა, რომ ებრაელები დაუმორჩილებელი და მეამბოხე ხალხი იყო და ისინი უნდა დაეხოცათ. ახაშვეროშმა არ იცოდა, რომ მისი ცოლი  ებრაელი იყო. როდესაც ამ გეგმის შესახებ დედოფალმა ესთერმა გაიგო, მეფეს შეევედრა, ებრაელები შეეწყნარებინა და ჰამანი მათი განადგურების მცდელობაში დაადანაშაულა. მეფემ გადაწყვეტილება შეცვალა და ჰამანსა და მის ვაჟებს ჩამოხრჩობით სიკვდილი მიესაჯა. ებრაელების გადარჩენის და ამ გამარჯვების აღსანიშნავად, ყოველ წელს ებრაული კალენდრის ადარის თვის მეთოთხმეტე დღეს პურიმი აღინიშნება (ადარის თვე ძირითადად მარტს ემთხვევა).

პურიმი ებრაელების გადარჩენის და გამარჯვების აღსანიშნავი დღეა. ამ დროს კითხულობენ  ესთერის წიგნს, წარმოდგენებში აცოცხლებენ ბიბლიურ ამბებს, აწყობენ კარნავალის ტიპის აღნიშვნებს, რომელთა დროსაც ადამიანები სხვადასხვა კოსტუმებს ირგებენ, ადამიანები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან, წახალისებულია ქველმოქმედებისთვის ფულის გაღება.

ზაქარეიშვილის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს უფრო გრძელი და უკეთესი ხარისხის ვერსიები იუთუბზე 2016 წლის მარტშია გამოქვეყნებული (1; 2). ორივე ვიდეოს სათაურის მიხედვით, პურიმის ზეიმობის დროს ჰამანის ჩამორხჩობას ასახავს. 

ვიდეოში ჩანს, რომ თოჯინის ჩამოხრჩობამდე კაცი წიგნს კითხულობს, რაც სავარაუდოდ სწორედ ესთერის წიგნის კითხვას ასახავს. ასევე იუთუბზე ატვირთულ ვიდეოებში ჩანს, რომ დარბაზში შეკრებილ მოზარდებს სხვადასხვა კოსტიუმები აცვიათ.

purimi1 ფეისბუქზე ებრაული დღესასწაულის ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება

ვიდეოს ერთი ვერსია გამოქვეყნებული აქვს იუთუბ-ანგარიშს Matzav Videos, რომელიც ასეთივე სახელწოდების ვებ-საიტთან, matzav.com-თან არის დაკავშირებული. საიტზე ისრაელთან და ებრაულ თემთან დაკავშირებული ინფორმაცია ქვეყნდება. ვიდეო 2016 წელს პურიმის აღნიშვნასთან დაკავშირებით საიტზე სხვადასხვა ღონისძიებების ფოტო და ვიდეო არქივში ფიგურირებს.

ჰამანის ჩამოხრჩობის თეატრალური სცენა, ისევე როგორც კოსტიუმირებული კარნავალები (1,2) პურიმთან დაკავშირებული ღონისძიებების ნაწილია და არაფერი აქვს საერთო ბავშვების მსხვერპლშეწირვასთან.

purimi4 ფეისბუქზე ებრაული დღესასწაულის ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება
წყარო: Haartz.

მაგალითად ზემოთ მოყვანილ ფოტოებზეც ჰამანის ჩამოხრჩობის თეატრალური სცენაა გათამაშებული. ფოტოები 2017 წელს, ისრაელში იერუსალიმშია გადაღებული. თოჯინა ბოროტ ჰამანს განასახიერებს. წარმოდგენა იერუსალიმის ულტრა-ორთოდოქს უბანში, მეა შეარიმის ერთ-ერთ სკოლაში გაიმართა

purimi 1 ფეისბუქზე ებრაული დღესასწაულის ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება
ფოტოები პურიმის აღნიშვნიდან. წყარო: The Guardian

აღსანიშნავია, რომ კონსპირაციის თეორია, თითქოს ებრალები ბავშვებს იტაცებენ ან მსხვერპლად სწირავენ, შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს და “სისხლის ცილისწამების” სახელით არის ცნობილი. ერთ-ერთი პირველი ასეთი გადმოცემა XII საუკუნის ბრიტანეთშია დაფიქსირებული, როდესაც ებრაელს ბავშვის გატაცებაში და მისთვის ქრისტეს ეკლიანი გვირგვინის მიბაძვით თავის არეში ჭრილობის მიყენებაში დასდეს ბრალი. ამ და მსგავს ბრალდებებზე პაპის ინოკენტი IV-ის მიერ გამოძიებაც ჩატარდა, თუმცა მათი ნამდვილობა არ დადასტურდა. “სისხლის ცილისწამება” ხშირად გამოიყენებოდა იარაღი ებრაელთა შევიწროების გასამართლებლად

მსგავს კონსპირაციული მტკიცებები “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია.

წყაროს შესახებ:

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ფეისბუქზე რეგულარულად ავრცელებს ანტისემიტური, ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციას. Მის მიერ განთავსებული ყალბი ამბები “მითების დეტექტორს” არაერთხელ გადაუმოწმებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist