რა კონსპირაციული თეორიები მოყვა ბრუკლინში სინაგოგასთან დაკავშირებული გვირაბის აღმოჩენას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.5k
VIEWS

9-10 იანვარს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია (1;2), რომ ნიუ-იორკის სინაგოგაში პოლიციამ აღმოაჩინა საიდუმლო გვირაბი, რომლიდანაც სისხლიანი მატრასები და ბავშვის ჭოჭინები ამოიღეს. პოსტების ავტორი ვარაუდობს, რომ გვირაბების დანიშნულება მცირეწლოვნებით ვაჭრობა, მათზე ძალადობა და “თალმუდისტურ-სატანისტური მსხვერპლშეწირვებისა და რიტუალების” ჩატარება იყო. მისივე ინფორმაციით, გვირაბები მახლობლად მდებარე საბავშვო მუზეუმს უკავშირდება.   

აღმოჩენილ გვირაბს მცირეწლოვნების მკვლელობასა და რიტუალებს რუსულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებელიც უკავშირებს

gvirabebi რა კონსპირაციული თეორიები მოყვა ბრუკლინში სინაგოგასთან დაკავშირებული გვირაბის აღმოჩენას?

ირაკლი ზაქარეიშვილი ინფორმაციას მტკიცებულებების გარეშე ავრცელებს. მტკიცება, თითქოს გვირაბები ბავშვებზე ძალადობისა და მათი გაყიდვის მიზნით გამოიყენებოდა, არ დასტურდება და ანტისემიტურ კონსპირაციულ თეორიას ავითარებს. ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს აღმოჩენილი გვირაბები ადგილობრივ საბავშვო მუზეუმს უკავშირდება. 

2023 წლის 8 იანვარს ნიუ-იორკის პოლიციამ აღმოაჩინა არაავტორიზებული გვირაბი, რომელიც ბრუკლინის ისტორიულ სინაგოგას უკავშირდებოდა. პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც გაჩნდა ეჭვი, რომ ისტორიულ შენობას გვირაბების გამო საფრთხე ემუქრებოდა. როგორც ხასიდი ებრაელების ორგანიზაცია “ხაბად ლუბავიჩის” სპიკერი, მოტი სელიგსონი წერს, პოლიციას ვანდალიზმისა და შენობის განადგურების საფრთხის შესახებ თავად აცნობეს. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს “ხაბად ლუბავიჩის” წევრების ნაწილი დაუპირისპირდა, სამართალდამცავებმა 9 ადამიანი დააკავეს.  

როგორც შემდგომში გაირკვა, ახალგაზრდებმა, რომლებსაც მოტი სელიგსონი “ექსტრემისტ სტუდენტებს” უწოდებს, ფარულად შეაღწიეს შტაბის უკან ცარიელი შენობის კედლებს მიღმა, შექმნეს მიწისქვეშა გასასვლელი ოფისებისთვის განკუთვნილი შენობებისა და ლექციის დარბაზებს ქვეშ, საბოლოოდ კი სინაგოგას დაუკავშირდნენ.   

გვირაბის აშენების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა, არსებობს ვერსიები. შენობა წარსულში მოძრაობის ლიდერის, რაბინ მენახემ მენდელ შნეერსონის სახლი იყო და ამ მიზეზით ყოველწლიურად მრავალ დამთვალიერებელს იზიდავს. შნეერსონი “ხაბად ლუბავიჩს” გარდაცვალებამდე, 1994 წლამდე ხელმძღვანელობდა და ჰოლოკოსტის შემდეგ მის აღორძინებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. როგორც BBC წერს, სავარაუდოდ, გვირაბები “ხაბად ლუბავიჩის” შიგნით არსებულ დაპირისპირებასთან არის კავშირში. გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ შნეერსონი ებრაელთა მესიაა – აღნიშნულ მოსაზრებას “ხაბად ლუბავიჩის” მთავარი მოძრაობა უარყოფს. ორგანიზაციის შიგნით კამათი არსებობდა იმის შესახებაც, უნდა იყოს თუ არა შნეერსონი შენონებზე გაკრულ დაფებზე გარდაცვლილად მოხსენიებული, რადგან, წევრების ნაწილს მიაჩნია, რომ ის რეალურად არასოდეს გარდაცვლილა. როგორც ადგილობრივებმა New York Times-ს უთხრეს, გვირაბის გათხრის მიზანი სინაგოგის გაფართოების დაჩქარება იყო, რაც, წევრების ნაწილის მტკიცებით, რაბინის სურვილია. 

გვირაბის აღმოჩენის შემდეგ სოციალურ ქსელში მის შექმნის მიზეზითან დაკავშირებით კონსპირაციის თეორიები გავრცელდა. რეალურად, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ გვირაბები ბავშვებით ვაჭრობის ან მათზე ძალადობის მიზნით იყო შექმნილი. ჩადენილი დანაშაულების შესახებ გავრცელებულ მტკიცებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ AP News-ს ნიუ-იორკის პოლიციამ გაუგზავნა იმ ბრალდებების სია, რომლებითაც 9 ადამიანი დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ბრალდებები პოლიციასთან დაპირისპირებასა, მიყენებულ ზიანს, გაუფრთხილებლობას ეხება, მათში არ გვხვდება სექსუალური დანაშაული ან ბავშვების გაყიდვა და გვირაბების შიგნით განხორციელებულ ქმედებებთან არ არის დაკავშირებული. 

სიმართლეს ასევე არ შეესაბამება მტკიცება, თითქოს არაავტორიზებული გვირაბი ბავშვების მუზეუმს უკავშირდება. ირაკლი ზაქარეიშვილი აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ებრაელ ბავშვთა მუზეუმი ჩანს, მისი მისამართიც მითითებულია, როგორც 302 Kingston Ave. აღსანიშნავია, რომ მუზეუმი ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, ხოლო გვირაბები, არსებული მონაცემებით, არა გზის, არამედ შენობების ქვეშ იყო გაყვანილი და მათ დასაკავშირებლად გამოიყენებოდა.

gvirabebi1 რა კონსპირაციული თეორიები მოყვა ბრუკლინში სინაგოგასთან დაკავშირებული გვირაბის აღმოჩენას?
მარცხნივ – ებრაელ ბავშვთა მუზეუმი, მარჯვნივ – ხაბად ლუბავიჩის შენობა. ფოტო: Google maps

მტკიცებები დაკავშირებულია იმ კონსპირაციის თეორიებთან, რომლებიც ებრალების მიერ ბავშვების მიმართ “ჩადენილ” დანაშაულებსა და “მსხვერპლშეწირვებზე” მრავალი წელია, ვრცელდება. აღნიშნული მტკიცებები, რომლებიც ანტისემიტიზმის გაღვივებას ისახავს მიზნად, “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა.   

არქივის ბმულები (1;2;3

წყაროს შესახებ 

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული ისრაელ-ჰამასის ომის შემდეგ, ის რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციას. ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც მრავალჯერ გადაამოწმა

ფეისბუქ-მომხმარებელი Элизабет Чайка, ძირითადად, ანტივაქსერული შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს. მისი პოსტების ნაწილი ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული

gvirabebi2 რა კონსპირაციული თეორიები მოყვა ბრუკლინში სინაგოგასთან დაკავშირებული გვირაბის აღმოჩენას?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist