მსახიობი პატრიკ სტიუარტის სახელით ნახშირწყლების შემცველ საკვებზე მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

1.3k
VIEWS

3 ნოემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა რუსულ ენაზე გახმოვანებული ვიდეო, რომელშიც მსახიობი პატრიკ სტიუარტი მარტივი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტის შესახებ საუბრობს. მსახიობის თქმით,  ტორტები, ნამცხვრები, თაფლაკვერები, ფუნთუშები, ჰოთ-დოგები და მათ შორის, პიცაც სინამდვილეში, ადამიანების ავად გახდომასა და მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას ემსახურება. სტიუარტი აღნიშნავს, რომ დიდი ფულის ფასად მეცნიერებმა ჰეროინის და კოკაინის შემცვლელი ნივთიერება შეიმუშავეს, რომლის ფქვილში გარევის შემდეგაც, ეს პროდუქტები ნარკოტიკის მსგავსად მოქმედებენ. ასევე ვიდეოში აღნიშნულია ისიც, რომ ამ საკვებში გვხვდება გლუტენი, რომელიც სისხლძარღვებს და კუჭ-ნაწლავს “აწებებს”.

stiuardi მსახიობი პატრიკ სტიუარტის სახელით ნახშირწყლების შემცველ საკვებზე მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო დამუშავებულია და პატრიკ სტიუარტის ინტერვიუს ხმა პროგრამულად აქვს დადებული. ვიდეოს ორიგინალ ვერსიაში სტიუარტი თავის კარიერასა და ცხოვრების სტილზე საუბრობს, თუმცა მსახიობი მარტივი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტისა და მათში შემავალი გლუტენის მავნებლობას არ ახსენებს. ნახევარფაბრიკატების, სწრაფი კვების, სოდისა და ფქვილისაგან დამზადებული პროდუქტების გადაჭარბებულმა მოხმარებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს სხვადასხვა დაავადების რისკი, თუმცა ვიდეოში მოყვანილი მტკიცებები კონსპირაციული და გაზვიადებულია.

მსახიობი პატრიკ სტიუარტი რიჩ როლის პოდკასტში 2023 წლის 5 ოქტომბერს იყო მიწვეული. სტიუარტი ინტერვიუში, რომელიც თითქმის ერთი საათისა და 20 წუთის ხანგრძლივობისააა, საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ გადაარჩინა თეატრმა, როგორ იმოქმედა ბავშვობის ტრავმამ მის კარიერაზე და გამოიწვია მისი გატაცება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვით.  ვიდეოს პირველივე ეპიზოდში წამყვანი მსახიობს სთხოვს გაუმხილოს, თუ რა არის მისი დღეგრძელობის, აქტიურობისა და ენერგიულობის საიდუმლო, რაზეც სტიუარტის პასუხი არის – მუშაობა. სტიუარტის თქმით, მისი ოჯახი ძალიან შრომისმოყვარე იყო და მამამისი ამაყობდა იმ საქმით, რასაც აკეთებდა.

stiuardi1 მსახიობი პატრიკ სტიუარტის სახელით ნახშირწყლების შემცველ საკვებზე მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

ვიდეოს ფრაგმენტი, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება სწორედ ამ ეპიზოდიდან არის ამოჭრილი, რასაც მსახიობის პირის მოძრაობისა და ჟესტიკულაციის, ასევე წამყვანის მიმიკების შედარება ცხადყოფს. ეპიზოდი სახელწოდებით “მამამისის სამხედრო კარიერა და ყოფნა”, ინტერვიუს მე-2 წუთსა და 28-ე წამზე იწყება, თავად ფრაგმენტის ნახვა კი 3:12 წუთიდან არის შესაძლებელი. სტიუარტი ინტერვიუს არც ამ და არც სხვა ნაწილებში არ საუბრობს ტკბილეულსა და ცომეულში შემავალი ნივთირებების შესახებ.

კადრი ინტერვიუდან კადრი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან
stiuardi2 მსახიობი პატრიკ სტიუარტის სახელით ნახშირწყლების შემცველ საკვებზე მცდარი ინფორმაცია ვრცელდება stiuardi3 მსახიობი პატრიკ სტიუარტის სახელით ნახშირწყლების შემცველ საკვებზე მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
stiuardi4 მსახიობი პატრიკ სტიუარტის სახელით ნახშირწყლების შემცველ საკვებზე მცდარი ინფორმაცია ვრცელდება stiuardi5 მსახიობი პატრიკ სტიუარტის სახელით ნახშირწყლების შემცველ საკვებზე მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

ხმა, რომელიც პატრიკ სტიუარტის ვიდეოს ადევს, ალტერნატიული მედიცინის სპეციალისტის, ნატუროთერაპევტ ბორის უვაიდოვს ეკუთვნის. ვიდეო, რომელშიც უვაიდოვი ფქვილის ზიანზე საუბრობს, 7 წლის წინ მის  Youtube-ის არხზე გამოქვეყნდა.

stiuardi6 მსახიობი პატრიკ სტიუარტის სახელით ნახშირწყლების შემცველ საკვებზე მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

აღსანიშნავია, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოც ფრაგმენტირებულია და უვაიდოვის ფრაზები სხვადასხვა თანმიმდევრობითაა დალაგებული. უვიადოვი ვიდეოს ორიგინალ ვერსიაში არომატიზატორებსაც ახსენებს და ამბობს, რომ ფქვილისგან დამზადებულ საკვებში არაფერია ღირებული, მათში არ არის ვიტამინები და მინერალები. უვაიდოვის მტკიცება ბალტიურმა ფაქტების გადამოწმების სააგენტომ Delfi-მაც შეისწავლა.  ევროკავშირისა ქვეყნებში ცხობისთვის გამოყენებული პროდუქტების ხარისხს მონიტორინგს უწევს როგორც ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანო, ასევე ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოების მარეგულირებელი ორგანოები. ფქვილში ნარკოტიკული ნივთიერებების არსებობის შესახებ ინფორმაცია არცერთ ორგანიზაციას არ გაუვრცელებია. ამის მიუხედავად, არსებობს საფრთხე სწრაფი კვებისთვის მომზადებულ საკვებთან (Fast food) დაკავშირებით, როგორიცაა ჰოთ-დოგი, ჰამბურგერი და პიცა, რომლებიც შეიძლება იყოს ვიტამინებითა და მინერალებით ღარიბი. თუმცა ამ ეტაპზე არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ფქვილში, რომელიც პურის ან საკონდიტრო ნაწარმის გამოსაცხობად გამოიყენება, ნარკოტიკების მსგავს ნივთიერევას ურევენ.

რა არის გლუტენი არის თუ არა საშიში?

გლუტენი რთული ცილაა, რომელიც ხორბლის, ჭვავის, ქერის, ალაოს და სხვა მარცვლოვანი კულტურების შემადგენლობაში შედის და მოქმედებს როგორც დამაკავშირებელი აგენტი, რომელიც წებოვნების ხარჯზე საკვების ფორმის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ გლუტენი მარცვლეულში ბუნებრივად არსებობს, შესაძლებელია ასევე მისი კონცენტრირება და დამატება საკვებსა და სხვა პროდუქტებში ცილის, ტექსტურის და არომატის გაზრდისა და გაძლიერების მიზნით.

საუკუნეების განმავლობაში, გლუტენის შემცველი საკვები ადამიანებს ცილებით, ხსნადი ბოჭკოებითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებდა. შესაბამისად, გლუტენი თავისთავად ცუდი არ არის ადამიანთა უმრავლესობისთვის, მათთვის, რომელთა ორგანიზმსაც მისი ატანა შეუძლია. საჭმლის მომნელებელ ფერმენტ პროტეაზას, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ცილების გადამუშავებაში ეხმარება, გლუტენის ბოლომდე დაშლა არ შეუძლია. ადამიანების უმეტესობას უპრობლემოდ შეუძლია გაუმკლავდეს მოუნელებელ გლუტენს, მაგრამ ზოგიერთ ორგანიზმში გლუტენმა შეიძლება მძიმე აუტოიმუნური რეაქცია ან სხვა უსიამოვნო სიმპტომები გამოიწვიოს.

აუტოიმუნურ პასუხს გლუტენზე ცელიაკია ეწოდება, რამაც შესაძლოა წვრილი ნაწლავის დაზიანება გამოიწვიოს. ზოგიერთმა ადამიანმა, რომელსაც არ აქვს ცელიაკია, მაინც შეიძლება განიცადოს შებერილობა, დიარეა, თავის ტკივილი ან გამონაყარი კანზე. აღსანიშნავია, რომ ეს შეიძლება იყოს რეაქცია არა მხოლოდ გლუტენზე, არამედ ცუდად მონელებულ ნახშირწყლებზეც. 

რა იწვევს ტკბილეულზე დამოკიდებულებას?

ტკბილეულზე დამოკიდებულება შესაძლოა სხვადასხვა – ბიოლოგიური და ფსოქოლოგიური ფაქტორებით  იყოს გამოწვეული. ტკბილეული, როგორიცაა შოკოლადები, ნამცხვრები და ა.შ  დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. თავის მხრივ, შაქარი ტვინის დაჯილდოების სისტემას ააქტიურებს – გამოათავისუფლებს ნეიროტრანსმიტერს, დოფამინს. საკვები ჩვენს ტვინზე მრავალი კომპლექსური გზით მოქმედებს და ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პასუხია დოფამინის გამოყოფა. ნარკოტიკების მსგავსად, საკვების მიღება გამოყოფს დოფამინს. თუმცა დოფამინი არ ზრდის სიამოვნებას. ის გვიბიძგებს გავიმეოროთ ისეთი ქცევები, რომლებიც გვეხმარება გადარჩენაში, როგორიცაა საკვების ჭამა და გამრავლება. რაც უფრო მეტი დოფამინი გამოიყოფა, მით უფრო სავარაუდოა, რომ ჩვენ ამ ქცევას კვლავ გავიმეორებთ.  

გარდა ამისა ადამიანების ნაწილი ტკბილეულს სტრესის ან ემოციურ დისკომფორტის დროს იღებს.  გლუკოზა ტვინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებია და სტრესის დროს კი ტვინს დაახლოებით 12%-ით მეტი ენერგია ესაჭიროება, რაც ბევრს ტკბილეულის მიღებისკენ უბიძგებს. კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, შაქარი აფერხებს სტრესით გამოწვეული კორტიზოლის სეკრეციას, რაც შფოთვისა და დაძაბულობის შეგრძნებას ამცირებს. ტკბილეულის მიღებით გამოწვეულმა შვებამ შეიძლება ადამიანი დროებით გაათავისუფლოს სტრესისა და შფოთვისაგან და მათი დაძლევის მექანიზმად მიიჩნიოს.

ნახშირწყლებით მდიდარი საკვები ჯანსაღი რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილია, რამდენადაც ის ორგანიზმს გლუკოზას აწვდის, რომელიც, თავის მხრივ, სხეულის ფუნქციონირებასა და ფიზიკური აქტივობების შესრულებას უზრუნველყოფს. თუმცა მარტივი, რაფინირებული და დაბალი ხარისხის ნახშირწყლების დიდი დოზით მოხმარება პირდაპირ უკავშირდება ფიზიკურ და ფსიქიკურ დაავადებებს. 2022 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ნახშირწყლების ჭარბმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს მეტაბოლური დაავადებები და უარყოფითად იმოქმედოს განწყობის კატეგორიებზე, მათ შორის სიფხიზლესა და დაღლილობაზე.

წყაროს შესახებ:
ფეისბუკ ანგარიში “მაია თვალთვაძე” რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist