მითი, თითქოს მაო ძედუნმა იოსებ სტალინს საბჭოთა კავშირის წევრობა სთხოვა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

7.9k
VIEWS

11 და 12 სექტემბერს პრორუსული ორგანიზაცია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” წევრმა  გიორგი ირემაძემ  (1, 2) და კიდევ ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 1949 წელს მაო ძედუნმა იოსებ სტალინს ჩინეთის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შეყვანის შესახებ მიმართა, რაზეც უარი მიიღო, რადგან სტალინს სჯეროდა, რომ ჩინეთი გავლენას მოახდენდა საბჭოთა კავშირის დემოგრაფიაზე და საბოლოოდ მის დაშლას ან ჩინეთიზაციას გამოიწვევდა. 

Screenshot 2023 09 19 164611 მითი, თითქოს მაო ძედუნმა იოსებ სტალინს საბჭოთა კავშირის წევრობა სთხოვა

არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მაო ძედუნმა სტალინს ჩინეთის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შეყვანა სთხოვა. ისინი ერთმანეთს პირადად სულ ორჯერ შეხვდნენ და ოფიციალური ჩანაწერების მიხედვით, მსგავს საკითხზე საუბარი არ ყოფილა. დამატებით, არ არსებობს არც წევრობაზე მოთხოვნის დამადასტურებელი დეპეშები. 

საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის ლიდერები – იოსებ სტალინი და მაო ძედუნი ერთმანეთს პირადად სულ ორჯერ 1949 წლის 16 დეკემბერსა და 1950 წლის 22 იანვარს შეხვდნენ. შეხვედრები ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ორთვიანი ვიზიტის დროს მოხდა. მხარეებს შორის აღნიშნული შეხვედრა ჩინეთი-საბჭოთა კავშირის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გამყარების მიზნით შედგა, მას შემდეგ, რაც ჩინეთის სამოქალაქო ომის დასრულდა და 1949 წლის 1 ოქტომბერს მაო ძედუნმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა.

მაო ძედუნსა და იოსებ სტალინს შორის შეხვედრის ჩანაწერები დიდი ხნის მანძილზე ინახებოდა რუსეთის პრეზიდენტის საცავებში, თუმცა 1990-იან წლებში მოხდა მათი დეკლასიფიკაცია და ორივე შეხვედრის სრული ტრანსკრიპტის გასაჯაროება. 16 დეკემბრის შეხვედრისას მაო ძედუნი თავიდანვე აღნიშნავს, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია აქტიურად განიხილავს ჩინეთსა და სსრკ-ის შორის მეგობრობის, ალიანსისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას.  ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის უკვე არსებობდა მსგავსი ხელშეკრულება, რომელიც 1945 წელს იალტის ფარგლებში დაიდო ჩინეთის ძველ მთავრობასთან, რის გამოც ორივე მხარეს საჭიროდ მიაჩნდა ხელშეკრულების გადახედვა და ხელახლა გაფორმება. სტალინმა აღნიშნა, რომ 1945 წლის ხელშეკრულება, რომელიც მოიცავდა სადავო ტერიტორიებისა და ჯარების განთავსების საკითხებს, ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ჩარევის შედეგად შეიქმნა, რის გამოც ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობის პროცესში სიფრთხილე იყო საჭირო, რათა ამ ორი დიდი ქვეყნისათვის ჩინეთი-სსრკ-ის საქმეში ჩარევის ლეგალური საფუძველი არ მიეცათ.

1949 წლის შეხვედრაზე, სახელმწიფოთა ლიდერებმა ასევე ისაუბრეს სსრკ-ის მიერ ჩინეთის ტერიტორიაზე განთავსებულ ჯარებზე, სავაჭრო ურთიერთობებზე, ჩინეთისათვის დიდი ოდენობის სესხის მიცემაზე, სხვადასხვა სფეროს ასაღორძინებლად საბჭოელი სპეციალისტების დახმარების საჭიროებასა და სხვა თემებზე, თუმცა შეთავაზება ჩინეთის მეთექვსმეტე რესპუბლიკად მიღების თაობაზე არც ერთი მხარისგან არ გაცხადებულა. 

როგორც უკვე აღინიშნა, მეორე შეხვედრა 1950 წლის 22 იანვარს შედგა, რომლის ფარგლებში იოსებ სტალინმა და მაო ძედუნმა წინა თვეში განხილულ თემებზე განაგრძეს საუბარი. სტალინმა გადაწყვიტა, არ გაეთვალისწინებინა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ინტერესები და შეეცვალა 1945 წლის ხელშეკრულება ჩინეთთან, რითიც იალტის კონფერენციის გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წავიდოდა. შეხვედრის მანძილზე მათ გარკვეული პირობები შეათანხმეს და საბოლოოდ გადაწყდა, რომ ახალი ხელშეკრულება დროის მოკლე მონაკვეთში გაფორმდებოდა. საბოლოო ტექსტს ხელი 1950 წლის 14 თებერვალს მოეწერა, რის შემდეგაც მაო ძედუნმა მალევე დატოვა საბჭოთა კავშირი და სტალინს პირადად აღარ შეხვედრია. 

პირადი შეხვედრის გარდა, 1949 წელს მაო ძედუნსა და სტალინს შორის რამდენიმე     მიმოწერა შედგა, სადაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი სტალინს სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას სთხოვდა. საინტერესოა, რომ სწორედ სსრკ-ის დახმარებით მოახერხა ძედუნმა ძალების მობილიზაცია და ყველაზე პრობლემური რეგიონის სინძიანის აღება 1949 წელს, რითიც დასრულდა კიდეც სამოქალაქო ომი. ვილსონის ცენტრმა, რომელიც ცივი ომის პერიოდს იკვლევს, ორი ლიდერის არაერთი წერილი გამოაქვეყნა, საიდანაც ასევე არ დასტურდება გავრცელებული ინფორმაცია მაო ძედუნის მიერ ჩინეთის სსრკ-ის წევრობაზე გაკეთებული შეთავაზების შესახებ. 

წყაროს შესახებ:

გიორგი ირემაძე ძირითადად ანტიდასავლურ და პრორუსულ ნარატივებს ავრცელებს. ის აქტიურად არის ჩართული ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიაში, ასევე ესწრება მოსკოვში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებს. ირემაძე არის პრორუსული ორგანიზაცია “ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის” დამფუძნებელი და ორგანიზაცია “სოლიდარობა მშვიდობისათვის”  წევრი, მან ასევე დააფუძნა “პატრიოტი TV”, რომელიც ღიად პრორუსულ მედიას წარმოადგენს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist