კოვიდ 19-სა და ვაქცინაციაზე რუსულენოვანი დეზინფორმაციული ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

39
VIEWS

6 დეკემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ნინო გაფრინდაშვილმა პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა ლატვიელი ფელდშერის ვიდეომიმართვა. ვიდეოში მედიკოსი აკრიტიკებს კოვიდ-19-ის სამკურნალოდ გამოყენებულ პრეპარატებს და არ ეთანხმება პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს. ფელდშერის თქმით, რემდესივირი და ნიმბექსი, რომელიც კუნთებს ადუნებს, პაციენტთა სიკვდილს იწვევს. გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ პოლიმიელიტის წინააღმდეგ ვაქცინა ბავშვებში აუტიზმს იწვევს, ხოლო კორონავირუსზე ვაქცინაცია, მისი თქმით, სავალდებულო იქნება.

;

Crowdtangle-ის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული ვიდეო გასული თვის განმავლობაში სხვადასხვა უკრაინულ და რუსულენოვან ჯგუფებში ვრცელდებოდა, სადაც ამ ვიდეოს შემცველი 52 საჯარო პოსტი იძებნება. საქართველოში აღნიშნული ვიდეო ჯგუფში “ერთად დავამარცხოთ covid-19” Георгий Пламадеала-ს ფეისბუქ ანგარიშიდან  გაზიარდა. ამ უკანასკნელ ანგარიშს თავის მხრივ 10 დეკემბრის 12:00 საათის მდგომარეობით 48 ათასზე მეტი გაზიარება აქვს.

;

;

გავრცელებული ვიდეო 3 დეზინფორმაციას შეიცავს: 1. ნიმბექსი კოვიდ19-ის სამკურნალოდ გამოიყენება და მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები არ აქვს, ხოლო რემდისივირი აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ პაციენტების გარკვეული ჯგუფისათვის დაამტკიცა; 2. სავალდებულო ვაქცინაციას ამ ეტაპზე ევროპის ქვეყნები არ განიხილავენ; 3. ჩატარებული კვლევები ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის რაიმე კავშირს არ აჩვენებს.

დეზინფორმაცია 1. კოვიდ-19-ით გარდაცვალება რემდესივირის და ნიმბექსის გამოყენების შედეგია, რომელიც კუნთებს ადუნებს

დიდი ბრიტანეთის სამეფო ფარმაცევტული საზოგადოების ფარმაცევტული ჟურნალის თანახმად, ნიმბექსი, იგივე ცისატრაკურიუმი, რომელიც კუნთების მომადუნებელია, ატრაკურიუმთან ერთად ჩამოთვლილია იმ პრეპარატების სიაში, როგორც ე. წ. “პირველი ხაზის” წამლები Covid-19 პაციენტების მართვის პროცესში. ბიოტექნოლოგიური ინფორმაციების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული მასალის თანახმად, ცისატრაკურიუმის გამოყენების გვერდითი მოვლენები იშვიათად, მხოლოდ 1%-ზე ნაკლებ შემთხვევაში ვლინდება.

რაც შეეხება რემდესივირს, იგივე ვეკლურის, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ასოციაციის თანახმად, ის დამტკიცებული სამედიცინო საშუალებაა, რომელიც გამოიყენება კორონავირუსით დაავადებული ზრდასრულებისა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებისთვის, რომელთა მინიმალური წონა არის 40 კგ და რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 20 ნოემბერს რემდესივირის კოვიდ პაციენტების სამკურნალოდ გამოყენების წინააღმდეგ რეკომენდაცია  გამოაქვეყნა, რაც პაციენტების მძიმე მდგომარეობის შემთხვევებსაც მოიცავს. აღნიშნული იმით იყო განპირობებული, რომ რემდესივირის ეფექტიანობის გამოსავლენად კვლევები ჯერ ისევ მიმდინარეობს. ჯანმოს “სოლიდარობის კვლევების” ფარგლებში ჩატარდა ოთხი კვლევა, რომელშიც 7000 პაციენტის მონაცემები იყო შესწავლილი. მიღებული შედეგი სიკვდილიამობაზე პრეპარატის მნიშვნელოვან გავლენას არ ადასტურებდა. ამავე დროს, კვლევის შდეგებში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ რემდესივირი პაციენტების გარდაცვალებას იწვევს.

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ რემდესივირი COVID-19-ის სამკურნალოდ ჰოსპიტალიზირებული პაციენტების გარკვეული ჯგუფისათვის დაამტკიცა. გარდა ამისა, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის გამოკვლევის თანახმად, რემდესივირმა პაციენტების გამოჯანმრთელების დრო რამდენიმე დღით შეამცირა.

დეზინფორმაცია 2: ბავშვებს იძულებით ვაქცინაციას ჩაუტარებენ

აღსანიშნავია, რომ  ამ ეტაპზე რაიმე რეგულაცია და სახელმწიფოს გადაწყვეტილება Covid-19-ის წინააღმდეგ  ვაქცინაციის სავალდებულო წესით ჩატარების თაობაზე არ არსებობს. დიდ ბრიტანეთში, სადაც გერმანული კომპანია “პფაიზერის”და ამერიკული “ბიონტექის” ვაქცინის გამოყენება დაიწყეს, პირველი ადამიანი მსოფლიოში, ვისაც აღნიშნული ვაქცინაცია ნებაყოფლობით ჩაუტარეს, 91 წლის ქალბატონი გახდა.

Euronews-ი სტატიაში, სათაურით „გახდის თუ არა რომელიმე ევროპული ქვეყანა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინას სავალდებულოს?“ აღნიშნავს, რომ ესპანეთის შემთხვევაში ვაქცინაცია შესაძლოა სავალდებულო მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდეს, თუ ჯანდაცვის ორგანო პანდემიის საჭიროებიდან გამომდინარე, ამას საჭიროდ ჩათვლის. თუმცა, ამჟამად რაიმე ოფიციალური გადაწყვეტილება არ არსებობს. იტალიის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ არ არსებობს დირექტივა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახადონ, თუმცა მისი გაკეთება რეკომენდირებულია. საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი კი, აღნიშნავენ, რომ ვაქცინაცია არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითი იქნება.

დეზინფორმაცია 3: პოლიმიელიტის წინააღმდეგ ვაქცინა ბავშვებში აუტიზმს იწვევს

უნდა აღინიშნოს, რომ მოსაზრება, თითქოს ვაქცინაცია ბავშვებში აუტიზმს იწვევს, მტკიცებულებებს მოკლებულია. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია მითების დეტექტორმა ადრე გადაამოწმა.2019 წელს გამოქვეყნებულ სტატიის თანახმად, „უკვე ჩატარებული კვლევები იმასაც  მოწმობს, რომ ვაქცინაცია აუტიზმს არ იწვევს და ეს  ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების შემთხვევებშიც დასტურდება.“ ამას ასევე ადასტურებს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია და დოკუმენტები. მეტიც, ბოლო კვლევების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები შეიძლება არ გამოვლინდეს მანამ, სანამ ბავშვი სიარულს არ დაიწყებს, აუტიზმი ბავშვის დაბადებამდე ვითარდება და შესაბამისად, ვაქცინაციას არ უკავშირდება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist