კონსპირაციები “დალესის გეგმაზე”

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

266
VIEWS

წლებია ქართულ პრორუსულ მედიაში, ასევე რუსულ მედიასა და ფეისბუკზე ვრცელდება სხვადასხვა კონსპირაცია დალესის გეგმაზე.

კონსპირაციის თანახმად, ცივი ომის დროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილმა უფროსმა ალენ დალესმა საბჭოთა საზოგადოების მორალური ფასეულობების განადგურების მიზნით სპეციალური გეგმა შეიმუშავა. ამ თემაზე “მითების დეტექტორმა” სხვადასხვა დროს რამდენიმე მასალა მოამზადა.

  • ალენ დალესის 10 პუნქტიანი გეგმა საბჭოთა კავშირის განათლებისა და აღზრდის სისტემის შესახებ 

2022 წლის აგვისტოში ვრცელდებოდა ციტატა, რომელიც თანდართული აღწერის თანახმად, საბჭოთა კავშირის განათლებისა და აღზრდის სისტემის ნგრევის 10 პუნქტიან გეგმას მოიცავდა. გეგმის მიხედვით საჭირო იყო ისეთი იდეებთან ბრძოლა, როგორებიცაა პატრიოტიზმი, ტრადიციები, ქველმოქმედება, ეროვნული თავმოყვარეობა, ისტორიული წარსული და უნდა გაძლიერებულიყო  ეგოიზმი, პრაგმატიზმი და ამერიკული ცხოვრების წესი. აღნიშნულ გეგმის ავტორად  აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ალენ დალესი იყო წარმოდგენილი.

ტექსტში მოყვანილი 10 პუნქტინი გეგმა საბჭოთა კავშირის განათლების და აღზრდის სისტემის შესახებ გამოგონილი იყო და მას ალენ დალესთან კავშირი არ ჰქონია, ხოლო კონსპირაცია “დალესის გეგმაზე” საკმაოდ გავრცელებულია. სხვადასხვა დროს დალესის მოძღვრებად საბჭოთა რომან „მარადიული ძახილის” (Вечный зов) ტექსტის ფრაგმენტებს ავრცელებდნენ.. 

ვრცლად ამ თემაზე იხილეთ:

საიდან იღებს სათავეს “დალესის გეგმა” საბჭოთა განათლების სისტემის გაუქმების შესახებ?

  • დალესის გეგმის ერთ-ერთი პირველი ინიციატორი გერმანიის პირველი რაიხკანცლერი ოტო ფონ ბისმარკია

სხვადასხვა დროს “დალესის გეგმის” იდეასთან ერთად ვრცელდებოდა ინფორმაცია ამ გეგმის სხვადასხვა “ავტორებზე”.  მაგალითად, 2022 წლის თებერვალში ამ გეგმის პირველ ინიციატორად გერმანიის პირველ რაიხკანცლერს ოტო ფონ ბისმარკს მოიაზრებდნენ. პოსტს თან ბისმარკის ციტატა ერთვოდა, რომელშიც იგი თითქოს ამბობდა: “რუსეთის სიძლიერე შეიძლება მხოლოდ მისგან უკრაინის გამოყოფამ შეარყიოს. აუცილებელია, უკრაინა რუსეთს არამხოლოდ მოვწყვიტოთ, არამედ დავუპირისპიროთ კიდეც, ერთი ხალხის ორი ნაწილი ერთმანეთს გადავკიდოთ და ვუყუროთ, როგორ კლავს ძმა ძმას.” ეს ციტატა ყალბია და ინტერნეტში 2013 წლიდან იძებნება, თავდაპირველად რუსულად ვრცელდებოდა.  ინფორმაცია 2014 წელს გერმანიის საერთაშორისო მაუწყებელმა – “დოიჩე ველემ” გადაამოწმა. მედიას “გერმანიის ბისმარკის ფონდში” უთხრეს, რომ მსგავსი შინაარსის ციტატა არც ბისმარკის გამოსვლების ჩანაწერებში და არც წერილებსა თუ მოგონებებში იძებნება. ასევე კონსპირაციაა მტკიცება, რომ  გერმანიის პირველ რაიხკანცლერს “დალესის გეგმასთან” აქვს კავშირი.

ვრცლად ამ თემაზე იხილეთ:

რა თქვა რეალურად ოტო ფონ ბისმარკმა უკრაინისა და რუსეთის შესახებ?

  • მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ძმებმა დალესებმა შექმნეს

2020-2021 წლებში ალენ და ჯონ დალესებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შექმნას მიაწერდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციას გამოცემა iNews და სასულიერო პირები ავრცელებდნენ. 

რეალურად, WHO არა ძმები დალესების, არამედ გაეროს წევრი სახელმწიფოების ინიციატივით 1948 წელს შეიქმნა და პირველად ეს ინიციატივა ჩინეთის და ბრაზილიის დელეგატებმა წამოაყენეს.

ვრცლად, ამ თემაზე იხილეთ:

შექმნეს თუ არა ძმებმა დალესებმა ჯანმო?

  • 2018 წელს ქართული პრორუსლი გამოცემა “საქართველო და მსოფლიო” ყალბ ციტატებს ავრცლებდა და დალესის 1947 წლის გამოსვლას უკავშირებდა

“დალესის გეგმა” აქტუალური 2018 წელსაც იყო. პრორუსული გამოცემის “საქართველო და მსოფლიოს” მასალაში კომუნისტური პარტიისა და მხატვრული ნაწარმოების ВЕЧНЫЙ ЗОВ-ის ციტატებს “დალესის გეგმად” წარმოაჩენდნენ..

მასალაში სახელწოდებით “ქრისტეს ზეცად ამაღლების დღეს ქართველთა ამაღლება თუ დაცემა?” ნათქვამია, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) უფროსმა ალენ დალესმა 1947 წელს “კონგრესისა თუ სენატის წინაშე” საიდუმლო მოხსენება წარადგინა. აღნიშნული არ გამოჰპარვია ლავრენტი ბერიას და მალე დოკუმენტი იოსებ სტალინის მაგიდაზე აღმოჩნდა. ავტორის ავითარებდა მოსაზრებას, რომ, დასავლეთსა და სსრკ-ს შორის ცივი ომის დაწყების მიზეზი, დიდი ალბათობით, სწორედ “დალესის გეგმა” გახდა, რადგან “ფოლადის გენერალისიმუსმა რკინის ფარდა დაუშვა” და ამ გზით აღკვეთა საბჭოთა კავშირში უზნეობის გავრცელება. მასალაში საილუსტრაციოდ მოყვანილია ამონარიდები “დალესის გეგმიდან” და ნათქვამია, რომ დალესის ციტატები ზუსტად მიესადაგება საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს დალესის დოქტრინა მითია თუ სინამდვილე.

აღსანიშნავია, რომ “საქართველო და მსოფლიოს” სტატიაში გამოყენებული ციტატებიდან 4 რუსეთის კომუნისტური პარტიის ვებ-გვერდზე 2015 წელს გამოქვეყნებული სტატიის ამონარიდებია, ხოლო 1 საბჭოთა მწერლის ანატოლი ივანოვის რომანიდანაა, სახელწოდებით  “მარადიული ძახილი” (Вечный зов).

ამონარიდები Geworld.ge-ს სტატიიდან ამონარიდები მიხაილ ჩისტის სტატიიდან
“მწერლობა, თეატრი, კინო, საზოგადოდ, გამოცემები _ ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას ასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს”… “Литература, театр, кино – все будут изображать и прославлять самые низменные человеческие чувства.”
“ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომლებიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს, ანუ ყველანაირ უზნეობას” “Мы будем всячески поддерживать и поднимать так называемых художников, которые станут насаждать и вдалбливать в человеческое сознание культ секса, насилия, садизма, диссидентства, словом, всякой безнравственности.”
“პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ღალატი და გაუტანლობა, ერთა შორის, აღმსარებლობათა, თაობათა შორის მტრობა _ ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ”… Честность и порядочность будут осмеиваться и никому не станут нужны, превратятся в пережиток прошлого. Хамство и наглость, ложь и обман, пьянство, наркомания, животный страх друг перед другом и беззастенчивость, диссидентство, национализм и противопоставление народов – всё это мы будем насаждать ловко и незаметно…”
“ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გასარყვნელად ბავშვობიდანვე. ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რათა მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. მათგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს”… Мы будем браться за людей с детских, юношеских лет, будем всегда главную ставку делать на молодежь, станем разлагать, развращать, растлевать её».

ხოლო, ერთ-ერთი ციტატა, რომელიც “საქართველო და მსოფლიოს” სტატიაშია გამოყენებული  საბჭოთა მწერლის ანატოლი ივანოვის რომანშიც გვხვდება. ამ  ეპიზოდში SS-ის ოფიცერი ლახნოვსკი ტყვედ ჩავარდნილ საბჭოთა ოფიცერ პოლიპოვს ადოლფ ჰილტერის საიდუმლო გეგმებში ახალგაზრდობის გამოყენების მნიშვნელობაზე ესაუბრება.

ამონარიდები Geworld.ge-ს სტატიიდან ამონარიდები მიხაილ ჩისტის სტატიიდან ეპიზოდი რომანიდან ВЕЧНЫЙ ЗОВ
“ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გასარყვნელად ბავშვობიდანვე. ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რათა მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. მათგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს”… Мы будем браться за людей с детских, юношеских лет, будем всегда главную ставку делать на молодежь, станем разлагать, развращать, растлевать её». “Мы будем браться за людей с детских, юношеских лет, будем всегда главную ставку делать на молодежь, станем разлагать, развращать, растлевать ее! ….Да, развращать! Растлевать! Мы сделаем из них циников, пошляков, космополитов!”

ვრცლად ამ თემაზე იხილეთ:

კომუნისტური პარტიის და ВЕЧНЫЙ ЗОВ-ის ციტატებს GEWORLD.GE “დალესის გეგმად” ასაღებს

  • “საქართველო და მსოფლიო” საქართველოში ბილწსიტყვაობის გავრცელებასაც “დალესის გეგმას” უკავშირებდა

2017 წელს “საქართველო და მსოფლიო” საქართველოში ბილწსიტყვაობის გავრცელებასაც “დალესის გეგმას” უკავშირებდა. მასალაში „რატომ მოგვიმრავლდნენ ძუკნის შვილები“ ჟურნალისტი გიორგი კორძაძე წერს, რომ რომ ორ ათეულ წელზე მეტია საქართველო სულიერმა, ფიზიკურმა და კულტურულმა კატასტროფის ტალღამ წალეკა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ბილწსიტყვაობა ისმის სხვადასხა გადაცემიდან, ეს ვითარება კი შეგნებულად იქმნება ე.წ “გლობალისტების” მიერ. დასტურად მოყვანილია  ფრაგმენტი ე.წ „დალესის დოქტრინიდან“. ციტატის შემდგომ ჟურნალისტი თავად ამბობს , რომ ეს ალენ დალესის სიტყვები არაა, თუმცა დასძენს რომ  სიტყვები მოყვანილია „ამერიკის შეერთებული შტატების ომისშემდგომი დოქტრინიდან“, რომელიც 1948 წელს შეიქმნა.

„რომელიღაც ლიბერასტი შემედავება: ეს ალენ დალესის სიტყვები არ არის, მიაწერეს და, საერთოდ, “ფეიკიაო”. მართალია, ეს ეშმაკის ლუღლუღი დალესს არ დაუწერია, მაგრამ ამ დოკუმენტს აქვს ოფიციალური დასახელება _ “ამერიკის შეერთებული შტატების ომისშემდგომი დოქტრინა” და შექმნილია 1948 წელს.“

“საქართველო და მსოფლიომ” ამავე სტატიაში “დალესის გეგმას” დაუკავშირა ციტატა საბჭოთა მწერლის ანატოლი ივანოვის რომანიდან „მარადიული ძახილი“  (Вечный зов), „ამერიკის შეერთებული შტატების ომისშემდგომი დოქტრინა“ აშშ-ის ეროვნული საბჭოს დირექტივა NSC 20/1-ია, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ალენ დალესთან.

ვრცლად ამ თემაზე, იხილეთ:

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 7 ივლისს პრორუსული არხის “სეზონი ტვ”-ის ეთერში წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ აღნიშნა, რომ ალენ დალესი გეი იყო და გეი დოქტრინა შექმნა, რათა ჰეტეროსექსუალებისთვის დაეცინათ. მისი თქმით, ამერიკა დღეს სწორედ ამ დოქტრინით მუშაობს,სტალინი კი იმიტომ ეზიზღებათ, რომ იგი ამ “სოდომიას” არ უშვებდა. 

ვინ არის ალენ დალესი

ალენ დალესი, რომელიც კონსპირაციების სამიზნეა, ამერიკელი დიპლომატი და 1953-1961 წლებში ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) დირექტორი იყო. იგი დაზვერვის მიმართულებით აქტიურად იყო ჩართული მე-2 მსოფლიო ომში. მისმა მონაწილეობამ განსაკუთრებული ზეგავლენა იქონია ჩრდილოეთ იტალიაში ნაცისტების დანებებაზე. 

სწორედ დალესის პერიოდს უკავშირდება CIA-ს ისეთი წარმატებები, როგორებიცაა: მოჰამედ მოსადეყის მთავრობის დამხობა ირანში, ხრუშჩოვის მიერ სტალინის კულტის გმობის მოხსენების ტექსტის მოპოვება.

daleisi კონსპირაციები “დალესის გეგმაზე”
ალენ დალესის CIA-ს ბარათი

ალენ დალესს არ ეკუთვნის არცერთი საიდუმლო გეგმა თუ ციტატა, რომელშიც აღნიშნულია თუ როგორ უნდა განადგურებულიყო საბჭოთა კავშირი. მართალია მას  ანტისაბჭოთა განცხადებები გაუკეთებია, თუმცა იმას, რასაც “დალესის გეგმას” უწოდებენ, რეალურად ალენ დალესთან კავშირი არ აქვს. ერთ-ერთ განცხადებაში ალენ დალესი საბჭოთა კავშირის უსაფრთხოების სამსახურს ახასიათებს და სხვა ქვეყნების საქმეებში ფარულ ჩარევას უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს

ალენ დალესი: „სსრკ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფრო მეტია, ვიდრე საიდუმლო პოლიცია, უფრო მეტი, ვიდრე სადაზვერვო და კონტრდაზვერვის ორგანიზაცია. ეს არის დივერსიის, მანიპულირებისა და ძალადობის, სხვა ქვეყნების საქმეებში ფარული ჩარევის ინსტრუმენტი“.

ვინ ავრცელებს კონსპირაციებს “დალესის გეგმაზე”

პირველად კონსპირაცია 1993 წელს მიტროპოლიტ იოანეს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში “ბრძოლა რუსეთისთვის” გამოჩნდა, სადაც ფრაზა რომანიდან ალენ დალესის სიტყვებადაა წარმოჩენილი. კონსპირაციას დალესის გეგმაზე ძირითადად რუსული და პრორუსული მედია ავრცელებს. მაგალითად, 2018 წლის დეკემბერში მათი ინფორმაციის წყარო აფხაზეთის ხელისუფლების და ეროვნული გვარდიის ყოფილი წარმომადგენელებიც იყვნენ. 2018 წლის 13 დეკემბერს ტვ “ობიექტივის” ეთერში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა აკაკი გასვიანმა ალან დალესის დოქტრინის კონსპირაცია რეალურ ფაქტად წარმოაჩინა. მისი მტკიცებით, საბჭოთა კავშირის დაშლა “დალესის დოქტრინით” იყო გათვალისწინებული. გასვიანმა დალესის დოქტრინა ანტიდისკრიმინაციულ კანონს დაუკავშირა. გასვიანის მტკიცებით, ანტიდისკრიმინაციული კანონი, დალესის დოქტრინის მსგავსად მართლმადიდებლობის ამოძირკვას ისახავს მიზნად.

საბჭოთა მხატვრული ნაწარმოების “ВЕЧНЫЙ ЗОВ”-ის ციტატებს “დალესის გეგმად” 2016 წელს “კვირის პალიტრა” და ასავალ-დასავალიც ავრცელებდა. “საქართველო და მსოფლიოში იგივე მტკიცებები 2017 წლიდან ვრცელდება. 

“დალესის გეგმაზე” კონსპირაციები რუსულ წყაროებში ბევრად ადრე ვრცელდებოდა. მაგალითად, მაგ ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოველდღიური ონლაინ გამოცემა “ნოვოროსია” მიმოიხილავს დალესის გეგმის ე.წ „ტექსტს”, რომელიც პირდაპირ იმეორებს “ВЕЧНЫЙ ЗОВ”-ის პერსონაჟის სიტყვებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის „მარიონეტული ხელისუფლება” სწორედ დალესის გეგმის მიხედვით მოქმედებს და ყველა ნოვოროსიელის მოვალეობაა ამ ბოროტების წინააღმდეგ „პერსონალური ბრძოლა აწარმოოს”.

ამავე თემას მიეძღვნა გადაცემა „ლაპარაკობს ჟურნალისტი” (Журналист говорит) 2012 წელს. ჟურნალისტმა მარია ეფრემოვამ წარადგინა ციტატები “ВЕЧНЫЙ ЗОВ”-დან და რუსეთის განადგურებისთვის შექმნილ დალესის დოქტრინის მთავარ მიმართულებებად ახალგაზრდობის გახრწნა, ალკოჰოლიზმისა და გარყვნილების ხელშეწყობა დაასახელა. იუთუბზე ატვირთულია ათეულობით რუსულენოვანი ვიდეო სადაც “ВЕЧНЫЙ ЗОВ”-ის პერსონაჟის ლახნოვსკის მონოლოგი აშშ-ს მხრიდან რუსეთის განადგურების დაუოკებელი სურვილის დამამტკიცებელ საბუთადაა წარმოჩენილი.

აქტორები, რომლებიც სხვადასხვა დროს “დალესის გეგმის” კოსპირაციას საქართველოში ავრცელებდნენ

მედია პოლიტიკოსი სასულიერო პირი Facebook-გვერდები საზოგადოება
სეზონი ტვ სოსო მანჯავიძე – პატრიოტთა ალიანსი დავით ისაკაძე იოსებ სტალინი/Иосиф Сталин ირაკლი ზაქარეიშვილი – ადვოკატი
საქართველო და მსოფლიო თენგიზ თავდგირიძე – პატრიოტთა ალიანსი, ბათუმის მერობის კანდიდატი 2017 წელს სპირიდონ აბულაძე იცით თუ არა, რომ გურამ ქართველიშვილი – რეჟისორი, ქართული მარშის წევრი
ასავალ-დასავალი აპოკალიფსისი – Apocalypse აკაკი გასვიანი –

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი

კვირის პალიტრა სტალინი გურამ ლაკია –

ეროვნული გვარდიის მთავარი შტაბის ყოფილი უფროსი

Genia.ge საქართველოს კომუნისტური პარტია
Npa.ge ქართული ლიტერატურა და ხელოვნება
საერთო გაზეთი გონება, ტვინი, ინტელექტი, როგორ განვავითაროთ ისინი?
ვერსია qadageba.ge
ტვ “ობიექტივი
Tvalsazrisi.ge
iNews • აინიუსი
  • “მარადიული ძახილის” (ВЕЧНЫЙ ЗОВ) -ის შესახებ

დალესის გეგმად 1971 წლის საბჭოთა მხატვრული ნაწარმოები “მარადიული ძახილია” გასაღებული, რომელიც მწერალ ანატოლი ივანოვს ეკუთვნის. 1993 წელს აღნიშნული ნაწარმოები ალენ დალესის გეგმად სანქტ-პეტერბურგისა და ლადოგას მიტროპოლიტმა წარმოაჩინა. სწორედ აქედან იღებს სათავეს აღნიშნული კონსპირაცია.

daleisi1 კონსპირაციები “დალესის გეგმაზე”
ანატოლი ივანოვის რომანი “მარადიული ძახილი”

ანატოლი ივანოვის რომანი საბჭოთა მეომარზე მოგვითხრობს, რომელიც ტყვედ გერმანელებს ჩაუვარდება. დაკითხვისას აღმოჩნდება, რომ SS-ის ოფიცერი მეომრის ძველი ნაცნობია. ოფიცერი მეომარს ადოლფ ჰიტლერის საიდუმლო გეგმის შესახებ უამბობს. დალესის გეგმად სწორედ SS-ის ოფიცრის საუბარია გასაღებული

  • ციტატები ВЕЧНЫЙ ЗОВ-დან, რომელსაც”დალესის გეგმად წარმოაჩენდნენ

 

  1. “დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი… ამისათ ის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ”.
  2. “ჩვენ თანდათან მოვსპობთ ლიტერატურისა და ხელოვნების  სოციალურ არსს…  ლიტერატურა, თეატრები, კინო – ყველაფერი ასახავს და განადიდებს ადამიანში ყველაზე უსუსურ გრძნობებს.  ჩვენ ყველანაირად მხარს დავუჭერთ და აღვზრდით ეგრეთ წოდებულ არტისტებს, რომლებიც ჩაუნერგავენ და საფუძველს  ჩაუყრიან ადამიანის ცნობიერებაში სექსის, ძალადობის, სადიზმისა და ღალატის კულტს – ერთი სიტყვით, ყოველგვარ უზნეობას.”
  3. “ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გასარყვნელად ბავშვობიდანვე. ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რათა მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. მათგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს”…
  4. “ჩვენ მთელ ოქროს, მატერიალურ ძლიერებას გადავისვრით ხალხის გამოსათაყვანებლად. ადამიანის ტვინი, ხალხის შეგნება შეიძლება შეიცვალოს… ჩვენ შეუმჩნევლად შევცვლით ნამდვილ ფასეულობებს სიყალბით და ვაიძულებთ მათ, იწამონ ეს ყალბი ფასეულობები. როგორ? ჩვენ ვიპოვით მათ წრეში თანამოაზრეებს, თანამშრომლებსა და მოკავშირეებს… ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანების გასარყვნელად ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან. ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რათა მოვქრთამოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისგან ჩვენ შევქმნით ჯაშუშებსა და კოსმოპოლიტებს”

daleisi2 კონსპირაციები “დალესის გეგმაზე”


სტატია მომზადებულია დალი ქურდაძის, ირაკლი იაგორაშვილის, ანი ქისტაურისა და მარიამ დანგაძის მასალების მიხედვით.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist